საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გორგასლიძემ თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია კავშირის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
მისი განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში, მართვის შეთავაზებულმა ფორმამ ვერ გაამართლა.
„იმედინიუსს“ რაგბის კავშირში განუცხადეს, რომ აღნიშნულის შესახებ დამატებით კომენტარს არ აკეთებენ და არც გიორგი გორგასლიძე გეგმავს მედიასთან საუბარს.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი გორგასლიძე 5 აგვისტოს აირჩიეს. ის 2008 წლიდან რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა.
მან 5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა: „ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დავიწყოთ რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებული ჩემპიონატები – დიდი 10, პირველი და რეგიონალ ლიგა, ასევე ჭაბუკთა ლიგები და ბავშვთა ფესტივალები, მაგრამ ფინანსების გარეშე ამ მდგომარეობიდან დაძვრა რთული იქნება. ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს მთავრობასთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან. მათგან დიდ თანადგომას ვგრძნობთ და სავარაუდოდ, მომავალ კვირაში უნდა გადაწყდეს დაფინანსების საკითხი, რომელთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტაცია მიწოდებული გვაქვს, ხოლო ჩემპიონატები სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს განახლდება“.


