imedi /  12 სექტემბერი 2017, 15:16 / სანდო წყარო

მარგველაშვილი: საქართველო დასავლეთისგან მეტ მხარდაჭერას იმსახურებს

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც განაცხადა, რომ საქართველო აშშ-სგან, ნატო-სა და ევროკავშირისგან უფრო მეტ მხარდაჭერას იმსახურებს. 

"საქართველო იმსახურებს უფრო მეტ მხარდაჭერას და დახმარებას აშშ-სგან, ნატოსგან და ევროკავშირისგან. ვისურვებდი, რომ ეს მხარდაჭერა იყოს 10-ჯერ მეტი. საქართველომ აჩვენა, რომ ის დასავლური ფასეულობების ერთგულია და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. რუსებმა რაც ისწავლეს ის არის, რომ უფრო კვალიფიციურები გახდნენ, გამოუშვან ისეთი საკითხები, რომელიც ეფუძნება რბილ ძალას. იქმნება მითები, რომ დასავლეთის ნაწილი თუ გახდები, დაკარგავ იდენტობას. ეს არის, რასაც თავს ახვევენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

მარგველაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა "განსხვავებულის მიღების" აუცილებლობასაც. "მმართველ გუნდში არსებობს მიდგომა, რომ ჭეშმარიტება არის იმ უმრავლესობაში, რომელიც ხალხმა მოგვანიჭა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ განსხვავებულის მიღება", - თქვა პრეზიდენტმა.

სასტუმრო „რუმსში“ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით იმართება. მისი სახელწოდებაა: ,,მსოფლიო ქაოსში: დემოკრატიის, ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მომავალი".

კომენტარები ()