imedi /  12 აგვისტო 2017, 14:48 / სანდო წყარო

ირმა ინაშვილი ადასტურებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატად განიხილება

ირმა ინაშვილი

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე ,,პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისის მერის პოსტზე შესაძლოა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი წარადგინოს. თავად ინაშვილმა „imedinews“-ს პარტიაში მისი კანდიდატურის განხილვის ფაქტი დაუდასტურა და განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ორშაბათს პარტიის საბჭოს სხდომაზე მიიღებენ.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 2013 წლის იანვარში დარეგისტრირდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ერთხელ უკვე მონაწილეობდა თვითმართველობის არჩევნებში. ინაშვილი თბილისის მერობისთვის 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებზე იბრძოდა, მაშინ ხმების ხუთ პროცენტზე მეტი მოაგროვა და მეოთხე ადგილი დაიკავა.

მოქმედი კანონმდებლობა პარლამენტარს არ უკრძალავს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წარმოადგინოს, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში, დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოს დატოვებს.

კომენტარები ()