imedi /  17 ივლისი 2017, 13:14 / სანდო წყარო

პრესა: თბილისში ჩეჩენი დევნილი და ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი დააკავეს

თბილისში ჩეჩენი დევნილი და ბლოგერი  დააკავეს. ტუმსო აბდურახმანოვი ​სააგენტო Кавказ Реалии-ის თანამშრომელი იყო. ინფორმაციას Эхо Кавказа ავრცელებს.

Кавказ Реалии-ის რედაქციაში გაგზავნილი მისი აუდიო შეტყობინების მიხედვით, დაკავებულია და არა აქვს საშუალება ოპერატიულად უპასუხოს რედაქციიდან შესულ ზარებს. ბლოგერმა არ ისურვა დაკავების დეტალებზე საუბარი, თუმცა მისი განმარტებით, ამ ეტაპზე, არ დგას რუსეთისთვის მისი გადაცემის საკითხი. 

რედაქციის ინფორმაციით, ტუმსო აბდურახმანოვზე, ჩეჩნეთის ძლოვანმა უწყებებმა უკანონო თვალთვალი და დევნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ბლოგერმა, რამზან კადიროვის ადმინისტრაციის უფროსის ისლამ კადიროვის კორტეჟს, გროზნოში გზა არ დაუთმო.

კადიროვის წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებული მუქარების შემდეგ, აბდურახმანოვმა ჩეჩნეთი დატოვა და საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

ამ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლო, ტუმსო აბდურახმანოვის სარჩელს განიხილავს. აბდურახმანოვი მისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებაზე უარს ასაჩივრებს.

აბდურახმანოვმა არაერთხელ გააგზავნა განცხადება რუსეთის გენერალურ პროკურატურაში უკანონო დევნისა და თვალთვალის შესახებ, საიდანაც მისი მოთხოვნას ჩეჩნეთში აგზავნიდნენ, იქ კი რეაგირების გარეშე ტოვებდნენ. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს დაკავების ფაქტს.

კომენტარები ()