imedi /  03 მაისი 2017, 08:00 / სანდო წყარო

ვადამდელი არჩევნების გამო დიდი ბრიტანეთის პარლამენტი დაითხოვეს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი

3 მაისის დადგომისთანავე დიდი ბრიტანეთის პარლამენტი დაითხოვეს. პროცედურა ვადამდელი არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. ამის შესახებ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ბრიტანული კანონმდებლობის შესაბამისად, პარლამენტმა მუშაობა არჩევნებამდე 25 დღით ადრე უნდა შეაჩეროს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დიდი ბრიტანეთში 8 ივნისს გაიმართება. „ხმის მიცემის პროცედურა 8 ივნისს არის დანიშნული. შესაბამისად, პარლამენტი 3 მაისის 00:01 საათიდან დათხოვნილია“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ქვეყნის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი დღეს დედოფალ ელისაბედ მეორეს შეხვდება. ამ შეხვედრაზე პრემიერი დედოფალს პარლამენტის დათხოვნის და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. ელისაბედ მეორე კი ტერეზა მეის გადასცემს ე.წ. „დედოფლის დეკლარაციას“, სადაც პარლამენტის დათხოვნის და არჩევნების დანიშვნის თარიღები, ასევე საკანონმდებლო ორგანოს ახალი შემადგენლობის მუშაობის დაწყების დღე იქნება მითითებული. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ტერეზა მეიმ 29 მარტს ხელი მოაწერა წერილს, რომლითაც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა - Brexit-ი ოფიციალურად დაიწყო.  გეგმის მიხედვით, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს საბოლოოდ 2019 წლის მარტში დატოვებს. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება 2016 წლის 23 ივნისის რეფერენდუმით გადაწყდა. ლორდთა პალატამ Brexit-ის კანონი 14 მარტს დაამტკიცა. დედოფალმა ელისაბედ II-მ დოკუმენტს ხელი 16 მარტს მოაწერა

იმავდროულად, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა 8 ივნისს ქვეყნაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, იმ მოტივით, რომ Brexit-ის პროცესში ბრიტანეთს მაღალი ლეგიტიმაციის მთავრობა ჰყავდეს.

ტერეზა მეი

კომენტარები ()