17 აპრილი 2026 - 10:31

ამოუცნობი საქართველო: მარადიული ქვეყანა, რომელიც არასდროს გაქრება

"ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე არის ზღაპრული ქვეყანა, სადაც მთები ღრუბლებს კვეთენ, შავი ზღვა კი, კლდეებს ეფერება, სადაც ღვინო მდინარედ მოედინება, მრავალხმიანი სიმღერა კი, მისტიკურ მანტრას ჰგავს", - დაახლოებით ამგვარი აღფრთოვანებით აღწერენ უცხოელი მოგზაურები საქართველოს, თუმცა მათი წარმოდგენა მეტწილად ზედაპირულია და ტურისტულ ბუკლეტს უფრო ჰგავს, რადგან ბევრმა არ იცის, რომ მაღალფარდოვანი ბანალურობის მიღმა, მართლაც უნიკალური ქვეყანა იმალება უძველესი ისტორიითა და ამოუცნობი საიდუმლოებებით. 

სამწუხაროდ, საკუთარ თავს არც ქართველები ვიცნობთ კარგად, რადგან დაზუსტებით დღემდე არ ვიცით, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ. მეცნიერთა მტკიცებით, ქართველთა გენეტიკური კოდი წინა აზიის უძველესი ხალხების, ათასობით წლის წინ გამქრალი ცივილიზაციების - ხეთებისა და შუმერების მემკვიდრეობას ინახავს, მით უფრო, რომ ქართულ ენას, რომელიც უნიკალურ ფონეტიკასა და სამ სრულფასოვან ანბანს აერთიანებს, არც ანალოგი აქვს, არც დადასტურებული ნათესავი ჰყავს მსოფლიოში. 
 

წარმოშობის საიდუმლო - უნიკალური გენი და უძველესი წარმომავლობა

ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის მსგავსად, რომელმაც ჯერ კიდევ XV საუკუნეში მოიხსენია ქართველები აღმოსავლეთის ყველაზე ლამაზ ერად, გერმანელმა ფიზიოლოგმა, ტერმინის "კავკასიურის რასის" ავტორმა იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახმაც ქართველები მიიჩნია იდეალური გარეგნობის ეტალონად. მეტიც, ბლუმენბახის მტკიცებით, სწორედ კავკასიის მთებში წარმოიშვა ადამიანის ყველაზე ლამაზი ტიპი, სადაც ქართველები უძველესი დროიდან სახლობდნენ და აბორიგენ მოსახლეებად ითვლებოდნენ. 

ქართველთა გენეტიკური კოდის ანუ დნმ-ს (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის) კვლევას მეცნიერებმა ათწლეულები მიუძღვნეს, მთავარ ინსტრუმენტად კი, ე.წ. ჰაპლოჯგუფები ანუ უზარმაზარი "გენეტიკური კლანები" გამოიყენეს ინდივიდუალური მახასიათებლებით, რომლებიც თითქმის უცვლელად გადაეცემა თაობიდან თაობას. შედეგმა ყველა გააოცა, რადგან ქართველთა გენეტიკური პროფილი მართლაც უნიკალური აღმოჩნდა. მეცნიერები პირველ რიგში, ქართველთა გენოფონდმა აღაფრთოვანა, რომლის 75% ორმა უძველესმა ჰაპლოჯგუფმა - G2A-მა და J2-მა შეადგინა. მეტიც, სვანეთში - ჰაპლოჯგუფ G2A-ის კონცენტრაციამ 90%-ს მიაღწია, რაც აბსოლუტურ რეკორდად შეფასდა, რადგან უძველესი გენეტიკური ხაზის ამგვარი სიმჭიდროვე მსოფლიოს არცერთ რეგიონში არ აღინიშნება. 

სწორედ გენეტიკური კოდის კვლევა იქცა მთავარ მტკიცებულებად, რომ კავკასიის მთებში უძველესი დასახლებები არსებობდა, ბიოლოგიური მარკერების ანალიზმა კი დაადასტურდა, რომ ჰაპლოჯგუფი G2A - შუმერების მშობლიურ ზაგროსის მთებში (თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე), ჰაპლოჯგუფი J2 კი, ჩრდილოეთ მესოპოტამიაში (დღევანდელი ერაყისა და სირიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ირანისა და თურქეთის ტერიტორიაზე) - ძლევამოსილი ხეთების იმპერიაში ჩამოყალიბდა. გენეტიკოსთა დასკვნით, ინდოევროპელებისგან განსხვავებით, ქართველთა წინაპრები არა სტეპებიდან მოსული მომთაბარეები, არამედ ნეოლითის ხანის პირველი მიწათმოქმედების, ხეთებისა და შუმერების შთამომავლები არიან, რომელთაც ნაყოფიერი ნახევარმთვარის გულში - მცირე აზიასა და შუამდინარეში შექმნეს დღეს უკვე გამქრალი, თუმცა ოდესღაც უდიდესი ცივილიზაციები. 

როგორც ჩანს, სანამ თანამედროვე ევროპელების წინაპრები ცხოველის ტყავში გახვეული დაეხეტებოდნენ ტყეებსა და სტეპებში, ქართველები პირველ ქალაქებს აშენებდნენ, სარწყავ სისტემებს აგებდნენ და ზიქურათებიდან აკვირდებოდნენ ვარსკვლავებს. "თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველები - ძველი სამყაროს ნატეხები, გადარჩენილი ატლანტები არიან, რომელთაც პრაქტიკულად უცვლელად შეინარჩუნეს საკუთარი ენა და იდენტობა. მეტიც, მათი წარმოშობა და გენეტიკური კოდი ერთგვარი შიფრია ევრაზიის ადრეული ისტორიის თავიდან გადასაწერად, რადგან სწორედ საქართველოა კაცობრიობის ის "საიდუმლო არქივი", რომელიც ათასწლეულების ლაბირინთში ინახავს მის ისტორიას", - აღნიშნა იტალიელმა გენეტიკოსმა და ანთროპოლოგმა ლუიჯი ლუკა კავალი-სფორცამ, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა შეადგინა მსოფლიო მოსახლეობის გენეტიკური რუკა, კავკასია კი, განსაკუთრებულ რეგიონად მიიჩნია.  

საინტერესო სიურპრიზად იქცა მეცნიერებისთვის ქართველთა მონათესავე ერების აღმოჩენაც. მართალია, ყველამ კარგად იცოდა, რომ ქართველთა უახლოესი ნათესავები კავკასიელები - ჩერქეზები, ჩეჩნები და ინგუშები იყვნენ, მაგრამ კავშირები ბევრად მასშტაბური და მოულოდნელი გამოდგა, რადგან ქართველებმა არა მხოლოდ არაბებთან, ებრაელებთან და ქურთებთან მოახერხეს "გენეტიკური ძაფის" გაბმა, არამედ ბევრად შორს წავიდნენ და იტალიის სამხრეთ რეგიონებს მიაღწიეს, სადაც ოსკურ (უძველესი ინდოევროპული ენობრივი ჯგუფი) ტომებთან - სამნიტებთან და ლუქანებთან გამონახეს ნათესაური კავშირი. 

სხვათა შორის, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ოსები, რომელთა ენა ოსკურ ჯგუფში ერთიანდება, სვანების მსგავსად ჰაპლოჯგუფ G2A-ის გენის მატარებლები არიან, თანამედროვე აფხაზთა თითქმის 40% კი, მეგრელთა ეთნოგრაფიულ ჯგუფს მიეკუთვნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს გენეტიკის მნიშვნელობას და კავკასიელი ხალხების ახლო ნათესაურ კავშირს.

ქართველთა გენეტიკური ისტორიის ამოუხსნელ გამოცანად იქცა "უცხო სისხლის" მინიმალური კვალიც, რომელმაც მხოლოდ 1% შეადგინა. მსგავსი შედეგი მართლაც მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან უძლიერეს იმპერიებს შორის მოქცეულ საქართველოს, რომელიც "საომარ არენად" იყო ქცეული, საუკუნეების მანძილზე უწევდა სხვადასხვა სჯულისა და მოდგმის დამპყრობლების მოგერიება. როგორც ჩანს, ქართველი ერი არა უბრალოდ გენეტიკური პროფილით გამორჩეული, უძველესი ცივილიზაციების მემკვიდრე, არამედ ერთგვარი "აუღებელი გენეტიკური ბასტიონი" და ბირთვია, რომლის წყალობით კავკასიის სხვა ერები წარმოიშვნენ და განვითარდნენ.  

"მგლების ქვეყნის" საიდუმლო - 3 ათასი წლის სახელმწიფო

მართალია, დაკარგული დამოუკიდებლობა საქართველომ მხოლოდ 35 წლის წინ აღიდგინა, მაგრამ სინამდვილეში, ქართული სახელმწიფოებრიობა 3 200-წლიან ისტორიას ითვლის, რადგან პირველი ქართული სამეფოები - დიაოხი და ზაბახა ჩვენს წელთაღრიცხვამდე XII–X საუკუნეში ჩამოყალიბდა, ძველი წელთაღრიცხვით IX–VIII საუკუნეებში კი, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე კოლხეთის სამეფო დაარსდა. შედარებისთვის, დაახლოებით ამავე ეპოქაში მოღვაწეობდა წმიდა მოსე წინასწარმეტყველი და მოხდა ექზოდუსი (მოსეს წინამძღოლობით ებრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლა), ჯერ კიდევ არსებობდა ბაბილონის სამეფო, რომის იმპერია კი, მხოლოდ ათასი წლის შემდეგ შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს, რომელსაც კავკასიის საზღვრებს გარეთაც კარგად იცნობდნენ, ყოველთვის უამრავი სახელი ჰქონდა და სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებულად მოიხსენიებდნენ. საქართველო იყო კოლხეთიც, იბერიაც და ლაზიკაც, გეორგიაც და გურჯისტანიც, რაც "მგლების ქვეყნას" ნიშნავს, ევროპული "გეორგია" და "ჯორჯია" კი, სინამდვილეში, სირიული ფორმიდან "გურზი"-დანაა ნაწარმოები.

ღირსების საიდუმლო - საქართველო და რომის იმპერია

ჩვენს ერამდე 65 წელს რომაელი მხედართმთავარი გნეუს პომპეუს მაგნუსი ჯერ კავკასიაში, მერე იბერიაში შემოიჭრა. რა თქმა უნდა, მეფე არტაგის ხელმძღვანელობით ქართველები ჩვეული თავდადებით იბრძოდნენ, თუმცა ჯარის დიდი ნაწილის დაკარგვის შემდეგ უკან დაიხევა და რომის პროტექტორატის აღიარება მოუწიათ. დამპყრობელთა გავლენისგან გათავისუფლება მხოლოდ ფარსმან II ქველმა შეძლო II საუკუნის 30–50-იან წლებში, როცა შეტევაზე გადავიდა და შავ ზღვამდე დაიბრუნა რომის მფლობელობაში არსებული ქართული მიწები. მართალია, 130 წელს, აღმოსავლეთში მოგზაურობისას იმპერატორმა ადრიანემ ელჩები, ძვირფასი საჩუქრები, მათ შორის საბრძოლო სპილო გაუგზავნა ფარსმანს და მასთან გამოცხადება მოსთხოვა, მაგრამ საპასუხოდ ქართლის მეფემ მხოლოდ მდიდარი ძღვენით გაისტუმრა ელჩები, იმპერატორს კი, უარი შეუთვალა სტუმრობაზე.   

სამშვიდობო ზავი ფარსმანთან ახალმა იმპერატორმა ანტონინუს პიუსმა გააფორმა 140 წელს, ადრიანეს გარდაცვალების შემდეგ, როცა ქართველი მეფე რიდითა და მოწიწებით მიიწვია რომში. რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიუსის ცნობით, "მეუღლესთან, შვილთან და ამალასთან ერთად რომში ჩამოსული ფარსმანი  დიდი პატივით მიიღო იმპერატორმა და კაპიტოლიუმში მსხვერპლის შეწირვის უფლება მისცა, რაც დიდ პრივილეგიად ჩაითვალა, რადგან ამგვარი დაფასებით იშვიათად სარგებლობდნენ უცხოელი მეფეები. მოგვიანებით, საჩვენებელი საცხენოსნო ვარჯიშები მოეწყო ფარსმანის, მისი შვილისა და თანამგზავრების მონაწილეობით, რამაც რომაელების დიდი ინტერესი გამოიწვია". ამასთანავე, არსებობს ვერსია, თითქოს რომში წვეულ ფარსმანს იმპერატორმა სამფლობელოები გაუფართოვა, მის ქანდაკებას კი, ბელონას ტაძარში მიუჩინა საპატიო ადგილი.  

რწმენის საიდუმლო - უძველესი ქრისტიანული ქვეყანა

საქართველო უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, რომელმაც 337 წელს, რომის იმპერიაზე ადრე მიიღო ქრისტიანობა, წმინდა ნინოს ვაზის ლერწმისგან დაწნული ჯვარი კი, ერის სიმბოლოდ აქცია. ისტორიკოსთათვის დღემდე გაუგებარია როგორ შეძლეს ქართველებმა ქრისტიანობის შენარჩუნება, როცა არაბმა, თურქმა და სპარსელმა დამპყრობლებმა ახლო აღმოსავლეთს და მცირე აზიის ყველა ქრისტიანული სახელმწიფო განადგურეს. შესაძლოა, ქართველები, რომლებიც ყოველთვის ამაყად მიდიოდნენ სიკვდილზე, მაგრამ არასდროს ამბობდნენ უარს რწმენაზე, ჯერ კიდევ I საუკუნეში იესოს მოწაფისგან, წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებულისგან მოსმენილმა სახარებამ გააძლიერა, მით უფრო, რომ აწყურის მოსახლეობა სწორედ მისი ქადაგების შემდეგ მოინათლა, სახელმწიფო რელიგიად კი, ქრისტიანობა IV საუკუნის დასაწყისში გამოცხადდა. 

საინტერესოა ქართველთა წარმართული წარსულის კვლევაც. უძველესი ქრონიკის თანახმად, ქართველებს ღვთაებათა მთელი პანთეონი ჰქონდათ, უზენაეს ღმერთად, ზევსის ანალოგად კი - არმაზი ითვლებოდა, რომლის გიგანტური ოქროს ქანდაკება სპილენძის ჯავშნითა და ძვირფასი ქვებით თვალების ნაცვლად, მცხეთის გორაზე იდგა პანთეონის სხვა ღვთაებებთან - გაცსა და გაიმთან ერთად. თუმცა, ლეგენდის თანახმად, "წმინდა ნინოს ლოცვისას ამოვარდნილმა ძლიერმა ქარიშხალმა წარმართული კერპები მიწას დაანარცხა, მტვრად აქცია და სამუდამოდ გააქრო". 

აღსანიშნავია, რომ უზენაეს ღვთაებას ქართველები ოდითგანვე ღმერთად მოიხსენიებდნენ. რა თქმა უნდა, ქრისტიანობის მიღების შემდეგ მისი არსი შეიცვალა, მაგრამ სახელი შენარჩუნდა, თუმცა ვერც წარმართული წეს-ჩვეულებები აღმოიფხვრა სრულად, პირიქით, ქრისტიანობას შეერწყა და მეტწილად მთიან რეგიონებში, ისეთ სახალხო და სარიტუალო დღესასწაულებში შემორჩა, როგორიც ლაშარობა, ლომისობა, ლამპრობა და ბერიკობა-ყეენობაა.  

ლინგვისტური საიდუმლო - უნიკალური ენა და დამწერლობა

მართალია, მსოფლიო ლინგვისტური რუკა ათასობით ენასა და დამწერლობას აერთიანებს, მაგრამ ორიგინალად მხოლოდ 14 მიიჩნევა, დანარჩენი ხალხები და ერები კი, გიგანტური ნეიროქსელის მსგავსად არიან ერთმანეთთან "ენობრივი ძაფით" გადაბმული, რადგან სლავებს კარგად ესმით ერთმანეთის, რომანულ ხალხებს - იტალიელებს, ესპანელებს და ფრანგებს - საერთო ფესვები აქვთ, მსგავს დიალექტებზე საუბრობენ თურქი ხალხებიც, ქართული ანბანი კი, თავისი "რბილი მოხაზულობის, ფანტასტიკურ ორნამენტებს დამსგავსებული ასოებით", უნიკალურ დამწერლობათა სისტემას მიეკუთვნება და ლინგვისტური ოკეანის "ობოლ კუნძულად" ითვლება, რადგან არასდროს ჰყოლია ნათესავები. 

ენათმეცნიერები ათწლეულების მანძილზე ცდილობდნენ ქართული ენის სხვა ენებთან, მათ შორის ბასკურთან "დანათესავებას", გამოთქვამდნენ ვარაუდებს და უჩვეულო დამთხვევებს პოულობდნენ სიტყვათა სტრუქტურაში, თუმცა საბოლოოდ არცერთი ვერსია არ დადასტურდა. როგორც ჩანს, ქართული ენა ყველასგან დამოუკიდებელი, ერთგვარი მონოლითი, უდრეკი ციხე-სიმაგრეა, რომელიც ინდოევროპულ ხანამდე გაჩნდა და თანამედროვე ეპოქამდე მოაღწია. ანალოგიური მოსაზრების არიან ლინგვისტებიც, რომელთა მტკიცებით, დამწერლობა საქართველოში ქრისტეშობამდე არსებობდა, თუმცა დავა მის წარმოშობაზე დღემდე გრძელდება, რადგან ზოგი ბერძნულ კვალს ხედავს, ზოგი არამეულს ამსგავსებს, ზოგი კი, ამტკიცებს, რომ ქართულ ანბანს წინაქრისტიანული ქურუმული ფესვები აქვს.  

სიძველესთან ერთად მეცნიერებისთვის ამოუცნობ საიდუმლოდ რჩება დამწერლობის  ნაირსახეობა - სამი სრულფასოვანი ანბანი - ასომთავრული, ნუსხური და თანამედროვე მხედრული, რადგან დაზუსტებით არავინ იცის რატომ დასჭირდა მცირერიცხოვან ერს სამმაგი დამწერლობის უნიკალური სისტემის შექმნა. 

ისტორიკოსთა რწმენით, ქართული დამწერლობა სხვადასხვა დანიშნულების უძველესი კრიპტოგრაფიაა, რადგან მონუმენტური ასომთავრული, რომელიც სავარაუდოდ ქართლის პირველმა მეფემ და ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელმა ფარნავაზ I-მა შექმნა, ღვთაებრივ ქვებზე წარწერებისთვის იყო განკუთვნილი, კუთხეებიანი ნუსხური - ეკლესიებისთვის, ბერებისა და გრაგნილების გადასაწერად, რაინდული მხედრული კი, რომელიც XI საუკუნიდან იქნა საზოგადოდ მიღებული, საერო ფუნქციას ასრულებდა, რომანტიკულ ლირიკაში, ომის დროსა და ბრძანებების გასაცემად გამოიყენებოდა. სხვათა შორის, პირველი დადასტურებული წარწერები, რომელთა შორის ორი 430 წლით, ერთი კი, 532 წლით თარიღდება, "პალესტინის (ან ბირ ელ ყუტის) ქართული წარწერების" სახელით მოიხსენიება და იერუსალიმში, ფრანცისკანელთა მუზეუმში ინახება, იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ აღმოჩინა 1950-1952 წლებში პალესტინაში, ბეთლემთან ახლოს, იუდას უდაბნოს წმიდა თეოდორეს ქართული მონასტრის ნანგრევებში.  

საინტერესოა თანამედროვე ანბანის სტრუქტურაც, რომელმაც იდეალურად ფონეტიკური 33 ასო-ბგერა გააერთიანა. ამასთანავე, ერთი ასო - ერთი ბგერაა, დიდი ასოებისა და რთული ორთოგრაფიის გარეშე, რადგან "ყველა ასო თანასწორია ღმერთისა და მკითხველის წინაშე". თუმცა, ზოგიერთი ბგერა იმდენად სპეციფიკურია, რომ შეუძლებელია მისი სხვა ენაზე თარგმნა და გამოთქმა. 

პასუხი შეკითხვაზე - ვინ შექმნა ამგვარი სრულყოფილი ლინგვისტური ინსტრუმენტი - ლეგენდარულმა მეფე ფარნავაზმა თუ დავიწყებული კულტების ქურუმებმა - დღემდე გაუცემელია, თუმცა უდავოა, რომ ქართული დამწერლობის ავტორმა, არა უბრალოდ ასოები, არამედ ერის გრაფიკული გენეტიკური კოდი შეიმუშავა, რომელმაც დიდი იმპერიების ბატონობის პირობებშიც უარი თქვა უცხო ნიშნების "გაშინაურებაზე". 

განსწავლულობის საიდუმლო - უძველესი ქართული სასწავლებლები

პირველი საგანმანათლებლო კერები, რომელთაც ხშირად აკადემიებს უწოდებენ, საქართველოში ჯერ კიდევ III-IV საუკუნეებში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პერიოდში შეიქმნა. უძველეს სკოლებს შორის ერთ-ერთი მთავარი - ელინისტურ ტრადიციებზე დაფუძნებული ფაზისის აკადემია იყო, სადაც ფილოსოფიასა და რიტორიკასთან ერთად ასტროლოგია, არითმეტიკა, გეომეტრია ისწავლებოდა და მთელს ახლო აღმოსავლეთში უმსხვილეს სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრად ითვლებოდა. 

ფაზისის კურსდამთავრებულთა შორის იყო ბიზანტიელი ფილოსოფოსი თემისტიოსიც, რომელმაც მშობლიური ალმა მატერი "მეცნიერებისა და ხელოვნების ტაძრად" მოიხსენია საკუთარ ჩანაწერებში. ასე რომ, მოსაზრება, თითქოს "გაუნათლებელ კავკასიელებს" ცივილიზაციას რუსებმა ან ევროპელებმა აზიარეს, არა უბრალოდ მცდარია, არამედ ისტორიის უგულებელყოფა და ფაქტების შეგნებული დამახინჯებაა.  

ბაგრატიონთა დინასტია - ძალაუფლებას და წმინდა სისხლს საიდუმლო

მართალია, მეფეთა უძველესმა დინასტიამ - ბაგრატიონთა გვარმა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მართავდა საქართველოს, ჯერ ბიზანტიისა და ოქროს ურდოს, მერე სპარსეთის იმპერიისა და ოსმალეთის ხალიფატის ბატონობას გაუძლო, მაგრამ მისი მთავარი საიდუმლო არა იმდენად ხანგრძლივი მმართველობა, რამდენადაც წარმომავლობაა. 

ლეგენდის მიხედვით, ბაგრატიონები ბიბლიური მეფის - დავით წინასწარმეტყველის შთამომავლები არიან, რომელმაც გოლიათი დაამარცხა და უნიკალური ფსალმუნები შექმნა. მეტიც, ქართველ მეფეთა გვარი იესო ქრისტესაც ენათესავება, რადგან იოსებ დამწინდელი სწორედ დავითის მოდგმისა იყო, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ბაგრატიონები ყოველთვის უპირატესობით სარგებლობდნენ ბიზანტიელ იმპერატორებთან, რუს მეფეებთან, სპარსელ შაჰებთან და მთელი თავისი დიდებულებით აუწყებდნენ სამყაროს, რომ "არა უბრალოდ მონარქები, არამედ ღვთის ნათესავები იყვნენ, რომ მათი ძალაუფლება ზეცაში იკურთხა და ვერავინ შეეცილებოდა დედამიწაზე“. 

შესაძლოა ღვთიური წარმომავლობა მხოლოდ ლეგენდაა, თუმცა სწორედ ის ადასტურებს ახლო აღმოსავლეთიდან კავკასიაში ელიტების მიგრაციის უძველეს ისტორიას. ლეგენდის  სასარგებლოდ მეტყველებს ბაგრატიონთა საგვარეულო გერბიც, რომელზეც უფლის კვართი და წმინდა გიორგი, დავითის ქნარი და სამეფო გვირგვინია გამოსახული.

ღვინის საიდუმლო - ღვთაებრივი სასმელი და უძველესი ტექნოლოგია

ცნობილი სლოგანი: "საქართველო - ღვინის აკვანია" - ბევრისთვის მხოლოდ კარგად მოფიქრებული მარკეტინგული სვლა და ტურისტული სატყუარაა, რადგან ცოტა თუ აცნობიერებს ფრაზის გლობალურ მნიშვნელობას და რეალურ მასშტაბს. სინამდვილეში, სწორედ ქართველებმა გაუსინჯეს პირველებმა გემო ველურ ყურძენს და შეიმუშავეს ღვინის წარმოების ტექნოლოგია, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა კაცობრიობის ისტორია.  

უნიკალური ტექნოლოგიის "ხანდაზმულობა" არქეოლოგებმაც დაადასტურეს, როცა შულავერის გორასთან აღმოაჩინეს სამიწათმოქმედო პერიოდის თიხის ჭურჭელი ღვინის ქიმიური კვალით. ძველი წელთაღრიცხვით VI ათასწლეულით დათარიღებულმა არტეფაქტებმა სამეცნიერო სამყაროს გულწრფელი გაკვირვება გამოიწვია, რადგან აღმოჩნდა, რომ ქართველები რომაელებზე, ბერძნებსა და ეგვიპტელებზე ათასობით წლით ადრე მიირთმევდნენ ღვინოს. მეტიც, მაშინ, როცა კაცობრიობის დიდი ნაწილი მხოლოდ სწავლობდა პრიმიტიული ქვის იარაღების გამოყენებას, ქართველები ფერმენტაციის ურთულეს ბიოქიმიურ პროცესს ხვეწდნენ და ველურ ვაზს "აშინაურებდნენ". 

ქართული მეღვინეობის მთავარ ატრიბუტს - კვერცხის ფორმის თიხის ქვევრს, რომელიც ახალი სიცოცხლის, დაბადების სიმბოლოდ ითვლება, უძველესი ქართველები დასრესილი ყურძნით ავსებდნენ, თითქმის სრულად ფლავდნენ მიწაში და რამდენიმე თვით ტოვებენ, რადგან მიწა თვითონ უზრუნველყოფდა იდეალურ ტემპერატურას დუღილისა და დაძველებისთვის. ტექნოლოგია, რომელიც იმდენად უნიკალური და სრულყოფილი აღმოჩნდა, რომ რვა ათასი წლის მანძილზე ვერავინ შეძლო მისი გაუმჯობესება, დღეს იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. 

გარდა ამისა, საქართველოში 500-ზე მეტი ავტოქთონური ყურძნის ჯიში ხარობს.  არცერთ სხვა ქვეყანაში, არც საფრანგეთში, არც იტალიაში არ არსებობს მსგავსი გენეტიკური მრავალფეროვნება ასე მცირე ფართობზე, რაც ნათლად ადასტურებს, რომ სწორედ  კავკასიონის ფერდობებია "მეღვინეობის გული". მეტიც, ზოგიერთი ლინგვისტი უფრო შორს წავიდა და ივარაუდა, რომ სწორედ უძველესი ქართული სიტყვიდან "ღვინო"-დან მომდინარეობს ლათინური vinum და ინგლისური wine. 

არავინ იცის, ამგვარი ტექნოლოგია ძველი მიწათმოქმედების გენიალური აღმოჩენაა თუ ღმერთებისგან ბოძებული ძღვენი, მაგრამ ფაქტია, რომ ეგვიპტურ პირამიდებზე "ხანდაზმული" ტექნოლოგიის სამშობლო - სწორედ საქართველოა.

ქართული პოლიფონია - ჟღერადობის საიდუმლო

პოლიფონიური სიმღერა, რომელსაც ტრადიციულად მამაკაცები ასრულებენ, არა მხოლოდ ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი, არამედ უნიკალური მსოფლიო ფენომენია, რადგან ჰარმონიულობით და თვითმყოფადობით გამორჩეულ მრავალხმიანობას პრაქტიკულად არ გააჩნია ანალოგი. მეტიც, 2001 წელს იუნესკომ ქართული პოლიფონია კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად აღიარა, სიმღერა "ჩაკრულო" კი, NASA-მ გაგზავნა კოსმოსში, როგორც კაცობრიობის კულტურული მონაპოვარი. 

უნიკალური ჟღერადობის მიუხედავად, ქართული პოლიფონიის მთავარი საიდუმლო მაინც მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიაა, რადგან როგორც აღმოჩნდა, მრავალხმიანი სიმღერის ტრადიცია ჯერ კიდევ წინაქრისტიანულ ეპოქაში ჩამოყალიბდა, ყოველდღიურ ცხოვრებაში გავრცელდა და სრულიად განსხვავებული დანიშნულება შეიძინა, რადგან ქართველები, რომლებიც ურთულეს ჰარმონიებს ქმნიდნენ, ერთნაირი მონდომებით მღეროდნენ სახლსა და მინდორში მუშაობისას, დღესასწაულების და რიტუალური ცერემონიების გამართვისას. 

მართალია, რეგიონული თავისებურებების წყალობით საქართველოს ყველა კუთხე განსხვავებული ფოლკლორითა და პოლიფონიური სიმღერის ინდივიდუალური სტილით გამოირჩეოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც სამი ძირითადი ტიპი ჩამოყალიბდა - რთული პოლიფონია, რომელიც მეტწილად სვანეთში გავრცელდა, პოლიფონიური დიალოგი ბანის ფონზე, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში დამკვიდრდა და კონტრასტული პოლიფონია სამი, ნაწილობრივ იმპროვიზირებული ხმით, რომელიც დასავლეთ საქართველოსთვის იქცა დამახასიათებლად.

ურთულეს მუსიკალურ ფორმად მიჩნეული ქართული პოლიფონია, რომელსაც ხშირად "საქართველოს ხმასაც" უწოდებენ, დასავლეთევროპულისგან დამოუკიდებლად განვითარდა და მისგან განსხვავებით არა ოქტავებს, არამედ მეხუთედებს, იმ დისონანსებსა და მკვეთრ ხმოვან შეხამებებს დაეფუძნა, რომლებიც ევროპულ მუსიკაში შეცდომად ითვლება, ამიტომ ინტენსიური ინტერვალებით მდიდარ პოლიფონიაში "შეხმატკბილებული გუნდური სიმღერის ნაცვლად, ხმები  თითქოს ეპაექრებიან, ეკამათებიან ერთმანეთს, თუმცა საბოლოოდ მაინც ერთიან ხმოვან ორნამენტს ქმნიან". 

ქართულმა პოლიფონიურმა მუსიკამ რამდენიმე ჟანრი გააერთიანა - სატრფიალო და საგმირო, სუფრული და მუშური ანუ შრომითი სიმღერების ჩათვლით. მეტიც, ლეგენდის თანახმად, საუკუნეების წინ სიმღერა ერთგვარი ფსიქოაკუსტიკური იარაღი იყო, რომელსაც ქართველი მეომრები ბრძოლის წინ იყენებდნენ ერთი მხრივ, საბრძოლო ჟინის ასამაღლებლად, მეორე მხრივ, მტრების დასაშინებლად, რადგან მათი "მრავალხმიანი გუგუნი" ძალიან ჰგავდა მიწის ღრიალს. საკუთარი ფუნქცია ჰქონდა გურულ "კრიმანჭულსაც",  რომელიც ერთგვარი კომუნიკაციის საშუალება იყო მთებში ჩაკარგული მწყემსებისთვის. 

დამოუკიდებელ ჟანრად ჩამოყალიბდა ხალხურ სიმღერებთან შედარებით ბევრად მელოდიური და ჰარმონიული საეკლესიო მუსიკა. შუასაუკუნეების სასულიერო პოლიფონიის საუკეთესო მაგალითად საგალობელი "შენ ხარ ვენახი" იქცა, რომელიც იმდენად სწრაფად დამკვიდრდა ყოველდღიურ ყოფაში, რომ მოგვიანებით საერო და საეკლესიო ტრადიციების შერწყმით სრულიად ახალი - ე.წ. სასულიერო-ხალხური სიმღერების ჟანრი შეიქმნა, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობა საშობაო "ალილომ" მოიპოვა. 

როგორ და რატომ წარმოიშვა ურთულესი მუსიკალური ფორმა კავკასიის მთებში, მეცნიერებისთვის დღემდე გამოცანად რჩება, თუმცა ერთი რამ ყველასთვის ნათელია - ქართულმა პოლიფონიამ უძველესი, იდუმალებით მოცული პროტოცივილიზაციის ხმა ააჟღერა და თამამად განაცხადა, რომ სიმცირის მიუხედავად მაინც მარადიული ერია და არასდროს გაქრება.

მართალია, 70-წლიანი საბჭოთა რეჟიმის პირობებში ქართულმა ფოლკლორმა აუნაზღაურებელი ზარალი განიცადა, რადგან ხალხური შემოქმედების ზოგიერთი ნიმუში სამუდამოდ დაიკარგა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მუსიკათმცოდნეებმა მაინც შეძლეს უძველესი სიმღერების შეგროვება და აღდგენა. 

* "ჩაკრულო" 
ქართული პოლინოფიის კლასიკად მიჩნეული "ჩაკრულო", რომელსაც დასავლელმა მუსიკათმცოდნეებმა "ხმის უმაღლესი მათემატიკა" უწოდეს, პირველად ზაქარია ფალიაშვილმა ჩაწერა გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში, 1977 წელს კი, NASA-მ გაგზავნა კოსმოსში ე.წ. "ოქროს ფირფიტით", როგორც დედამიწელთა შემოქმედების საუკეთესო ნიმუში. 

"ოქროს ფირფიტის" შექმნის იდეა 1970-იან წლებში გაჩნდა შეერთებულ შტატებში და არამიწიერი ცივილიზაციებისთვის ერთგვარ გზავნილად იქცა. ფირფიტის მიზანს "კოსმოსის ბინადრთათვის" დედამიწელთა გაცნობა წარმოადგენდა, ამიტომ სხვა ინფორმაციასთან ერთად ფოტოები და ბუნებრივი ხმები - მდინარის ჩხრიალი და ქარის ზუზუნი, ფრინველთა გალობა და ძაღლის ყეფა, ამერიკის პრეზიდენტის ჯიმი კარტერის მიმართვა და მისალმება დაიშიფრა 60 ენაზე.  

"დედამიწურ არტეფაქტებს" შორის აღმოჩნდა სიმღერა "ჩაკრულოც" საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტების ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის შესრულებით, რომელთაც მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გაიგეს, რომ კოსმოსურ ცივილიზაციებთან ერთგვარ დიალოგში მიიღეს მონაწილეობა. 

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა იდეოლოგები დიდხანს ცდილობდნენ ქართული ფოლკლორული შედევრის "კოსმოსური ვოიაჟის" გასაიდუმლოებას, რადგან თვითონ სულ სხვა სიმღერა - ცნობილი რომანსი Подмосковные вечера შეარჩიეს, თუმცა ამერიკელებმა უარი თქვეს ოფიციალურად შეთავაზებულ ვარიანტზე და უპირატესობა ქართული ანსამბლის მიერ, 1974 წელს შეერთებულ შტატებში გასტროლების დროს შესრულებულ "ჩაკრულოს" მიანიჭეს.  

ფირფიტა, რომელიც კოსმოსურ აპარატზე Voyager-ზე  მოთავსდა, 1977 წლის შემოდგომაზე ჩაება პლანეტარულ მოგზაურობაში და NASA-ს მონაცემებით დიდი ხანია გასცდა მზის სისტემას. მეცნიერთა მტკიცებით, პრაქტიკულად შეუძლებელია დისკის დაზიანება, რადგან კოსმოსური მტვრისგან მოოქროვილი გარსი, უცხოპლანეტელთა დაბნეულობით განადგურებისგან კი, კაფსულაზე დატანილი ინსტრუქცია იცავს გამოყენების წესებით.

კავკასიური საიდუმლო - ნოეს მემკვიდრეები

ბიბლიურ ტექსტებსა და შუა საუკუნეების ისტორიებზე დაფუძნებული ლეგენდის თანახმად, კავკასიელი ხალხები ნოეს პირდაპირი შთამომავლები არიან. ძველ აღთქმაში, წიგნსა დაბადებისაში მოთხრობილია, რომ დიდი წარღვნის შემდეგ კაცობრიობა ნოეს სამი ვაჟისგან - სემისგან, ქამისა და იაფეთისგან წარმოიშვა, "ქართლის ცხოვრების" მიხედვით კი, სწორედ იაფეთის შთამომავლის - თარგამოსის შვილები იქცნენ კავკასიელთა წინაპრებად, როცა კუთვნილ მიწებზე დასახლდნენ და სხვადასხვა ხალხების წარმოშობას დაუდეს საფუძველი. 

ქართველთა წინაპარად ქართლოსი, სომხებისა კი - ჰაოსი (ანუ ჰაიკი) ითვლება, ძველი ალბანელები ანუ თანამედროვე აზერბაიჯანელები - ბარდოსის შთამომავლები არიან, ალბანურ-კავკასიური ტომები - მოვაკანისგან წარმოიშვნენ, ლეკების ანუ თანამედროვე დაღესტნელების წარმომავლობა კი - ლეკოსისგან იღებს სათავეს. ჰეროსის სახელი ჰერეთს - აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ მხარეს უკავშირდება, ისე, როგორ კავკასი - კავკასიის მთებთან, ეგროსი კი - ეგრისთან ანუ კოლხეთთან ასოცირდება და დასავლელი ქართველების წინაპრად ითვლება. რა თქმა უნდა, ნოეს მემკვიდრეობის ისტორია ლეგენდას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას, თუმცა სწორედ ლეგენდა ადასტურებს ქართველთა უძველეს წარმომავლობას, კავკასიელ ხალხთა ერთობასა და საერთო ფესვებს. 

* ერთიანი კავკასია 
მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე მხოლოდ ორმა სახელმწიფომ - რუსეთის იმპერიამ და საქართველოს სამეფომ შეძლო კავკასიის დამორჩილება, თუმცა, თუ რუსებმა ძალადობით, გასახლებითა და მცირე ეთნიკური ჯგუფების გენოციდით დაიმონეს რეგიონი,  ქართველებმა რადიკალურად განსხვავებული გზა აირჩიეს და კავკასიელ ხალხებთან გაერთიანება ამჯობინეს, თურქები განდევნეს და ყველასთვის მისაღები მმართველობა შემოიღეს. 

მართალია, საქართველოს ქრისტიანი მეფეები ყოველთვის ლოიალურად იყვნენ განწყობილი სხვა კონფესიების მიმართ, მაგრამ დავით IV აღმაშენებელმა არა მხოლოდ გადასახადები გააუქმა მუსლიმთა და იუდეველთათვის, არამედ წაახალისა და მხარი დაუჭირა განსხვავებული სჯულის მეცნიერებსა და ღვთისმეტყველებს, რისი წყალობით კავკასიელთა ნდობა, ერთგულება და პატივისცემა დაიმსახურა, მაშინ როცა, რუსეთის იმპერიამ პირიქით, მის შემადგენლობაში საქართველოს გაერთიანების შემდეგ, მრავალგზის სცადა ქართველთა გაყოფა. უშედეგოდ დასრულდა 1897 წლის საყოველთაო აღწერისას რეგიონული ნიშნით მოსახლეობის ცალკეულ ხალხებად დაშლაც, რადგან რა თქმა უნდა, საქართველოს ყველა კუთხე ინდივიდუალური თავისებურებებით ხასიათდებოდა, მაგრამ ყოველთვის კულტურული მრავალფეროვნებითა და თვითმყოფადი ტრადიციებით მდიდარ ერთიან ქვეყანას ქმნიდა, მით უფრო, რომ 18-მდე რეგიონული დიალექტის მიუხედავად, სწორედ ქართულია ერთადერთი მშობლიური ენა ყველა კუთხის მოსახლისთვის. 

არგონავტების საიდუმლო - ლეგენდა თუ რეალური ისტორია

ბერძნული ლეგენდა იასონსა და არგონავტებზე, რომელთაც ოქროს საწმისის ძიებაში მიაშურეს კოლხეთის მდიდარ სამეფოს, ათწლეულების მანძილზე ითვლებოდა ლამაზ ზღაპრად, თუმცა მეცნიერებმა სრულიად განსხვავებული, რაც მთავარია, რეალური მიზეზი მოუძებნეს არგონავტების ოდისეას და ანტიკური ეპოქის ერთგვარ "სამრეწველო ჯაშუშად" აქციეს თავად იასონი. 

კოლხეთი ანუ დღევანდელი დასავლეთ საქართველო ყოველთვის მდიდარი და ძლიერი, მეტალურგიითა და ტოქსიკური ნივთიერებებით განთქმული სამეფო იყო, რომლის შესახებ ბერძნებმა ძველი წელთაღრიცხვით VI საუკუნეში შეიტყვეს. ძველბერძენი ისტორიკოსისა და გეოგრაფის სტრაბონის მონაცემებით, კოლხეთის ჩრდილოეთ ნაწილში ანუ სვანეთის მთის მდინარეებში მოსახლეობა მეტად უჩვეულო მეთოდით მოიპოვებდა ოქროს - მდინარის დინებას აყოლებდა ცხიმით დამუშავებულ ცხვრის ტყავს, რომლის ხშირ ბეწვში ოქროს მსხვილი მარცვლები რჩებოდა, ქვიშა კი, წყლით ირეცხებოდა. 

როგორც ჩანს, სწორედ ამ სიმდიდრეს დახარბდნენ ბერძნები, არგონავტები კი, არა უბრალოდ მოგზაურები, არამედ ავანტიურისტი ჯაშუშები იყვნენ, რომლებიც კოლხთა მთავარი საიდუმლოს - ოქროს მოპოვებისა და მეტალურგიული გამოცდილების შეძენის სურვილით ჩაებნენ სარისკო ექსპედიციაში, მით უფრო, რომ სწორედ ქართველებმა ისწავლეს პირველებმა მეტალის "დამორჩილება", მაშინ როცა, მსხვილი იმპერიები მხოლოდ ცდილობდნენ ამგვარ ტექნოლოგიაზე ინფორმაციის მოპოვებას. 

ნიჭის საიდუმლო - ქართველები საზღვარგარეთ

ქართველები, რომელთაც ნებით თუ იძულებით მოუწიათ სამშობლოს დატოვება და უცხოეთში გადასახლება, ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ სხვა ქვეყნების სახელმწიფო სტრუქტურების, მრეწველობის, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაში. 

დღეს მილიონამდე ლაზი ცხოვრობს თურქეთში, შავი ზღვის სანაპიროს აღმოსავლეთ ნაწილში - ქალაქ რიზეში, ართვინსა და ტრაპზონში, გუმუშხანეს, გირზეს რეგიონებსა და მთიან სოფლებში. მეტიც, 2004 წელს, საქართველოში ვიზიტისას პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც ისაუბრა ქართულ წარმომავლობაზე და აღნიშნა, რომ "მისი წინაპრები ჯერ ბათუმში ცხოვრობდნენ, მერე კი, რიზეში გადასახლდნენ", თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, თურქული არხის NTV-ს ეთერში პრეზიდენტმა სრულად უარყო საკუთარი განცხადება. 

* ბურჯელი მამლუქები 
ქართველი იყო XIX საუკუნის დასაწყისის ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, დიდი ვეზირი ჰურშიდ აჰმედ ფაშაც, რომელიც განსაკუთრებული სიმამაცით გამოირჩეოდა, გაერთიანებული ეგვიპტის მამლუქი მმართველი იბრაჰიმ ბეი ალ-ქაბირი ალ-მუჰამედი კი, რომელიც 15 წლისა გაიტაცეს საქართველოდან, სინამდვილეში, მარტყოფელი აბრამ შინჯიკაშვილი იყო, ისე როგორც ალი-ბეი ალ-ქაბირი - ეგვიპტის მმართველი, რომელიც 1728 წელს აფხაზეთში, მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლის, სავარაუდოდ მღებრიშვილის ოჯახში დაიბადა და იოსების სახელი შეიძინა, თუმცა 13 წლისა მოიტაცეს და ტყვედ გაყიდეს. მოზარდი იოსები ქართულმა მამლუქმა იბრაჰიმ ქათხოდამ აღზარდა, რომლის გარდაცვალების შემდეგ სწორედ ალი-ბეი ალ-ქაბირმა დაიკავა მისი ადგილი და ჯერ მომთაბარე ბედუინები დაამარცხა, მერე ზემო და ქვემო ეგვიპტე გააერთიანა, რეგულარული არმია შექმნა და რეფორმები გაატარა სამართალწარმოებას, საფინანსო სფეროებში, ერთიანად გაანადგურა ეგვიპტეში გაბატონებული ოსმალური სამხედრო ნაწილები და უარი თქვა მათთვის ხარკის გადახდაზე, 1770 წელს კი, ეგვიპტის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და თავად მიიღო სულთნის ტიტული. 

აღსანიშნავია, რომ მამლუქების ანუ არამუსლიმური წარმოშობის თეთრკანიანი მეომარი მონების პირველი შეიარაღებული ფორმირება XII საუკუნეში შეიქმნა ეგვიპტეში, 1250 წელს კი, საკუთარ ხელში აიღეს ძალაუფლება და 1517 წლამდე მართავდნენ ეგვიპტეს მეზობელ ქვეყნებთან ერთად. XIII საუკუნეში სწორედ მამლუქებმა მოიგერიეს მონღოლთა თავდასხმა და განდევნეს ჯვაროსნები სირია-პალესტინიდან. მართალია, 1517 წელს ეგვიპტე, რომელიც ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ ითვლებოდა ახლო აღმოსავლეთში, ოსმალებმა დაიპყრეს, მაგრამ მამლუქების სამხედრო ორგანიზაცია მაინც შენარჩუნდა. მეტიც, მებრძოლთა კასტამ, რომელიც სისტემატურად ივსებოდა კავკასიელი ბურჯელებით - მეტწილად ქართველებით და ჩერქეზებით, 1646 წელს ძალაუფლება დაიბრუნა და XIX საუკუნის დასაწყისამდე მართავდა ქვეყანას.

არ ჩამორჩნენ წინაპრებს არც თანამედროვე ქართველები. 1900-იანი წლების დასაწყისში წარმოშობით ქართველმა მირზა ალი ასღარ-ხან ამინ ალ-სულთანმა ჩაიბარა ირანის პრემიერ-მინისტრის პოსტი, 1993 წელს კი, გენერალი ჯონ მალხაზ დეივიდ შალიკაშვილი ჩაუდგა სათავეში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებულ კომიტეტს, რომელსაც 1997 წლამდე ხელმძღვანელობდა. 

* გიორგი ელიავა, ალექსანდრე ნადირაძე და ალექსანდრე ქართველი 
მიკრობიოლოგიის დარგში საქმიანობდა ქართველი მეცნიერი და ბაქტერიოლოგი გიორგი ელიავა, რომელმაც ბაქტერიოფაგების კვლევით გაითქვა სახელი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფაგოთერაპიის განვითარებაში. სწორედ მისი სახელობისაა თბილისის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც ფაგოთერაპიის კვლევის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცენტრია მსოფლიოში.

საავიაციო და სარაკეტო სისტემების კონსტრუქტორმა ალექსანდრე ნადირაძემ ჯერ ტანკსაწინააღმდეგო ჭურვის ხუთი სახეობა, მერე პირველი საბჭოთა მეტეოროლოგიური რაკეტა МР-1 შექმნა. მასვე ეკუთვნის ბირთვულქობინიანი მობილური სარაკეტო კომპლექსების - ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების "ტემპის", საკონტინენტშორისო "ტოპოლის" და საშუალო სიშორის "პიონერის" გამოგონება, რომელიც 1960-იან წლებში საბჭოთა შეიარაღების სიამაყედ, მოგვიანებით კი, ვაშინგტონის ავიაციისა და კოსმონავტიკის მუზეუმის ერთ-ერთ მთავარ ექსპონატად იქცა.  


 
ამერიკული ავიაციის პიონერმა და წამყვანმა კონსტრუქტორმა ალექსანდრე ქართველმა (ქართველიშვილმა) კი, ბომბდამშენი Republic P-47 Thunderbolt ("მეხთამფრქვევი") შექმნა, რომელიც არა მხოლოდ შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მთავარი იარაღი გახდა, არამედ მოკავშირეთა სასარგებლოდ გადაწყვიტა მეორე მსოფლიო ომის ბედი. ქართველიშვილის ხელმძღვანელობით აიგო მოიერიშე თვითმფრინავებიც F-84 Thunderjet, Republic F-105 Thunderchif და Republic F-84.

* გრიგოლ კობახიძე, მიხაკო წერეთელი და მიხეილ კალატოზიშვილი 
ამერიკული მრეწველობის განვითარებას შეუწყო ხელი ბიზნესმენმა გრიგოლ კობახიძემ, რომელიც ჯორჯ კობის სახელით გახდა ცნობილი შეერთებულ შტატებში, როცა 1919 წელს, მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონთან ახლოს აამუშავა მინის მწარმოებელი ქარხანა The Cobi Glass Produkrs Company და 45 დასახელების, მათ შორის, სამედიცინო, ქიმიური, და საყოფაცხოვრებო პროდუქციის გამოშვებით დაიპყრო ამერიკული ბაზარი. 

საკუთარი წვლილი შეიტანა ისტორიისა და ფილოლოგის დარგში მიხაკო (მიხეილ) წერეთელმა, რომელმაც ბოლშევიკური რუსეთის ანექსიის შემდეგ, საქართველოდან იძულებით ემიგრირებულმა, უცხოეთში გააგრძელა სამყაროს უძველესი ენებისა და კულტურების კვლევა ქართულთა წარმომავლობის, ფესვებისა და კულტურული თავისებურებების მოძიების მიზნით.

რეჟისორმა მიხეილ კალატოზიშვილმა კი, მანამდე სტატიკური, მხოლოდ პასიურ დამკვირვებლად ქცეული კამერა "გააცოცხლა", როცა ლეგენდარულ ფილმში "მიფრინავენ წეროები" გმირების თვალით დანახული სამყარო ასახა და თითქოს მათი განცდების მოზიარედ აქცია მაყურებელი. კალატოზიშვილის ნოვატორულმა მეთოდებმა მართლაც მნიშვნელოვნად განსაზღვრეს კინოს განვითარება, რადგან სწორედ მან გამოიყენა პირველმა ხელის კამერა, მოსინჯა გრძელი კადრების გადაბმის გარეშე გადაღება, ახალი დატვირთვა შესძინა მსხვილი, ახლო პლანების მონაცვლეობას და თანამედროვე კინოს ერთგვარი გენეტიკური კოდი შექმნა ნამდვილი ქართული ხელწერით.

ხელგაშლილობის და გულუხვობის საიდუმლო - სტუმარ-მასპინძლობა ქართულად

გამოთქმა "სტუმარი ღვთისაა" იდეალურად გამოხატავს ქართველთა ბუნებას, ვისთვისაც ნებისმიერი სტუმარი ღმერთისგანაა გამოგზავნილი და ისე მასპინძლობს, როგორც "ზეციურ დესპანს". სწორედ ამგვარი სტუმართმოყვარეობის, ხელგაშლილობისა და გულუხვი მასპინძლობის მონუმენტური სიმბოლოა "ქართლის დედა", რომელსაც ერთ ხელში ღვინით სავსე თასი უჭირავს მოყვასთათვის, მეორეში კი, ხმალი აქვს გამზადებული მტრებისთვის. 

სხვათა შორის, "ქართლის დედის" მონუმენტი სოლოლაკის გორაზე, 1958 წელს აღიმართა თბილისის 1500 წლის იუბილის აღსანიშნად. მართალია, პირვანდელი ჩანაფიქრით ელგუჯა ამაშუკელის ხის ალეგორიულ ქანდაკებას მხოლოდ დროებით უნდა დაემშვენებინა დედაქალაქი, მაგრამ ისე სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, რომ 1963 წელს ხის ქანდაკება ალუმინის ფირფიტებით დაიფარა, 1997 წელს კი, ძველი მონუმენტი, ახლით - 20-მეტრიანი სრულად ალუმინისგან ჩამოსხმული ქანდაკებით შეიცვალა. 

სიმტკიცის საიდუმლო - მარადიული ქვეყანა, რომელიც არასდროს გაქრება

საქართველოს ისტორია - არა უბრალოდ ქვეყნის, არამედ ერის გადარჩენის ისტორიაა, რომელიც ათასწლეულების მანძილზე იგერიებდა დამპყრობელთა თავდასხმებს. 3 ათასი წლის მანძილზე ქართველებმა, რომელთაც ხან ბიზანტიელები, მონღოლები და სპარსელები, ოსმალები და სელჩუკები უტევდნენ, ხან აქემენიანთა, სასანიანთა და რომის იმპერიები, ჰორეზმშახების სამეფო და არაბული ხალიფატი იპყრობდა, 300-მდე ომსა და სამხედრო ლაშქრობაში მიიღეს მონაწილეობა, ანუ საშუალოდ 10 წელიწადში ერთხელ უწევდათ ბრძოლაში ჩაბმა, თუმცა მცირერიცხოვანმა ერმა მაინც შეძლო გადარჩენა და გენთან ერთად იდენტობის შენარჩუნება. მეტიც, ძლევამოსილი იმპერიები დაიშალნენ და სამუდამოდ გაქრნენ, საქართველო კი, იყო, არის და ყოველთვის იქნება. 

"საქართველოს დაპყრობა შეუძლებელია! რა თქმა უნდა, შეიძლება მისი დროებით ოკუპირება, მაგრამ საბოლოოდ ყველა მარცხდება და სირცხვილით ტოვებს ქვეყანას, რადგან ქართველი ერი - უძველესი, ქართული ტრადიციები კი - ურყევია, ისე, როგორც ღირსებისა და სიამაყის გრძნობა. ქართველებმა კარგად იციან მოყვასის ფასი, მტრები კი, არასდროს უყვარდათ და ვერასდროს შეიყვარებენ!" - აღნიშნა National Geographic-ის ამერიკელმა ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა აარონ ჰიუიმ, ვისთვისაც მრავალგზის მოგზაურობის შემდეგ სწორედ საქართველო იქცა ნამდვილ სამშობლოდ.

სხვა თემები