imedi /  20 მარტი 2017, 15:02 / სანდო წყარო

მარგველაშვილმა ფარული მოსმენების კანონს ვეტო დაადო

გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონს ვეტო დაადო. საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა. 

საქართველოს პრეზიდენტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონზე ვეტო რამდენიმე შენიშნვნით ახსნა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მიღებული კანონში გამოიკვეთა 2 ხარვეზი. პირველი ეს არის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი და მეორე არაპროგნოზირებადი ხარჯები, რომელსაც ეს კანონი აკისრებს კომპანიებს. „ მე იგივე კანონს დავადე ვეტო და მაშინ კოალიციურმა უმრავლესობამ ზარზეიმით ამცნო საზოგადოებას, რომ მათ დაძლიეს ვეტო, მალევე საკონსტიტუციო სასამათლომ გააჩერა კანონი და პარლამენტს ცვლილებების განხორციელება დაავალა,"- განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლესობასაც მიმართავს."მინდა მივმართო საპარლამენტო უმრავლესობას. გავიგე განცხადებები, რომ ეს ვეტოც დაიძლევა. პატივცემულო ბატონებო, მე ვიცი, რომ ვეტო დაძლევადია, მაგრამ ამ ვეტო წერის პროცესში ჩვენ ვაწარმოებდით კონსულტაციებს, შესაძლებელია დადგა დრო, რომ დავიწყოთ მუშაობა უკეთესი კანონების შესაქმნელად. ვეტოს დაძლევის დემონსტრირების მაგივრად, საქართველოს უკეთესი კანონდებლობა მივცეთ," განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლებით უკვე მეექვსედ ისარგებლა. ვეტოს პარლამენტი სავარაუდოთ ამ კვირაში დაძლევს.

საქართველოს პრეზიდენტმა ფარული მოსმენების კანონზე ხელმოწერის გადაწყვეტამდე, პოლიტიკურ ჯგუფებთან, საზოგადოებასთან და არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების დაწყება გადაწყვიტა. მარგველაშვილი  "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შეხვდა.

პარლამენტმა კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს 6 მარტს გადაუგზავნა. 

საქართველოს პარლამენტმა ფარული საგამოძიებო ქმედებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი 1 მარტს მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ფარული მოსმენების განსახორციელებლად სუს-ის დაქვემდებარებაში "ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო" იქმნება. უწყების ტექნიკურ აღჭურვაზე და შენობა-პერსონალის შენახვაზე 2018 წელს 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

მობილური ოპერატორები სააგენტოს მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში 200 000 ლარამდე დაჯარიმდებიან. ზედიზედ 4-ჯერ დაჯარიმების შემთხვევაში კი, საქმიანობის უფლება ჩამოერთმევათ. უწყებას მობილური ოპერატორების აუდირების უფლებაც ექნება.

უწყების შექმნა 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გახდა საჭირო. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ფარული მიყურადების განხორციელების საკანონმდებლო ნორმები.

კომენტარები ()