imedi /  16 ივლისი 2017, 18:23 / სანდო წყარო

მუხტარლის მეუღლემ პოლიციას ახალი მტკიცებულებები გადასცა

ლეილა მუსტაფაევა

აფგან მუხტარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა ძველი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში გამოკითხვაზე სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ამის შესახებ Ipn წერს. 

გამოკითხვის შემდეგ მუსტაფაევამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრა მათ მიერ მოპოვებულ ახალ მტკიცებულებებს ეხებოდა. საუბარია აფგან მუხტარლის პირად ალბომში აღმოჩენილ ფოტოებზე, სადაც, მუსტაფაევას ინფორმაციით, ის ადამიანები არიან აღბეჭდილნი, რომლებიც მის მეუღლეს გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე უთვალთვალებდნენ. მუსტაფაევას თქმით, ფოტოზე აღბეჭდილი პირები აზერბაიჯანელები არიან.

აფგან მუხტარლის მეუღლის განცხადებით, ფოტოზე აღბეჭდილი პირების ვინაობის დადგენა გამოძიების ფარგლებში აქამდეც იყო შესაძლებელი. “მე მივეცი პოლიციას სამი ფოტო იმ პირების, რომლებიც აფგანს უთვალთვალებდნენ მის გადაყვანამდე რამდენიმე დღით ადრე. დამატებით ერთი ადამიანი იკვეთება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გაშვებულ სიუჟეტში, რომელიც ჯერ დაშგენს, შემდეგ კი აფგანს უთვალთვალებდა. პოლიციას ჰქონდა შესაძლებლობა გამოეძიებინა ამ პირების ვინაობა, თუმცა ეს არ გააკეთა. ფოტოზე აზერბაიჯანელი მოქალაქეები ჩანან”, - აღნიშნა ლეილა მუსტაფაევამ.

ოჯახის ადვოკატის, არჩილ ყოფიკაშვილის განცხადებით, კითხვები არსებობს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, უკვე არსებობს იმის საჭიროება, რომ პარლამენტმა საქმესთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო შექმნას და პასუხი გაეცეს ყველა იმ კითხვას, რომელიც აქვს ოჯახს და რომლებზეც კითხვებს სვამენ ევროპარლამენტარები. ადვოკატის განცხადებით, თუ საქმის გამოძიება ამ ტემპში გაგრძელდა, თეორიულადაც კი არ ჩნდება შანსი, რომ აფგან მუხტარლის საქმის გამოძიება მოხდეს.

კომენტარები ()