18 სექტემბერი 2026 - 21:30

მართალია თუ არა, რომ ბლოგერები “ოქტობერფესტის” ბრენდის გამოყენებისთვის დაჯარიმდებიან

მიუნხენის ლუდის ფესტივალზე რეკლამის გადაღების მსურველ ნებისმიერ პირს „ოქტობერფესტის“ ბრენდის ხსენებისთვის ჯარიმის გადახდა მოუწევს. 

რა ხდება?

„ოქტობერფესტი“ გერმანიის სავიზიტო ბარათია და მსოფლიოს მრავალი ტურისტისთვის საოცნებო ადგილი. წელს ფესტივალი 2026 წლის 19 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე მიუნხენში, ტერეზიენვიზეზე გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება ბლოგერებშიც ძალიან პოპულარულია. წელს მიუნხენის ფედერალურმა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ფესტივალამდე განაცხადა, რომ ინფლუენსერები, რომლებიც ნებართვის გარეშე შეეცდებიან ცნობილი ლუდის ფესტივალიდან მოგების მიღებას, დაჯარიმდებიან. ხუთი წლის წინ, 2021 წლის 31 აგვისტოს, ბავარიის დედაქალაქმა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისში (EUIPO) ოფიციალურ სავაჭრო ნიშნებად დაარეგისტრირა ტერმინები „Oktoberfest-ი“, „Wiesn-ი“, „Münchner Oktoberfest-ი“, „Oktoberfest München-ი“ და „Oide Wiesn-ი“. ეს ნიშნავს, რომ ამ სახელწოდებების თავისუფლად გამოყენება კომერციული მიზნებისთვის საავტორო უფლებების მფლობელის ნებართვის გარეშე შეუძლებელია. როგორც ზემოთ აღინიშნა, „ოქტობერფესტი“ იმართება Theresienwiese-ს (“ტერეზას მდელო”) სახელწოდებით ცნობილ ადგილზე. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ბავარიაში სიტყვა „Wiesn“-ს წააწყდებით: ეს არ არის ორთოგრაფიული შეცდომა, არამედ გერმანული სიტყვა „მდელოს“ (Wiese) ბავარიული ვერსიაა. შესაბამისად, „მდელოზე წასვლა“ (Auf die Wiesn gehen) ნიშნავს „ოქტობერფესტზე წასვლას“.

თუ ბრენდის გამოყენება გსურთ, უნდა გადაიხადოთ!

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველას, ვისაც „ოქტობერფესტის“ სარეკლამო მიზნებისთვის გამოყენება სურს, ლიცენზიის საფასურის გადახდა მოუწევს. ასეთი შემთხვევების მონიტორინგისთვის ფედერალურმა ხელისუფლებამ სპეციალური სააგენტოც კი დაიქირავა - აცხადებს Abendzeitung München-ი. თუმცა ხელისუფლებამ ჯარიმების ზუსტი ოდენობა არ გაამჟღავნა. გამოცემის ცნობით, განსაკუთრებით მკაცრად გაკონტროლდებიან ინფლუენსერები, რომლებსაც სოციალურ მედიაში პროდუქტებისა და ბრენდების რეკლამირებისთვის უხდიან, ისევე როგორც - კომპანიები და ცნობილი სახეები. მათ ორგანიზატორებთან შესაბამისი პირობების შეთანხმება წინასწარ მოუწევთ. კონკრეტული საფასურის ოდენობა ინდივიდუალური მოლაპარაკებების საგანია და შეიძლება რამდენიმე ათას ევროსაც კი მიაღწიოს, ან შესაძლოა, შემოსავლის პროცენტულ მაჩვენებელსაც მოიცავდეს, - აღნიშნავს მიუნხენური გამოცემა. მაგალითად, ცნობილი გერმანელი ტელეწამყვანი კეტი ჰუმელსი წელს „ოქტობერფესტზე“ თავისი VIP სტუმრებისთვის ცალკე წვეულებას - WiesnBummel-ს მასპინძლობს. ამ უკანასკნელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან აღნიშნული სავაჭრო ნიშნების გამოყენების უფლებისთვის თანხა გადაიხადა. წელს მიუნხენში გაიმართა მოდელ ჰაიდი კლუმის ტრადიციული წვეულება - Heidifest-ი. ეს ღონისძიება პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გადაიცა მიუნხენის ლეგენდარული ლუდხანიდან - Hofbräuhaus-დან, „ოქტობერფესტის“ დაწყებამდე ორი დღით ადრე, 17 სექტემბერს. ლუდის წვეულებაზე ნაომი კემპბელსაც ელოდნენ.

რატომ აკრიტიკებენ ახალ რეგულაციას?

გამონაკლისს არც ადგილობრივი მიუნხენელი ინფლუენსერები წარმოადგენენ და არც ის ელიტური წვეულებები, რომლებზეც საქველმოქმედო მიზნებისთვის შემოწირულობებს აგროვებენ. ამასთანავე, ლიცენზიის საფასურის გადახდის გარეშე, აკრძალულია პრიზების გათამაშება ან სარეკლამო მიზნებისთვის პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაცია. ზოგიერთმა, რომლებიც უკვე დაჯარიმდნენ, სასამართლოს მიმართეს. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კონტრაქტის გაფორმების არც თუ ისე გამჭვირვალე პროცესი და თანხის ოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაციის ნაკლებობა საუკეთესო სტრატეგია ნამდვილად არ არის. „ოქტობერფესტი არ არის სარეკლამო პლატფორმა. სოციალურ მედიაში ეს ზღვარი სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მკაფიოდ დადგენილი წესები. ქალაქმა ინფლუენსერებსა და PR- ფირმებს მკაფიო და განახლებული სახელმძღვანელო პრინციპები უნდა მიაწოდოს“, - ამბობს მანუელ პრეტცლი, მიუნხენის ქალაქის ადმინისტრაციაში CSU-ს საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი. ქალაქის ოფიციალური პირებიც კი თანხმდებიან, რომ ჯარიმების შიში ზოგიერთ ვიზიტორსა და ტურისტს საერთოდ დააკარგვინებს კონტენტის გამოქვეყნების სურვილს, რაც საბოლოოდ ფესტივალის მარკეტინგს დააზარალებს. 

რიგით ვიზიტორებს ლუდის დაგემოვნება ჩვეულებისამებრ შეუძლიათ

ზემოთ აღნიშნული ცვლილებები ფესტივალის რეგულარულ ვიზიტორებზე გავლენას არ იქონიებს. „ოქტობერფესტიდან“ საკუთარი გამოცდილების დანარჩენ მსოფლიოსთან გაზიარება კვლავ სრულიად უფასოა, თუ თქვენი ანგარიშიდან ფულს არ გამოიმუშავებთ. „ნებისმიერი, ვინც თავისი საყვარელი ფესტივალიდან ფოტოს ან ლუდის კარვიდან გადაღებულ ვიდეოს გამოაქვეყნებს, ფულის გადახდა არ მოუწევს. თუმცა მას, ვინც კამერით თავის პროდუქტს აჩვენებს ან ბრენდს მონიშნავს, რომელიც მას ამისთვის უხდის, თავადაც უნდა გადაიხადოს. აქ აუცილებელია პროპორციის შეგრძნება, რომელსაც გადმოსცემს მიუნხენის დევიზი: „იცხოვრე და სხვებსაც მიეცი საშუალება, იცხოვრონ!“, - ამბობს მანუელ პრეტცლი.

სხვა თემები