imedi /  21 აპრილი 2017, 01:35 / სანდო წყარო

პარიზის ცენტრში, ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

პარიზი
საფრანგეთი

20 აპრილს, პარიზის ცენტრში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ინფორმაციას SITE Intelligence Group-ი ავრცელებს, ორგანიზაცია, რომელიც ტერორისტების საქმიანობას მონიტორინგს უწევს.

მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია საფრანგეთის პრეზიდენტმაც მისცა, - წერს BBC. 
 

ორგანიზაციის ცნობით, გზავნილში, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" სააგენტო Amaq-მა გაავრცელა, დამნაშავე მოხსენიებულია, როგორც აბუ იუსუბ ალ-ბელჟიკი. გვარის ბოლო ნაწილი იმაზე მიუთითებს, რომ ის ბელგიიდანაა.

ინციდენტი 20 აპრილს, საღამოს, ელისეს მინდვრების ქუჩაზე მოხდა. დაშავდა სამი პოლიციელი, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მოგვიანებით. მეორე პოლიციელის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია Reuters-მა პოლიციაზე დაყრდნობით გაავრცელა, თუმცა საფრანგეთის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ მეორე პოლიციელი არ დაღუპულა, ის საავადმყოფოშია მძიმე მდგომარეობაში.  

სამართალდამცველების ცნობით, ადამიანი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ლიკვიდირებულია. როგორც გაირკვა, ის ცნობილი იყო სპეცსამსახურებისთვის, როგორც რადიკალი ისლამისტი. 

თვითმხილველების თქმით, პოლიციელებს ცეცხლი მანქანიდან გადმოსულმა კაცმა გაუხსნა, რომელიც თითქოს ავტომატით იყო შეიარაღებული.

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც საფრანგეთის ტელევიზიით, არჩევნების წინ პრეზიდენტობის კანდიდატთა ბოლო დებატები იმართებოდა.

კვირას, 23 აპრილს, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ტარდება. 18 აპრილს მარსელში დააკავეს ორი ადამიანი, რომლებსაც არჩევნების წინ ტერაქტის დაგეგმვაში ედებათ ბრალი. 

კომენტარები ()