imedi /  20 მარტი 2017, 12:04 / სანდო წყარო

დაკავებული დეკანოზის წერილს მისი ადვოკატი განმარტავს

გიორგი ფანცულაია

„ერთი მინდა ვთქვა, იმ ავადსახსენებელ ნივთიერებაზე მართლაც ვეკითხებოდი. თუ რისთვის ვეკითხებოდი, ეს გამოძიებამ კარგად იცის. მე ეს ნივთიერება არ შემიძენია და არც არასოდეს მქონია“, - წერს გიორგი მამალაძე. მისი ადვოკატის განმარტებით, გამოძიება იცის, რომ ციანიდის შეძენა სასულიერო პირს პატრიარქის მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.

„მამა გიორგიმ დეტალურად მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია, თუ როგორ სთხოვა შორენა თეთრუაშვილმა, რა ფორმით და რა გზით ციანიდის შეძენა. გამოძიებას მამა გიორგიმ მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ თვით ირაკლი მამალაძემაც დეტალურად იცოდა ეს ყველაფერი“, - ამბობს დაკავებული დეკანოზის ადვოკატი გიორგი ფანცულაია.

საპირისპიროს ამტკიცებს "ტელეიმედთან" ბრალდების მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე. „არც ერთ ჩანაწერში, არც ერთ ჩემთან საუბრისას მამა გიორგის არ უთქვამს, რომ ციანიდი შორენა თეთრუაშვილს სჭირდებოდა. ეს წარმოუდგენელია, ეს მორიგი ზღაპარია. შეუძლებელია შორენა თეთრუაშვილს მისთვის რამე ეთხოვა, რადგან ის თეთრუაშვილის მტერი იყო“, - ამტკიცებს ირაკლი მამალაძე.

დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხიდან იმ ვიდეომასალას ეხმაურება, რომელიც პროკურატურამ მტკიცებულებების სახით გაასაჯაროვა. გიორგი მამალაძის წერილს გაზეთი „კვირის პალიტრა" აქვეყნებს.

მთავარმა პროკურატურამ დეკანოზის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები და მტკიცებულებათა ნაწილი 8 მარტს გაასაჯაროვა. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე, მკვლელობის მომზადების ბრალდებით, 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. მოქალაქემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

კომენტარები ()