Apple-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ეყოლება. ინჟინერი და ხელოვნური ინტელექტის ფანი: ვინ არის ჯონ ტერნუსი?
1 სექტემბერს, ჯონ ტერნუსი Apple-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი გახდება და ამ თანამდებობაზე ის შეცვლის ტიმ კუკს, რომელიც კომპანიას 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. რას ნიშნავს ეს ტექნოლოგიური გიგანტისთვის? – Deutsche Welle-მ ამ კითხვაზე პასუხები მოიძია.
რა ხდება?
21 აპრილს, 50 წლის იუბილედან სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, Apple-მა ტიმ კუკის მიერ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ ინფომაცია გაარცელა. პრესრელიზის თანახმად, 1 სექტემბრიდან ამ თანამდებობას დაიკავებს ჯონ ტერნუსი, რომელიც ამჟამად Apple-ის აპარატურული ინჟინერიის ვიცე-პრეზიდენტია. თუმცა ერთი რამ ფაქტია, კუკის მიერ დაწესებული სტანდარტი ძალიან მაღალია. მას შემდეგ, რაც ის Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 350 მილიარდი დოლარიდან (რაც 298 მილიარდი ევროს ეკვივალენტურია) 4 ტრილიონ დოლარამდე (3.4 ტრილიონი ევრო) გაიზარდა.
ტერნუსი უხელმძღვანელებს პრემიუმ კლასის IT კომპანიას, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს (AI) სულ უფრო მეტად ავითარებს. წლის დასაწყისში, iPhone გახდა ყველაზე გაყიდვადი მოწყობილობა, რომელმაც Samsung-ის სმარტფონებს გაუსწრო. ამასობაში, Apple, რომელიც iPhone-ის ბაზრის მიღმა გაფართოებისთვის ახალ შესაძლებლობებს ეძებს, ებრძვის მკაცრ კონკურენციას, მარეგულირებლის ზეწოლასა და მიწოდების ჯაჭვის გამოწვევებს. პრესკონფერენციაზე ტერნუსმა აღნიშნა, რომ ის Apple-ის ხელმძღვანელობის შესაძლებლობისთვის „უკიდურესად მადლიერია“. „ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმის მიმართ, რისი მიღწევაც მომდევნო წლებში შეგვიძლია“, - დასძინა მან.
ვინ არის ჯონ ტერნუსი?
შემდგომი ზრდისკენ სწრაფვის მიზნით, Apple-მა ტიმ კუკის შესაცვლელად პრაქტიკოსი ინჟინერი აირჩია და არა - ვიზუალურ ესთეტიკაზე ორიენტირებული დიზაინერი. ტერნუსი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა Apple-ის ძირითადი პროდუქტების - iPhone-ის, iPad-ის და Mac-ის - საინჟინრო გუნდებს, ამავდროულად, ზედამხედველობდა მოწყობილობების ახალი კატეგორიების შემუშავებასა და გაშვებას, მათ შორის არის Apple Watch-ი, AirPods-ი და Vision Pro-ს ყურსასმენი. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა მოლოდინი ვერ გაამართლა, პირველი ორი სწრაფად გახდა კომპანიის ჰიტი.
ტერნუსმა, როგორც ტექნიკურმა ინჟინერმა და აპარატული უზრუნველყოფის სპეციალისტმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა Apple-ის საკუთარი ჩიპების შემუშავების პროცესში, რამაც გარე მომწოდებლებთან ურთიერთობა ჩაანაცვლა. კერძოდ, აქ საუბარია Intel-ის მიერ წარმოებულ ჩიპებზე. ეს ის ჩიპებია, რომლებიც თითოეული მოწყობილობის შიგნით არსებულ პაწაწინა, მაგრამ ძლიერი „ტვინის“ ფუნქციას ასრულებენ. საკუთარი ჩიპების შექმნით, Apple-მა შეძლო iPhone-ების, Mac-ებისა და სხვა პროდუქტების უფრო სწრაფი წარმოება, მათი ენერგომოხმარების შემცირება და iOS-ის პროგრამული უზრუნველყოფის უფრო მოქნილი სისტემის ჩამოყალიბება. აღნიშნული სიახლე ტექნოლოგიურ გიგანტს დაეხმარა, სულ უფრო კონკურენტულ ბაზარზე, ლიდერობა და მოგების მაღალი მაჩვენებელი შეენარჩუნებინა.
ჯონ ტერნუსი Apple-ის პროდუქტის დიზაინის გუნდს 2001 წელს შეუერთდა. მანამდე ის ინჟინრად მუშაობდა Virtual Research Systems-ში, რომელიც ვირტუალური რეალობის აპარატურის პიონერია. 2013 წელს ტერნუსი Apple-ის აპარატურის ინჟინერიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, ხოლო 2021 წელს - უფროსი ვიცე-პრეზიდენტი. ის განათლებით მექანიკური ინჟინერია და პენსილვანიის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი აქვს მიღებული. ტერნუსი ამჟამად 50 წლისაა, იმავე ასაკის, როგორც ტიმ კუკი, როდესაც მან Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი ჩაანაცვლა.
ხელოვნური ინტელექტი და Apple
Apple სტაბილური ზრდის დემონსტრირებას აგრძელებს, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის სფეროში, კომპანია კონკურენტებს ჩამორჩება. Google-მა, Microsoft-მა და OpenAI-მ უკვე გამოუშვეს უფრო მოწინავე ჩატ-ბოტები, რომლებიც გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს ეფუძნება. ხელოვნური ინტელექტის საკუთარი პლატფორმის - Apple Intelligence-ის განახლება და Siri-ს ხმოვანი ასისტენტის დიდი ხნის ნანატრი რედიზაინი გადაიდო, ამასთანავე, ისინი ნაწილობრივ სხვა ისეთ პლატფორმებზე იყო დამოკიდებული, როგორიცაა ChatGPT.
ხარვეზის შესავსებად, Apple-მა Siri გაცილებით ჭკვიანი და ბუნებრივი უნდა გახადოს, რაც ხმოვან ასისტენტს საშუალებას მისცემს, რთულ კითხვებს სანდო პასუხები გასცეს. გარდა ამისა, კომპანიამ უნდა შექმნას ხელოვნური ინტელექტის ახალი, სასარგებლო ფუნქციები, რომლებიც მის ყველა მოწყობილობაზე შეუფერხებლად იმუშავებს. ამასთანავე, Apple-მა უნდა უზრუნველყოს, რომ მომხმარებლებმა შეიძინონ ახალი მოწყობილობები და გადაიხადონ დამატებითი თანხა მომსახურებისთვის. ეს ეხება კომპანიის ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე პროდუქტებს, როგორიცაა ჭკვიანი სათვალე ან რობოტოტექნიკა.
ტერნუსი ხელოვნური ინტელექტის ერთგული მომხრეა. Bloomberg-ის ცნობით, მან ცოტა ხნის წინ რეორგანიზაცია გაუწია თავის აპარატურულ განყოფილებას და ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის ახალ პლატფორმაზე, რომელიც შექმნილია პროდუქტის განვითარებისა და მოწყობილობების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ტერნუსი ასევე ზედამხედველობს ახალი მოწყობილობების ხაზის შემუშავებას, უფრო ჭკვიანი AirPods-ითა და სათვალით დაწყებული, სახის ამომცნობი დისპლეით, მაგიდის რობოტითა და უსაფრთხოების კამერით დასრულებული.
Apple-ის წინაშე არსებული გამოწვევები
Apple-ის წინაშე არსებული ერთ-ერთი გამოწვევაა iPhone-ის გაყიდვების შემცირება ძირითად ბაზრებზე, განსაკუთრებით, ჩინეთში, სადაც ადგილობრივმა კონკურენტებმა, როგორიცაა Huawei და Xiaomi, გაიმყარეს პოზიციები მიმზიდველი მაღალტექნოლოგიური სმარტფონების, აგრესიული ფასებისა და მომხმარებლებში ძლიერი პოპულარობის წყალობით. გარდა ამისა, კომპანია მუდმივ მარეგულირებელ ზეწოლას განიცდის აშშ-ში, მის უდიდეს ბაზარზე და ევროპაში, რამაც შეიძლება აიძულოს Apple ცვლილებები შეიტანოს App Store-ში, აპლიკაციების გადახდის სისტემაში. თავის მხრივ, ამან შეიძლება მომსახურების შემოსავლებზე უარყოფითად იმოქმედოს.
გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და აშშ-ში ტარიფების გაზრდის საფრთხის ფონზე, Apple-ის მიწოდების ჯაჭვის ჩინეთის ფარგლებს გარეთ დივერსიფიკაცია კომპანიისთვის კიდევ ერთ გრძელვადიან პრიორიტეტად რჩება. სავაჭრო დავებთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად, Apple-მა უკვე გადაიტანა წარმოების ნაწილი ინდოეთსა და ვიეტნამში, თუმცა ამან წარმოების ხარჯების ზრდაც გამოიწვია. აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის დროს, ტიმ კუკმა უჩვეულოდ მჭიდრო კავშირები დაამყარა ჩინელ ოფიციალურ პირებსა და მომწოდებლებთან ხშირი ვიზიტებისა და ადგილობრივი პარტნიორობის საჯარო აღიარებით. ამდენად, მის შემცვლელს მოუწევს ამ ურთიერთობების შენარჩუნება, რათა კომპანიის სიდიდით მეორე ბაზარზე გაყიდვებისა და წარმოების მაჩვენებელი არ შემცირდეს.
ვის რა რეაქცია ჰქონდა ტერნუსის დანიშვნაზე?
აღნიშნული ცვლილების გამოცხადების შემდეგ, Apple-ის აქციები მხოლოდ ოდნავ დაეცა, რადგან ინვესტორებმა წინასწარ იცოდნენ, რომ კომპანიას ასეთი გეგმები ჰქონდა. თუმცა კუკის წასვლის დრო „სიურპრიზი“ აღმოჩნდა Wedbush Securities-ის გლობალური ტექნოლოგიების კვლევის ხელმძღვანელის, დენ აივსისთვის, რომელიც ვარაუდობდა, რომ კუკი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე კიდევ ერთი წლით დარჩებოდა. „ეს ძალიან, ძალიან მაღალი სტანდარტია“, - განუცხადა აივსმა CNBC-ს.მან კუკი შეადარა Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკს და Microsoft-ის აღმასრულებელ დირექტორ სატია ნადელას.
აივსმა ხაზი გაუსვა, რომ ტერნუსმა Apple-ის ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიას პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს, რადგან კომპანიის წარმატება არა ახალი ტექნოლოგიებით, არამედ იმით გაიზომება, „თუ როგორ ახერხებს ის 2.5 მილიარდი iOS მოწყობილობის მონეტიზაციას ხელოვნური ინტელექტის თვალსაზრისით“. თავის მხრივ, DeepWater Asset Management-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ტერნუსი „გარკვეული დროის განმავლობაში, სანდო მემკვიდრედ ითვლებოდა“. ისინი თვლიან, რომ ის შეინარჩუნებს Apple-ის ერთ-ერთ უდიდეს აქტივს: მის კულტურას. „Apple-ის კულტურისადმი ერთგულება კომპანიას საშუალებას უნდა აძლევდეს, უფრო აგრესიულად განახორციელოს ხელოვნური ინტელექტის განვითარება ხარისხის დონის დაწევის გარეშე“, - აცხადებენ DeepWater Asset Management-ში.
კრის დივერმა, რომელიც ადრე Apple-ის ადამიანური რესურსების განყოფილებაში მუშაობდა, ჯონ ტერნუსი „თანამშრომლობისთვის გულწრფელად მზად ადამიანად“ შეაფასა. „ასეთი გამორჩეული ლიდერის ყოლა, რომელიც კომპანიის პროდუქტებზეა ორიენტირებული, Apple-ის კარგი მომავლის საწინდარია“, - განაცხადა მან The Wall Street Journal-თან ინტერვიუში.


