მემარცხენე პარტიის გამარჯვებამ ბერლინში ბიზნეს-სექტორი შეაშფოთა
ბიზნესმენები შიშობენ, რომ მსხვილი საბინაო კომპანიებისადმი მემარცხენეების ექსპროპრიაციული გეგმების გამო შექმნილმა გაურკვევლობამ შეიძლება წლები გასტანოს. გერმანიაში მოქმედმა ებრაელთა ცენტრალურმა საბჭომ მოწოდება გაავრცელა, რომ მემარცხენე პარტიას ხელისუფლებაში მოსვლის უფლება არ უნდა მიეცეს.
რა ხდება?
ბერლინის დეპუტატთა პალატის არჩევნებში მემარცხენე პარტიის გამარჯვების შემდეგ, აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანების მხრიდან უძრავი ქონების მსხვილი კომპანიებისადმი ექსპროპრიაციული მიდგომის შესახებ ბევრს საუბრობენ. „ბერლინს არ შეუძლია გაურკვეველი შედეგებით ექსპერიმენტების ჩატარება, რომლებიც პოლიტიკაში გრძელვადიან პარალიზებას გამოიწვევს. ეს განსაკუთრებით ეხება უძრავი ქონების დიდი კომპანიების სოციალიზაციის გეგმებს“, - განაცხადა ბერლინისა და ბრანდენბურგის მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდერ შირპმა. თუ მემარცხენე პარტია ბერლინის ხელისუფლებაში მოვა, ის მსხვილი უძრავი ქონების კომპანიების ექსპროპრიაციას გეგმავს. „ასეთი გზა წლების განმავლობაში დააკავშირებდა პოლიტიკურ ძალებს, გააერთიანებდა სამართლებრივ და ფინანსურ რესურსებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, არც ერთი ახალი საცხოვრებელი აღარ შეიქმნებოდა“, - ხაზგასმით აღნიშნა შირპმა. „ეს ქალაქს წინ არ წაიყვანს. მხოლოდ ახალი მშენებლობების ზრდა შეამსუბუქებს საბინაო ბაზარზე ზეწოლას“, - დასძინა რესპონდენტმა.
ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა სამშენებლო ასოციაცია „აღმოსავლეთმაც“ (Bauindustrieverband Ost). „საბინაო და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე მოთხოვნის გათვალისწინებით, ბერლინს ხანგრძლივი გაურკვევლობის ფუფუნების საშუალება არ აქვს. საჭირო კერძო ინვესტიციებისთვის ბერლინს, უპირველეს ყოვლისა, საიმედოობა და ნდობა სჭირდება“, - განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა რობერტ მომბერგმა. მან მხარეებს „ექსპროპრიაციის შესახებ ცხარე დისკუსიების დასრულებისკენ“ მოუწოდა. მემარცხენე პარტიის ბერლინის მერობის კანდიდატმა ელიფ ერალპმა განაცხადა, რომ მომავალი კოალიციური მოლაპარაკებების დროს, უძრავი ქონების მსხვილი კომპანიების ექსპროპრიაციის საკითხთან დაკავშირებით, ის კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.
გერმანიის ებრაელთა საბჭო მემარცხენე პარტიის გამარჯვებით შეშფოთებულია
ამასობაში, გერმანიაში ებრაელთა ცენტრალური საბჭოს პრეზიდენტმა იოზეფ შუსტერმა, ღრმა შეშფოთება გამოთქვა ბერლინის არჩევნებში მემარცხენე პარტიის გამარჯვების გამო, თუმცა - სულ სხვა მიზეზით. „ის ფაქტი, რომ არჩევნებში იმარჯვებს პარტია, რომლის წინასაარჩევნო მარათონშიც ადამიანების სიკვდილით დასჯისკენ მოწოდებები ღიად ისმოდა, ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელია“, - განაცხადა შუსტერმა 20 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში. მან მემარცხენე პარტია წინასაარჩევნო კამპანიის დროს ანტისემიტური გამოსვლების გამო გააკრიტიკა. მაგალითად, ერთ-ერთ შეხვედრაზე ინტიფადისა და ისრაელელი ჯარისკაცების სიკვდილით დასჯისკენ მოწოდებები ისმოდა, დამსწრე საზოგადოება კი მღეროდა და ცეკვავდა. „ამას ჯერჯერობით არანაირი საკადრო ან პოლიტიკური შედეგი არ მოჰყოლია“, - აღნიშნა შუსტერმა. მან სოციალ-დემოკრატებსა და „მწვანეებს“ მოუწოდა, ბერლინის მთავრობის ფორმირებაში მემარცხენეების მონაწილეობას ხელი შეუშალონ. „არჩევნებამდე გავლებული წითელი ხაზების უცერემონიოდ გადაკვეთა სერიოზული შეცდომა იქნებოდა, რაც მხოლოდ ებრაელების მიმართ სიძულვილის ნორმალიზებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა შუსტერმა.
მემარცხენე პარტიამ CDU-ს გაუსწრო
ბერლინის დეპუტატთა პალატის არჩევნებში მემარცხენე პარტიამ ქრისტიან - დემოკრატებზე გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. წინასწარი შედეგების თანახმად, მან ხმების 25.7% მიიღო, ხოლო ქრისტიან-დემოკრატებმა, მმართველი მერის კანდიდატის, შტეფან ევერსის ხელმძღვანელობით, მხოლოდ 18.8% მიიღეს.


