„ალესილი კეპებიდან“ „ფრანკენშტეინის პატარძლამდე“: გაზაფხულზე საყურებელი 5 საუკეთესო ფილმი BBC-ისგან
წლევანდელი გაზაფხული კინემატოგრაფიულად დატვირთული გამოდგა - ჯესი ბაკლის „ფრანკენშტეინის პატარძლით“ დაწყებული, ტომი შელბის დებიუტით დასრულებული. BBC-მ წარმოადგინა იმ ფილმების ხუთეული, რომელიც გაზაფხულზე კინოთეატრებსა თუ სახლში უნდა ნახოთ.
1. ალესილი კეპები: უკვდავი კაცი
ტელესერიალი Peaky Blinders-ი („ალესილი კეპები“) ეხება ბირმინგემის ქუჩის ბანდის ცხოვრებას 1920-30-იან წლებში. სერიალმა, რომელიც 2013-დან 2022 წლებში გამოდიოდა, კილიან მერფი მთავარ ვარსკვლავად აქცია და მისი სავიზიტო ქუდიც მოდურ აქსესუარად აქცია. სწორედ ამიტომ, ე.წ. სპინ-ოფ ფილმის ანონსი არავის გაჰკვირვებია. „უკვდავი კაცის“ მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება, სადაც მერფის ანტიგმირი ტომი შელბი გერმანული ბომბებით განადგურებულ ბირმინგემში ბრუნდება. ფილმში სერიალის უკვე კარგად ნაცნობ სახეებთან ერთად მონაწილეობენ ახალმოწვეული ვარსკვლავები, მათ შორის - რებეკა ფერგიუსონი, ტიმ როთი და ბარი კეოგანი (ტომი შელბის შვილის ამპლუაში). თუმცა ისმის კითხვა: იქნება თუ არა ეს ბოლო შემთხვევა, როდესაც თავად ტომის ვხედავთ? სერიალის შემქმნელმა და ფილმის სცენარისტმა სტივენ ნაითმა არაფერი დაადასტურა. „ვიმედოვნებ, ეს რომანის დასასრულს ჰგავს“, - განუცხადა მან ჟურნალ Empire-ს. „ეს გრძელი რომანის ბოლო რამდენიმე თავია, რომელშიც შეგიძლია ყველაფერი დაასრულო და ადამიანები მომავალი მოვლენებისთვის მოამზადო“- დასძინა მან. ფილმის პრემიერა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კინოთეატრებში 6 მარტს შედგა, ხოლო Netflix-ზე მსოფლიო მასშტაბით 20 მარტს გამოვიდა.
2. ჰოპერსი
Pixar-ის 30-ე ანიმაციური ფილმი „ჰოპერსი“ მოლაპარაკე ცხოველების უკვდავი კლასიკისადმი ახალ მიდგომას იყენებს. სიუჟეტი მოგვითხრობს გოგონაზე - სახელად მეიბლი (გახმოვანებულია პაიპერ კურდას მიერ), რომელიც რობოტი თახვის სხეულში „გადახტება“. ეს მას საშუალებას აძლევს, დაუკავშირდეს ყველა სახის ცხოველს და მალევე აღმოაჩენს, რომ მათ ადამიანების მხრიდან არასათანადო მოპყრობა მობეზრდათ. დადგება თუ არა მეიბლი თავისი ბეწვიან მეგობრებს გვერდით, როდესაც ისინი ჩვენ წინააღმდეგ აჯანყდებიან? „იყო მომენტები, როდესაც სიცილით ვტიროდი, შემდეგ საშინელებისგან ვტიროდი და შემდეგ ისტორიის სინაზისგან ვტიროდი“, - ამბობს ლორენ ეშტონი Animation Scoop-ში. „ეს თამამი და ამბიციური პროექტია, განსაკუთრებით Pixar-ისთვის. ეს ნამდვილად ახალი და უჩვეულოა“,- ამბობს ლორენ ეშტონი Animation Scoop-თან ინტერვიუში. აღნიშნული ფილმის პრემიერა მსოფლიოს კინოთეატრებში 4, 5 და 6 მარტს შედგა.
3. კარგი ბიჭი
სტივენ გრეჰემმა ემის სამი ჯილდო და ოქროს გლობუსი მოიპოვა Netflix-ის ჰიტად ქცეულ სერიალში „მოზარდობა“ თანასცენარისტობისა და მთავარი როლის შესრულებისთვის. ამჯერად მას ვიხილავთ ოდნავ განსხვავებულ ისტორიაში პრობლემური ბრიტანელი მოზარდის შესახებ. ის და ანდრეა რაიზბორო თამაშობენ წყვილს, რომელსაც აღზრდაზე საკუთარი შეხედულებები აქვს. სოციალურ ქსელებში ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი 19 წლის ხმაურიანი მოზარდის (ენსონ ბუნი) ვიდეოების ნახვის შემდეგ, ისინი იტაცებენ მას და თავიანთი გარეუბნის სახლის სარდაფში აბამენ. ამ უკანასკნელს წყვილი არ ათავისუფლებს მანამ, სანამ არ ისწავლის, როგორი უნდა იყოს „კარგი ბიჭი“. „ფილმი სავსეა ძლიერი მომენტებით, რომლებზეც მაყურებელი ნერვიულად იცინებს და რომლებზეც, უმჯობესია, წინასწარ არაფერი ითქვას. არასდროს იცი, როგორ დასრულდება სცენა: მაყურებელს მოეწონება თუ უხერხულ შიშს გამოიწვევს,“ - წერს ინდია ბლოკი ჟურნალ The Standard-ში. ფილმის პრემიერა იტალიაში 5 მარტს, აშშ-ში 6 მარტს, გერმანიაში 7 მარტს და დიდ ბრიტანეთში 20 მარტს შედგა.
4. პატარძალი!
მრავალწლიანი წარმატებული სამსახიობო კარიერის შემდეგ, მეგი ჯილენჰოლის რეჟისორული დებიუტი შედგა 2021 წელს ელენა ფერანტეს რომან „დაკარგული ქალიშვილის“ ეკრანიზაციით, რომელშიც ასევე მონაწილეობდა ჯესი ბაკლი. ჯილენჰოლის მეორე ნამუშევარი შთაგონებულია 1935 წლის კლასიკური საშინელებათა ფილმით - „ფრანკენშტეინის პატარძალი“. „ვნახე ფილმი და მივხვდი, რომ [პატარძალი] არ ლაპარაკობს“, - განუცხადა ჯილენჰოლმა Entertainment Weekly-ს https://ew.com/maggie-gyllenhaal-revives-the-bride-frankenstein-hot-twist-exclusive-11857322 . „მისი სცენა დაახლოებით ხუთ წუთს მოიცავს, თუმცა ის მაინც შთამბეჭდავია. მე მაინც მგონია, რომ პრობლემა კონცეფციაშია. ფილმს ჰქვია „ფრანკენშტეინის პატარძალი“, მაგრამ სინამდვილეში ეს ფრანკენშტეინია. მაშ, ვინ არის ის?“ - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჯილენჰოლმა ბაკლის შეასრულებინა ქალის როლი, რომელიც მოკლეს 1930-იანი წლების ჩიკაგოში და რომელიც კრისტიან ბეილის მიერ განსახიერებულმა ურჩხულმა აღადგინა. ამრიგად, „პატარძალი!“ ეს არ არის გოთური საშინელებათა ფილმი, რომლის მოქმედებაც ნისლიანი ევროპის მთებში ვითარდება, არამედ - ფეთქებადი, მოქმედებით სავსე განგსტერული თრილერია ორ შეიარაღებულ საყვარელზე, რომლებიც მდევარს გაურბიან. ჯილენჰოლის ქმარი, პიტერ სარსგაარდი და მისი ძმა, ჯეიკ ჯილენჰოლიც მონაწილეობენ ამ სახალისო ფილმში. მისი პრემიერა მსოფლიოს კინოთეატრებში 4, 5 და 6 მარტს შედგა.
5. საიპანი
FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, ახლა იდეალური დროა ამ კომედიური დრამის სანახავად, რომლის მოქმედებაც იაპონიასა და კორეაში 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ვითარდება. „საიპანი“ დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე, რომელიც დაუნდობელ მეტოქეობას ეხება - არა ორ გუნდს, არამედ მოთამაშესა და მწვრთნელს შორის, რომლებიც, სავარაუდოდ, ერთ მხარეს იყვნენ. ირლანდიის ნაკრების კაპიტანი როი კინი (ეანა ჰარდვიკი) შეძრწუნებულია საიპანის კუნძულზე ვარჯიშის პირობებით: მოედანი გაუდაბნოებულია და ფეხბურთის ბურთებიც კი არ მოიპოვება. თუმცა კინის თქმით, სიტუაციას ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის, მიკ მაკკარტის (სტივ კუგანი) მშვიდი დამოკიდებულება ამძაფრებს. „თუ ფეხბურთის ისტორია არ იცით ან ამ თამაშის განსაკუთრებული გულშემატკივარი არ ხართ, შეიძლება „საიპანი“ მხოლოდ სპორტის მოყვარულთათვის განკუთვნილ ფილმად შეგიძლიათ ჩათვალოთ“, - წერს ჯერემი ასპინალი Radio Times-ში. „თუმცა შესანიშნავი შესრულებისა და მახვილგონივრული, გამჭრიახი სცენარის წყალობით, რომელიც უფრო მეტად ცხოვრებისეულ თამაშს ეხება, ვიდრე თავად თამაშს, ყველას შეუძლია რაღაცის პოვნა“, - დასძენს ის. ფილმის პრემიერა აშშ-ში 13 მარტს შედგა.


