რატომ იწურება გაზი გერმანიის საცავებში?
გერმანიის გაზის საცავები მხოლოდ 50%-ით არის შევსებული, რადგან ტრეიდერები ირანში ომის დასრულების შემთხვევაში, საბითუმო ფასების კლებას ელოდებიან. Deutche Welle-მ გამოიკვლია, შეძლებს თუ არა ქვეყანა ზამთრისთვის რეზერვების შევსებას. გერმანიის გაზის საცავების შედარებით დაბალი დონის მიუხედავად, ოფიციალური ბერლინი მიიჩნევს, რომ მომხმარებლეის მომავალ ზამთარს გაზის დეფიციტს ვერ იგრძნობენ. თემის დეტალები DW-მ გაარკვია.
რამდენად სავსეა ამჟამად გერმანიის ბუნებრივი აირის საცავები?
გერმანიის ბუნებრივი აირის 40-ზე მეტი საცავი ნახევარზე ოდნავ მეტით არის სავსე და ეს ძირითადად, ირანთან ომის შედეგად, ჰორმუზის სრუტის მიმდინარე ბლოკადით არის განპირობებული. ევროპის გაზის ქსელის ოპერატორების ინდუსტრიული ასოციაციის, Gas Infrastructure Europe-ის მონაცემებით, გერმანიაში მიწისქვეშა ბუნებრივი აირის საცავების შევსების დონე 19 აგვისტოსთვის 50.14%-ს შეადგენდა. აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე დაბალია აგვისტოს შუა რიცხვებისთვის, ბოლო რამდენიმე წლის ჭრილში. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზის მარაგი დაახლოებით ერთი მეოთხედით ნაკლებია. ამასთანავე, ეს მაჩვენებელი 45%-ით ნაკლებია 2023 და 2024 წლებში გაკეთებულ პროგნოზებზე, როდესაც ქვეყანამ რუსეთ-უკრაინის ომის საპასუხოდ, ამ მიმართულებით საგანგებო სტრატეგია შეიმუშავა.
ამ სამხედრო კონფლიქტმა გერმანია, ისევე როგორც ევროპის დანარჩენი ნაწილი, აიძულა, რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შეემცირებინა. დივერსიფიკაცია, ძირითადად, აშშ-დან და ყატარიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის ზრდითა და ნორვეგიიდან მილსადენის გაზის მარაგის დამატებით გახდა შესაძლებელი. მომდევნო წლებში პოლიტიკოსებმა პრიორიტეტი გათბობის სეზონის წინ გაზის რეზერვების შევსებას მიანიჭეს, ამავდროულად, აქცენტი გაკეთდა ფიზიკური მომხმარებლებისა და ბიზნესის მხრიდან მოთხოვნის შემცირებაზე.
რატომ დაცარიელდა გერმანიის გაზის საცავები?
როგორც წესი, ტრეიდერები გაზს ზაფხულში დაბალ ფასად ყიდულობენ და ინახავენ ზამთრამდე, როდესაც მისი გაყიდვა უფრო მაღალ ფასად შეიძლება. ამას ზაფხულ-ზამთრის ფასთა შორის სხვაობა ეწოდება. თუმცა წელს ოპერატორებს პრაქტიკულად აღარ აქვთ სტიმული, რომ საცავები დროზე ადრე შეავსონ, რადგან გლობალურ ბაზრებზე ბუნებრივი და თხევადი აირის ფასები ირანში ომის გამო მიწოდების შეფერხებების შედეგად გაიზარდა.
ევროპული საბითუმო გაზის ფასები ომამდელ დონესთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია. 20 აგვისტოს, ნიდერლანდების TTF ბირჟაზე ფასი დაახლოებით 65 ევრო (76 აშშ დოლარი) იყო მეგავატ/საათზე, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არსებულ დონეს დაახლოებით ორჯერ აღემატება. ეს ინდექსი ბოლო ორი კვირის განმავლობაში თითქმის მეოთხედით გაიზარდა აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტის განახლების გამო. ბევრი სხვა ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც მთავრობები გაზს ყიდულობენ ან სტრატეგიულ რეზერვებს იყენებენ საწყობების შესავსებად, გერმანია დიდად არის დამოკიდებული ენერგომომარაგების კერძო სავაჭრო კომპანიებზე. ბაზრის მონაწილეები ფსონს დებენ გაზის ფასების კლებაზე მომდევნო რამდენიმე თვეში, თუ ირანთან ომი დასრულდება, რაც მათ მოგების მიღების საშუალებას მისცემს.
თუმცა როდესაც საქმე თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვას ეხება, შეზღუდული მიწოდების ერთი და იმავე მოცულობებისთვის ევროპა აზიას სერიოზულ კონკურენციას უწევს. მიუხედავად იმისა, რომ აზიელი კონკურენტები ხშირად მზად არიან, მეტი გადაიხადონ. პოლიტიკოსებმა ტრეიდერები გერმანიის ენერგეტიკული უსაფრთხოების სპეკულაციაში დაადანაშაულეს. კერძოდ, ბუნდესტაგის მემარცხენე პარტიის წევრმა იორგ სეზანმა გაზეთ Rheinische Post-ს განუცხადა, რომ ასეთი ტაქტიკა „აზარტული თამაშების“ ტოლფასია. 19 აგვისტოს, გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უწყება „მოუწოდებს ოპერატორებს, საცავებში გაზის მოცულობა გაზარდონ“.
როგორ გამოიყურება გერმანიის გაზის მარაგი ევროპის დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით?
გერმანია არ არის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელსაც გაზის საშუალოზე დაბალი მარაგი აქვს. საცავების დონე ნიდერლანდებში, ბელგიაში, სლოვაკეთში, შვედეთსა და ლატვიაშიც 50%-ზე ნაკლები და 2023 და 2024 წლების დონეებზე დაბალია. ევროკავშირში ყველაზე სტაბილური მარაგებით ესპანეთი, იტალია, დანია და პოლონეთი გამოირჩევიან.
შეძლებს თუ არა გერმანია 2026 წლის ზამთრისთვის გაზის საცავების საკმარისად შევსებას?
გერმანიის გაზსადენის ოპერატორების ასოციაცია FNB Gas-მა 19 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, რომ ოფიციალური ბერლინის მიზანი, რომელიც 1 ნოემბრისთვის საცავის შევსების 71%-იანი მაჩვენებლის მიღწევას გულისხმობს, ამ ეტაპზე „ფაქტობრივად მიუღწეველია“. LinkedIn-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ასოციაციამ აღნიშნა, რომ საცავის ამჟამინდელი მოცულობა დღეში 0.5 ტერავატ-საათს შეადგენს და მაშინაც კი, თუ ის დღეში 1.2 ტერავატ-საათს მიაღწევს, სასურველტან შედარებით, „შენახვის მოცულობის დონე მაინც მნიშვნელოვნად დაბალი იქნება“ . გარდა ამისა, FNB Gas-ი გერმანიის მთავრობას აფრთხილებს, რომ „თხევადი ბუნებრივი აირის დაბალმა იმპორტმა, გვიანმა ან გახანგრძლივებულმა სიცივეებმა და ინფრასტრუქტურის შეფერხებებმა მომავალ ზამთარში გაზის მიწოდებას შეიძლება საფრთხე შეუქმნას“.
მიუხედავად იმისა, რომ გაზის შენახვის ამჟამინდელი დონე იდეალური არ არის, გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ქვეყნის გაზმომარაგება საიმედოა. უწყება 2022/2023 წლების ენერგეტიკული კრიზისის შედეგად გაჩენილ თხევადი ბუნებრივი აირის ახალ წყაროებზე აკეთებს აქცენტს. კერძოდ, გერმანიამ სწრაფად ააშენა რამდენიმე მცურავი და ხმელეთზე განლაგებული თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალი ჩრდილოეთ და ბალტიის ზღვების სანაპიროებზე, რაც გლობალური ბაზრიდან საზღვაო გადაზიდვების განხორციელების საშუალებას იძლევა.
როგორ იმოქმედებს ზამთრის ფასებზე გერმანიაში გაზის არსებული დეფიციტი?
მომხმარებელი ორგანიზაციები მომავალ ზამთარში გაზის ფასების ზრდის შესახებ უკვე საუბრობენ. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით გაზის რეზერვის დონეს და ამ ზამთარში პოტენციურ პრობლემებსაც ვხედავთ“, - განაცხადა მომხმარებელთა ადვოკატირების ცენტრების გერმანული ასოციაციის (Verbraucherzentrale Bundesverband, VZBV) აღმასრულებელმა დირექტორმა რამონა პოპმა 20 აგვისტოს Rheinische Post-თან ინტერვიუში. მან მოუწოდა მომხმარებლებს, „ახლავე შეამოწმონ, ითვალისწინებს თუ არა მათი კონტრაქტი ფიქსირებულ ფასს, რომელიც ზამთრის დასრულების შემდეგაც ძალაში დარჩება“, რაც, მისი თქმით, შეიძლება ფასების ზრდისგან დაცვის გარკვეული გარანტია იყოს.
ფასების შედარების ვებგვერდი Verivox-ი აღნიშნავს, რომ გაზის კონტრაქტების ღირებულება მარტის დასაწყისიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა და ახლა შეიძლება მოქმედი მომხმარებლებისთვისაც გაძვირდეს. „20 000 კვტ/სთ წლიური მოხმარების მქონე კერძო სახლისთვის ეს , დაახლოებით, 400 ევროს დამატებით ხარჯს ნიშნავს“, - ნათქვამია ანგარიშში.


