14 მაისი 2026 - 16:08

გაგზავნის თუ არა ევროპა მერკელს პუტინთან, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს

ბერლინი და კიევი ეწინააღმდეგებიან გერმანიის ყოფილი კანცლერის - გერჰარდ შრიოდერის კანდიდატურას, რომელიც პუტინის შეთავაზებით, რუსეთ-უკრაინაში ომის დასასრულებლად დაგეგმილ მოლაპარაკებებში ევროკავშირს უნდა წარმოადგენდეს. თუმცა არსებობენ სხვა კანდიდატებიც. ვის აქვს ყველაზე მეტი შანსი? - ამ კითხვაზე პასუხი Deutsche Welle-მ მოიძია. 

რა ხდება?

ახლა ბურთი ევროპის მოედანზეა. უკრაინაში ომის დასრულების მიზნით, მაისის ბოლოს ევროკავშირი გეგმავს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებები განიხილოს. ევროკავშირი ამას თითქმის ერთი წელია უშედეგოდ ცდილობს. ეს ხდება მას შემდეგ, რაც აშშ-ის შუამავლობით, უკრაინასა და რუსეთს შორის დაიწყო კომუნიკაცია, რომელიც ამჟამად ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის გამოა შეჩერებული. არანაკლებ მნიშვნელოვანი კითხვაა, ამ პროცესში ვინ იქნება ევროპის წარმომადგენელი? 

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ, ევროპელი ლიდერები ცალ-ცალკე საუბრობდნენ ვლადიმერ პუტინთან, თუმცა მხოლოდ ტელეფონით. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტს სხვებზე ხშირად ესაუბრა. მას შემდეგ, რაც 9 მაისს კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ მზად იყო შეხვედრისთვის და გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი თავის სასურველ კანდიდატად დაასახელა, ბერლინი და ბრიუსელი სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ. ვინ შეიძლება იყოს ის?  

რატომ არის შრიოდერის შანსი თითქმის მინიმალური?

გერმანიისა და უკრაინის მთავრობებმა 82 წლის შრიოდერის კანდიდატურას მაშინვე წინააღმდეგობა გაუწიეს. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილმა კანცლერმა ომი დაგმო და 2022 წლის მაისში „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, მან პუტინთან მეგობრულ ურთიერთობაზე უარი არ თქვა. შუამავლის ამპლუა შრიოდერმა ომის დაწყებისთანავე მოირგო. სხვადასხვა ინტერვიუში მან თქვა, რომ მოსკოვში პუტინთან შესახვედრად გაფრინდა და სტამბოლში, მისივე თქმით, უკრაინული მხარის თხოვნით, უკრაინის წარმომადგენელს - რუსტემ უმეროვს შეხვდა. თუმცა მას დეტალები არ დაუზუსტებია. 

ევროპული პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტის კიევის წარმომადგენლობის ექსპერტმა, ანდრეას უმლანდმა DW-სთან ინტერვიუში ეჭვქვეშ დააყენა შრიოდერის შანსები, ევროკავშირის მომლაპარაკებელი გახდეს. „ამჟამად გერმანიაში შრიოდერის მიმართ უნდობლობის დონე მაღალია“, - აღნიშნა ექსპერტმა. ომის დასაწყისში მისმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) ყოფილი კანცლერის გარიცხვა სცადა, მაგრამ ეს ინიციატივა, რომელსაც რამდენიმე პოლიტიკოსი ხელმძღვანელობდა, ჩაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ SPD-ს ზოგიერთი წევრი ახლაც თვლის, რომ შრიოდერის კანდიდატურის განხილვა ღირს, ბერლინის პოლიტიკურ წრეებში ამის ცოტას თუ სჯერა. 

შრიოდერს პლუს შტაინმაიერი

გერმანულ პრესაში განხილული ერთ-ერთი ვარიანტი შრიოდერისა და ამჟამინდელი ფედერალური პრეზიდენტის, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისა და შრიოდერის დროს კანცელარიის ყოფილი ხელმძღვანელის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის „დუეტია“. ამ იდეის მომხრენი ამტკიცებენ, რომ შტაინმაიერი გამოცდილი დიპლომატია და უკვე აწარმოა მოლაპარაკებები რუსეთთან დონბასის კონფლიქტთან დაკავშირებით, სადაც კრემლი მხარს უჭერდა სეპარატისტებს, მაგრამ  ამას საჯაროდ არ აღიარებდა. გარდა ამისა, შტაინმაიერის მეორე საპრეზიდენტო ვადა 2027 წლის დასაწყისში იწურება. ამის შემდეგ, მას თეორიულად შეუძლია, ევროკავშირის სახელით შუამავლის როლი შეასრულოს. 

შრიოდერისგან განსხვავებით, 70 წლის შტაინმაიერმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომი გაცილებით მკაცრად დაგმო. მან მოითხოვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ჰააგაში, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში გასამართლებულიყო. ეს ხდებოდა დაპატიმრების ორდერის გაცემამდე. გარდა ამისა, გერმანიის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ბერლინის ძველი პოლიტიკა რუსეთის მიმართ მცდარი იყო. დასთანხმდება თუ არა კიევი შტაინმაიერის კანდიდატურას, ჯერ კიდევ გასარკვევია. ომის დასაწყისში, კიევმა გერმანიის პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტი გააუქმა, მაგრამ ეს ვიზიტი საბოლოოდ მაინც შედგა. პოლიტოლოგ უმლანდის თქმით, გერმანიისთვის შტაინმაიერი მომლაპარაკებლის ამპლუაში „მისაღები“ იქნებოდა. თავად პრეზიდენტი ჯერჯერობით დუმს იმის შესახებ, მზად არის თუ არა პუტინთან შესახვედრად. 

მერკელს შრიოდერსა და შტაინმაიერზე მეტი შანსი აქვს

შუამავლობის შესახებ არაფერს ამბობს მესამე შესაძლო კანდიდატი, გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელიც. როგორც ჩანს, მას დანარჩენ ორზე მეტი შანსი ნამდვილად აქვს. 71 წლის მერკელი პერიოდულად გმობს რუსეთის ომს, მაგრამ არა ისე მკაცრად, როგორც შტაინმაიერი. ის საკუთარი შეცდომების აღიარებაზეც უარს ამბობს. მერკელი მიიჩნევს, რომ მინსკის მოლაპარაკებები, რომელმაც ომი დონბასში ნაწილობრივ გაყინა, წარმატებული იყო. ამ მოლაპარაკებებისა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის მშენებლობის გამო, მერკელი მაცრად გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც მოუწოდა მას კიევში ჩასულიყო და ბუჩა ენახა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მერკელი უკრაინაში ერთხელაც არ ჩასულა. 

მერკელი თავისი ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაციას მთელი გერმანიის მასშტაბით მართავდა. სწორედ ამ დროს მან რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და დაიცვა თავისი წინადადება 2021 წლის ზაფხულის სამიტში პუტინის მონაწილეობის შესახებ, რასაც ევროკავშირმა მაშინ მხარი არ დაუჭირა. ამის გამო მერკელი გააკრიტიკეს, პირველ რიგში, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და პოლონეთმა. „მოლაპარაკებების გარეშე ომი ნამდვილად არ დასრულდება“, - ამბობს დღეს მერკელი, ამჟამინდელი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თანაპარტიელი. ეს უკანასკნელი კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ხელმძღვანელია. „მერკელი სერიოზული ფიგურა იქნებოდა. თუ მოსკოვი მის კანდიდატურას დასთანხმდება, ეს კარგი არჩევანი იქნება“, - მიიჩნევს უმლანდი. „რა თქმა უნდა, მერკელის მიმართ პრეტენზიები არსებობს როგორც გერმანიაში, ასევე - უკრაინაში, მაგრამ ის აბსოლუტურად განსხვავებული კალიბრის პოლიტიკოსია“, - დასძენს ექსპერტი. 

სხვა თემები