imedi /  21 აპრილი 2017, 00:25 / სანდო წყარო

საგარეო უწყება პარიზში მყოფი ქართველებისთვის ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს

ბოლო საათებში პარიზის ცენტრში მომხდარი იციდენტის გამო, რომლის დროსაც სროლას ორი პოლიციელი ემსხვერპლა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს საფრანგეთში, ნომერზე + 33 7 83 31 86 89.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ამჟამად ვითარება განმუხტულია და სიტუაციას პოლიცია აკონტროლებს. 

თუმცა, უცხოური მედია იუწყება, რომ სროლები ამ წუთებშიც გრძელდება და შესაძლოა მომხდარი ტერაქტადაც შეფასდეს.

ინციდენტი ცოტა ხნის წინ ელისეს მინდვრების ქუჩაზე მოხდა. თავდაპირველი ინფორმაციით ერთი პოლიციელი დაიღუპა, მეორე დაშავდა.

თუმცა, უკანასკნელი ცნობებით უკვე ორი პოლიციელია გარდაცვლილი. საქმეს ანტიტერორისტული სამსახური იძიებს.

სამართალდამცველების ცნობით, ადამიანი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ლიკვიდირებულია. თუმცა, ლაპარაკია ასევე სავარაუდოდ ორ თავდამსხმელზე. 

კომენტარები ()