imedi /  13 ივლისი 2017, 09:45 / სანდო წყარო

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნება

დღეს ბათუმში მე-14 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ გაიხსნება.

ორდღიან კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდება ევროპული დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, მათ შორის, ევროპის უსაფრთხოებაზე, ასევე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე და საქართველოს როლის მნიშვნელობაზე რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

წელს კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციის თემების განხილვას, ასევე, დისკუსია გაიმართება ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესსა და ევროკავშირის მესამე ენერგოპაკეტის თაობაზე, ასოცირების შესახებ შეთანხმებების განხორციელების საკითხებზე.

კონფერენციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე გახსნის.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, ენერგოკავშირის საკითხებზე პასუხისმგებელი მაროშ შევჩოვიჩი და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი.

საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა“ 2007 წლიდან ტარდება.

კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება სამ ფინანსურ შეთანხმებას. კერძოდ, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში 250 მლნ ევროს დაფინანსების გამოყოფის, ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის დამატებით 3.5 მლნ ევროთი დაფინანსების, ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო პარკის 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსით შევსების ფინანსურ შეთანხმებებს.

კომენტარები ()