imedi /  21 აპრილი 2017, 13:16 / სანდო წყარო

ვიქტორ ორბანს "ქორთიარდ მერიოტთან" დააანონსებული აქციებით დახვდნენ

აქცია "ქორთიარდ მერიოტთან"

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმზე მისულ უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დახვდნენ.

ცენტრალური ევროპის უნივერისტეტის მხარდამჭერებმა ვიქტორ ორბანს უნგრულ ენაზე შეძახილებით მიმართეს, კონტრაქციის მონაწილეებმა კი უნგრეთის პრემიერმინისტრი ტაშით შეაცილეს.

აუდიტორია 115-მა და CEU-ს კურსდამთავრებულებმა აქცია გუშინ დააანონსეს. ისინი უნგრეთის ხელისუფლების მიერ CEU-ს წინააღმდეგ მიღებულ კანონს გააპროტესტებენ.

რაც შეეხება დემონსტრანტთა მეორე ჯგუფს, მათ შესახებ ინფორმაციას 
On.ge ავრცელებს. “ისინი ნაციონალისტები და ანტილიბერალები არიან უნგრეთის სახელმწიფოს "ანტილიბერალური პოლიტიკის მხარდასაჭერად" იკრიბებიან“ - წერს გამოცემა.

ორივე აქცია სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება. აქციების მონაწილეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. დაპირისპირება პლაკატის წართმევის მცდელობას მოჰყვა. თუმცა სიტუაცია სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა. 

11  აპრილს უნგრეთის პრეზიდენტმა იანოშ ადერმა უცხოური უნივერსიტეტების შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა და ის ძალაში შევიდა. შესაბამისად, "ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი" შეიძლება დაიხუროს.

"ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი" ჯორჯ სოროსის ფონდმა პოსტსაბჭოთა ბუდაპეშტში 1991 წელს დააარსა. უნგრეთის პარლამენტმა 3 აპრილს, განათლების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმად სოროსის უნივერსიტეტის დახურვა შესაძლებელი გახდა. გავრცელებული მოსაზრებით, ამ მიზნის მიღწევას ორბანის მმართველი პარტია უნგრეთში დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა.

კომენტარები ()