imedi /  07 სექტემბერი 2017, 08:15 / სანდო წყარო

ქარიშხალ „ირმას“ მსხვერპლთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა

ქარიშხალ „ირმას“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. BBC-ის ცნობით, ქარიშხალს მსხვერპლი კარიბის ზღვის აუზის საფრანგეთის ტერიტორიებზე მოჰყვა. კიდევ ერთი ადამიანი კუნძულ ბარბიდაზე მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 2 გარდაცვლილის შესახებ. კარიბის ზღვის კუნძულებზე ქარიშხლის გამო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოშლილია, მოსახლეობის უმეტესობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, „ირმასგან“ მიყენებული ზარალი ასეული მილიონობით დოლარია. 

ტროპიკული ქარიშხალი პუერტო-რიკოს უახლოვდება. სპეციალისტების განცხადებით, დროთა განმავლობაში, სტიქია უფრო გაძლიერდება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატში, პუერტო-რიკოსა და ვირჯონიის კუნძულებზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 

ქარიშხალი „ირმა“ ბოლო ათწლეულების ყველაზე საშიში სტიქიაა, რომელიც ატლანტიკის კუნძულებს დაატყდა თავს. ის „ჰარვიზე“ ძლიერია. მისი დონე მეხუთე, მაქსიმალურ კატეგორიას განეკუთვნება. 

ქარიშხალმა „ჰარვიმ“ დამანგრეველი დარტყმა მიაყენა ტეხასის შტატსა და ლუიზიანას. დაიღუპა 70-მდე ადამიანი, ქარიშხალმა და წყალდიდობამ 100 000 სახლი დააზიანა.

კომენტარები ()