24 ივნისი 2026 - 13:30

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თანამდებობა დატოვა. შესაძლოა, მთავრობას ენდი ბერნჰემმა უხელმძღვანელოს

კირ სტარმერი

კირ სტარმერი

ფოტო: Reuters

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადება გააკეთა. შესაძლოა, მთავრობას დიდი მანჩესტერის აწ უკვე ყოფილმა მერმა, ენდი ბერნჰემმა უხელმძღვანელოს. გასულ კვირას მან ინგლისის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მეიკერფილდის ოლქის ვადამდელ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. 

რა მოხდა? 

სტარმერმა განაცხადა, რომ მან თავისი გადაწყვეტილების შესახებ მეფე ჩარლზს უკვე აცნობა და დასძინა, რომ პრემიერ-მინისტრად დარჩებოდა მანამ, სანამ ლეიბორისტული პარტია ახალ ლიდერს არ აირჩევს. დაუნინგ სტრიტის რეზიდენციასთან გამოსვლისას სტარმერმა მის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის მიღწევები ჩამოთვალა. მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიაში სულ უფრო ხშირად ჩნდება კითხვები იმის შესახებ, „ვარ თუ არა მე ის საუკეთესო ლიდერი, რომელიც მორიგ საყოველთაო არჩევნებამდე მიგვიყვანს“. „ამ კითხვაზე პასუხი ჩემი პარტიის საპარლამენტო ფრაქციისგან მივიღე და ამ პასუხს ღირსეულად ვიღებ“, - თქვა სტარმერმა. 

სტარმერის განცხადებით, ლეიბორისტული პარტიის აღმასრულებელ კომიტეტს ახალი ლიდერის არჩევის პროცესის ორგანიზება მან სთხოვა. შესაბამისად, აღნიშნული პროცესი უნდა დაიწყოს 9 ივლისს და დასრულდეს 16 ივლისამდე, როდესაც პარლამენტის წევრები ზაფხულის არდადეგების ფარგლებში დაიშლებიან. სტარმერის განცხადებიდან მალევე, ენდი ბერნჰემმა დაადასტურა თავისი სურვილი, რომ მთავრობას უხელმძღვანელოს. მისივე განმარტებით, აპირებს, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერობისთვის კენჭი იყაროს. ბერნჰემმა გაავრცელა  განცხადება, რომელშიც სტარმერს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ქვეყანა სტაბილურობას, სერიოზულობასა და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე მუდმივ კონცენტრაციას ელის“. „და ის სწორედ ამას მიიღებს“, - დაჰპირდა ბერნჰემი ამომრჩეველს. 

ლეიბორისტული პარტიის ბევრი წევრი იმედოვნებს, რომ ბერნჰემი მათ ნაიჯელ ფარაჯის მემარჯვენე პოპულისტური პარტია Reform UK-ის მიერ შექმნილი საფრთხის დაძლევაში დაეხმარება. აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება, გამოკითხვის შედეგების თანახმად, ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ძალად რჩება. დიდი ბრიტანეთის საყოველთაო არჩევნები 2029 წლის აგვისტოს არ უნდა გადასცდეს, ამიტომაც ლეიბორისტული პარტია იმედოვნებს, რომ მანამდე ამომრჩევლის მხარდაჭერას დაიბრუნებს. სტარმერი თანამდებობას ტოვებს ლეიბორისტული პარტიის კატასტროფული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, რომელიც 7 მაისს მმართველი ლეიბორისტული პარტიისა და კონსერვატორების სერიოზული დანაკარგებით დასრულდა. კერძოდ, მან ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაკარგა Reform UK-ისა და უფრო ნაკლებად - „მწვანეთა პარტიის“ სასარგებლოდ. სტარმერის გადადგომა ნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთს ათ წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში მეშვიდე მთავრობის მეთაური ეყოლება. 

რამ გამოიწვია სტარმერის მიმართ უკმაყოფილება?

დიდი ბრიტანეთის მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კირ სტარმერი, ხელისუფლებაში 2024 წლის ივლისის დასაწყისში ჩატარებული საყოველთაო არჩევნების შედეგად მოვიდა. ლეიბორისტულმა პარტიამ გამანადგურებლად დაამარცხა კონსერვატორები, რომლებიც მანამდე მართავდნენ ქვეყანას და პარლამენტში რეკორდული რაოდენობის დეპუტატები შეიყვანა. დაახლოებით ორწლიანი მმართველობის განმავლობაში, სტარმერის კაბინეტმა ქვეყანაში არალეგალური იმიგრაციის მასშტაბების მნიშვნელოვნად შემცირება  მოახერხა. ეს საკითხი უკმაყოფილების წყარო იყო ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის, რომელთაც ხმა მისცეს Reform UK-ს. ამ უკანასკნელის ანტიიმიგრანტული დღის წესრიგი მისი პლატფორმის მთავარ პუნქტად იქცა. მთავრობა ასევე აცხადებს, რომ ეროვნული ჯანდაცვის ნაციონალური სისტემის მუშაობა გააუმჯობესა, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური საკითხია დიდ ბრიტანეთში. 

თუმცა როგორც BBC-ის ეკონომიკის მიმომხილველი ალექსეი კალმიკოვი ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს წერდა, სტარმერის პოპულარობა დაეცა, რადგან მან ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საკუთარ შესაძლებლობებში ამომრჩევლის დარწმუნება ვერ შეძლო. გარდა ამისა, ჟურნალისტის განმარტებით, ამჟამინდელი მთავრობის უფლებამოსილების ვადა დაემთხვა დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებას, რომელმაც მთელ მსოფლიოსთან სავაჭრო ომი დაიწყო და გადაწყვიტა, ევროპის დაცვაზე უარი ეთქვა ვლადიმერ პუტინის რუსეთისა და სხვა სირთულეებისგან, რამაც ბრიტანეთს თავდაცვის ხარჯები გაუზარდა. 

მიმდინარე წლის ზამთარში აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, რამაც ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გამოიწვია. შესაბამისად, ენერგორესურსების ფასები და ინფლაციის მაჩვენებელი გაიზარდა. როგორც BBC-ის კორესპონდენტი იური ვენდიკი იტყობინება, კირ სტარმერის მრავალი ოპონენტის ძირითადი პრეტენზია ის არის, რომ მას არ გააჩნია ქვეყნისა და მისი ეკონომიკის ტრანსფორმაციის მტკიცე ხედვა და შესაბამისად, მკაფიო სამოქმედო გეგმა. გარდა ამისა, სტარმერის კაბინეტი რამდენიმე სკანდალში გაეხვა. კერძოდ, ერთ-ერთი მათგანი იყო ლორდ პიტერ მანდელსონის (მსჯავრდებული პედოფილი ჯეფრი ეპშტეინის მეგობრის) აშშ-ში ბრიტანეთის ელჩად დანიშვნა. 7 მაისის არჩევნების შემდეგ, რამდენიმე ლეიბორისტი პარლამენტარი ახალი ლიდერისა და შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევნების აუცილებლობაზე ალაპარაკდა. 11 ივნისს თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ და მისმა მოადგილემ, ალისტერ კარნსმა, გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთეს და განმარტეს, რომ თავდაცვის საინვესტიციო გეგმა „მნიშვნელოვანწილად არ შეესაბამება იმას, რაც ამ სახიფათო დროს ქვეყნის დასაცავად არის საჭირო“.

ვინ არის ენდი ბერნჰემი?

კომპანია YouGov-ის გამოკითხვების მიხედვით, ვეტერანი ლეიბორისტი 56 წლის ბერნჰემი ქვეყანაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი კი 21-ე ადგილზეა. ბერნჰემი 16 წლის განმავლობაში მსახურობდა თემთა პალატაში, სანამ 2017 წელს მერად აირჩევდნენ და ტონი ბლერისა და გორდონ ბრაუნის მთავრობების პირობებში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. 2017 წელს ბერნჰემმა მოიგო დიდი მანჩესტერის მერის არჩევნები (დაახლოებით, 3-მილიონიანი აგლომერაცია) და თემთა პალატიდან  გადადგა. ამის შემდეგ მან კიდევ ორჯერ იყარა კენჭი ხელმეორედ არჩევნებში და ორივეჯერ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. 

პრესამ და პოლიტიკოსებმა მას „ჩრდილოეთის მეფე“ შეარქვეს კორონავირუსის პანდემიის დროს, როდესაც მან იკისრა არაფორმალური როლი, როგორც ინგლისის მთელი ჩრდილოეთის წარმომადგენელმა და ხმამაღლა კამათობდა ლონდონთან, მაშინდელ კონსერვატორულ მთავრობასთან, ლოქდაუნებისა და პანდემიის საწინააღმდეგო სხვა ზომების გამო. თუმცა როგორც BBC-ის პოლიტიკური კომენტატორი ლორა კუნსბერგი განმარტავს, ლეიბორისტული პარტიის ბევრ წევრს არ აქვს ინფორმაცია, თუ როგორ გაუმკლავდება ბერნჰემი პრემიერ-მინისტრის ვალდებულებებს. ერთ-ერთმა მინისტრმა, მაიკ ტაპმა პირდაპირ უთხრა მას, რომ არასდროს შეხვედრია ბერნჰემს და „არაფერი იცის მისი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ“. 

პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა აღნიშნა, რომ როდესაც ბერნჰემი საარჩევნო კამპანიის დროს სირთულეების წინაშე აღმოჩნდა, „ის დაიბნა“. ასევე არსებობს შფოთვა შუალედური არჩევნების შედეგების საფუძველზე, ლიდერის თანამდებობიდან გადაყენების პრეცედენტთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც მთელი ქვეყნის ბედს მხოლოდ 77 000 ამომრჩევლის აზრი წყვეტს. ამდენად, საყოველთაო არჩევნების გარეშე ბერნჰემს სახალხო მანდატი არ ექნება.

რა მოხდება მომავალში? 

ლეიბორისტული პარტიის წესდების თანახმად, პოლიტიკოსი, რომელსაც სურს აღნიშნული გაერთიანების ლიდერობა, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

• პირველ რიგში, უნდა იყოს თემთა პალატის წევრი;
• ჰქონდეს საპარლამენტო ფრაქციის  20%-ის ხელმოწერა (ამჟამად, 81 ხელმოწერა);
• უზრუნველყოს პარტიასთან აფილირებული, სულ მცირე, სამი ორგანიზაციის მხარდაჭერა, რომელთაგან ორი უნდა იყოს პროფკავშირი.

ლეიბორისტულ პარტიასთან აფილირებულია თერთმეტი პროფკავშირი და რამდენიმე სხვა ორგანიზაცია. პარტია 126 წლის წინ დააარსეს პროფკავშირებმა და სოციალისტურმა ორგანიზაციებმა. შესაბამისად, პროფკავშირები კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აღნიშნული გაერთიანების ფუნქციონირებაში: ისინი იხდიან პარტიის ხაზინაში შენატანს და აქვთ კვოტები მის მმართველ ორგანოებში. კანდიდატების წარდგენის შემდეგ, პარტიის ყველა წევრსა და აფილირებულ ორგანიზაციას შორის კენჭისყრა ტარდება. კონსტიტუცია არ განსაზღვრავს არჩევნების ჩატარების ვადებს და ამ არჩევნების შესახებ გადაწყვეტილება ყოველ ჯერზე პარტიის ცენტრალურმა ორგანოებმა უნდა მიიღონ. 

სხვა თემები