27 თებერვალი 2026 - 15:06

რა გავლენა აქვს ულტრაგადამუშავებულ საკვებს ნაწლავის მიკრობიომაზე

თითოეული ადამიანის ორგანიზმში ცხოვრობს ტრილიონობით უჯრედისგან შემდგარი “ხმაურიანი“ საზოგადოება, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობის მრავალ ასპექტზე ზემოქმედებს. აღნიშნულ კომპონენტს „მიკრობიომა“ ეწოდება. „ნაწლავებში მიკრობების მრავალფეროვნება შეიძლება ტყეს შევადაროთ. რაც მეტი და სხვადასხვა ტიპის მიკრობია ამ ტყეში, მით უფრო მდგრადია ორგანიზმი ამა თუ იმ „პრობლემის“ მიმართ“, - ამბობს დიკინის უნივერსიტეტის კვების ეპიდემიოლოგი მელისა ლეინი. მეცნიერებმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაადასტურეს, რომ ჯანსაღი და მრავალფეროვანი მიკრობიომა ადამიანის საერთო კეთილდღეობის გასაღებია. კერძოდ, ის გავლენას ახდენს ყველაფერზე - განწყობითა და მეტაბოლიზმით დაწყებული, ტვინის ფუნქციონირებით დამთავრებული.

ნაწლავებში ბაქტერიული მრავალფეროვნების დაბალი მაჩვენებლის მქონე ადამიანებს უფრო მეტად აღენიშნებათ ძილის პრობლემები, სუსტი ნაწლავები და ანთების მაღალი ალბათობა, ხოლო ბაქტერიული მრავალფეროვნება სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდასთანაც კი ასოცირდება. „ეს მთელი ეკოსისტემაა. ის ჩვენს ორგანიზმში დამატებითი ორგანოს ჰგავს“, - განმარტავს სარა ბერი, Kings College London-ის კვების პროფესორი. თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ზოგიერთ საკვებს, რომელსაც ხშირად მივირთმევთ, ამ ეკოსისტემის დაზიანება შეუძლია. კერძოდ, ულტრა-გადამუშავებულ საკვებს ნაწლავებში მიკრობიომის დარღვევა და შეცვლა შეუძლია. ამის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი, სულ უფრო ხშირად, ჩვენს საკვებში არსებული მრავალი დანამატია. სუპერმარკეტის ბევრი პროდუქტი შეიცავს ემულგატორებს, რათა მათი შენახვის ვადა გახანგრძლივდეს.


 

რომელ დანამატებზეა საუბარი და რა საჭიროა ისინი?

სუპერმარკეტში რომ შეხვიდეთ და გადახედოთ ინგრედიენტების სიას, წაიკითხავთ, თუ რამდენი საკვები ემულგატორი, ხელოვნური დამატკბობელი და საღებავი ემატება ამა თუ იმ პროდუქტს. ისინი სხვადასხვა მიზნით გამოიყენება: იქნება ეს გემოს გაუმჯობესება, ტექსტურის შეცვლა თუ შენახვის ვადის გახანგრძლივება. კერძოდ, იცით თუ არა რა განაპირობებს თქვენი საყვარელი ნაყინის გემოს, რომელიც პირში უგემრიელესად დნება? ეს ემულგატორების დამსახურებაა. ამასთანავე, სწორედ ემულგატორების მეშვეობით, სუპერმარკეტის პური სირბილესა და სიფაფუკეს უფრო დიდხანს ინარჩუნებს, მაღაზიაში ნაყიდი ნამცხვარი კი უფრო დიდხანს არის ნოტიო, ვიდრე - სახლში გამომცხვარი. 

ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ დიდი ბრიტანეთის სუპერმარკეტებში 6 640 სხვადასხვა საკვები პროდუქტი შეიცავდა ემულგატორებს, რაც გაანალიზებული მასალის თითქმის ნახევარს შეადგენდა. რატომ არის ეს ინფორმაცია შემაშფოთებელი? - სვამს კითხვას BBC.  მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ზემოთ ხსენებულ დანამატებს შეუძლიათ უარყოფითად იმოქმედონ ორგანიზმის მიკრობიომაზე, გამოიწვიონ ნაწლავების ანთებით პროვოცირებული დაავადებები და მსხვილი ნაწლავის კიბოც კი. ცხოველებსა და ადამიანებზე ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ ემულგატორებსა და ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემებს შორის პირდაპირი კავშირი არსებობს.

როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი ჩვენს მიკრობიომზე?

პარიზის პასტერის ინსტიტუტში თაგვებზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, ორი ყველაზე ხშირად გამოყენებული ემულგატორის დაბალი დოზის მიღებით, ნაწლავის ბაქტერიები გადაადგილდნენ ნაწლავის კედელთან უფრო ახლოს, რამაც ანთება და დაავადების ნიშნები გამოიწვია. ნაწლავების პრობლემებისადმი ისედაც მიდრეკილ თაგვებს უფრო მძიმე ანთება აღენიშნებოდათ. როგორს წესი, ჩვენი ნაწლავის მიკრობები ნაწლავის კედლიდან უსაფრთხო მანძილზეა განლაგებული ლორწოს ფენების მეშვეობით, რაც ანთების თავიდან აცილებას უწყობს ხელს. ამ დამცავი ლორწოს შრეში შეღწეულმა ბაქტერიამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ანთებითი დაავადებები, - აცხადებენ პასტერის ინსტიტუტში. 

ემულგატორები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ, კვების მრეწველობის მიერ არის დამტკიცებული. „ისინი მხოლოდ ტოქსიკურობაზე ან დნმ-ის დაზიანების გამოწვევის თვისებაზე იტესტებიან. ამ ორი თვალსაზრისით, ისინი სრულებით უსაფრთხოა. თუმცა მიკრობიომაზე მათი პირდაპირი ზემოქმედება აქამდე არასდროს შემოწმებულა“, - ამბობს პასტერის ინსტიტუტის მეცნიერი ბენუა შასენი. ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) განცხადებით, „ევროკავშირში ყველა საკვებ დანამატს ენიჭება E ნომერი და მათი უსაფრთხოება ფასდება მანამ, სანამ ისინი საკვებში გამოყენებისთვის დამტკიცდება“. ანალოგიურად, აშშ-ში, სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) აცხადებს, რომ „საკვები დანამატი ბაზარზე არსებულ საკვებში გამოყენებამდე, FDA-ს მიერ უნდა დამტკიცდეს.“ 

თუმცა კუმულაციური ეფექტები, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, - დასძენს შასენი. ამ ქიმიკატებისა და საკვები ნივთიერებების ურთიერთქმედებას „კოქტეილის ეფექტი“ ეწოდება და რადგან ამდენი ვარიაცია არსებობს, ძნელია ერთი დანამატის ეფექტის მეორისგან იზოლირება. როგორც ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, საკვების გადამუშავების წესმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ნაწლავების ჯანმრთელობაზე, მის შემადგენლობაზე რომ არაფერი ვთქვათ.

რა არის სწორად კვების „ოქროს წესი“?

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გასათვალისწინებელია არის ის, რომ ულტრაგადამუშავებული სურსათის უმეტესობა ღარიბია აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, რამაც ასევე შეიძლება ნაწლავების ჯანმრთელობაზე იმოქმედოს. დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბოჭკოთი და პოლიფენოლებით მდიდარი საკვები ნაწლავების მიკრობიომისთვის სასარგებლოა, პოლიფენოლებს კი ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვთ. 

კვების ტექნოლოგების თქმით, უმჯობესია, საკვები თავად მოამზადოთ და შეძლებისდაგვარად, ახალი ინგრედიენტები გამოიყენოთ. ულტრა-დამუშავებული საკვების სრულად თავიდან აცილება არარეალურია, ამბობენ მეცნიერები. მათივე განმარტებით, ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი არის ის, რომ ყველას შეგვიძლია ვიფიქროთ ჯანსაღ კვებაზე. „საკვები ნამდვილად ძვირფასი რამ არის ჩვენს ცხოვრებაში და ის უნდა დავაფასოთ“, - ამბობენ ბრიტანელი მკვლევრები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება სასუსნავზე, რადგან ისინი ჩვენი ყოველდღიური კალორიების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. საბოლოო ჯამში, ოქროს წესია, რაც შეიძლება მეტი ახალი პროდუქტი მივირთვათ. როდესაც ამას ვაკეთებთ, ჩვენი ჯანმრთელობა და შესაბამისად, ჩვენი მიკრობებიც სარგებელს იღებენ. 

სხვა თემები