05 სექტემბერი 2017 - 23:55

ამერიკელები ქარიშხლებს ცოლების და სიდედრების სახელებს არქმევდნენ, იაპონელები - არა. რატომ?

ქარიშხალი „ჰარვი“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს 26 აგვისტოს დაატყდა თავს, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი სტიქია აღმოჩნდა. ქარიშხალმა დააზიანა ტეხასის და ლუიზიანის შტატები. 60-მდე ადამიანი დაიღუპა, 13 ათასის გადარჩენა მოხერხდა. ქარიშხლის შედეგად წარმოქმნილმა წყალდიდობამ 100 000 სახლი დააზიანა. მარტო ქალაქ ჰიუსტონში 22 სკოლა განადგურდა. ტეხასის შტატში ზარალმა 180 მილიარდ დოლარს მიაღწია. ბოლო ინფორმაციით, შეერთებულ შტატებს ახალი ციკლონები - „ირმა“ და „ხოსე“ - უახლოვდება.

რა საჭიროა ქარიშხლისთვის სახელის დარქმევა?

შტორმებს და ქარიშხლებს რომ სახელები არ ჰქონდეს, ეს ძალიან გაართულებდა მეტეოროლოგების, მკვლევრების, გემის კაპიტნების, მაშველებისა და რიგითი ადამიანების ცხოვრებას. სახელები აიოლებს კომუნიკაციას და შესაბამისად - ზრდის უსაფრთხოების დონეს.

ეს კეთდება იმისთვის, რომ ქარიშხლები ერთმანეთში არ აერიოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსოფლიოს ერთსა და იმავე რაიონში რამდენიმე ტროპიკული ციკლონი მოქმედებს; ასევე იმისთვის, რომ ამინდის პროგნოზირების და გამოცხადების დროს, გაუგებრობა არ მოხდეს. 

სწორედ ამიტომ, მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ შექმნა სპეციალური სია, რომელიც ყოველ წელს ახლდება, რაც მათ სამუშაოს ამარტივებს.

სახელების მინიჭების სისტემის შექმნამდე, ქარიშხლებს რას უწოდებდნენ?

ყველაზე ხშირად, წმინდანების სახელებს. მაგალითად, 1825 წლის 26 ივლისს პუერტო-რიკოს ქარიშხალი თავს დაატყდა წმინდა ანას დღეს, ამიტომ მას „წმინდა ანა“ (სანტა ანა) უწოდეს. ზოგჯერ, სტიქიას იმ ადგილის სახელს არქმევდნენ, რომელსაც ის ყველაზე მეტად აზიანებდა, ან სახელს არჩევდნენ ქარიშხლის განვითარების ფორმის მიხედვით. მაგალითად, 1953 წელს ჰაიტის სტიქიას „ქინძისთავი“ (Pin) დაარქვეს, რადგან ქარიშხლის ტრაექტორია სწორედ ამ საგნის ფორმას ჰგავდა.

ცნობილია, ციკლონებისთვის სახელების მინიჭების ორიგინალური ფორმაც, რომელიც ავსტრალიელმა მეტეოროლოგმა კლემენტ რაგმა მოიფიქრა: ის ქარიშხლებს პარლამენტის იმ წევრების სახელებს უწოდებდა, რომლებიც კენჭისყრის დროს მეტეოკვლევების დაფინანსებას მხარს არ უჭერდნენ.

სიაში სულ რამდენი სახელია?

ყოველ წელს, სიას 21 სახელს ანბანში ასოების რაოდენობის მიხედვით ამატებენ. არ იყენებენ მხოლოდ შემდეგ ასოებს: Q, U, X, Y და Z. სახელებს თანმიმდევრობით იყენებენ: სეზონის პირველ ქარიშხალს და შტორმს არქმევენ სახელს, რომელიც A-ზე იწყება, მეორეს B-ზე და ასე შემდეგ. 

ჩვეულებრივ, ტროპიკული ქარიშხლების რიცხვი 21-ს არ აღემატება და ანბანის ყველა ასოს ამის გამო არ იყენებენ. მაგრამ, თუ ეს მაინც მოხდა, მიმართავენ ბერძნულ ანბანს და ქარიშხლებს არქმევენ ალფას, ბეტას, გამას, დელტას და ასე შემდეგ. 

ქარიშხლებს მხოლოდ ქალის სახელებს არქმევენ?

არა, თუმცა თავდაპირველად, ქარიშხლები მხოლოდ „ქალები“ იყვნენ. მათთვის სახელების დარქმევა, მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის სამხედრო მეტეოროლოგებმა დაიწყეს, რომლებიც წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ტაიფუნებს აკვირდებოდნენ. იმდროინდელ ქარიშხლებს, ძირითადად, მეტეოროლოგების ცოლების და სიდედრების სახელები ერქვათ.

ომის შემდეგ, აშშ-ის მეტეოსამსახურმა ქალის სახელების ანბანური სია შეადგინა. სიის მთავარი მიზანი მოკლე, მარტივი და იოლად დასამახსოვრებელი სახელების გამოყენება იყო.

1950 წლისთვის ქარიშხლებისთვის სახელების დარქმევაში სისტემურობა გაჩნდა. თავდაპირველად აარჩიეს ფონეტიკური სამხედრო ანბანი, ხოლო 1953 წელს ისევ ქალის სახელებს დაუბრუნდნენ და მეთოდი ოფიციალურად დაამტკიცეს. ის გავრცელდა სხვა ტროპიკულ ციკლონებზეც - წყნარი ოკეანის ტაიფუნებზე, ინდოეთის ოკეანის, ტიმორის ზღვის და ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთის სანაპიროს შტორმებზე.  

1978 წლამდე, მეტეოროლოგიურ ცენტრში ქარიშხლებს ანბანის მიხედვით ქალის 84 სახელი ერქვა, მაგრამ აშშ-მა ამ წლიდან სიის გაფართოება გადაწყვიტა და მას კაცის სახელებიც დაუმატა.

წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის სანაპიროებზე წარმოქმნილ ტაიფუნებს ხანდახან ცხოველების, ყვავილების, ხეების და პროდუქტების სახელებსაც არქმევენ.

იაპონელებმა დამანგრეველი ტაიფუნებისთვის ქალის სახელების დარქმევაზე უარი თქვეს, რადგან ქალი მათთვის ნაზი და მშვიდი არსებაა. ინდოეთის ოკეანის ტროპიკული ციკლონები უსახელოა.

შეიძლება ქარიშხალს უკვე გამოყენებული სახელი დაარქვან?

შეიძლება, თუ მისი წინამორბედი ძალიან დამანგრეველი არ აღმოჩნდა. ასეთ დროს იგივე სახელის გამოყენება შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს დაზარალებულებისთვის. მაგალითად ქარიშხალი „კატრინა“, რომელიც აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა და ქვეყანას 2005 წლის აგვისტოში დაატყდა თავს, სიიდან ამოღებულია და მას არასდროს აღარ გამოიყენებენ.

2017 წლის ქარიშხლებს რა ჰქვიათ?

ატლანტის ოკეანის სანაპიროს 2017 წლის ქარიშხლების სახლები შემდეგია: არლინი, ბრეტი, სინდი, ემილი, ფრანკლინი, ჰარვი, ირმა, ხოსე, კატია, ლი, მარია, ოფელია, ფილიპი, რინა, შონი, ტემი, ვინსი და უიტნი. ტეხასის ქარიშხალი "ჰარვი" სიაში მეექვსეა, "ირმა" მეშვიდე. ბოლო ინფორმაციით, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მერვე ქარიშხალი "ხოსე" წარმოიქმნა. რჩება კიდევ 10 სახელი, რომელთაგან ყველას წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, აღარ გამოიყენებენ.

სხვა თემები