გაქვთ თუ არა ალერგია მტვერზე? რას ნიშნავს ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპია
გაზაფხულსა და ზაფხულში ბევრ ადამიანს აღენიშნება სურდო, ცხვირისა და თვალების ქავილი - ეს არის მტვრის ალერგიის სიმპტომები. აღნიშნული ფაქტორები პერიოდულად შეიძლება შემსუბუქდეს (სულ მცირე, რამდენიმე წლით) და ნებისმიერ ასაკში. აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამ მიმართულებით მოქმედება უნდა დაიწყოთ ალერგიის დაწყებამდე, სულ მცირე, ორი და სასურველია, ოთხი თვით ადრე. ამიტომაც შემოდგომა და ზამთარი შესანიშნავი დროა მკურნალობის კურსის დასაგეგმად. მაშინაც კი, თუ ახლა ფიქრობთ, რომ თქვენს ალერგიას კარგად მართავთ, მაინც შეგიძლიათ ცოდნის განახლება.
თუ ალერგიული რეაქცია გაქვთ მტვერზე, ობზე, შინაურ ცხოველებზე ან მწერებზე, მკურნალობის დასაწყებად ნებისმიერი დრო კარგია. თერაპია არა მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქებას უწყობს ხელს, არამედ ხელს უშლის სიტუაციის გაუარესებას, მათ შორის, ასთმის განვითარებას (განსაკუთრებით, ბავშვებში).
რა უნდა გააკეთოთ?
არსებობს ორი ვარიანტი: ენისქვეშა წვეთები ან ტაბლეტები (ასევე ცნობილი როგორც სუბლინგვალური იმუნოთერაპია) და კანქვეშა ინექციები (კანქვეშა იმუნოთერაპია). ორივე მათგანი ეფუძნება მიდგომას, რომელსაც ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპია ეწოდება. ასეთ დროს ადამიანის ორგანიზმში შეჰყავთ ალერგენები, რომელთა დოზასაც თანდათან ზრდიან. აღნიშნულ ალერგენებს ხვდებიან იმუნური სისტემის უჯრედები, რომელთაც „ჯერ არ იციან“, რომ ორგანიზმი ამ ცილებს ალერგენებად აღიქვამს. ამ „უცოდინრობის“ გამო, ისინი აღნიშნულ მოლეკულებზე ნორმალურად რეაგირებენ, ისევე, როგორც - არაალერგიული ადამიანის იმუნური სისტემა. თანდათანობით, სტაბილური, ნორმალური პასუხი - ტოლერანტობა - ვითარდება იმ ცილებზე, რომლებიც სხვა შემთხვევაში ალერგიას გამოიწვევდა.
გარდა ამისა, ამ პროცესის დროს გამოიყოფა ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლიან ალერგიული რეაქციის განვითარებას. კერძოდ, ორგანიზმში წარმოიქმნება იმუნოგლობულინი G (IgG), არსებული ალერგენის საწინააღმდეგო ანტისხეულები, რომლებიც ორგანიზმის ნორმალურ რეაქციაში მონაწილეობენ. IgG ხელს უშლის იმუნოგლობულინ E-ს (IgE), რომელიც ალერგიულ რეაქციებში მონაწილეობს, რომ ალერგენს დაუკავშირდეს. ეს კი, თავის მხრივ, ალერგიულ რეაქციას თრგუნავს. ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპია ადამიანმა თვითნებურად არ უნდა ჩაიტაროს. ეს აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს. აღნიშნული კურსი, როგორც წესი, სამიდან ხუთ წლამდე გრძელდება.
ზუსტად უნდა ვიცოდე, რაზე მაქვს ალერგია?
დიახ. დაგჭირდებათ სისხლის ანალიზი ან კანის ტესტი. ექიმი თავად განსაზღვრავს, რომელი მეთოდია თქვენი კონკრეტული შემთხვევისთვის შესაფერისი. სისხლის ანალიზით უნდა გაიზომოს სპეციფიკური IgE ანტისხეულები იმ ალერგენის მიმართ, რომელიც ალერგიის პროვოცირებაში არის „ეჭვმიტანილი“. ყველაფრის ერთდროულად ტესტირება არ არის მიზანშეწონილი, რადგან ამან შეიძლება გამოავლინოს უსიმპტომო სენსიბილიზაცია - მდგომარეობა, რომელიც წინ უსწრებს ალერგიას, მაგრამ შეიძლება მასში არც არასდროს გადაიზარდოს. თუ აღმოჩნდება, რომ ადამიანს აქვს ალერგიის რამდენიმე სახეობა, რომელთა მკურნალობაც ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპიით შეიძლება, შესაძლოა, სხვადასხვა მედიკამენტის ერთდროულად მიღება. თუმცა შეიძლება ეს დღის განმავლობაში ერთსა და იმავე დროს არ იყოს რეკომენდებული.
არსებობს თუ არა რაიმე გარანტია, რომ ალერგია არ დაბრუნდება?
არა. ის შეიძლება დაბრუნდეს. რამდენად ხშირად ხდება ეს, უცნობია. თუმცა ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპია გრძელდება, რადგან ამ დროს სიმპტომების სიმძაფრე იკლებს ან სრულად ქრება. თერაპიის დასრულების შემდეგ, ალერგია შეიძლება აღარ დაბრუნდეს ან ეს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოხდეს (ამ შემთხვევაში, ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპია შეიძლება განმეორდეს).


