ჯადოსნური მხარე, რომელიც ზმანებას ჰგავს: ჯონ სტეინბეკის მოგზაურობა საქართველოში
1947 წლის გაზაფხულზე ამერიკელმა მწერალმა, ნობელისა და პულიცერის პრემიის ლაურეატმა ჯონ სტეინბეკმა გამოცემა New York Herald Tribune-გან საბჭოთა კავშირში გამგზავრებისა და რეპორტაჟების მომზადების შეთავაზება მიიღო. მწერალი აზარტით დათანხმდა ავანტიურულ მოგზაურობას, რადგან თვითონაც ძალიან აინტერესებდა იმ ქვეყნისა და ხალხის გაცნობა, რომელიც ე.წ. "რკინის ფარდის" იქით ცხოვრობდა, მით უფრო, რომ დასავლეთში, სადაც საბჭოეთის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაძლიერდა, ნაკლებად ჰქონდათ წარმოდგენა "სოციალიზმის მშენებლებზე" და მხოლოდ მითებსა და ლეგენდებს ქმნიდნენ მათზე.

1947 წლის ზაფხულში ცნობილ ფოტორეპორტიორთან რობერტ კაპასთან ერთად, სტეინბეკი მართლაც ეწვია საბჭოთა კავშირს და ჯერ რუსეთსა და უკრაინაში, მერე საქართველოში იმოგზაურა. "...სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, მოსკოვში, კიევსა თუ სტალინგრადში, ყველგან ჯადოსნური სიტყვა "საქართველო" გვესმოდა. რუსები მონუსხულივით ჰყვებოდნენ კავკასიის მთებში ჩაკარგულ ზღაპრულ ქვეყანაზე და თითქოს სჯეროდათ, რომ წესიერად და პატიოსნად თუ იცხოვრებდნენ, სიკვდილის შემდეგ სამოთხის ნაცვლად აუცილებლად საქართველოში მოხვდებოდნენ..." - სწორედ ამგვარი შესავლით დაიწყო საქართველოზე თხრობა მე-20 საუკუნის კლასიკოსმა, რომელიც ისე მოიხიბლა მანამდე უცნობი ქვეყანის კოლორიტით, რომ სამშობლოში დაბრუნებულმა მეტად ემოციურად აღწერა საკუთარი შთაბეჭდილებები ე.წ. საგზაო ჩანაწერებში "რუსულ დღიურში" (A Russian Journal).

საქართველოში მწერალი პირველ რიგში, მისი უძველესი ისტორიით და არქიტექტურით, თვითმყოფადი კულტურითა და ტრადიციებით, ტაძრების სიმრავლით, რელიგიური ტოლერანტობით და უნიკალური ბუნებით აღფრთოვანდა. სასიამოვნო მოულოდნელობად იქცა სტეინბეკისთვის ქართველების გაცნობაც, რომელთაც თავისი უშუალობით, ხელგაშლილობითა და სტუმართმოყვარეობით გააკვირვეს, მით უფრო, რომ მისივე განცხადებით, "ქართველები აბსოლუტურად არ ჰგავდნენ რუსებს".

კვიპაროსების და ევკალიპტების მხარე
...კავკასიონის თოვლით დაფარულ მწვერვალებს, სალ კლდეებსა და მდინარეებს რომ გადავუფრინეთ, სადღაც შორს შავ ზღვას მოვკარით თვალი. თვითმფრინავი ძალიან დაბლა დაეშვა და თითქმის მიწის კიდეზე გაფრინდა. მშვენიერი მხარე იყო ზღვის სანაპირომდე დაშვებული, ფოთლოვანი ხეებით და შავი კვიპაროსებით მოფენილი მთის კალთებით. დიდხანს ვიფრინეთ სანაპიროს გასწვრივ, ბოლოს ზღვისპირა ქალაქში - სოხუმში დავფრინდით. ჰაერი თბილი, ტენიანი და მარილიანი იყო, ბალახი მწვანედ ხასხასებდა, ყველგან უჩვეულო მცენარეები და ევკალიპტის მასიური ხეები ხარობდნენ, რომელთა მსგავსი რუსეთში არსად გვენახა. აეროპორტის შენობასთან ჩამწკრივებული ქალები ხილს ჰყიდდნენ - ყურძენს და ნესვს, ლეღვს, ლოყაწითელ ატამს და საზამთროს. თვითმფრინავის მგზავრები მაშინვე ხილს დახარბდნენ, თუმცა ზედმეტი მოუვიდათ და ცუდად გახდნენ, რადგან ჩრდილოეთში ხილი ნაკლებად ხარობდა, მათი კუჭი კი, შეუჩვეველი იყო ამგვარ სიკეთეს...

შუმერების შთამომავალი ქართველები
...ქართველებს ძალიან განსხვავებული გარეგნობა აქვთ, შავგვრემნები არიან და ბოშებს ჰგვანან. თეთრად მოელვარე კბილები და შავი თვალები, გრძელი, ლამაზი ცხვირი და ტალღოვანი თმა აქვთ. მამაკაცები ულვაშს ატარებენ, გამხდრები, ენერგიულები და ქალებზე სიმპათიურები არიან. ქართველები უძველეს სემიტებს, შუმერებს მიეკუთვნებიან და ჯერ კიდევ ბაბილონის დროს ცხოვრობდნენ ევფრატის ხეობაში, ამიტომ მათი მოდგმა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ფიცხი, ამაყი და მხიარული ხალხია. რუსი ქალები ყოველთვის აღტაცებით ჰყვებოდნენ ქართველი მამაკაცების ძალასა და მოხერხებულობაზე. ამბობენ, კარგი მებრძოლები, დიდებული მომღერლები და მოცეკვავეები, მოქეიფეები და საყვარლები არიანო...

.jpg)
თბილისი - უძველესი ქალაქი
...მთებს შორის მოვაკებული ადგილები გავიარეთ და თბილისში შევედით. ულამაზეს ქალაქში, რომელიც საუკუნეების მანძილზე მსახურობდა მთავარ გზად სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ. ხეობის ორივე მხარეს უძველესი ციხე-სიმაგრეები იწონებდნენ თავს. თავის დროზე სწორედ ამ ვიწრო ხეობაში იმართებოდა დაუნდობელი ბრძოლები ვერაგულად შემოსეულ მძარცველებთან, ამიტომ ციხე-სიმაგრეებიც მასობრივად შენდებოდა. ხეობას მდინარე კვეთდა ცალ მხარეს მაღალი კლდეებითა და ძველისძველი სახლებით...

...ქალაქის ფართო, ხეებით დაჩრდილული ქუჩები მთებს მიუყვებოდნენ. დასავლეთით სათამაშო მოედანი და სკვერი მოეწყოთ, საიდანაც საბაგირო გზა ადიოდა. ქალაქშიც და მთის თხემზეც უამრავი ძველი ეკლესია აეგოთ. საქართველოში ქრისტიანობა მეოთხე საუკუნეში გავრცელდა და სწორედ მაშინ აშენდა ეკლესიათა უმეტესობა, სადაც დღემდე ტარდება ლიტურგია. ამ ქვეყანაში ქრისტიანული ეკლესიები მაშინ შენდებოდა, როცა ცეცხლთაყვანისმცემელი ფრანგები, გერმანელები და ინგლისელები ჯერ კიდევ კერპებზე ლოცულობდნენ...


...თბილისი უამრავი საოცარი ისტორიის მოწმე და მემატიანეა. ერთ-ერთი თქმულების თანახმად, ირანელმა მეფემ, რომელიც ლაშქრით შემოესია ქალაქს, თბილისელებს ხიდზე დასვენებული ღვთისმშობლის ხატზე აიძულა ფეხით გადავლა და ყველას თავი მოკვეთა, ვინც უარი თქვა მისი ბრძანების შესრულებაზე. ამბობენ, იმ დღეს ათასობით მოკვეთილი თავი ტივტივებდა მდინარეშიო...

...ქალაქის ფერადმა, ხმაურიანმა ქუჩებმა სისუფთავითა და აკურატულობით გაგვაკვირვეს, თბილისი ერთადერთი სუფთა აღმოსავლური ქალაქი აღმოჩნდა, რომელიც ოდესმე მენახა. ძალიან შინაურულად ვიგრძენით თავი, რადგან აქაურები ყოველთვის უამრავ ტურისტს მასპინძლობდნენ და შეჩვეული იყვნენ უცხოელებს. ქალებს ჭრელი თავსაფრები, მამაკაცებს კი, მუქი ფერის ქუდები ეხურათ. თბილისელები ნამდვილად უკეთ იმოსებოდნენ, უკეთ გამოიყურებოდნენ და ბევრად ამაღლებული განწყობა ჰქონდათ, ვიდრე რუს ხალხებს...

"...ამ ქვეყანაში ყველა ლექსს კითხულობს..."
...მთის თხემზე ძველი ციხე-სიმაგრის სანახავად ავედით, რომელსაც მრგვალი კოშკები და მაღალი სქელი კედლები ჰქონდა, მერე ბოტანიკურ ბაღში გავისეირნეთ, სადაც იშვიათი ჯიშის ხეები და მცენარეები ხარობდნენ. ბევრი მცენარე მანამდე არასდროს გვენახა. არაჩვეულებრივი ბაღი მე-12 საუკუნეში გააშენა მეფე თამარმა, რომელიც ისეთივე მითიური მეფე იყო, როგორც ელისაბედი, კატალინა არაგონელი და ელეონორა აკვიტანიელი. ლამაზი და კეთილი, თუმცა ფიცხი თამარი ქვეყნის მართვის იშვიათი ნიჭით იყო დაჯილდოვებული, ამიტომ უზარმაზარი წვლილი შეიტანა მის აღმშენებლობაში...
.jpg)
...თბილისში ყველა კონფესიის სამლოცველოა. არავის უფიქრია აქაური სინაგოგის და მეჩეთის დანგრევა, რადგან ყოველთვის რელიგიური ტოლერანტობის ქალაქად ითვლებოდა. მთაზე, რომელიც ქალაქს გადაჰყურებდა, მამადავითის ეკლესია - მოკრძალებული, თუმცა საოცრად ლამაზი ტაძარი იდგა, სადაც მიხვეულ-მოხვეული გზებით ადიოდნენ მლოცველები. ეკლესიის ეზოში პანთეონი - ქართველი მწერლების, პოეტებისა და კომპოზიტორების სასაფლაო იყო. ერთ-ერთ საფლავთან რამდენიმე მოხუცი იდგა და ძველ ყაიდაზე გალობდა. ქართველები დიდ პატივს სცემენ საკუთარ ლიტერატურას, პროზას და პოეზიას. ამ ქვეყანაში ყველა ლექსს კითხულობს და ხშირად პოეტებს უფრო დიდ პატივს სცემენ, ვიდრე მეფეებს. ქართველი პოეტი იყო შოთა რუსთაველიც, რომელმაც ეპიკური პოემა "ვეფხისტყაოსანი" დაწერა და დღეს ისევეა დაფასებული, როგორც ეროვნული გმირი...


...საუცხოოდ გალობდნენ უძველეს ტაძარშიც, სადაც წირვა აღევლინებოდა. მლოცველები უხმაუროდ შედიოდნენ ეკლესიის ეზოში, ზოგი მუხლზე იჩოქებდა და ისე ემთხვეოდა ეკლესიის კედელს, რადგან წესი ჰქონდა ასეთი... მამადავითის ეკლესიიდან ჩამოსულებს ისეთი მქუხარე რეკვით შეგვხვდნენ საკათედრო ტაძრის ზარები, რომ იქაც მოგვინდა შესვლა. მდიდრული ტაძარი იყო, საკმეველსა და დროს ფრესკები გაემუქებინა. წირვას ხანდაზმული კათალიკოსი, საქართველოს ეკლესიის წინამძღოლი აღავლენდა ჭაღარა თმითა და ოქროს მიტრით თავზე. სამოსი ოქროს ძაფით ჰქონდა ნაქარგი და ისეთი ლამაზი იყო, არარეალურს ჰგავდა. საოცარი გარემო იყო, გუნდი გალობდა, საკმეველი ეკლესიის გუმბათს სწვდებოდა, გუმბათიდან კი, მზის სხივები შემოდიოდა და იქაურობას ანათებდა.


"...თბილისს ღამეებიც ჯადოსნური სცოდნია..."
...თბილისს ორი მუზეუმი აქვს. მთის თხემზე, ქალაქის მუზეუმში ძველი სახლების მინიატურული მოდელები დავათვალიერეთ და უძველესი ქალაქის გეგმა ვნახეთ, თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც ჩვენი მასპინძელი - მუზეუმის თანამშრომელი აღმოჩნდა, რომელიც წესით მსახიობი უნდა ყოფილიყო, რადგან ხან ტიროდა, ხან იცინოდა, ხან მთელი ხმით ყვიროდა, ხან დრამატიზმით სავსე მონოლოგს ამბობდა და ხოტბას ასხამდა უძველეს ქალაქს. რა თქმა უნდა, ქართულად ლაპარაკობდა და ისე სწრაფად ჰყვებოდა, რომ თარგმნა შეუძლებელი აღმოჩნდა. მუზეუმიდან დაყრუებული, თუმცა ბედნიერები გამოვედით...


...შუადღისას ფეხბურთის მატჩზე წავედით. შეხვედრა თბილისისა და კიევის გუნდებს შორის დიდებულ სტადიონზე გაიმართა. 40 ათასამდე მაყურებელი შეიკრიბა თბილისური გუნდის საქომაგოდ, რადგან მსგავსი პაექრობა ყოველთვის დიდი ინტერესს იწვევდა. უკომპრომისო მეტოქეობის, უხეში და სწრაფი თამაშის მიუხედავად, მოთმინება არავის დაუკარგავს, მხოლოდ ერთი-ორი ფეხბურთელი წაკინკლავდა მსუბუქად. მატჩი საყაიმო ანგარიშით - 2:2 დასრულდა, ამიტომ ცაშიც ორი მტრედი აფრინეს. ადრე, საქართველოში ყველა შეჯიბრების შემდეგ მტრედებს უშვებდნენ. თეთრი ფრინველი - გამარჯვებას, შავი კი, მარცხს განასახიერებდა და ადგილობრივებს შეჯიბრების შედეგს ამცნობდა...


...მაღაზიები მოვიარეთ. უნივერმაღში ხალხიც ბევრი იყო და საქონელიც, თუმცა ყველაფერი ძვირი ღირდა. ბამბის პერანგი 65 მანეთი, რეზინის ჩექმები - 300, საბეჭდი მანქანა კი, 3 ათასი მანეთი დაგვიფასეს. მოგვიანებით მუშთაიდის ბაღში გავისეირნეთ და საბავშვო რკინიგზა ვნახეთ ნამდვილი, თუმცა მცირე გაბარიტების მატარებლით, რომელსაც დეტალებიც მცირე ზომის ჰქონდა. რკინიგზას ბავშვები ემსახურებოდნენ, ინჟინერად, მეისრედ, სადგურის უფროსად და მემანქანედ მოზარდები მუშაობდნენ. საოცარი სერიოზულობით ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას და ძალიან ამაყობდნენ, რადგან თბილისში განსაკუთრებულ პატივად ითვლებოდა საბავშვო რკინიგზაზე მუშაობა...

...თბილისს ღამეებიც ჯადოსნური სცოდნია, ჰაერი მსუბუქი, მშრალი და რბილი იყო. საღამოს ქალაქი გოგო-ბიჭებით აივსო, რომლებიც სიმღერით ართობენ ერთმანეთს და საკუთარ თავს. ახალგაზრდა კაცებს გემოვნებით ეცვათ - თეთრი აბრეშუმის ტუნიკა და გრძელი ვიწრო შარვალი შავი ფეხსაცმლით, წელზე კი, წვრილი ქამარი ჰქონდათ შემორტყმული. სხვა ხალხებთან შედარებით ქართველები ყოველთვის ბევრად ლაღები და თავისუფლები, გულღიები, მხიარულები იყვნენ და სწორედ ამიტომ ეთაყვანებოდნენ რუსები...
საქართველო - უძველესი ცივილიზაციის ნაწილი
...თბილისი შედარებით ახალი დედაქალაქია, რადგან 1500 წლის წინ ქვეყნის ცენტრი ჩრდილოეთით, 30 კილომეტრის დაშორებით იყო. ნაშუადღევს ძველ ქალაქში წავედით. ქვა-ღორღიან გზაზე ურმები, სატვირთოები და ჯარისკაცები მოძრაობდნენ გერმანული მოტოციკლეტებით. გზის ორივე მხარეს, მთებსა და კლდეებზე ეკლესიები, ციხესიმაგრეები გაეშენებინათ. ქართველები 3 ათასი წლის მანძილზე იცავდნენ აქაურობას მტრებისგან და ყველა ნაგებობას თავისი ისტორია ჰქონდა. გზად ორი ჰიდროელექტროსადგური შეგვხვდა, ერთ-ერთზე ხიდი იყო გადებული, რომელიც პომპეუსს აეგო, როცა რომაელები გადმოვიდნენ ხეობაზე...


...ძველ ქალაქს მცხეთა ერქვა. ქალაქთან ახლოს, მთის წვერზე მე-6 საუკუნეში აგებული ტაძარი იყო, რომელმაც ასწლეულების მიუხედავად შეინარჩუნა დიდებულება. ქალაქში ლამაზი გალავნიანი ეკლესია ვნახეთ. კედლებს ქონგურები ჰქონდა, რკინის კარს კი, უზარმაზარი ბოქლომი ედო. ეკლესიის მომვლელი შავგვრემანი ქალი აღმოჩნდა, რომელმაც გასაღები მოიტანა და კარი გაგვიღო. არწივის სახე და მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა, შავი კაბა ეცვა, თავსა და ყელზე კი, ისე ჰქონდა შავი თავსაფარი შემოხვეული, მარტო სახე უჩანდა. სავარაუდოდ, მონაზონი უნდა ყოფილიყო...

...უძველესი ეკლესიის ეზოში ძონძებში გახვეული გაძვალტყავებული კაცი დაგვხვდა. ისეთი უცნაური იყო, ჩვენ რომ შეშლილს ვეძახით. მარჯვენა ხელში ბუმბული ეჭირა, თავგამოდებით იქნევდა და თხებს ელაპარაკებოდა, რომლებიც ხან მას აშტერდებოდნენ, ხან ბალახს წიწკნიდნენ. ჩვენს დანახვაზე კაცმა ბუმბული გაიქნია, ქედმაღლურად გადმოხედა და ხმამაღლა დატუქსა თხები. საოცარი სანახაობა იყო, დიდხანს ვერ მოვწყვიტეთ თვალი...

...ეკლესიის ძველი ფრესკები დროს გაეხუნებინა, მუქი ფერის ხატები კი, ოქროს ჩარჩოში ჩაესვათ. ფრთხილად ვმოძრაობდით, ფრესკებს, ხატებს ვათვალიერებდით და ისეთ სიმშვიდეს, სიმსუბუქეს ვგრძნობდით, მემგონი საკუთარ თავთანაც შევძელით შერიგება. ეკლესიიდან რომ გამოვედით, რკინის კარს ისევ ბოქლომი დაადეს, ძონძებით შემოსილი შეშლილი კი, ეზოში დარჩა ბუმბულის ქნევითა და თხების დამოძღვრით...

...ხეობა თბილისის ჩრდილოეთით, სადაც უძველესი ცივილიზაციის ნაშთებია შემორჩენილი, ნამდვილი სამოთხეა არქეოლოგებისთვის. ერთ-ერთი ექსპედიციის დროს იქ უძველესი მონეტები უპოვიათ, რომელთაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და უძველესი ცივილიზაციი9ს კუთვნილება. უნიკალური აღმოჩენის შემდეგ პომპეუსის ხიდი სრულიად ახალ ნაგებობად მოგვეჩვენა, ჰიდროელექტროსადგური კი, საერთოდ წარმოუდგენელი აბსურდი აღმოჩნდა ამგვარი ანტიკურობის ფონზე. კაპას ოთხი ობიექტის - ჰიდროელექტროსადგურის, ლენინის ძეგლის, მე-5 საუკუნეში აგებული ეკლესიისა და ოთხკუთხა შუმერული საფლავის ერთად გადაღება უნდოდა, თუმცა უფლება არ მისცეს, რადგან ჰიდროელექტროსადგური სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი ყოფილა და მისი ფირზე აღბეჭდვა არ შეიძლებოდა...
ჭიდაობის ტურნირი გორში
...ის ვენახები გვინდოდა გვენახა, სადაც ქართული ღვინისთვის იკრიფებოდა ყურძენი. ვიწრო ხეობაში შევედით, მთის კალთებზე ფერმები და ვენახები გაეშენებინათ. ყურძენი ახლა იწყებდა დამწიფებას, ხეხილის ბაღებში კი, ვაშლის, ქლიავისა და ალუბლის ხეები ყვაოდნენ... სოფლის პირას, ვენახთან შევჩერდით წასახემსებლად. ასამდე ადამიანი შეკრებილიყო, საუკეთესო სამოსი ჩაეცვათ და ჩუმად იდგნენ. მერე ოთხი კაცი სახლში შევიდა, კუბო გამოიტანა და დანარჩენებთან ერთად რწევა-რწევით გაუყვა გზას მთისკენ, მიცვალებულის დასაკრძალად. დიდხანს ვუყურეთ როგორ პატარავდებოდნენ ადამიანები მთის სასაფლაოსკენ მიმავალ მიხვეულ-მოხვეულ ბილიკზე... ვენახში გადავედით, ხიზილალით, ძეხვით, ბატკნის შემწვარი ხორცით და ქორფა პომიდვრით წავიხემსეთ, ღვინო მივირთვით, უკვე დამწიფებული ყურძენი დავკრიფეთ და მუცელი ამოვივსეთ. ცხადია, ცუდი დღე დაგვადგა, მაგრამ მაინც კარგად ვიყავით, რადგან ჰაერში მცენარეების სურნელი ტრიალებდა და სასიამოვნოდ გრილოდა...


...რუსების დიდი ბელადის, სტალინის მშობლიურ ქალაქში - გორში ჩავედით. მთებით გარშემორტყმული ქალაქის ცენტრში, კლდოვან ბორცვზე უზარმაზარი ციხე იდგა, რომელიც ოდესღაც ქალაქს იცავდა და ადგილობრივების თავშესაფარი იყო... გორის პარკში გავისეირნეთ. ხრეშიან ბილიკებს მივუყვებოდით, როცა უჩვეულო ჰანგები შემოგვესმა. ხალხურ მუსიკას ჰგავდა, იქით წავედით, საიდანაც ხმა მოდიოდა და სამი კაცი დავინახეთ. ორი ფლეიტის მსგავს ინსტრუმენტზე უკრავდა და ლოყებს ბერავდა, მესამე კი, გამეტებით ურტყამდა დოლზე. მუსიკოსები ხის ღობესთან იდგნენ, ბავშვები კი, ხეებზე ამძვრალიყვნენ და ზევიდან დაჰყურებდნენ ღობის იქით გამართულ სანახაობას.

ქალაქში ჭიდაობის ეროვნული ტურნირი იმართებოდა, იმ დღეს კი, ფინალური შეხვედრა იყო რესპუბლიკის ჩემპიონის გამოსავლენად. არენის მსგავს საჭიდაო მოედანზე, რომელიც დაახლოებით 35 ფუტის დიამეტრისა იქნებოდა ნახერხი დაეყარათ, ერთ მხარეს მსაჯების მაგიდა იდგა, მის უკან კი, მოჭიდავეები იცვლიდნენ სამოსს.

ადგილობრივებმა განსაკუთრებული პატივისცემა გამოიჩინეს ჩვენს მიმართ, მე საუკეთესო ადგილზე დამსვეს, კაპას კი, ბილიკი გაუკეთეს ფოტოების გადასაღებად, წინა რიგში ჩამოსხდნენ მუსიკოსებიც... უჩვეულოდ გამოწყობილი მოჭიდავეები, რომელთაც ტილოს უსახელო პერანგები, მოკლე შარვლები ეცვათ და ტილოს ქამრები ჰქონდათ შემოჭერილი, ჯერ მსაჯების მაგიდასთან მიდიოდნენ, მერე წრეში დგებოდნენ, ერთმანეთს უყურებდნენ და ბრძოლაში ებმებოდნენ. ქართული ჭიდაობა ჯიუ-ჯიცუს ჰგავს. მეტოქეებს მხოლოდ სამოსზე - პერანგსა და ქამარზე შეუძლიათ ხელის წავლება, ერთმანეთის ჩაბღაუჭების შემდეგ კი, ყველაფერი სისწრაფესა და მოხერხებულობაზე, მარტივი ილეთების ოსტატურად გამოყენებასა და წონასწორობის დაცვის უნარზეა დამოკიდებული.

პაექრობა მანამდე გრძელდებოდა, სანამ ერთი მეტოქე მეორეს არ დააგდებდა მიწაზე. შერკინებას ველური მუსიკა უწევდა აკომპანიმენტს, რომელიც ერთ-ერთი ფალავნის მიწაზე დაგდებისთანავე ჩუმდებოდა. რამდენიმე მოჭიდავე ძალიან სწრაფად დამარცხდა, მეტოქემ ჯერ ჰაერში ააგდო, მერე კი, მიწაზე დაანარცხა. რაც უფრო მეტი ფალავანი ერთვებოდა პაექრობაში, მით უფრო იზრდებოდა მაყურებლის აზარტი, თუმცა ჩვენ წასასვლელად მოვემზადეთ, რადგან საღამოს შავი ზღვის მატარებელს მივყვებოდით აჭარაში...

"...თქვენ ჯერ საქართველო არ გინახავთ..."
...დილას ადრე გავიღვიძეთ და სულ სხვა მიწაზე, მდიდარ და მშვენიერ აჭარაში აღმოვჩნდით. მატარებლის ფანჯრიდან დავტკბით სიმწვანეში ჩაფლული, ოჩოფეხებზე შემდგარი სახლების, პალმების, ფორთოხლის ხეებისა და აყვავილებული ჰიბისკუსების ცქერით, რომლებიც მთებს მოჰფენოდა. ლიანდაგებს სიმინდის ყანები მიუყვებოდა, ზოგან სიმინდი ადამიანზე ორჯერ მაღალი იზრდებოდა... ადგილობრივები დილაადრიან გამოსულიყვნენ სახლებიდან, ქალებს ზუსტად ისეთი ხასხასა ფერის, მოჩითული კაბები ეცვათ, როგორც ტროპიკულ მხარეს სჩვევია, თავზე კი, წითელი, ყვითელი და ცისფერი თავსაფრები წაეკრათ... ბამბუკის და გვიმრის ტყეები, თამბაქოს მინდვრები გავიარეთ და ჩაის ბაღების მხარეში გავედით. პლანტაციაში ქალები მუშაობდნენ, მათი თითები პაწაწინა ჩიტებივით დაფრთხიალებდნენ ბუჩქებს შორის...

...მატარებელი შავი ზღვის სანაპიროს გაუყვა. კონცხზე, რომელიც გიგანტურ საზაფხულო კურორტად ქცეულიყო, ყოველ ფეხის ნაბიჯზე სასტუმროები და სანატორიუმები წამოეჭიმათ, პლაჟები დილიდანვე მოცურავეებს გაევსოთ, რადგან მთელი საბჭოთა კავშირი იქ ისვენებდა. მშვიდი ზღვა რომ ვიხილეთ და თბილი ჰაერი ჩავისუნთქეთ, მივხვდით რატომ გვიმეორებდნენ ყველგან და ყოველთვის, "თქვენ ჯერ საქართველო არ გინახავთო"...

"...ქართული ჩაი საუკეთესოა, რაც კი ოდესმე გამისინჯავს..."
ბათუმი - შავი ზღვის საპორტო ქალაქია თავისი პლაჟებითა და სასტუმროებით, პარკებითა და ფართო ქუჩებით. საბჭოთა კავშირის ყველაზე მდიდრული სასტუმრო "ინტურისტიც" ბათუმშია, სადაც მყუდრო და კეთილმოწყობილი ოთახი დაგვხვდა დიდი აივნითა და ჭერის სიმაღლის ფანჯრებით. მატარებელში გატარებული ღამის შემდეგ ძალიან გვინდოდა დასვენება, მაგრამ ძილის დრო არ იყო...

...ადგილობრივი სანატორიუმის სტუმრობის შემდეგ ჩაის ფაბრიკის ნახვა გადავწყვიტეთ. ზღვის სანაპირო გავიარეთ და მწვანედ შეფოთლილ მთებს შორის, ხეობით გავედით ბარში, სადაც რამდენიმე მილზე გაჭიმულიყო ჩაის ბუჩქები... საბჭოთა მეურნეობაც ამერიკული კორპორაციის მსგავსად იმართებოდა, მენეჯერი ჰყავდა, მმართველთა საბჭო და რა თქმა უნდა, მუშები, რომლებიც ახალაშენებულ კორპუსებში, საკუთარ ბინებში ცხოვრობდნენ. ძალიან დიდი მეურნეობა იყო, თავისი ორკესტრით, სკოლით და საბავშვო ბაღით, სადაც სამუშაოდ წასული ქალები ტოვებდნენ ბავშვებს.

...კაცები მიწას ამუშავებდნენ, ჩაის კი, ძირითადად ქალები კრეფდნენ. ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ჩაის სწრაფად კრეფაში მიეღო მედალი, სინათლის სიჩქარით მოძრაობდა, ოსტატურად კრეფდა ქორფა ფოთლებს და კალათში აგროვებდა. ჭრელი თავსაფრები მწვანე ბუჩქების ფონზე ულამაზეს კომპოზიციას ქმნიდნენ და ფერწერულ ტილოზე დახატულებს ჰგავდნენ. მთის ძირას სატვირთო იდგა, რომელიც ახლად მოკრეფილ ჩაის იბარებდა და ფაბრიკაში მიჰქონდა გადასამუშავებლად. წარმოებას მხოლოდ ქალები ხელმძღვანელობდნენ. დირექტორიც და დეგუსტატორებიც ქალები იყვნენ. ისინი მართავდნენ დანადგარებს და გამოსაშრობ ღუმელებს, ახარისხებდნენ და ფუთავდნენ ჩაის, მამაკაცები კი, მხოლოდ მძიმე ყუთებს ეზიდებოდნენ.

ფაბრიკის დირექტორი, დაახლოებით 45 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი, სასოფლო-სამეურნეო სკოლის კურსდამთავრებული აღმოჩნდა. მისი ფაბრიკა რამდენიმე სახეობის, მათ შორის უმაღლესი ხარისხის, ციმბირში გასაგზავნ აგურის ჩაის უშვებდა და ძალიან ამაყობდა. ჩაი რუსების საყვარელი სასმელი იყო, აჭარაში კი, მისი წარმოება ყველაზე მნიშვნელოვან დარგად ითვლებოდა. წამოსვლისას ფაბრიკის დირექტორმა საუკეთესო ჩაი გამოგვატანა, რომელსაც საუცხოო არომატი ჰქონდა. საქართველოში ყავის სმას თავი დავანებეთ და ჩაის შევეჩვიეთ, რადგან ქართული ჩაი მართლაც საუკეთესოა, რაც კი ოდესმე გამისინჯავს...

...საბავშვო ბაღი მოვინახულეთ. კაპას პატარა გოგონა მოეწონა გრძელი ხვეული თმითა და უზარმაზარი თვალებით. ფოტოს გადაღება უნდოდა, მაგრამ გოგონას შერცხვა და ატირდა. ბაღის აღმზრდელისგან გავიგეთ, რომ უკრაინელი ობოლი ყოფილა, ქართულ ოჯახს უშვილია და ჯერ ვერ შეეჩვეოდა იქაურობას, ქართული ენა ვერ უსწავლია, თავს უცხოდ გრძნობდა და ყველაფერზე ტიროდა. ბევრმა ქართულმა ოჯახმა შეიფარა ბავშვები ომით დაზარალებული რეგიონებიდან. მდიდარ ქვეყანას ზარალი არ განუცდია და ქართველებმაც საკუთარ მოვალეობად ჩათვალეს სხვების დახმარება...

...ადგილობრივების სახლები დავათვალიერეთ. ყველა მოსახლეს საკუთარი ბოსტანი და ხეხილის ბაღი ჰქონდა. ზოგი წაბლით, მსხლითა და ყურძნით, ზოგი კი ყველითა და ახლად გამომცხვარი პურით გაგვიმასპინძლდა. უარი ვერ ვთქვით, ყველაფერი გავსინჯეთ და ქართული არაყიც დავაყოლეთ, თუმცა არავის ვურჩევ, რადგან ისეთი სასმელია, ძირს რომ დააგდებს კაცს. სინამდვილეში, არაყი ნაკლებად, უფრო გრაპია - გამოხდილი ღვინო, რომელიც ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა ჩვენთვის...
ქართული ლხინი და ტრადიციები
...ჭამით მუცლები რომ ამოვივსეთ, მეურნეობის მენეჯერს გადავეყარეთ. მაღალი, ხმელი, პირდაპირი და უშუალო კაცი იყო პარტიზანული უნიფორმითა და თავზე მომდგარი ქუდით. სახლში მიგვიწვია თითო ლუკმისა და ღვინის გასასინჯად. მუცლები გვისკდებოდა, მაგრამ თავაზიანობა გამოვიჩინეთ, უარი ვერ ვუთხარით და ძალიან შევცდით, რადგან უნდა გვცოდნოდა რას ნიშნავდა "თითო ლუკმა"... იმდენი ხალხი დაგვხვდა ეზოში, მივხვდით, თითო ლუკმისთვის არ შეიკრიბებოდნენ. სახლიდან ორი გოგონა გამოვიდა, დოქები გამოიტანეს, ხელ-პირი დაგვაბანინეს და თეთრი პირსახოცები მოგვაწოდეს წითელი ნაქარგით. სახლში გრძელი დერეფნით შევედით და დიდ დარბაზში აღმოვჩნდით, კედლებზე ხასხასა ფერებით ნაქსოვი ხალიჩები ეკიდა, იატაკზე კი, ჭილოფი ეფინა. მაგიდის დანახვაზე კინაღამ გული გაგვისკდა, რადგან დაახლოებით 14 ფუტის სიგრძეზე დაეხვავებინათ საჭმელი.

ჯერ შემწვარი ქათამი მივირთვით, რომლის ულუფა ნახევარ ქათამს შეადგენდა, მერე ცივად მოხარშული დედალი მოგვართვეს სუნელებით შეკმაზული მწვანე საწებლით, ყველის ჩხირებით და პომიდვრის სალათით, ბოლოს კი, ქართული მწნილით, სქელ სოუსში მოთუშული ცხვრის ხორცითა და უცნაური კერძით გაგვიმასპინძლდნენ, რომელიც შემწვარ ყველს ჰგავდა. მაგიდის ცენტრში ქართული ხორბლის პურის დიდი ნაჭრები დაედოთ, იქვე იყო ხილიც - ყურძენი, მსხალი და ვაშლი. ყველაზე მეტად იმან შეგვაშინა, რომ ყველა კერძი გემრიელი იყო და ყველას გასინჯვა გვინდოდა, არადა, ამდენი ჭამით უკვე ცუდად ვიყავით. კაპას, რომელიც ვიწრო წელით და ხმელი აღნაგობით ამაყობდა, ღაბაბი ჩამოეკიდა, თვალები სისხლით აევსო და ბუდეებიდან გადმოუცვივდა. მძიმე დღეში აღმოვჩნდით, რადგან თუ არ ვჭამდით, გვაძალებდნენ, შევჭამდით და იმ წამსვე თეფშებს გვივსებდნენ. ამასობაში, ადგილობრივი ღვინით სავსე დოქები ჩამოდგეს. გემრიელი ღვინო იყო, მსუბუქი და არომატული, სავარაუდოდ, სწორედ იმ ღვინომ გვიხსნა სიკვდილისგან.

ღვინის დეგუსტაციის შემდეგ მასპინძელი წამოდგა, სამზარეულოდან მისი მეუღლე გამოვიდა და გვერდით ამოუდგა. ლამაზი ქალი იყო, შავი თვალები და მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა. მასპინძელმა ჩვენი კარგად ყოფნის და შეერთებული შტატების კეთილდღეობის სადღეგრძელო შესვა, მერე კი, საუკეთესო მეგობარი დანიშნა თამადად. ქართული ტრადიციით, თამადა, რომელსაც ყოველთვის მასპინძელი ასახელებს, აუცილებლად კარგი ორატორი უნდა იყოს, რადგან სუფრაზე მხოლოდ მას აქვს სადღეგრძელოს თქმის უფლება. ჩვენმა თამადამ გრძელი სიტყვა თქვა, რომელიც უფრო გაჭიანურდა, რადგან ყველა წინადადებას ჯერ ქართულიდან რუსულად, მერე რუსულიდან ინგლისურად გვითარგმნიდნენ და არავინ იცის, რამდენი დაიკარგა ამ გადათარგმნა-გადმოთარგმნაში.

როგორც უცხოელებს, თამადის სადღეგრძელოზე პასუხის გაცემის უფლება მოგვცეს. ჩვენ "ფარდების ჩამოგლეჯვის" სადღეგრძელო ვთქვით. ნებისმიერი ფარდის - რკინის და ნეილონის, პოლიტიკურის და ეკონომიკურის, სიყალბის და ცრურწმენის ფარდის ჩამოგლეჯვის. ჩვენი მოსაზრება გამოვთქვით, რომ ფარდები ყოველთვის ომის პრელუდიაა და თუ რომელიმე ქვეყნის ლიდერი საკუთარი სისულელით დაიწყებს ომს, აუცილებლად უნდა გაასამართლოს ხალხმა, რადგან ყველა ომსმოწყურებულმა სულელმა უნდა იცოდეს, რომ თანამედროვე სამყაროში ომებს გამარჯვებული არ ჰყავს. ნებისმიერი ლიდერი, ვინც ომის დაწყებას მოინდომებს, შეშლილი კრიმინალივით უნდა შეიპყრონ და სამუდამოდ აუკრძალონ პოლიტიკური საქმიანობა... ჩვენი ემოციური გამოსვლის შემდეგ, ისევ ღვინით შეივსო ჭიქები. ყველა ფეხზე წამოდგა, ჯერ გვერდით მჯდომს გაუკეთა ხელკავი, მერე კი, იმავე ხელით შესვა თასიდან ღვინო, რადგან ასეთია ქართული ლხინის წესი...

...ჩვენი ნაცნობი ქართველები ძალიან ჰგავდნენ უელსელებს - ათი კაცი თუ შეიკრიბა, შვიდი აუცილებლად კარგად მღერის. ჩვენს წვეულებაზეც წამოიწყეს სიმღერა. საომარი და მთაში გახიზნული მწყემსების სიმღერა, გუნდური, მრავალხმიანი და მომაჯადოვებელი სიმღერები. იმდენად კარგი ხმები ჰქონდათ, ისე შეხმატკბილებული მღეროდნენ, პროფესიონალთა გუნდი გეგონებოდა, თუმცა არცერთი არ იყო მომღერალი. ტემპს რომ აუჩქარეს, ორმა კაცმა სკამი ამოატრიალა, მუხლებზე დაიდო და დოლივით დაუკრა. ჯერ მამაკაცები წამოიშალნენ, მერე ქალები გამოვიდნენ სამზარეულოდან და რიტმული ცეკვა გააჩაღეს. მამაკაცთა გუნდის, დოლზე დაკვრისა და ტაშისკვრის წყალობით საოცარი მუსიკა შეიქმნა. ხან კაცი ცეკვავდა, ხან ქალი, ხან ორივე ერთად, სწრაფი ნაბიჯით, ემოციურად და შეძახილებით, რადგან ასეთია ქართული ცეკვა...

"...საოცარი ქართველები ყველაფერში გვჯობიან..."
...იმ ღამით თბილისის მატარებელს გავყევით. დაახლოებით დილის 11 საათზე ჩავედით ქალაქში და პირდაპირ სასტუმროში წავედით. საღამოს წვეულებაზე ვიყავით მიწვეული, მანამდე კი, დასვენება გვინდოდა... მთის წვერზე საბაგირო რკინიგზით ავედით. უზარმაზარი რესტორანი ხეობას გადაჰყურებდა. ღამის ცა ოქროსფრად ბრწყინავდა, მოციმციმე ქალაქი კი, ბრილიანტის ასხმას ჰგავდა. დიდი წვეულება იყო, უზარმაზარი მაგიდა გაეშალათ და ქართველი ხელოვანები მოეწვიათ.
.jpg)
სადილი ტრადიციულად, გრძელი სიტყვით დაიწყო, თუმცა გულღია და ხალისიანი ქართველები დიდხანს ვერ უძლებენ დაძაბულობას და ძალიან არ უყვართ ფორმალობა, ამიტომ ჯერ სიმღერა შესძახეს, მერე ცეკვა გააჩაღეს. კაპამაც იცეკვა, დიდი ვერაფერი, მაგრამ მაინც იცეკვა. მე ულამაზესი ქალბატონი გამოვიცეკვე, რომელიც ქართული ცეკვის საუკეთესო შემსრულებელი აღმოჩნდა... ქუჩიდან უცნობები შემოგვიერთდნენ სიმღერით, პოლიციელებმა საქმის გარკვევა სცადეს, თუმცა არაფერი გამოუვიდათ და თვითონაც ამღერდნენ. საოცარი წვეულება იყო, მშვენიერი დრო გავატარეთ, გამთენიისას კი, სასტუმროში დავბრუნდით. აეროპორტში ვჩქარობდით, რადგან რამდენიმე საათში მოსკოვში ვბრუნდებოდით...

...შავ ზღვას გადავუფრინეთ და ისევ სოხუმში დავეშვით. ქალები ისევ აეროპორტთან ისხდნენ და ხილს ჰყიდდნენ. დიდი ყუთით ატამი ვიყიდეთ მოსკოვში, ამერიკელი კორესპონდენტებისთვის წასაღებად, რადგან მათ არც უნახიათ, არც უგემიათ ის ზღაპრული ქვეყანა, რომელსაც ჩვენ გავუსინჯეთ გემო... საქართველო მართლაც უმდიდრესი, უმშვენიერესი ქვეყანაა და ხალხიც საოცარი ცხოვრობს. ქართველები ყველაფერში გვჯობიან. ჭამაც ჩვენზე კარგად იციან, სმაც და ცეკვა-სიმღერაც. იტალიელებივით მხიარულები და ბურგუნდიელებივით ძლიერები არიან. ყველაფერი გამოსდით, რასაც ხელს მოჰკიდებენ და ბევრად განსხვავდებიან რუსი ხალხებისგან, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ საბჭოელები ასე ადიდებენ და აღმერთებენ მათ. ბევრს უნდოდა ქართველის დამარცხება, მაგრამ მისი სული ვერავინ გატეხა, ნირი ვერ შეუცვალა, თვითმყოფადობა ვერ დაუკარგა. ხან მეფის რუსეთის არმიებმა სცადეს, ხან სხვა დამპყრობლებმა, მაგრამ იარაც ვერ დაამჩნიეს ქართველების უძლეველ სულს...



