06 ივლისი 2026 - 17:31

ათი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყნიდან რვა არ მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატში. რატომ?

17 ივნისს, როდესაც არგენტინის ნაკრების ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი პირველი გოლი გაიტანა და ბურთი ალჟირელი მეკარის მიღმა მშვიდად გაატარა, შეკრებილ გულშემატკივრებს შორის აჟიოტაჟი ატყდა. თუმცა გულშემატკივრებს შორის არცერთი იყო არგენტინელი: მათ უმრავლესობას albiceleste-ს ცნობილი ლურჯ-თეთრი მაისურები ეცვა და ისინი აღმოჩნდნენ ადგილობრივები, რომლებიც ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, ღია ცის ქვეშ მოწყობილ ფან-ზონებში შეიკრიბნენ. არანაკლებ ემოციური ჩვენებები იმართება ინდოეთისა და ინდონეზიის ქალაქების ქუჩებში. ამ გულშემატკივრებმა მესი და მისი არგენტინელი თანაგუნდელები საკუთარ ეროვნულ ნაკრებად აღიქვეს, რადგან მათივე ეროვნულმა ნაკრებებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ერთხელაც ვერ მოახერხეს. 

მსოფლიოს ათი ყველაზე დასახლებული ქვეყნიდან, მიმდინარე ტურნირში მხოლოდ ორი - აშშ და ბრაზილია მონაწილეობს. კიდევ ორს - რუსეთსა და ნიგერიას - არაერთხელ უთამაშია წინა მსოფლიო ჩემპიონატებზე. ჩინეთმა და ინდონეზიამ მხოლოდ ერთხელ მიიღეს მონაწილეობა პლანეტის ყველაზე პოპულარულ სპორტულ ტურნირში. ინდოეთი (ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა მსოფლიოში), ბანგლადეში, ეთიოპია და პაკისტანი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაზე ჯერ კიდევ ოცნებობენ. ინდოეთმა ოფიციალურად მიიღო კვალიფიკაცია 1950 წლის ტურნირზე, რომელიც ბრაზიალიაში იმართებოდა, მაგრამ დაწყებამდე ერთი თვით ადრე, შეჯიბრი დატოვა. „სრულად მიუღებელია, რომ ქვეყანა, სადაც მილიონობით ადამიანს უყვარს ფეხბურთი, ასე ჩამორჩება სპორტს“, - განუცხადა BBC-ს გამოჩენილმა ბანგლადეშელმა მსახიობმა, მწერალმა და ფეხბურთის გულშემატკივარმა ოდიტე კარიმმა. მოსახლეობის რაოდენობით შედარებით გამოირჩევა რვა ქვეყნიდან შვიდი, რომელთაც მსოფლიო ჩემპიონატი ერთხელ მაინც მოუგიათ და ეს ქვეყნებია არგენტინა, ბრაზილია, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ესპანეთი. 

ერთადერთი გამონაკლისია ურუგვაი. როგორც ბრიტანელი აკადემიკოსი და ეკონომისტი სტეფან შიმანსკი განმარტავს, მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ ერთ-ერთია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორიდან. „ფეხბურთი ძალიან ჰგავს ეროვნული ეკონომიკის ფუნქციონირებას. მათი აყვავებისთვის, საჭიროა ადამიანები. თუმცა მათ კაპიტალი და ინფრასტრუქტურაც სჭირდებათ“, - ამბობს შიმანსკი, რომელიც არის წიგნის - Soccernomics თანაავტორი. ეს არის ბესტსელერი, რომელიც სპორტში წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზების შესახებ მონაცემების ანალიზზეა დაფუძნებული. „ფეხბურთში ეს ნიშნავს სავარჯიშო ინფრასტრუქტურას, ასევე - ნიჭიერი მოთამაშეების პოვნისა და განვითარების უნარს“, - ამბობს ის. როგორც შიმანსკი აღნიშნავს, წარმატებული საფეხბურთო ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას კიდევ ერთი საერთო რამ აკავშირებთ: სიმდიდრე. 

Soccernomics-ში შიმანსკიმ და მისმა თანაავტორმა, საიმონ კუპერმა დაასკვნეს, რომ ქვეყანას, როგორც წესი, სჭირდება ერთ სულ მოსახლეზე, სულ ცოტა, 15,000 აშშ დოლარის ოდენობის საშუალო წლიური შემოსავალი, რათა ძირითადი საფეხბურთო ტურნირები მოიგოს. თუმცა
ამ წესსაც აქვს გამონაკლისები: ბრაზილიამ და არგენტინამ, რომელთა საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, ზემოთ ხსენებულ მაჩვენებელთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალია, ჯამში, რვა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს. ბრიტანელი ეკონომისტის თქმით, ეს აჩვენებს მესამე ფაქტორის მნიშვნელობას: საფეხბურთო ტრადიცია და დაგროვილი გამოცდილება. „გამოცდილება კი დროთა განმავლობაში მოდის. ყველა ქვეყანა, რომელსაც კი ოდესმე მსოფლიო ჩემპიონატი მოუგია, დომინირებდა ფეხბურთში ჯერ კიდევ ასი წლის წინ, კოლონიალიზმის ეპოქის დასრულებამდე“, - ამბობს ის.

“გასწრობანა“

მარტივად რომ ვთქვათ, მეტ-ნაკლებად წარმატებულ საფეხბურთო ქვეყნებს, მათ შორის მათ, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატში რეგულარულად მონაწილეობენ, საერთაშორისო ასპარეზობის ყველაზე გრძელი ისტორია აქვთ. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ მაღალკონკურენტულ რეგიონებს, როგორიცაა სამხრეთ ამერიკა და ევროპა. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის, თუ როგორ მოახერხა მოახერხა 3.5-მილიონიანმა ურუგვაიმ მსოფლიო ჩემპიონატის ორჯერ მოგება - 1930 და 1950 წლებში. „ლა სელესტეს“ გუნდმა პირველი საერთაშორისო მატჩი 1902 წელს ჩაატარა და არგენტინასთან 6-0 დამარცხდა. ეს ბრაზილიის ნაკრების საერთაშორისო დებიუტამდე 12 წლით ადრე მოხდა. 

აფრიკისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებს, რომლებმაც დამოუკიდებლობა გაცილებით გვიან მოიპოვეს ან სადაც ფეხბურთმა შედარებით ცოტა ხნის წინ დაიწყო სწრაფი განვითარება, ამ ხარვეზის შესავსებად დიდი შრომა მოუწიათ. ზოგიერთმა წარმატებას მიაღწია კიდეც. მაროკო, რომელმაც ესპანეთისა და საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა 1956 წელს მოიპოვა, გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი აფრიკული გუნდი, რომელმაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალამდე მიაღწია. სამხრეთ კორეა, რომელმაც 2002 წელს ტურნირს იაპონიასთან ერთად უმასპინძლა, რჩება ერთადერთ აზიურ გუნდად, რომელმაც საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა მოახერხა. „თუმცა არსებობს სხვა ქვეყნებიც, როგორიცაა ინდონეზია, ინდოეთი, ბანგლადეში და კიდევ რამდენიმე, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ შეავსეს ეს ხარვეზი“, - აღნიშნავს შიმანსკი. ეკონომისტის თქმით, მთავარი მიზეზი რესურსებისა და ორგანიზაციული შესაძლებლობების ნაკლებობაა. თუმცა ის თვლის, რომ ინვესტიციების ზრდის მიუხედავად, დაგროვილი საფეხბურთო გამოცდილებისა და ტრადიციების ნაკლებობის გამო გაუჭირდებათ, ლიდერებს დაეწიონ. 

ეთიოპიის პრობლემები

ეთიოპიას არასდროს მიუღია მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე. ეროვნული ნაკრების ერთადერთი მნიშვნელოვანი წარმატება 1962 წლის აფრიკის ერთა თასის მოგება იყო. მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლასთან ყველაზე ახლოს ეთიოპია 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იყო: ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო რაუნდში გავიდა, მაგრამ ნიგერიასთან 4-0 დამარცხდა. ამჟამად, ეთიოპიის ფეხბურთი, როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, ინვესტიციების სერიოზულ ნაკლებობას განიცდის. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ეროვნულ პრემიერ-ლიგაში არსებული სიტუაცია: მიმდინარე სეზონი სტადიონების სერიოზული დეფიციტს განიცდის. „ამ სეზონში 380-ზე მეტი მატჩი ჩავატარეთ მხოლოდ სამ სერტიფიცირებულ სტადიონზე“, - განაცხადა ეთიოპიის პრემიერ-ლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა კიფლე სეიფემ 27 ივნისს გაზეთ Reporter-თან ინტერვიუში. შესაფერისი არენების ნაკლებობამ ეროვნულ ნაკრებზეც იმოქმედა: ის იძულებული გახდა აფრიკის საკვალიფიკაციო ტურნირზე საშინაო მატჩები მაროკოში ეთამაშა. 

კრიკეტი სამხრეთ აზიაში: დაბრკოლება თუ საბაბი?

ზოგიერთი ქვეყანა, გარკვეულწილად, სხვა სპორტში საკუთარი წარმატების მძევალი ხდება. მაგალითად, ინდოეთი მსოფლიოში კრიკეტის ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანაა, ხოლო მისი პროფესიული ლიგა - Indian Premier League (IPL) - კრიკეტში პლანეტის უმდიდრეს ლიგად ითვლება. ინდოეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშის, შიამ თჰაპის თქმით, ეს სერიოზულ პრობლემებს უქმნის ფეხბურთს ახალგაზრდა ტალანტების მოზიდვაში. IPL-ის წარმატება საშუალო და ზედა ფენის წარმომადგენელ მშობლებს უბიძგებს, რომ შვილებს კრიკეტის  გაკვეთილები დაუფინანსონ და არა - ფეხბურთის. „მათ (მშობლებს) უნდა ესმოდეთ, რომ თუ ფეხბურთში კარიერას გააკეთებ, იქაც კარგი ფულის გამომუშავება შეგიძლია“, - თქვა თჰაპამ BBC News-თან ინტერვიუში. თუმცა ბანგლადეშელი მსახიობი, მწერალი და ფეხბურთის გულშემატკივარი ოდიტე კარიმი თვლის, რომ კრიკეტის პოპულარობა მთავარი დაბრკოლება არ არის. ის მიუთითებს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაზე, რომლებიც ასევე მსოფლიო კრიკეტის ცენტრებია, მაგრამ არანაკლები წარმატებით ავითარებენ ფეხბურთს და რეგულარულად იღებენ მსოფლიო ჩემპიონატებზე საგზურს. „კრიკეტის პოპულარობა მხოლოდ საბაბია“, - ამბობს კარიმი ბანგლადეშზე საუბრისას, სადაც სპორტი ასევე ძალიან პოპულარულია. „ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს საჭირო სავარჯიშო სისტემა და ორგანიზაციული სტრუქტურა, რაც ქვეყანას მსოფლიო თასზე თამაშის საშუალებას მისცემდა“, - მიაჩნია მას.

არის თუ არა ჩინეთი მძინარე გიგანტი?

ჩინეთის შემთხვევა, ალბათ ყველაზე გაუგებარია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, მას შესაბამისი წარმატებისთვის კაცების ფეხბურთში ჯერ არ მიუღწევია. „თეორიულად, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ჩინეთს არ შეუძლია მსოფლიო დონის ფეხბურთელების აღზრდა“, - ამბობს პეკინში მოღვაწე ფეხბურთის ექსპერტი მარკ დრეიერი. „მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩინეთში ყველაფერი სახელმწიფოს მიერ კონტროლდება და გადაწყვეტილებები ზემოდან ქვემოთ მიიღება. ფეხბურთს ფეხბურთის ექსპერტები უნდა მართავდნენ, მაგრამ ძალიან ძლიერია პოლიტიკური ჩარევა“, - ამბობს ის. 

მიუხედავად ფეხბურთის განვითარებაში მასშტაბური ინვესტიციების ჩადებისა, 2002 წლიდან ჩინეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. კერძოდ, ჩინეთის სუპერლიგის კლუბებმა სამხრეთ ამერიკული და ევროპული ფეხბურთის მრავალი ვარსკვლავი მიიწვიეს იმ იმედით, რომ ეროვნული ჩემპიონატის დონეს აამაღლებდნენ. ჩინეთის მსგავსად, ინდონეზიამ მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ერთხელ მიიღო მონაწილეობა - 1938 წელს, როდესაც ის ჰოლანდიის კოლონიის, ჰოლანდიის აღმოსავლეთ ინდოეთის სახელით ასპარეზობდა. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ინდონეზიამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და ფინალურ რაუნდში გავიდა. თუმცა ეს წარმატება უმეტესწილად განპირობებულია არა საკუთარი მოთამაშეების განვითარებით, არამედ - ინდონეზიური ფესვების მქონე ევროპული წარმოშობის მოთამაშეების მოზიდვის პოლიტიკით. „ზოგჯერ ინდონეზია ევროპაში დაბადებული რვა ან ცხრა მოთამაშით იწყებდა თამაშს“, - ამბობს BBC-ის ინდონეზიური სამსახურის ახალი ამბების რედაქტორი ჯერომ ვირავანი. პაკისტანი და ბანგლადეში აზიის შესარჩევიდან ჯგუფურ ეტაპს გამოეთიშნენ და ექვს მატჩში გამარჯვება ვერ მოიპოვეს. გარდა ამისა, FIFA-მ 2017-დან 2025 წლამდე სამჯერ გარიცხა პაკისტანი საერთაშორისო შეჯიბრებებიდან  ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციაში არსებული შიდა პოლიტიკური კონფლიქტების გამო. 

ასეა თუ ისე, ისიამოვნეთ 

ამგვარად, ბევრი ქვეყნის ფეხბურთის გულშემატკივრისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების ოცნება ძალიან შორეულად რჩება. თუმცა ოდიტ კარიმის თქმით, მათ მხოლოდ ერთი რამ დარჩენიათ, დატკბნენ ფეხბურთის მიმდინარე დღესასწაულით. „თუ ვიქნებით რეალისტები, ვერ ვხედავ შანსს, რომ სანამ ცოცხალი ვარ, ბანგლადეშმა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს“, - ამბობს ის. „თუმცა ბანგლადეშელ გულშემატკივრებს მაინც სურთ განიცადონ ამ ტურნირის სიხარულის ყოველი წუთი“, - ასკვნის ოდიტ კარიმი. 

სხვა თემები