imedi /  17 ივლისი 2017, 04:45 / სანდო წყარო

დღეს საქართველოში უკრაინის პრეზიდენტი ჩამოდის

პეტრო პოროშენკო

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, დღეს, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სახელმწიფო ვიზიტი გაიმართება. უკრაინის ლიდერი თბილისს ოჯახთან და უკრაინის სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან - სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან და უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად ესტუმრება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

18 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან ერთმანეთს, ქართველი და უცხოური მედიის წამომადგენლებისათვის განცხადებებს გააკეთებენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ. პრესკონფერენციამდე სასახლეში ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

პეტრო პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს ეწვევა. სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება პეტრო პოროშენკოს შეხვედრები პრემიერმინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

უკრაინის პრეზიდენტი, სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად, საქართველო - უკრაინის ბიზნესფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში პეტრო პოროშენკო 19 ივლისს სვანეთს და აჭარას ესტუმრება. ბათუმში უკრაინის პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდება.

პეტრო პოროშენკო გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველო - უკრაინის საინვესტიციო ფორუმს გახსნის და მის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

ეს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.​

კომენტარები ()