imedi /  07 სექტემბერი 2017, 13:37 / სანდო წყარო

იზორია: ავღანეთში დაჭრილ ივერი ბუაძეს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდება

ლევან იზორია

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მომხდარი აფეთქებისას დაჭრილი ქართველი ჯარისკაცების მდგომარეობის შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში დაჭრილებს გერმანიაში გადაიყვანენს. ეს განცხადება მინისტრმა საქართველოს ეროვნული თავდაცვიაში გააკეთა, სადაც სასწავლო ბატალიონის საბაკალავრო და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსების გამოშვების ცერემონია გაიმართა.

"ლეიტანტ ივერი ბუაძეს დღეს განმეორებით ჩაუტარდება ოპერაცია. საჭიროების შემთხვევაში ის მკურნალობას გერმანიაში გააგრძელებს. დანარჩენი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება შევაფასოთ, როგორც დამაკმაყოფილებელი. ისინი უკვე გაწერეს ჰოსპოტალიდან,"- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქით, ამ ტერაქტის შედეგად დაიღუპა ავღანელი თარჯიმანი და მძიმედ დაიჭრა ამერიკელი ოფიცერი. "კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით რა საპასუხისმგებლო ფუნქციას ასრულებენ ჩვენი სამხედროები გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის,"-დასძინა იზორიამ. 

გუშინ, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. 

ავღანეთში, პარვანის პროვინციაში მდებარე ბაგრამის ამერიკული ავიაბაზის ერთ-ერთ შესასვლელთან ტერორისტმა  თავი აიფეთქა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა “თალიბანმა“ აიღო.

კომენტარები ()