მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს კარგავს. რატომ?
კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს. ექსტრემალური სიცხე, ტენიანობა და მარილი აზიანებს ტაძრების, მეჩეთებისა და ციხესიმაგრეების კედლებს, რაც წარსულის დიდებული ძეგლების ნანგრევებად გადაქცევის საფრთხეს წარმოადგენს.
რა ხდება?
ომები და რევოლუციები დიდი ხანია საფრთხეს უქმნის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ეს ნათლად გამოჩნდა ირანსა და უკრაინაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე. თუმცა არსებობს კიდევ ერთი საფრთხე: კლიმატის ცვლილება. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები - ერაყში არსებული 4000-წლოვანი ტაძარ-პირამიდებით დაწყებული, აღდგომის კუნძულზე მდებარე ცნობილი, დაახლოებით 800 წლის ქანდაკებებით დასრულებული, ეროზიასა და ლპობას სულ უფრო მეტად განიცდიან. ცნობილია, რომ ტემპერატურის მატება, ძლიერი შტორმები და გვალვები სამშენებლო მასალებს აზიანებს. იუნესკოს 2025 წლის კვლევა აჩვენებს, რომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების 80% კლიმატური სტრესის ქვეშ არის, რადგან უძველესი მასალები, როგორიცაა ხე და ქვა, ტემპერატურის მატებას რთულად ეგუებიან.
„ცივილიზაციის აკვანი“: ურის ზიქურატი
კლიმატის ცვლილებებისადმი მოწყვლად ძეგლებს შორის არის ურის ზიქურატი. შესაძლოა, 1000-წლოვანი ისტორია წაიშალოს, რადგან ერაყის სამხრეთი სულ უფრო ცხელი ხდება. ტემპერატურის მატება იწვევს ძლიერ ეროზიას. უდაბნოს შუაგულში დგას ურის ცნობილი ზიქურატი - 4000-წლოვანი ტაძრის კომპლექსი, რომლის ცენტრშიც დგას შუმერული მთვარის ქალღმერთის, ნანასადმი მიძღვნილი ტაძარი, რომლის სტრუქტურაც სულ უფრო უარესდება. კერძოდ, მოძრავი დიუნები და ძლიერი ქარი მის სტრუქტურას აზიანებს. გარდა ამისა, მიწისქვეშა წყლები, სიცხისა და გვალვის გამო, სულ უფრო მარილიანი ხდება. ეს ანადგურებს უძველესი მესოპოტამიური ტაძრების თიხის აგურებს. „ეს მარილის წარმონაქმნები კლიმატის ცვლილების შედეგია“, - ადასტურებს ზი კარის პროვინციის სიძველეთა დაცვის დირექტორატის წარმომადგენელი კაზემ ჰასუნი. მისი განმარტებით, მარილის კრისტალები აღწევენ მასალაში, ფართოვდებიან და თანდათან აზიანებენ მას. ევფრატის ნაპირებზე მდებარე ძველი ბაბილონის ნანგრევებიც საფრთხის ქვეშ არის. კერძოდ, მარილის მაღალი დონე სამშენებლო ნაგებობებს იქაც ანადგურებს.
საფრთხის ქვეშ არის ევფრატის ნაპირებზე მდებარე ძველი ბაბილონის ნანგრევებიც: მარილის მაღალი დონე იქ არსებულ შენობებსაც ანგრევს. ამის წინააღმდეგ საბრძოლველად არქეოლოგები იყენებენ გაუმარილიანებელ თიხის აგურებს, რომლებიც ათასი წლის წინანდელი ტექნოლოგიით არის დამზადებული.
ისპაჰანის მეჩეთები, ირანი
მიმდინარე ომის გამო, ირანის ისტორიული ძეგლები განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არის. თუმცა კლიმატის ცვლილება აქაც შესამჩნევ კვალს ტოვებს. დაზიანებულ ადგილებს შორის არის ისპაჰანის ისტორიული მეჩეთები. ქალაქის ცენტრალური მეჩეთი, პარასკევის მეჩეთი თორმეტი საუკუნის განმავლობაში ისლამური არქიტექტურის განვითარებას ასახავს. მისი მშენებლობა 841 წელს დაიწყო, მაგრამ მისი რეკონსტრუქცია და საბოლოო იერსახის ჩამოყალიბება მე-20 საუკუნის ბოლომდე გაგრძელდა. იუნესკო მას „ირანული არქიტექტურის მუზეუმს“ უწოდებს. შთამბეჭდავი გუმბათებითა და საოცარი დეკორაციით, ის რეგიონში - ირანიდან ერაყამდე და სირიამდე - რელიგიური და საგანმანათლებლო შენობების მოდელად იქცა.
იქვე მდებარეობს მეიდან-ე იმამი, მე-17 საუკუნის უზარმაზარი მოედანი. სხვა ნაგებობებთან ერთად, აქ მდებარეობს ცნობილი იმამის მეჩეთი თავისი ლურჯი გუმბათით და დახვეწილი კალიგრაფიით. თუმცა შენობები არასტაბილურ ნიადაგზე დგას - გვალვით გამოწვეული მიწისქვეშა წყლების დონის მუდმივად შემცირების გამო, ის სისტემატურად შრება. ექსტრემალური ტემპერატურა და ტენიანობის უეცარი რყევა ამ ნაგებობებს კიდევ უფრო აზიანებს. იუნესკო იძლევა გაფრთხილებას, რომ საჭირო ზომების გარეშე, ამ ნელმა პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს ბზარები და სიმყარის დაზიანება, უარეს შემთხვევაში კი - დანგრევა.
აღდგომის კუნძულის მოაის ქანდაკებები
ჰავაის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, რაპა ნუიზე (აღდგომის კუნძული) ცნობილი მოაის ქანდაკებები, შესაძლოა, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში წყალქვეშ აღმოჩნდნენ. განსაკუთრებით დაუცველია აჰუ ტონგარიკი, რომელიც15 მონუმენტური ფიგურისგან შედგება. ზღვის დონის მატება აძლიერებს ტალღებსა და წყალდიდობებს, რაც 2025 წლის კვლევის თანახმად, აქ მდეგარე კულტურული ძეგლების ნახევარზე მეტს საფრთხეს უქმნის. ეს კატასტროფული იქნება არა მხოლოდ გლობალური კულტურისთვის, არამედ თავად რაპა ნუის მოსახლეობისთვისაც, - აღნიშნავს კვლევის წამყვანი ავტორი ნოა პაოა. „ეს ადგილები ჩვენი იდენტობისა და ტრადიციების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს“, - ამბობს პაოა. გარდა ამისა, კუნძულზე ტურიზმი დიდად არის მათზე დამოკიდებული. „თუ ჩვენ შესაბამის ზომებს არ მივიღებთ, კუნძულის, როგორც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც კი, შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში რისკის ქვეშ აღმოჩნდეს“, - შიშობს ის.
ჩინეთის დიდი კედელი
ჩინეთის დიდი კედელი, რომელიც 21 ათას კილომეტრზეა გადაჭიმული, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ნაგებობად ითვლება. ის ორ ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში შენდებოდა და ფართოვდებოდა, 1987 წლიდან კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. თუმცა ისიც საფრთხის ქვეშ არის. კედლის მრავალი მონაკვეთი დამზადებულია დატკეპნილი მიწისგან და ქარის, წვიმისა და მარილის კრისტალების მიმართ დაუცველია. ეს იწვევს ბზარებს, დაზიანებასა და შესაძლო ნგრევასაც კი. დღეს კედლის მხოლოდ 6%-ია კარგ მდგომარეობაში, დაახლოებით ნახევარი კი უკვე მნიშვნელოვნად დაზიანებული ან დაკარგულია. მეცნიერები სასწრაფოდ მოითხოვენ ისეთი დამცავი ზომების მიღებას, როგორიცაა ხავსისა და სხვადასხვა მიკროორგანიზმის ბუნებრივი დამცავი ფენების გამოყენება. ამრიგად, კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ბუნებას, არამედ კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობასაც და შესაბამისად, კაცობრიობის ისტორიის ნაწილსაც.


