imedi /  30 ივნისი 2017, 20:54 / სანდო წყარო

ტრამპი: ფხენიანის მიმართ "სტრატეგიული თმენის" ეპოქა დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიმართ "სტრატეგიული თმენის" ეპოქა დასრულდა და "გარკვეული პასუხი" აუცილებელია. ტრამპმა ეს სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან მუნ ჯე ინთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე თქვა. 

პრესკონფერენციის ტრანსლიაცია YouTube-ზე მიმდინარეობდა.

ამერიკის ლიდერის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო ცდები ადასტურებს იმას, რომ გარკვეული პასუხის გაცემა აუცილებელია.  

"სტრატეგიული თმენის პოლიტიკამ ჩრდილოკორეული რეჟიმის მიმართ არ გაამართლა. გულწრფელად თუ ვიტყვით, მოთმინება ამოიწურა", - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან დიპლომატიის, ეკონომიკის და თავდაცვის სფეროებში, რათა დაიცვას მოკავშირეები და აშშ-ის მოქალაქეები ისეთი საფრთხისგან, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა და მუნ ჯე ინმა შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის პრობლემა და სავაჭრო შეთანხმება განიხილეს.
 



დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ კორეულ კრიზისს გადაწყვეტდა. მიუხედავად ამისა, მისი გაპრეზიდენტების შემდეგ ფხენიანმა კიდევ უფრო გაზარდა სარაკეტო ცდების რაოდენობა. ვაშინგტონმა, კონფლიქტის გადაწყვეტის მიზნით იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკებები დაიწყო. ჩრდილოეთ კორეის აგრესიის აღმოსაფხვრელად მეზობლების მიმართ, ამერიკის ლიდერმა დახმარება ჩინეთსაც შესთავაზა.

კომენტარები ()