imedi /  13 სექტემბერი 2017, 18:26 / სანდო წყარო

TDI: სომხური ტაძარი, გვერდით დაწყებული მშენებლობის გამო, სავალალო მდგომარეობაშია

სომხური ტარაძი
თბილისში

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI)  შეისწავლა თბილისში სომხური ტაძრის - “შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინ”-ის მახლობლად მიმდინარე მშენებლობის საკითხი. TDI მიიჩნევს, რომ მშენებლობის ნებართვა კანონის უხეში უგულვებელყოფით არის გაცემული. ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაში წერია.

TDI-ის ცნობით, ტაძრის კედლის გვერდით (დაახლოებით 4-5 მეტრში) დაწყებულია მშენებლობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ეკლესიას და მისი დანგრევის მაღალ რისკს შეიცავს.

"ეკლესიის გვერდით სამსართულიანი ინდივიდუალური სახლის მშენებლობა 2016 წლის 5 დეკემბერს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. სამშენებლო საქმიანობა წარმოებდა მძიმე ტექნიკის დახმარებით, შედეგად გამოწვეულმა ძვრებმა კი საფრთხე შეუქმნა ტაძრის სიმყარეს. ქვაბულის ამოღებისას მთლიანად განადგურდა კულტურული ფენები.

ეკლესიის სიახლოვეს გამოვლინდა აგურით ნაგები კედლების უკვე დაშლილი ფრაგმენტები, რიყის ქვით ნაგები კედლების ნაშთები და კერამიკის ფრაგმენტები, რაც მოწმობს წარსულში მიწის ქვეშ გარკვეული კონსტრუქციის არსებობას. თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანახმად, დაზიანების შემდეგ, მისი შეფასება/შესწავლა შეუძლებელი გახდა.

TDI-ის პოზიციით, წარმოქმნილი საფრთხეების მიმართ პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანოები ზედაპირულ და გულგრილ დამოკიდებულებებს იჩენენ.

TDI-სთვის თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ (სატელოფონო საუბრით) მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ არ წარმოადგინა კონკრეტული მტკიცებულებები კულტურული ძეგლისათვის მიყენებული ზიანის შესახებ. ამ არგუმენტზე დაყრდნობით, მერიის ზედამხედველობის სამსახურს მშენებლობის შეჩერება არ მოუთხოვია", - წერია განცხადებაში.

„შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინ - კარმინ ავეტარან“ (წითელი ხარება, წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია) მე-18 საუკუნის ძეგლია, რომელიც თბილისში, ავლაბარში მდებარეობს. 1989 წლის მიწისძვრის შედეგად ის ნაწილობრივ ჩამოინგრა და მნიშვნელოვნად დაზიანდა. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ცნობით, ეკლესიის შეკეთება/რესტავრაცია დღემდე არ განხორციელებულა, რის გამოც არსებობს ტაძრის სრულად ჩამონგრევის რეალური საფრთხე. ეკლესიას 2007 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. გარდა ამისა, ნაგებობა მდებარეობს თბილისის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის საზღვრებში, რაც სამართლებრივი დაცვის დამატებით გარანტიას წარმოადგენს.

სომხური ტაძარი თბილისში

სომხური ტაძარი თბილისში

კომენტარები ()