თინეიჯერებისთვის საშიში ნარკოტრენდი TikTok-ზე სულ უფრო პოპულარული ხდება
თინეიჯერები ნარკოტიკების მოხმარების ამსახველ ვიდეოებს იღებენ და ერთმანეთს უზიარებენ კონკრეტული ჰეშთეგით. ასეთი პოსტების ნახვა TikTok-ზე მილიონებს აღწევს. აღნიშნული „ტრენდის“ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები Deutsche Welle-მ მოიძია.
ნარკოტიკებისგან სულ რაღაც ერთი დაწკაპუნების დაშორებით
TikTok-მა აჩვენა, თუ რამდენად ადვილია ახალგაზრდებისთვის ნარკოტიკებთან დაკავშირებული კონტენტის აღმოჩენა. ამისათვის საკმარისია კონკრეტული ჰეშთეგის აკრეფა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოზარდების ამსახველი ვიდეოები ერთი მეორის მიყოლებით ჩნდება. რაც უფრო დიდხანს „სქროლავს“ მომხმარებელი ასეთ გვერდებს, მით უფრო მეტ მსგავს ვიდეოს აჩვენებს ალგორითმი. DW-ს კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ არ მიმართავს პლატფორმა უფრო გადამწყვეტ ზომებს ასეთი კონტენტის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად, TikTok-ის წარმომადგენელმა განაცხადა: „ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენ ვკრძალავთ ნარკოტიკების ან სხვა ნივთიერებების დემონსტრირებას, რეკლამირებას ან გაყიდვას, ასეთ მასალას პლატფორმიდან ვშლით და ამ წესების დამრღვევი კონტენტის 99%-ზე მეტი გასაჩივრებამდე იშლება“.
კონკრეტული სიტყვების დაბლოკვა ნაკლებად ეფექტურია
ნარკოტიკებთან დაკავშირებული ჰეშთეგი აჩვენებს, თუ რამდენად ადვილია წესების გვერდის ავლა. მომხმარებლები იყენებენ დაშიფრულ ენას - ემოჯიებს, ხმებსა და ახალ კონცეფციებს, რათა მათმა კონტენტმა მოდერაცია გაიაროს. მაგალითად, ისინი აჩვენებენ მხოლოდ გაფართოებულ გუგებს და არა - ნარკოტიკების აშკარა მოხმარებას. ასე დაიბადა სიტყვა კონკრეტული სიტყვა, რომელიც ყოველდღიურ მეტყველებაში მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის (უფრო ცნობილი, როგორც ექსტაზი) გამოყენების კოდად ითვლება. ეს სლენგი კონტენტის სწრაფ იდენტიფიცირებას ართულებს და საჭიროების შემთხვევაში, მისი სწრაფად წაშლა შეიძლება. თუ პლატფორმის ალგორითმები კონკრეტულ სიტყვებს ბლოკავენ, აკრძალვის გვერდის ავლის გზის პოვნა არც ისე რთულია.
ნარკოტიკებით ვაჭრობა TikTok-ზე
TikTok-ი, ფაქტობრივად, არაფორმალურ ბაზარს ემსგავსება და ეს განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს. როგორც მომხმარებლები DW-სთან საუბარში ამბობენ, სახლიდან გასვლაც კი არ არის საჭირო, რადგან ყველაფრის შეძენა საკუთარი საძინებლიდანვე არის შესაძლებელი. ამ ვიდეოებზე არსებული კომენტარების სწრაფი დათვალიერებაც კი საკმარისია, რომ ამ სიტყვების სიმართლეში დარწმუნდეთ. აქვე ისმის პირდაპირი კითხვები: „ვინ ყიდის?“ ან „ბერლინში რაღაც მჭირდება“ და გამყიდველებისგან პასუხებიც იქვეა მოცემული. ნარკოდილერები გამოხატავენ მზადყოფნას დამტენის ამსახველი ემოჯიების დახმარებით, შემდეგ კი დაინტერესებულ მომხმარებლებს Telegram-ის ჩათებში იწვევენ.
ახალგაზრდები ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს ყოველთვის ატარებდნენ. თუმცა, როგორც ამბობენ, საჯაროობა ყველაფერს ცვლის. ადრე ადამიანები ფარდებს აფარებდნენ და ნარკოტიკებს ფარულად მოიხმარდნენ. დღეს ისინი რთავენ კამერებს და მოიხმარენ სხვადასხვა ნივთიერებას, რათა TikTok-ზე ნახვები დააგროვონ. სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ ნარკოტიკების ასეთი უკონტროლო მოხმარება შეიძლება ძალიან საშიში გახდეს. 2014-დან 2024 წლამდე გერმანიაში ნარკოტიკებთან დაკავშირებული სიკვდილიანობის რიცხვი გაორმაგდა და ეს არის სისხლის სამართლის ფედერალური უწყების მონაცემები. კერძოდ, 30 წლამდე ასაკის ადამიანებს შორის სიკვდილიანობის რიცხვი 2024 წელს 14%-ით გაიზარდა. აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობის ორ მესამედზე მეტი სახლში ხდება და ხშირად იმიტომ, რომ საჭირო დახმარების გაწევა არავის შეუძლია. ისეთ ინტერნეტ ტენდენციებთან, როგორიცაა კონკრეტული ნარკოტრენდი, პირდაპირი კავშირი დადასტურებული არ არის. თუმცა ექსპერტები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ იზოლაციამ და სოციალურ მედიაში ნარკოტიკებთან დაკავშირებული კონტენტის გავრცელებამ შეიძლება აღნიშნული ნივთიერების მოხმარება უფრო საშიში გახადოს.
სოციალური მედიის აკრძალვები ბავშვებისა და მოზარდებისთვის
სოციალურ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლა საერთაშორისო დონეზე იზრდება. ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს, ახალგაზრდები მავნე კონტენტის ზემოქმედებისგან დაიცვას. მაგალითად, ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც 2025 წლის დეკემბერში 16 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა. მსგავსი შეზღუდვების დაწესებას გეგმავენ გაერთიანებული სამეფო და დანიაც. ანალოგიური გეგმის შესახებ ცოტა ხნის წინ საფრანგეთმა განაცხადა. ევროკავშირი იკვლევს, საკმარისად ასრულებენ თუ არა ონლაინ პლატფორმები არასრულწლოვანთა დაცვის ვალდებულებებს და სოციალურ მედიაზე წვდომის შესაძლო შეზღუდვებს განიხილავს. თუმცა ისმის კითხვა: ნამდვილად გადაჭრის თუ არა აკრძალვები პრობლემას?
დახმარების თხოვნა და არა ნარკოტიკების იდეალიზაციას!
„ნარკოტიკების მოხმარებასა და სოციალურ მედიაზე დისკუსიებში ხშირად ერთი ასპექტი იგნორირებულია“, - განუცხადა მკვლევარმა ლაილა ბუზუბამ DW-ს. „არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ პლატფორმებს მხარდაჭერის საპოვნელად იყენებენ“ - განმარტავს ის. მეცნიერის თქმით, ამას ნარკოტიკების განდიდებასთან საერთო არაფერი აქვს. ბუზუბამ და მისმა გუნდმა გააანალიზეს ნარკოტიკების მოხმარების შესახებ TikTok-ის ასობით ვიდეო და დაასკვნეს, რომ ასეთი კონტენტის ნახევარზე მეტი ნარკოტიკების პრევენციას, დამოკიდებულების დაძლევას ან დახმარების ძიებას ეძღვნება. მკვლევარი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ამ კონტენტის ამოღება ან პლატფორმის აკრძალვა შეიძლება ასეთი მომხმარებლებისთვის საშიში გახდეს. „ჩვენ არ გვინდა, რომ ადამიანებისთვის კომუნიკაციის ეს არხი დავხუროთ, კონტენტის მკაცრი მოდერაციის პარალელურად. თუ პლატფორმებს რამის შეცვლა სურთ, მათ ამ პროცესში დაინტერესებული მხარეები უნდა ჩართონ“, - განმარტავს მკვლევარი. ექსპერტების თქმით, ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოები და სოციალური მუშაკები უნდა შეეგუონ იმ ფაქტს, რომ დღესდღეობით პრობლემების უმეტესობა ონლაინ რეჟიმში წყდება. სპეციალისტები მიესალმებიან ამ მიმართულებით განხროციელებულ საგანმანათლებლო აქტივობებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ ამ პროფილით მომუშავე უწყებებმა არ უნდა დაივიწყონ ინტერნეტი, სადაც ნარკოდამოკიდებულების მსხვერპლი უამრავი არასრულწლოვანია.


