29 მაისი 2026 - 15:42

ქიმიური იარაღის რა მარაგი აქვს ფხენიანს? რას ამბობს ჩრდილოეთ კორეის შესახებ მომზადებული ახალი ანგარიში

ახალი კვლევის თანახმად, ჩრდილოეთ კორეა ხარჯებს არ იშურებს, რათა ქიმიური იარაღის არსენალი განავითაროს. აღნიშნული ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ ფხენიანს შეუძლია გამოიყენოს ის, თუკი ეგზისტენციალური საფრთხე შეექმნება. 

რა ხდება?

გასულ კვირას ვებ-გვერდ 38 North-ზე გამოქვეყნებული ანგარიში ჩრდილოეთ კორეის ქიმიური იარაღის პროგრამის დეტალებს ავლენს. დოკუმენტი ეფუძნება 30 000-ზე მეტი პატენტისა და სამეცნიერო ნაშრომის ანალიზს, რომელიც Project Anthracite-ის ფარგლებში ჩატარდა. ეს უკანასკნელი ლონდონის სამეფო გაერთიანებული სერვისების ინსტიტუტის ინიციატივაა, რომლის მიზანია ჩრდილოეთ კორეის ქიმიური იარაღის შესაძლებლობების „ქსელური მიმოხილვის“ შესაქმნელად ღია წყაროების გამოყენება. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეის სამრეწველო ობიექტებს, უნივერსიტეტებსა და სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტებს გააჩნიათ აღჭურვილობა და წვდომა ყველა იმ საჭირო ნედლეულზე, რაც ქიმიური საბრძოლო აღჭურვილობის ფართო სპექტრის წარმოებისთვის არის საჭირო. თუმცა დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ეს თავისთავად არ წარმოადგენს ფხენიანის მიერ ქიმიური იარაღის წარმოების დამადასტურებელ ფაქტს. კვლევა ავსებს არსებულ სადაზვერვო მონაცემებს და „ეს არის ამის ალბათობის დემონსტრირება, გამოყოფს რა ინდიკატორებს, რომელთა თვალყურის დევნებაც აუცილებელია“. „საერთო ჯამში, ამ ანალიზის ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა არ არის ერთი „უტყუარი მტკიცებულების“ არსებობა, არამედ რამდენიმე ინდივიდუალური ინდიკატორის ერთობლიობა, რაც ახლად შექმნილი სამრეწველო შესაძლებლობების არსებობაზე მიუთითებს“, - წერენ კვლევის ავტორები. 

ჩრდილოეთ კორეის ქიმიური იარაღის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი

ეს შეფასება, რომელიც სრულად შეესაბამება სხვა ანგარიშებს, ექსპერტებში შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წლის თებერვალში ფხენიანმა ქიმიური იარაღის გამოყენების აშკარა მზაობა გამოავლინა. ბევრი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეის დაზვერვის აგენტებმა, VX ტიპის ნერვულ- პარალიზური ნივთიერების გამოყენებით, კუალა-ლუმპურის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ნახევარძმა  კიმ ჩენ ნამი მოკლეს. „აბსოლუტურად ნათელია, რომ ჩრდილოეთ კორეას შეუძლია და უკვე აწარმოებს ქიმიურ იარაღს, რასაც 2017 წელს VX-ის გამოყენება  ადასტურებს. ქიმიური იარაღის სხვა დადასტურებულ თუ საეჭვო პროგრამებთან შედარებით, ამ მიმართულებით ჩრდილოეთ კორეის შესახებ შედარებით ცოტა რამ არის ცნობილი“, - აღიარა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამების დირექტორმა, პროფესორმა მარგარეტ კოზალმა. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის შესაძლებლობების შესახებაც მცირე ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. 

„თუმცა მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მათ აქვთ დიდი რაოდენობით იპრიტი, რომელსაც ხშირად შეცდომით „მდოგვის გაზს“ უწოდებენ. გარდა ამისა, ფხენიანი ფლობს ზოგიერთი ნერვულ- პარალიზული ნივთიერების წარმოების უნარს“, - აგრძელებს კოზალი, მასობრივი განადგურების იარაღის ექსპერტი, რომელიც ჯორჯ ბუშისა და ბარაკ ობამას ადმინისტრაციებს კონსულტაციებს უწევდა. „სავარაუდოდ, მათ ასევე აქვთ რესურსი, აწარმოონ დიდი რაოდენობით ისეთი ნერვულ- პარალიზური ნივთიერებები , როგორიცაა ზარინი და გარკვეული რაოდენობის VX “. ადრე ითვლებოდა, რომ ეს პროგრამა ჩაფიქრებული იყო, როგორც „ბირთვული იარაღი ღარიბებისთვის“ - შემაკავებელი ფაქტორი იმ პერიოდისთვის, სანამ ფხენიანს ჯერ კიდევ არ ჰქონდა განვითარებული სრულფასოვანი ბირთვული შესაძლებლობები. თუმცა პროფესორი კოზალი მიიჩნევს, რომ არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ჩრდილოეთ კორეა ქიმიური იარაღის განვითარებაში ინვესტიციების ჩადებას აგრძელებს. „სავარაუდოდ, მათ საბრძოლო მოქმედებების დროს გამოიყენებენ სამხრეთ კორეელი ჯარისკაცების შესაკავებლად, მათ შორის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე. კონფლიქტის შემთხვევაში, სავარაუდოდ, მათი გამოყენება იგეგმება ისეთი სამოქალაქო ცენტრების წინააღმდეგ, როგორიცაა სეული“, - ვარაუდობს კოზალი. 

ექსპერტები: ჩრდილოეთ კორეას 5000 ტონამდე ქიმიური იარაღი აქვს

ზოგიერთი ანალიტიკოსის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეა ამჟამად ფლობს ქიმიური იარაღის მარაგს, რომლის ოდენობა 2500-დან 5000 ტონამდეა. ალაბამას სეულის კამპუსში მდებარე ტროის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორმა, დენ პინკსტონმა DW-ს განუცხადა, რომ ფხენიანის ხელისუფლება სინდისის ქენჯნას ნამდვილად არ იგრძნობს ამ იარაღის გამოყენებისას, თუ ისინი ჩათვლიან, რომ გარდაუვალი განადგურება ემუქრებათ. ქვეყნის მთავრობა პარანოიდულია და დარწმუნებულია, რომ გამართლებულია ნებისმიერი ძალა, რომელიც რეჟიმის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, - განმარტავს პინკსტონი, რომელმაც 2009 წელს მოამზადა ანგარიში საერთაშორისო კრიზისული ჯგუფისთვის ჩრდილოეთ კორეის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის პროგრამების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება კატასტროფული შედეგების რისკს შეიცავს, კორეის ნახევარკუნძულზე კონფლიქტის შემთხვევაში, პინკსტონის აზრით, ფხენიანი მას ბირთვული დარტყმის დაწყებამდე გამოიყენებს. 

„ჩრდილოეთ კორეის მიერ ატომური ბომბის გამოყენება გამოიწვევს დამანგრეველ საპასუხო დარტყმას, რაც ამ ქვეყანაში ამჟამინდელ რეჟიმს დაასრულებს. თუმცა თუ კონფლიქტის მიმდინარეობა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ შებრუნდება და სამხრეთ კორეის ძალები ფხენიანისკენ გაიწევენ, ჩრდილოეთს შეუძლია გამოიყენოს ქიმიური იარაღი ასეთი შეტევის შესასუსტებლად ან გადასადებად“, - ამტკიცებს პროფესორი. ამის შედეგები ბრძოლის ველზე საშინელი იქნება, განსაკუთრებით საბრძოლო მოქმედებების ზონაში მოხვედრილი და დაცვის საშუალებების გარეშე დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. „ეს კოშმარი იქნება. სამწუხაროდ, ჩვენ ამის მრავალი მაგალითი გვაქვს. კერძოდ, ერაყმა გამოიყენა ქიმიური იარაღი ირანის ძალების წინააღმდეგ 1980-იან წლებში, სირიის მთავრობამ იგივე გააკეთა ამბოხებულებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, არსებობს ცნობები მსგავსი ქმედების რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელების შესახებ. ზოგი ამბობს, რომ ქიმიური იარაღი ტაბუდადებულია, რადგან მისი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე დამანგრეველია. თუმცა ჩრდილოეთ კორეა არ არის ქიმიური იარაღის კონვენციის მონაწილე და არსებობს მისი გამოყენების მაგალითები. ამიტომაც მე ვერ ვხედავ ვერანაირ ნიშანს, რომ ისინი უარს იტყვიან მასზე“, - ამბობს პინკსტონიც. 

რა ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი ჩრდილოეთ კორეის ქიმიური იარაღის შესახებ 

ტოკიოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამხედრო საკითხებში სპეციალიზებული რიო ჰინატა-იამაგუტი ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული უახლესი ინფორმაციით შეშფოთებულია. „ეს ყველაფერი დასტურდება სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცითაც. ამიტომაც ამ თემას ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ“, - ამბობს ასოცირებული მეცნიერი. „მეორე მხრივ, ყველასთვის ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი დაუნდობელი და სასტიკია, თუმცა ჩვენ არ ვიცით, რამდენად ეფექტური იქნება ეს ნივთიერებები იარაღის რანგში და არც ის სისტემები, რომლებიც საჭიროა მათი ბრძოლის ველზე გადასატანად“, - ამბობს რიო ჰინატა-იამაგუტი. 

ამავდროულად, ჰინატა-იამაგუტი ეთანხმება, რომ ფხენიანის ხელისუფლება საბოლოო კოლაფსის შესაჩერებლად ქიმიური იარაღის გამოყენებას არ დააყოვნებს. „მათ 2017 წელს აჩვენეს, რომ არ ერიდებიან VX-ის საჯაროდ გამოყენებას. ჩრდილოეთ კორეა მუდმივად არღვევს საერთაშორისო სამართალს და მე მჯერა, რომ ისინი ქიმიურ იარაღს ფსიქოლოგიური ომის ეფექტურ საშუალებად მიიჩნევენ. ისინი ყველაფერს გამოიყენებენ, რათა ტექნოლოგიურად უპირატესი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ თანაბარი პირობები შექმნან. ამიტომაც, სამწუხაროდ, ომის შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ალბათობა საკმაოდ მაღალია“, - დაასკვნა TIU-ს ასოცირებულმა პროფესორმა.

სხვა თემები