imedi /  17 თებერვალი 2017, 16:29 / სანდო წყარო

ეუთომ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნა დაგმო

ეუთო-ს მუდმივ საბჭოს სხდომაზე საერთაშორისო თანამეგობრობამ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნა დაგმო. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს დელეგაციის ინიციატივით ეუთო-ს მუდმივმა საბჭომ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით იმსჯელა, სადაც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ეუთო-ში აშშ-ს, აზერბაიჯანის, უკრაინის, ნორვეგიის, კანადის, ისლანდიის, ლიხტენშტაინისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქართულმა დელეგაციამ რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, შეწყვიტოს პროვოკაციული პოლიტიკა საქართველოს მიმართ და, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. 

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე შეუერთდნენ თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა, სან მარინო, მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ალბანეთი და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია.

გამომსვლელებმა, კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

კომენტარები ()