ვინ არის ბენქსი? მოუხელთებელი ქუჩის მხატვრის ვინაობის გამჟღავნება
სამი ათწლეულის განმავლობაში ბენქსი ეჭვქვეშ აყენებდა ავტორიტეტების გავლენას, დასცინოდა მომხმარებლურ კულტურას და საჯარო სივრცეებს მწვავე ტილოებად გარდაქმნიდა, ამავდროულად, თავის ნამდვილ ვინაობას არ ამხელდა. ნამუშევრები მისი ხელწერით ხშირად ჩნდება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, რაც გლობალურ დებატებს იწვევს, თუმცა „დამნაშავე“ საზოგადოების ყურადღებას გაურბის. პრესის მიერ ხშირად აღწერილი, როგორც „მოუხელთებელი“ და „იდუმალი“, „პარტიზანი ქუჩის მხატვარი“ ზოგისთვის გმირია, ზოგისთვის კი - ვანდალი. თუმცა ვინ არის ადამიანი, ვინც ამ სტენსილებს მიღმა დგას? Reuters-ის გამოძიებით აღნიშნულ თემაზე დებატები განახლდა და ამით მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქუჩის მხატვრის ვინაობა საბოლოოდ გამოვლინდა. თუმცა ბევრი გულშემატკივარი თვლის, რომ საინფორმაციო სააგენტო შეცდა და სპეკულაციები გრძელდება.
როგორ დაიწყო ბენქსის კარიერა?
სავარაუდოდ, ბენქსი ბრისტოლის სამშობიარო სახლში 1970-იანი წლების დასაწყისში დაიბადა. მან პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 1990-იანი წლების დასაწყისში სპრეით ხატვა დაიწყო და მთელ ბრისტოლში თავისი ახლა უკვე საფირმო სტენსილების დიზაინს ქმნიდა. 1999 წელს თინეიჯერებისთვის ის ხელოვნების გაკვეთილებსაც ატარებდა ლოურენს ვესტონში და იმავე წელს შექმნა სტოუკს კროფტში თავისი ცნობილი მურალი - „რბილი, რბილი დასავლეთი“. ამ სემინარების ამსახველი ფოტოები, რომლებიც ექსკლუზიურად BBC-მ მოიპოვა, მისი არქივიდან ერთ-ერთი უძველესია. ითვლება, რომ მისი ნამუშევრები ქალაქის მუსიკითა და ხელოვნებით არის შთაგონებული.
ბენქსისკენ მიმავალი გზა
2000-იანი წლების შუა პერიოდისთვის ბენქსის ნამუშევრები უფრო ამბიციური გახდა და გამოჩნდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, რამაც მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მისმა მითიურმა სტატუსმა ავტორიტეტებისადმი ცინიკურად განწყობილ მხატვარს ან სულ მცირე, მის ბრენდს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. მისი ნამუშევრების გამოფენებზე ბილეთები სრულად გაიყიდა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ლოს-ანჯელესი და ლონდონი. ბენქსის პოლიტიკური შინაარსით დატვირთული ნამუშევრები ძალიან ძვირად იყიდებოდა და მის კლიენტებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან ბრედ პიტი, პოლ სმიტი და კრისტინა აგილერა.
2010 წლის დოკუმენტური ფილმი „გასასვლელი საჩუქრების მაღაზიის გავლით“, რომელშიც ასახული იყო ბენქსი მუშაობის პროცესში, „ოსკარისა“ და BAFTA-ს ნომინაციაზე იყო წარდგენილი. 2015 წელს, მან ვესტონ-სუპერ-მეარში მდებარე ტროპიკანა-ბიჩი, რომელსაც ოდესღაც ბავშვობაში სტუმრობდა, პროვოკაციულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად - „დისმალენდად“ აქცია. სამი წლის შემდეგ, უაღრესად თეატრალიზებულ წარმოდგენაში, მან Sotheby's-ის აუქციონზე თავისი ნამუშევარი „გოგონა ბუშტით“ ადგილზე გაანადგურა და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ნახატი 1 მილიონ ფუნტად გაყიდა.
კიდევ რა ვიცით ბენქსის შესახებ?
მის ადრინდელ ნამუშევრებთან შედარებით, შუახნის ასაკის მოახლოებასთან ერთად, მხატვრის ნამუშევრები სულ უფრო პირდაპირი და პოლიტიკურად დატვირთული გახდა. უკრაინაში მიმდინარე ომის თემა ბენქსის შემოქმედებაში 2022 წლის ნოემბერში გამოჩნდა. პროტესტის უფლება და იმიგრაციაც ის თემებია, რომელთაც მხატვარი ბოლო დროს შეეხო. მისი მორიგი მურალი გამოჩნდა ორი დღის შემდეგ, რაც თითქმის 900 ადამიანი დააკავეს ლონდონში პროპალესტინურ საპროტესტო აქციაზე. თუმცა მისი ყველა ნამუშევარი არ არის აშკარად პოლიტიკური, ბევრი მათგანი საზოგადოების შესახებ კომიკურ ან სარკასტულ გზავნილს ატარებს.
2021 წელს, ქუჩის ხელოვნების 10 ნამუშევარი სახელწოდებით - The Great British Spraycation გამოსახავდა ჩიფსების მოსაპოვებლად მიმავალ თოლიებს, ქვიშასა და ნავებში მოთამაშე ბავშვებსა და შეზლონგზე მწოლიარე ვირთხას, რომელიც კოქტეილს მიირთმევდა. 2024 წლის ზაფხულში, ლონდონში ველური ბუნების თემატიკის ნამუშევრები გამოჩნდა, თუმცა როგორც ხშირად ხდება, ყველა მათგანი ხელუხლებლად ვერ გადარჩა. კერძოდ, სპილოები სწრაფად გადახაზეს, მგელი, როგორც ჩანს, ბენქსის ნამუშევრად დადასტურებიდან რამდენიმე საათში მოიპარეს და კატა იმავე დღეს წაშალეს.
„ნიღბიანი ჯვაროსანი“
ბრენდლერის ხელოვნების გალერეების დირექტორი, ჯონ ბრენდლერი თვლის, რომ ბენქსისთვის ანონიმურობის შენარჩუნება მოსახერხებელია, „რათა ქუჩაში ისე იაროს, რომ ვერავინ იცნოს“. თუმცა ის ამტკიცებს, რომ ბენქსის ბრენდი მაინც გადარჩებოდა. „ხელოვნების სამყაროში ამას მნიშვნელობა აღარ აქვს “, - თქვა მან. „როდესაც ის იწყებდა, ანონიმურობა ეხმარებოდა მას, როგორც ნიღბიან ჯვაროსანს, მაგრამ ახლა ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. მისმა გუნდმა ბენქსის ბრენდი იმდენად წარმოუდგენლად წარმატებული გახადა, რომ მას არანაირი ცვლილება არ მოჰყოლია. ის ძალიან ჭკვიანია. ეს ბრწყინვალე მარკეტინგია“, - დასძინა ბრენდლერმა.


