იწვევს თუ არა შოკოლადი აკნეს?
შოკოლადი, სხვა ტკბილეულთან ერთად, დიდი ხანია აკნეს შესაძლო მიზეზად ითვლება. თუმცა როგორც ჩანს, ასეთი ცუდი რეპუტაცია შოკოლადს დაუმსახურებლად ერგო.
რა ხდება?
ძალიან ხშირად გვსმენია მოსაზრება, რომ შოკოლადი აკნეს იწვევს. არის თუ არა ამ მოსაზრებაში სიმართლის მარცვალი? თუ ეს მხოლოდ მშობლების სატყუარაა შვილებისთვის, რათა სუპერმარკეტში ტკბილეულზე ფულის დახარჯვა აირიდონ? - ამ კითხვებზე პასუხი BBC-მ მოიძია.1960-იან წლებში შოკოლადსა და აკნეს შორის კავშირი იყო რამდენიმე კვლევის საგანი. ყველაზე მასშტაბურმა კვლევამ, რომელშიც მხოლოდ 65 ადამიანი მონაწილეობდა, მსგავსი კავშირი ვერ დაადგინა. თუმცა მას შემდეგ ეს კვლევა მრავალი მეთოდოლოგიური ხარვეზის გამო გააკრიტიკეს.
მიუხედავად იმისა, რომ შოკოლადი შესაძლოა არ იყოს კანის ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი, ბოლოდროინდელი კვლევები ვარაუდობენ, რომ კვების რეჟიმსა და აკნეს შორის კავშირი ნამდვილად არსებობს, განსაკუთრებით ეს ეხება დასავლურ დიეტას, რომელიც მდიდარია ნაჯერი ცხიმებით, შაქრითა და რძის პროდუქტებით. აკნე კანის გავრცელებული მდგომარეობაა, რომლის დროსაც კანში თმის ფოლიკულები იბლოკება ცხიმითა და მკვდარი კანის უჯრედებით, რაც მუწუკს წარმოქმნის. მოზარდობისა თუ ზრდასრულ ასაკში მწვავე ან მუდმივი აკნე, ძირითადად, გენეტიკური ფაქტორით არის გამოწვეული, - ამბობს დერმატოლოგი და ლონდონის Kings College-ის კლინიკური ლექტორი ბეიბეი დუ-ჰარპური. ეს იმიტომ ხდება, რომ სწორედ ადამიანის გენი განსაზღვრავს კანში არსებული ცხიმოვანი ჯირკვლების ზომას, რომლებიც ცხიმს გამოიმუშავებენ.
ბოლო წლებში, ზრდასრულებში აკნეს შემთხვევები გაიზარდა, ეს ეხება განსაკუთრებით ქალებს, მაგრამ ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, - ამბობს დუ-ჰარპური. თუმცა მეცნიერის განმარტებით, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გარკვეულ გარემო ფაქტორებს შეიძლება გარკვეული გავლენა ჰქონდეთ. „საერთო ჯამში, ჩვენი ცხოვრების წესი არ არის მორგებული ჯანსაღი ადამიანის ორგანიზმზე და აკნე შეიძლება ამის გამოვლინება იყოს“,- ამბობს ბეიბეი დუ-ჰარპური. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, აკნეს ამწვავებს თანამედროვე კვების რეჟიმი, რომელიც მდიდარია შაქრითა და ცხიმით. თუმცა ერთი მხრივ, ჯანმრთელობას, იმუნურ ფუნქციასა და კვების რეჟიმს, მეორე მხრივ, ანთებას, სტრესსა და გარემო ფაქტორებს შორის ურთიერთქმედება დამატებით კვლევას მოითხოვს. აკნეს გამომწვევ ფაქტორებს შეიძლება წარმოადგენდეს სტრესი, ვირუსული ინფექცია ან პრემენსტრუალური სინდრომი, - აცხადებს ზეინაბ ლაფტაჰი, ლონდონის Guy's and St Thomas' Hospital-ის კონსულტანტ-დერმატოლოგი და British Skin Foundation- ის წარმომადგენელი.
შეიძლება თუ არა შოკოლადმა გამოიწვიოს აკნე?
სამოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აკნეს შესაძლო გამომწვევ მიზეზად შოკოლადი დასახელდა. შესაბამისად, დღესაც ბევრი ადამიანი შოკოლადს კანის აღნიშნული პრობლემის პოტენციურ გამომწვევ მიზეზად მიიჩნევს. ლაფტას კლინიკაში მონახულებული ათიდან დაახლოებით ცხრა პაციენტი, კითხვაზე - რომელი საკვების ამოღებაა საჭირო რაციონიდან აკნეს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ერთ-ერთ ყველაზე ხშირ პასუხად შოკოლადს იღებს. „არსებობს გარკვეული მცდარი წარმოდგენა და გარკვეული სიმართლეც“, - ამბობს ზეინაბ ლაფტაჰი. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკური მიდრეკილება მთავარი ფაქტორია, ადამიანის რაციონში გარკვეულმა კომპონენტებმა შეიძლება გამოიწვიოს ანთება. ზოგიერთი ადამიანი მკვეთრად რეაგირებს გარკვეულ საკვებ ჯგუფებზე, როგორიცაა რძის პროდუქტები, დასძენს მეცნიერი, მაგრამ ეს იშვიათია და შეიძლება გამოწვეული იყოს უბრალოდ, ლაქტოზის აუტანლობით.
ზოგიერთმა მკვლევარმა სცადა შოკოლადის ცალკეული კომპონენტის ეფექტის იზოლირება, რათა დაედგინა, რომელი მათგანი შეიძლება იყოს დაკავშირებული აკნესთან. თუმცა კვლევები საბოლოო შედეგისგან შორს დგას და შედარებით მცირერიცხოვანია. 2011 წელს ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ შეისწავლა 100%-იანი შავი შოკოლადის გავლენა აკნეზე, მიუხედავად მისი შაქრის შემცველობისა. აღმოჩნდა, რომ შოკოლადის მოხმარება კვლავ ასოცირდებოდა აკნეს გაუარესებასთან, თუმცა კვლევაში მხოლოდ 10 ადამიანი მონაწილეობდა და პლაცებოს საკონტროლო ჯგუფი არ არსებობდა.
აკნესა და კვების რაციონს შორის კავშირის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს საკვების გლიკემიური ინდექსი (GI), რომელიც ზომავს, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია ამა თუ იმ პროდუქტს სისხლში შაქრის დონის აწევა. მრავალრიცხოვანმა კვლევამ დაადგინა კავშირი მაღალი GI-ს მქონე საკვებსა (როგორიცაა ხილი, პური და მაკარონი) და აკნეს სიმპტომებს შორის.
ლაფტაჰის თქმით, მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვებმა შეიძლება გააუარესოს აკნე, რადგან ასეთი პროდუქტი იწვევს ინსულინის დონის მკვეთრ მატებას ორგანიზმში, რაც თავის მხრივ, აპროვოცირებს ანთებასა და ცხიმის გამომუშავების ზრდას, რამაც შეიძლება დაახშოს ფორები და გამოიწვიოს გამონაყარი. თუმცა შოკოლადს სინამდვილეში აქვს დაბალი ან საშუალო გლიკემიური ინდექსი.
ამასთანავე, მრავალრიცხოვანმა კვლევამ აჩვენა კავშირი აკნესა და ცხიმისა და შაქრის შემცველი საკვების მოხმარებას შორის. ამ ტიპის ყველაზე მასშტაბურმა კვლევამ, რომელიც 2020 წელს გამოქვეყნდა, 24 000-ზე მეტი ადამიანის კვების ჩვევების შესწავლას ეფუძნებოდა. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დასავლური კვების რაციონი, სავარაუდოდ, გარკვეულ როლს ასრულებს აკნეს განვითარებაში. ერთმა პოპულაციურმა კვლევამ აჩვენა, რომ აკნე არ აღენიშნებოდათ პაპუა-ახალი გვინეის კიტავანის კუნძულის მაცხოვრებლებს. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მათი დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე კვების რაციონით.
მაშ ასე, შოკოლადი თავად არ იწვევს აკნეს?
შოკოლადი შეიცავს დიდი რაოდენობით ნაჯერ ცხიმს და შეიძლება შეიცავდეს დიდი რაოდენობით შაქარს. თუმცა პოტენციური ეფექტი დამოკიდებულია არა მხოლოდ თქვენს საერთო კვების რაციონზე, არამედ - შოკოლადის ტიპზეც, რომელსაც მიირთმევთ, რადგან კაკაოს მაღალი შემცველობის მქონე შავი შოკოლადი ნაკლებ შაქარს შეიცავს. გარდა ამისა, შავი შოკოლადის გარკვეული სახეობების მიღებას შეიძლება გარკვეული დერმატოლოგიური სარგებელიც ჰქონდეს. ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ შავი შოკოლადი ამცირებს კანში ოქსიდაციურ სტრესს, რაც თავისთავად აპროვოცირებს ანთებას. თუმცა ეს შეიძლება უფრო სასარგებლო იყოს კანის დაბერების ხილული ნიშნების შესამცირებლად, ვიდრე - აკნეს სიმძიმის ან რისკის შესამცირებლად. მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული კვების რაციონი - მაღალი კალორია და დაბალი ნუტრიენტები - სავარაუდოდ, ხელს უწყობს მცირე ხარისხის ანთებას მთელ სხეულში, ეს შეიძლება მხოლოდ აკნეს სახით გამოვლინდეს მათში, ვისაც უკვე აქვს გენეტიკური მიდრეკილება, - ამბობს დუ-ჰარპური. ზოგადად, კვების რაციონი, რომელიც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის - შედგება ხილისა და ბოსტნეულისგან, ასევე - სხვა ანტიოქსიდანტებით მდიდარი ნივთიერებებისგან - კარგია ჩვენი კანისთვის, - ამბობს ის. „ორგანიზმი კოორდინირებულად მუშაობს, ამიტომ ის, რაც კარგია გულისთვის, ნაწლავებისა და ტვინისთვის, სასარგებლოა კანისთვისაც“, - ასკვნის დუ-ჰარპური.


