ევროპაში გლობალური დათბობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია
ევროპა არის კონტინენტი, სადაც საშუალო ტემპერატურა ყველაზე სწრაფად იზრდება. ამას ადასტურებს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციისა და ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სამსახურის - Copernicus- ის უახლესი ანგარიში.
რა ხდება?
ევროპის კლიმატის შეფასების ანგარიშის თანახმად, არცერთი კონტინენტი არ თბება ისე სწრაფად, როგორც - ევროპა. შესაბამისად, კლიმატის ცვლილების შედეგები აღნიშნულ კონტინენტზე მკვეთრად იგრძნობა. როგორც მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა სელესტ საულომ ხაზგასმით აღნიშნა, ცხელი ამინდები სულ უფრო ხშირი და ინტენსიური ხდება. 2025 წელს ხანგრძლივი მაღალტემპერატურიანი სითბური ტალღები ხმელთაშუა ზღვიდან არქტიკულ წრემდე გავრცელდა.
ევროპის ნაწილი ვრცელდება არქტიკაზეც და ის მსოფლიოს დანარჩენ ნაწილზე სწრაფად თბება - ასეთია ევროკავშირის პროგრამა Copernicus-ის ვიცე - დირექტორის, სამანტა ბურგესის შეფასება. როგორც მან Tegesschau-ს განუცხადა, „ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, მათ შორის - დიდმა ბრიტანეთმა, ნორვეგიამ და ისლანდიამ რეკორდულად ცხელი წელი გადაიტანეს“. მაღალმა ტემპერატურამ გასულ წელს გამოიწვია უჩვეულოდ ადრეული ხანძრები, რომლებმაც მილიონ ჰექტარზე მეტი მიწა გაანადგურა.
ტყის ხანძრების გამო, 2025 წელს CO2-ის ემისიის მაჩვენებელმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია
გასული წლის ზაფხულში მასშტაბური ტყის ხანძრები ესპანეთსა და პორტუგალიაში დაფიქსირდა. შედეგად, CO2-ის ემისიამ ევროპაში ყველა დროის მაჩვენებელს გადააჭარბა. სწორედ სათბურის გაზების (როგორიცაა CO2) გამოყოფა არის უმეტესწილად პასუხისმგებელი ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ კლიმატის ცვლილებაზე. გლობალური დათბობის 1,5 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვის საერთაშორისოდ შეთანხმებული მიზნის მისაღწევად, სასწრაფოდ უნდა შემცირდეს ისეთი წიაღისეული საწვავის მოხმარება, როგორიცაა ქვანახშირი, ნავთობი და გაზი. კლიმატის ანგარიში ასევე აჩვენებს, რომ ევროპის ზღვები ძალიან თბილია. მათი ზედაპირის ტემპერატურა უფრო მაღალია, ვიდრე - ოდესმე. ზღვის სითბური ტალღები წყალქვეშა მცენარეებსა და ცხოველებზე უარყოფითად მოქმედებს. კლიმატის ცვლილება მდინარეებზეც მოქმედებს. ევროპის მდინარეების 70%-ი ჩვეულებრივზე ნაკლებ წყალს ატარებს.
მყინვარები დნობას განაგრძობენ
გლობალური დათბობის შედეგები ევროპის უფრო ცივმა ქვეყნებმაც იწვნიეს. ევროპის ყველა რეგიონში მყინვარების მასა შემცირდა, ყველაზე მეტად კი ისლანდიის მყინვარები დაზარალდნენ. გარდა ამისა, საშუალოზე დაბალმა ნალექებმა თოვლისა და ყინულის საფარის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია. სამანტა ბურგესი განმარტავს, რომ 2025 წლის ზამთრის ბოლოს თოვლის საფარის სისქე და დათოვლილი ზედაპირის ფართობი მკვეთრად შემცირდა.
განახლებადი ენერგიით მომარაგება იზრდება
თითოეული ეს ცვლილება ზღვაში და ხმელეთზე ბიომრავალფეროვნების მუდმივ შემცირებას იწვევს. გარემო პირობების შეცვლისა და შემცირების, ტემპერატურის მატებისა და ნალექების რაოდენობის ცვლილების გამო ბუნება სულ უფრო მეტად ისტრესება. თუმცა ამ ფონზე მეცნიერები განახლებადი ენერგიის განვითარების დადებით დინამიკასზე აკეთებენ აქცენტს. კერძოდ, გასულ წელს ევროპაში ელექტროენერგიის თითქმის ნახევარი განახლებადი წყაროებიდან მიიღეს. თუმცა ევროკომისიის კლიმატის მოქმედების გენერალური დირექტორატის წარმომადგენელი დუსან ჰრენეკი შემდგომი ქმედებების აუცილებლობაზე საუბრობს. „ეს საკმარისი არ არის. უნდა დავაჩქაროთ პროცესი“, - ამბობს ის და გულისხმობს გლობალურ ვალდებულებებს, რაც 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის სიმძლავრეების გასამმაგებასა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას გულისხმობს.
კლიმატის მდგრადობა აუცილებელია
ჰრენეკის თქმით, ევროპამ უნდა გააძლიეროს კლიმატის მდგრადობა, რათა უკეთ გაუმკლავდეს კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ ისეთ გამოვლინებას, როგორიცაა ამინდის ექსტრემალური მოვლენები. რადგან პრობლემა კვლავ აქტუალურია, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წარმომადგენელმა სელესტ საულომ განაცხადა, რომ „სათბურის გაზების ემისიების რეკორდული ზრდის გამო, მომდევნო წლებში პრაქტიკულად შეუძლებელია გლობალური დათბობის 1,5 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვა პარიზის შეთანხმების გარკვეული პირობების დროებით გვერდის ავლის გარეშე“. თუმცა, მისივე განმარტებით, უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ნაბიჯები იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე და მცირე მასშტაბის.


