20 ივლისი 2026 - 16:44

1944 წლის 20 ივლისს ჰიტლერის მკვლელობა სცადეს, თუმცა - უშედეგოდ. რა მოხდა 82 წლის წინ?

82 წლის წინ ჰიტლერი სიკვდილს ძლივს გადაურჩა. „მგლის ბუნაგის“ შტაბ-ბინაში მომხდარი აფეთქება გერმანიაში გადატრიალების დასაწყისი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. ვინ მოაწყო ეს შეთქმულება? - ამ თემით Deutsche Welle დაინტერესდა. 

რა მოხდა?

ყოველი წლის 20 ივლისს, ბერლინში პატივს მიაგებენ ადოლფ ჰიტლერის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილეთა ხსოვნას, რომლებიც ნაცისტებმა სიკვდილით დასაჯეს. 1944 წელს, სწორედ ამ დღეს, აღმოსავლეთ პრუსიაში მდებარე ჰიტლერის შტაბ-ბინაში აფეთქების ხმა გაისმა. ეს არ იყო პირველი, მაგრამ „ფიურერის“ მკვლელობის ყველაზე სერიოზული მცდელობა ნამდვილად გახლდათ. თუმცა ჰიტლერი გადარჩა. შეთქმულების ასობით მონაწილე (ძირითადად, გერმანული ოჯახებიდან გამოსული პროფესიონალი ჯარისკაცები) სიკვდილით დასაჯეს. ამ ადამიანებისა და წინააღმდეგობის მონაწილე სხვა გმირების ხსოვნას დღეს გერმანიაში დიდ პატივს მიაგებენ. 20 ივლისის შეთქმულების ყველაზე ცნობილი მონაწილე, მისი ფაქტობრივი ლიდერი, რომელმაც ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰიტლერის შტაბ-ბინაში შეიტანა, იყო პოლკოვნიკი კლაუს შენკ გრაფ ფონ შტაუფენბერგი. 

ოფიცრები და არისტოკრატები ჰიტლერის წინააღმდეგ

მებრძოლ ოფიცრებს სძულდათ SS-ის „ჯალათები“. ისინი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომსა და ტყვეების სიკვდილით დასჯას სამარცხვინოდ მიიჩნევდნენ. მიუხედავად ამისა, შტაუფენბერგი, ისევე როგორც მისი მრავალი თანამოაზრე ოფიცერი, თვლიდა, რომ ჯერ ომი უნდა მოეგოთ. შტაუფენბერგის ბიოგრაფი თომას კარლაუფი აღნიშნავს, რომ 1940 წელს, პოლონეთსა და საფრანგეთზე გამანადგურებელი სამხედრო გამარჯვებების შემდეგ, შტაუფენბერგი ისევ აღფრთოვანებული იყო: „რა ცვლილებებია და როგორი დროა!“ მისთვის და წინააღმდეგობის მოძრაობის სხვა მებრძოლებისთვის ეს იყო „ძალიან, ძალიან გრძელი გზა განწმენდისკენ“, - აღნიშნავს ისტორიკოსი ვოლფგანგ ბენცი და დასძენს: „ჰოლოკოსტი მათ საერთოდ არ აინტერესებდათ“. თუმცა სამხედრო დამარცხების მოახლოებასთან ერთად, მათ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სურდათ, რათა „გერმანიისთვის გადაერჩინათ ის, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო“, - ასკვნის ბენცი. 

სინამდვილეში, ოპოზიციურ წრეებში ჰიტლერისადმი განწყობა 1942-1943 წლებში შეიცვალა. მთავარი მიზეზი კი ომის მიმდინარეობის ცვლილება იყო: ადამიანური რესურსისა და ტექნიკის დიდი დანაკარგი. სტალინგრადის შემდეგ შტაუფენბერგს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ომი წაგებული იყო. სწორედ ამ დროს მიიღო მან დადებითი პასუხი გენერალური შტაბიდან მის მიერ დიდი ხნის წინ წარდგენილ მოთხოვნაზე, რომ ფრონტის ხაზზე გადაეყვანათ. თუმცა ეს ეხებოდა არა აღმოსავლეთის ფრონტს, არამედ - აფრიკას, მაგრამ გერმანელების საქმე იქაც ცუდად იყო. სტალინგრადიდან სულ რაღაც სამი თვის შემდეგ, დასავლელმა მოკავშირეებმა ჩრდილოეთ აფრიკაში ვერმახტის 200 000-მდე  ჯარისკაცი და ოფიცერი ტყვედ აიყვანეს. მათ შორის არ იყო შტაუფენბერგი, რადგა ის დამარცხებამდე რამდენიმე დღით ადრე მძიმედ დაიჭრა და გერმანიაში გადაიყვანეს. მან თვალი, მარჯვენა ხელი და მარცხენა ხელზე ორი თითი დაკარგა. 

ჰიტლერის მკვლელობის წარუმატებელი მცდელობები

ამასობაში, შეთქმულები ჰიტლერის მკვლელობის ორგანიზებას სულ უფრო ხშირად ცდილობდნენ. კერძოდ, 1943 წლის 13 მარტს, „ფიურერის“ თვითმფრინავში კონიაკის ბოთლით ასაფეთქებელი მოწყობილობა კონტრაბანდულად შეიტანეს, მაგრამ ის არ აფეთქდა. იყო სხვა მცდელობებიც, როგორიცაა ჰაუპტმან აქსელ ფონ დემ ბუშეს მცდელობა, რომელიც ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა. „ფიურერმა“ გამოთქვა სურვილი, შეემოწმებინა ვერმახტის ოფიცრებისა და უნტერ-ოფიცრების ახალი ფორმები. მან მოითხოვა, რომ ამ „პრეზენტაციას“ ექსპერტის რანგში ფრონტის ხაზის გამოცდილი მეთაური დასწრებოდა. შეთქმულებმა ამ პოსტზე ჰაუპტმან ბუშეს დანიშვნა მოახერხეს. მას ჰიტლერთან ერთად თავი უნდა აეფეთქებინა. თუმცა აღმოსავლეთ პრუსიისკენ მიმავალ გზაზე ახალი ფორმების ნიმუშებით დატვირთული მატარებელი აფეთქდა და „პრეზენტაცია“ აღარ შედგა. 

თუმცა შეთქმულების მონაწილეთა შეუპოვრობამ შედეგი საბოლოოდ მაინც გამოიღო: 1944 წლის მაისში, ვერმახტის რეზერვის მეთაურმა, შეთქმულების მონაწილეთა თანამოაზრემ შტაუფენბერგი თავისი შტაბის უფროსად დანიშნა. ამრიგად, პოლკოვნიკი შტაბ-ბინაში შეხვედრებზე მიწვეულთა შორის იყო. ჰიტლერის მკვლელობის მცდელობაც რეალობად იქცა. უფრო მეტიც, მათ უნდა ეჩქარათ, რადგან შეთქმულების მონაწილეთა თავზე შავი ღრუბლები გროვდებოდა. გადატრიალების გეგმის შესახებ უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა იცოდა და შეთქმულების შესახებ ინფორმაცია „გესტაპომდეც“ კი მიდიოდა. გადაწყდა, რომ შტაბ-ბინაში ჰიმლერისა და გერინგის მონაწილეობით ჩატარებულ სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებს აღარ დალოდებოდნენ და პირველივე შესაძლებლობისთანავე, ფიურერი საიქიოში მარტო გაეგზავნათ. სწორედ ამის შესაძლებლობა გაჩნდა 20 ივლისს. 

ჰიტლერის მკვლელობის მცდელობა 1944 წლის 20 ივლისს. რა მოხდა 82 წლის წინ?

წინა საღამოს, კლაუს ფონ შტაუფენბერგმა პლასტმასის ასაფეთქებელი ნივთიერებები პორტფელში ჩაალაგა და მოწყობილობის მექანიზმი შეამოწმა. ორივე პაკეტი იწონიდა დაახლოებით ორ კილოგრამს, რაც შტაუფენბერგის ცალი, დასახიჩრებული ხელისთვის ძალიან მძიმე იყო. შესაძლოა, სწორედ ამიტომ იყო, რომ შტაბ-ბინაში ყველა კორდონის გავლის შემდეგ, მან ასაფეთქებელი ნივთიერების ერთი შეკვრა თავის ადიუტანტს დაუტოვა და შეხვედრების ოთახში მხოლოდ ერთი ცალი გაიყოლა. თუმცა ეს რაოდენობა მაინც საკმარისი იქნებოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აფეთქების შედეგად ჭერი ჩამოინგრა და ოთახი ნანგრევების გროვად აქცია, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაშავდა და ოთხი დაიღუპა. ჰიტლერის გადარჩენა აბსოლუტური შემთხვევითობა იყო. პორტფელი უფრო ახლოს უნდა ყოფილიყო იმ ადგილთან, სადაც „ფიურერი“ იჯდა, მაგრამ ერთ-ერთმა მონაწილემ ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე პორტფელი ინსტინქტურად უფრო ღრმად, მაგიდის ქვეშ შეაგდო, რადგან მას ხელს უშლიდა. ამან ჰიტლერი გადაარჩინა. როდესაც აფეთქება მოხდა, შტაუფენბერგი, რომელმაც დარბაზი დამაჯერებელი საბაბით დატოვა, შტაბ-ბინას უკვე ტოვებდა. ის აეროდრომისკენ მიიჩქაროდა. მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ „ფიურერი“ მკვდარი იყო, ამიტომაც ბერლინში გაემგზავრა: ახლა ყველაფერი იქ გადაწყდებოდა. 

შეთქმულები ძალიან ნელა მოქმედებდნენ, უპატიებლად ნელა. ოპერაცია „ვალკირიის“ ფარგლებში, სამხედროებმა SS-ის დანაყოფებისა და „გესტაპოს“ შტაბ-ბინების იზოლირება ვერ შეძლეს. სამხედრო ნაწილებში ბრძანებები მოდიოდა როგორც შეთქმულებისგან, ასევე - პირდაპირ ჰიმლერისგან. როდესაც პოლკოვნიკი შტაუფენბერგი ომის სამინისტროში მივიდა, მან უფრო გადამწყვეტად იმოქმედა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. საბოლოოდ, შტაუფენბერგთან ერთად რამდენიმე ადამიანი იქვე, ომის სამინისტროს შენობაში დააკავეს. ისინი იმავე დღეს სიკვდილით დასაჯეს. მოგვიანებით, ნაცისტები განსაკუთრებული სისასტიკით მოექცნენ ყველას, ვინც კი შეთქმულების შესახებ ინფორმაციას ფლობდა. შესაბამისად, ასობით ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. „გესტაპომ“ ასევე დააპატიმრა კლაუს ფონ შტაუფენბერგის ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის, მისი მეუღლე და დედა. ბავშვებს გვარი შეუცვალეს და ისინი გაგზავნეს სპეციალურ ბავშვთა სახლში, სადაც ვინაობის გამხელა აკრძალული ჰქონდათ. ომის დასრულებამდე მხოლოდ რამდენიმე თვე იყო დარჩენილი. როდესაც საქმე ნაციონალ-სოციალიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევას ეხება, ბევრ გერმანელს პირველად სწორედ 1944 წლის 20 ივლისი ახსენდება. გრაფი ფონ შტაუფენბერგი კი ამ წინააღმდეგობის სახე გახდა. თუმცა ჰიტლერის ტერორის წინააღმდეგ სხვებიც აჯანყდნენ. ესენი იყვნენ ებრაელები, კომუნისტები, მღვდლები, მხატვრები, პარტიზანები. ბევრი მათგანი უკვე დავიწყებას მიეცა. 

სხვა თემები