ესპანურ სეუტაში საიმიგრაციო კრიზისი დასრულდა. გახდება თუ არა ეს მოვლენა ევროკავშირში მორიგი უთანხმოების მიზეზი?
ესპანეთმა თავის ისტორიაში მიგრანტების ყველაზე სერიოზული კრიზისი განიცადა: გასულ კვირას 50 000-ზე მეტი ადამიანი ხმელეთითა და ზღვით მაროკოში მდებარე ესპანურ ანკლავ სეუტაში შევიდა. მათი უმრავლესობა უკვე სახლში დაბრუნდა, მაგრამ ახლა ევროპა სვამს კითხვას, თუ როგორ მოხდა ეს და რა შეიძლება გაკეთდეს, რომ მსგავრი რამ აღარ განმეორდეს.
რა ხდება?
მაროკოდან მიგრანტების მასობრივი შემოდინების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა კვირა დღისთვის, სულ მცირე, 72-ს მიაღწია, ხოლო სეუტას სანაპიროზე კიდევ ხუთი ცხედარი აღმოაჩინეს, - ასეთია ოფიციალური განაცხადება. მათივე განმარტებით, ზოგიერთი მიგრანტი დაიხრჩო, ზოგი კი ტალღმტეხსა და სასაზღვრო ღობეზე გადასვლის მცდელობისას დაიღუპა. ესპანეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით Reuters-ი იუწყება, რომ 48 საათის განმავლობაში, მაროკოში 48 000-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა, ხოლო შაბათ-კვირას ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელმა სეუტაში, მიგელ ანხელ პერესმა კვირას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხუთშაბათიდან 1000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო სამედიცინო დახმარება. მან ასევე დასძინა, რომ ქალაქში სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ ნორმალური ცხოვრების რიტმის აღსადგენად ჯერ კიდევ ბევრი ღონისძიებაა გასატარებელი.
სეუტას მერმა ხუან ხესუს ვივასმა გაზეთ „ელ პაისს“ განუცხადა, რომ ქალაქის მორგში 88 ცხედარი მიიღეს, მათ შორის ისინი, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ანკლავში შესასვლელად უფრო ადრე, მიგრაციის მცირე მასშტაბის მცდელობების დროს დაიღუპნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ მაროკოს ხელისუფლებასაც ამოჰყავს ზღვიდან ცხედრები, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. კვირას ესპანეთის პოლიცია და სამხედროები სეუტას ქუჩებში პატრულირებდნენ და ანკლავში ცხოვრება ძირითადად ნორმალურ რიტმს დაუბრუნდა. თუმცა მიგრანტების მცირე ჯგუფები ქუჩებში ხეტიალს განაგრძობენ. კერძოდ, შაბათს, სააგენტო AFP-ს რეპორტიორებმა სეუტაში მიტოვებულ ინდუსტრიულ პარკში შეკრებილი არასრულწლოვანი მიგრანტები შენიშნეს. სხვებს გარეთ, ტროტუარებზე ეძინათ.
ხელისუფლების ინიციატივით, პოლიციისა და არმიის პატრულირება გრძელდება. კერძოდ, სეუტას სანაპიროსთან 500 - მეტრიანი მცურავი ბარიერი დამონტაჟდა.
ინციდენტის შემდეგ, ევროკავშირის 22-მა წევრმა სახელმწიფომ გაგზავნა წერილი, რომელშიც ისინი გარე საზღვრების დასაცავად და უსაფრთხოების ზომების მისაღებად კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვდნენ. ანკლავში მიგრანტების ყველაზე დიდი შემოდინების გამო, ესპანეთი საერთაშორისო კრიზისის ეპიცენტრში აღმოჩნდა, ევროპელი პარტნიორები კი ოფიციალურ მადრიდს საიმიგრაციო პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ. თავის მხრივ, ესპანეთმა კრიმინალური დაჯგუფებები დაადანაშაულა ჭორების გავრცელებაში, რომ ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მიერ იმიგრაციის შესახებ ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება მიგრანტებს საზღვრის გადაკვეთას უადვილებს. მაროკოს მთავრობამ განაცხადა, რომ ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა დეზინფორმაცია და ადამიანებით ვაჭრობა, გასულ კვირას ათიათასობით მიგრანტი წაახალისა, რომ სეუტაში არალეგალურად გადასულიყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებამ დაადგინა, რომ მოვლენები არ იყო გამოწვეული "შემთხვევითი ან სპონტანური ფაქტორებით", - იტყობინება მაროკოს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო MAP-ი. ამ ფაქტის მიზეზად დასახელდა „ციფრული სივრცის ბოროტად გამოყენება, შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება, ტრეფიკინგის დაჯგუფებების როლი და სამართლებრივ-ადმინისტრაციული მონაცემების არასწორი ინტერპრეტაცია“. არსებობს ვარაუდი, მათ შორის, პოლიტიკური საკონსულტაციო ფირმა Teneo-ს მხრიდან, რომ მაროკოს ხელისუფლებამ მიგრანტებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცა ესპანეთზე დიპლომატიური ზეწოლის განსახორციელებლად, რადგან ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინ გააუმჯობესა ურთიერთობა მეზობელ ალჟირთან, რომელიც ოფიციალური რაბატის (მაროკოს სამეფოს დედაქალაქი) მოსისხლე მტერია. 2021 წელს სეუტაში გადავიდა დაახლოებით 10 000 მიგრანტი, რომელთაც ისარგებლეს მაროკოს მიერ შერბილებული სასაზღვრო კონტროლით და ეს იყო ესპანეთზე ზეწოლის ერთ-ერთი საშუალება.
პოლიტიკური უთანხმოება
სეუტას საიმიგრაციო კრიზისმა ევროკავშირის ქვეყნებს შორის პოლიტიკური უთანხმოება გამოავლინა, - იუწყება El País-ი. ესპანეთი ელოდა მსგავს რეაქციას, როგორიც ევროკავშირის მხრიდან იყო 2021 წლის საიმიგრაციო კრიზისის დროს და ეს ეხებოდა ბელარუსის საზღვარზე ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის პოლიტიკას. El País-ი იუწყება, რომ სეუტაში სიტუაცია სრულებით განსხვავებული იყო. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გააკრიტიკა ევროკავშირის ზოგიერთი ჩინოვნიკი ამ კრიზისის ფონზე ესპანეთზე „თავდასხმის“ გამო და მხარდაჭერის გაწევის ნაცვლად პოლიტიკური თემებით მანიპულაციაში დაადანაშაულა. როგორც BBC-ის სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის კორესპონდენტი სარა რეინსფორდი აღნიშნავს, სანჩესი ძირითადად იტალიას გულისხმობდა.
იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის მემარჯვენე პარტიამ „იტალიის ძმები“ სეუტას ქუჩებში მიგრანტების ფოტოები ნაჩქარევად გამოქვეყნა. „აი ეს არის სანჩესის მოდელი, რომელიც იტალიელ მემარცხენეებს ასე უყვართ“, - ნათქვამი იყო წარწერაში. შემდეგ მელონიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით, ის იტალიასა და ესპანეთს შორის შენგენის შეთანხმებას აჩერებდა. პარასკევს იტალიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ესპანეთიდან ჩამოსულ არაევროკავშირის მგზავრებზე დამატებით უსაფრთხოების შემოწმებას დააწესებდა. ეს გადაწყვეტილება მადრიდში არავის გახარებია, ისევე როგორც - ევროგაერთიანების მოკავშირეთა საერთო რეაქცია. შაბათს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოსტასთვის გაგზავნილ წერილში სანჩესმა გააკრიტიკა რეაქციები, რომლებიც „მიკერძოებით, ყალბი ამბებით, უმეცრებით ან პოლიტიკური ინტერესებით არის გამოწვეული“ და კრიზისის მოსაგვარებლად, ევროპელი ოფიციალური პირების სასწრაფო შეხვედრისკენ მოუწოდა.
თავის წერილში სანჩესმა გამოთქვა „ღრმა შეშფოთება ზოგიერთი ევროპული მთავრობის ბოლოდროინდელი რეაქციის გამო, რომელიც ევროკავშირის გარე საზღვარზე, სეუტაში მომხდარ ინციდენტს ეხებოდა“. „ამჟამინდელ საერთაშორისო კონტექსტში, ევროკავშირს არ შეუძლია ასეთი ეგოისტური, გამაცალკევებელი და უკანონო რეაქციის დაშვება“, - წერს ის. თუმცა იტალია არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ესპანეთის მიგრანტულ პოლიტიკასთან დაკავშირებით პრეტენზიებს გამოთქვამს. სამშაბათისთვის დაგეგმილ შინაგან საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის შესახებ მელონის მოწოდებას ხელი მოაწერა ევროკავშირის თითქმის ორი ათეული სახელმწიფოს მეთაურმა. ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მაიკლ მარტინმა, რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა, განაცხადა, რომ ირლანდია სამშაბათს შინაგან საქმეთა მინისტრების ონლაინ შეხვედრას გამართავს.
ფონ დერ ლაიენის, კოსტასა და მარტინისადმი გაგზავნილ წერილში იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ, ავსტრიის პრემიერ-მინისტრმა კრისტიან შტოკერმა, გერმანიის პრემიერ-მინისტრმა ფრიდრიხ მერცმა და სხვებმა დაწერეს: „ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ საზღვრის უკონტროლო მასობრივმა კვეთამ, მიგრაციის ინსტრუმენტალიზაციამ ან სხვა ჰიბრიდულმა საფრთხეებმა შექმნან შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირში უკანონო შესვლა შესაძლებელია“. ეს, პირველ რიგში, ესპანეთის საკამათო გადაწყვეტილებას ეხება, ასობით ათასი არალეგალი მიგრანტისთვის ბინადრობისა და სამუშაო ნებართვის მიღების, ასევე მათი სტატუსის „დარეგულირების“ უფლების მინიჭების შესახებ. ესპანეთის პერსპექტივიდან, კრიზისი ლოკალიზებულია: სეუტა შენგენის ზონის ნაწილი არ არის, ამიტომ მაროკოელი მიგრანტები ისედაც ვერ შეძლებდნენ ევროპაში შეუფერხებლად შესვლას. თუმცა მელონისთვის, რომელსაც მომავალ წელს არჩევნები ელოდება და რომლის კოალიციაც უფრო მკაცრი ანტიმიგრანტული განწყობების მქონე პარტიებთან პოზიციებს თმობს, სეუტაში განვითარებული მოვლენები წარმოადგენს შესაძლებლობას, გამოავლინოს სიმტკიცე და დაიბრუნოს დაკარგული ხმები. იტალიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა, - აღნიშნავს BBC-ის კორესპონდენტი სარა რეინსფორდი.


