imedi /  09 აგვისტო 2017, 16:53 / სანდო წყარო

ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლო: გელა მიქაძემ რაკია ჯორჯიას მიმართ თაღლითობა ჩაიდინა

გელა მიქაძე

"რაკია ჯორჯიას" ყოფილმა ხელმძღვანელმა და "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა გელა მიქაძემ დიდი ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლოში "რაკიასთან" დავა წააგო. ამის შესახებ "რაკიას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. "რაკიას"ცნობით, ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლომ გელა მიქაძის მფლობელობაში არსებული 42.5 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივების გაყინვის ბრძანება გამოსცა.

"ვერდიქტი მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც იგი თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს, როგორც საქართველოში, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. საქართველოს სასამართლომ მას თაღლითობით მითვისებული 951 ჰა მიწის დაბრუნება მოსთხოვა. ეს კი, ლონდონის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად ნიშნავს, რომ მიქაძეს ამჟამად ეკისრება, როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ლონდონის სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა, ჰქონდა თუ არა მიქაძეს აქტივები რომელიმე მასთან დაკავშირებულ შპს-ში, რომელთა გაყინვა შესაძლებელი იქნებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „ამასწინათ განხორციელებული მნიშვნელოვანი ტრანზაქციების“ საფუძველზე, „რომლებიც ახსნა-განმარტებას საჭიროებს“, მიქაძის მფლობელობაში არსებულთაგან სამ შპს-ში აქტივების გაყინვა შესაძლებელი იყო. აქტივების გაყინვის შესახებ ბრძანების გარდა, ლონდონში მიმდინარე პროცესზე მიქაძის დაბეჯითებული უარყოფის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მიქაძემ საქართველოში „რაკიას“ მიმართ თაღლითობა ჩაიდინა. სასამართლომ აგრეთვე მიიჩნია, რომ მიქაძე დიდ ბრიტანეთში ფლობდა, ან აკონტროლებდა შპს-ებს და განაჩენში იგი ამ ყალბი კომპანიების „მარიონეტ მფლობელად“ მოიხსენია. სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე ნება დართო "რაკიას", მოითხოვოს დიდ ბრიტანეთში მიქაძის სამ შპს-ში აქტივების განმკარგველის დანიშვნის ბრძანების გამოცემა. რას ალ ხაიმას სახელმწიფო კომპანიები ამჟამად შეძლებენ, შეისწავლონ ბ-ნი მიქაძის სახელზე ლატვიაში გახსნილი საბანკო ანგარიშები, რომლებზედაც სავარაუდოდ მისი თაღლითურად მოპოვებული თანხების დიდი ნაწილია განთავსებული და რომლებიდანაც ისინი მესამე მხარეებს ერიცხებოდათ. სააპელაციო სასამართლოს აზრით, ბ-ნ მიქაძეს ლატვიის დედაქალაქ რიგაში არსებულ ABLV ბანკში არა ერთი ანგარიში ჰქონდა გახსნილი. ის ფაქტი, რომ ლატვია ევროკავშირის წევრია, სავარაუდოდ, მიქაძის აქტივების მიმართ იძულებითი აღსრულების პროცედურას გაამარტივებს", - წერია "რაკიას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

23 მაისს ცნობილი გახდა, რომ რას ალ-კაიმაჰის სასამართლომ, თანხების გაფლანგვისა ბრალდებით, კომპანია "რაკია ჯორჯიას" ყოფილ დირექტორს და ამჟამად პარლამენტის წევრს "პატრიოტთა ალიანსიდან" გელა მიქაძეს, დაუსწრებლად, 15 წლიანი პატიმრობა შეუფარდა და 12.8 მილიონი დოლარის ჯარიმა დააკისრა. მასთან ერთად 15 წლიანი პატიმრობა და 4.4 მილიონი დოლარის ჯარიმა დააკისრა სასამართლომ გიორგი ჯანაშიასა და მასთან ერთად RAKIA-ს ყოფილ ხელმძღვანელს ხათერ მასადს. სასამართლოს დადგენილებით, მათ მათ არაბეთის გაერთიანებული საიმიროების საინვესტიციო კომპანია RAKIA-სგან ჯამში 17.2 მილიონი დოლარის თანხა მიითვისეს.

კომენტარები ()