imedi /  08 მარტი 2017, 23:15 / სანდო წყარო

ამერიკის დაზვერვამ Wikileaks-ზე მასალების გაჟონვის ფაქტის გამოძიება დაიწყო

ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) და ცენტრალური დაზვერვის სააგენტომ (CIA) Wikileaks-ზე მასალების გაჟონვის ფაქტის გამოძიება დაიწყეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, გამოძიება ფედერალურ დონეზე დაიწყო.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ CIA-მ საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შესახებ ჯერ კიდევ 2016 წელს შეიტყო და მას შემდეგ "დამნაშავეს" უწყების დაქირავებულ თანამშრომლებს შორის ეძებს.

რამდენიმე დღის წინ WikiLeaks-მა კიბერდაზვერვის შესახებ 8,7 ათასზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი და ფაილი გამოაქვეყნა. დოკუმენტები CIA-ს შტაბ-ბინაში ლენგლიში ინახებოდა. საიტმა განმარტა, რომ გამოქვეყნებული პუბლიკაციები მათ ხელთ არსებული დოკუმენტების მთლიანი მოცულობის მხოლოდ 1%-ია.

გამოცემა BuzzFeed-ის წყაროს ცნობით, WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული მასალები "უკიდურესად სახიფათოა". "გარდა იმისა, რომ ისინი საფრთხის ქვეშ აყენებს მიმდინარე ოპერაციებს, ისინი აღწერს ამერიკული სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდებსა და მიდგომების დეტალებს, რომელიც მოწინააღმდეგემ არ უნდა იცოდეს, "რადგან მტერი მათ შეისწავლის და გამოიყენებს არამხოლოდ ჩვენ წინააღმდეგ, არამედ ყველას წინააღმდეგ, ვინც სუსტია", - აცხადებს წყარო და დასძენს, რომ ეს უარესია ვიდრე სნოუდენის შემთხვევა: "თუკი მაშინ საფრთხე შეექმნა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეს, ახლა პოტენციური საფრთხის ქვეშ ათასობით ადამიანი აღმოჩნდა".

კომენტარები ()