imedi /  17 თებერვალი 2017, 18:32 / სანდო წყარო

"ევროპული საქართველო" ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ ხელმოწერებს შეაგროვებს

ევროპული საქართველოს
ბრიფინგი

საპარლამენტო უმცირესობამ, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაყენების მოთხოვნით, ორშაბათიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. 

"ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, მათი მოთხოვნის მიზეზი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებული ბუნდოვანებაა. უმცირესობა ასევე მოითხოვს საპროკურორო საბჭოში საკუთარი კვოტის გამოყენებას, რომელიც მათი თქმით, დღემდე არ გამოუყენებიათ, რათა ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნა დააყენონ.

საპარლამენტო უმცირესობას მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის დასაწყებად სულ მცირე 50 დეპუტატის მხარდაჭერა და შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერის შეგროვება სჭირდება. 

მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, 76 ხმით იღებს. საქართველოს კანონმდებლობის თანამხად კი პროცედურა ასეთია: თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი უფლებამოსილია საპროკურორო საბჭოს საგანგებო პროკურორის დანიშვნის წინადადებით მიმართოს. მიმართვაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს კონკრეტული ბრალდების სახე, ბრალდების შინაარსი, სათანადო არგუმენტები და მას უნდა ერთვოდეს შესაბამისი მასალები.

პარლამენტი განიხილავს და კენჭს უყრის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ საპროკურორო საბჭოს წარდგინებას. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 

მთავარი პროკურორი შეიძლება თანამდებობიდან ვადამდე იმ შემთხვევაშიც გათავისუფლდეს, თუ საპროკურორო საბჭოს მიერ საქმის განხილვის შედეგად დადასტურდება, რომ მან დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა.

კომენტარები ()