28 ივლისი 2026 - 14:12

თეირანი კიევს კასპიის ზღვაში ირანული გემის დაბომბვის გამო ემუქრება. რა მოხდება?

უკრაინასა და ირანში მიმდინარე ომები სულ უფრო ხშირად იკვეთება და ორივე კონფლიქტის გეოგრაფია ნელ-ნელა ფართოვდება. კასპიის ზღვაში მცურავ გემზე თავდასხმაში თეირანი კიევს ადანაშაულებს. უკრაინაში აცხადებენ, რომ ის თავს ესხმის რუსული სამხედრო აღჭურვილობის მარშრუტებს, რომლებიც ირანთან არის დაკავშირებული.  პრეზიდენტ ზელენსკის განმარტებით, მოსკოვი თეირანს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამიზნეებზე თავდასხმების სატელიტურ მონაცემებს აწვდის. 

რა ხდება?

შაბათს, 25 ივლისს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევი კასპიის ზღვაში სავაჭრო გემზე თავდასხმაში დაადანაშაულა. აღნიშნული განცხადების მიხედვით, ერთი მეზღვაური დაიღუპა, მეორე კი დაშავდა. იმავე დღეს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ მედიაში განაცხადა, რომ უკრაინამ „ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია კასპიის ზღვის რეგიონში, კერძოდ, ირანის მონაწილეობით სამხედრო ტვირთის გადასაზიდად გამოყენებული გემების წინააღმდეგ, შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმების წყალობით“. 

ირანის ხელისუფლებამ ინციდენტს აგრესიის აქტი უწოდა და განაცხადა, რომ აპირებს დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, უკრაინის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. სააგენტო IRNA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ირანულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ „ისლამური რესპუბლიკა თავის უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებს მტკიცედ დაიცავს. ამასთანავე, არ დაუშვებს, რომ მისი მოქალაქეების სიცოცხლესა და ქონებაზე თავდასხმები უპასუხოდ დარჩეს“. იმავე კონტექსტში, ირანის პარლამენტის ყოფილმა წევრმა ნეზამედინ მუსავიმ განაცხადა: „კასპიის ზღვაში ამ „ფეიერვერკზე“ პასუხი შავ ზღვაში უნდა გაისმას“. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დასძინეს, რომ მინისტრმა აბას არაღჩიმ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელ კაჯა კალასთან სატელეფონო საუბრისას ირანულ გემზე თავდასხმა დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროკავშირსა და საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა. 

დრონების ნაწილები სატელიტური მონაცემების სანაცვლოდ?

უკრაინის ელჩმა ისრაელში, ევგენი კორნიჩუკმა უარყო ირანის მტკიცება, რომ გემს სამოქალაქო ტვირთი გადაჰქონდა. ისრაელის ტელეარხ N12-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ კასპიის ზღვაში უკრაინის თავდასხმის სამიზნე გემს რუსეთისთვის განკუთვნილი დრონებისა და რაკეტების ნაწილები გადაჰქონდა. მან დასძინა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინა ირანთან დაკავშირებულ სამხედრო ტვირთს ესხმის თავს. „ისრაელი და უკრაინა ერთსა და იმავე მტერს ებრძვიან“, - განაცხადა უკრაინის ელჩმა ისრაელში და აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა „ბოროტების ერთი და იმავე ღერძის საპირისპირო მხარესაა“.  

გარდა ამისა, შაბათს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთზე სატელიტური მეთვალყურეობის მონაცემებს უზიარებს, რათა რეგიონში დარტყმები დაკორექტირდეს. „ივლისის დასაწყისიდან ჩვენ ვიღებთ სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და იქ განლაგებული ამერიკული სამხედრო ობიექტების რუსულ სატელიტურ სურათებს, რომლებიც შემდეგ ირანში ხვდებვა“, - ამბობს ზელენსკი. მისი განცხადებით, არსებობს „აშკარა კორელაცია ამ ობიექტების რუსულ ფოტოებსა და ირანის თავდასხმებს შორის“. 

ზელენსკის განცხადებით, 19 და 20 ივლისს რუსულმა თანამგზავრებმა ოთხი საჰაერო ბაზა დააფიქსირეს: ორი ბაჰრეინში, თითო-თითო - იორდანიასა და ქუვეითში. მეორე დღეს, ბრიტანულ ტელეარხ Sky News-თან ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში, ირანმა რუსეთს უპილოტო „შაჰიდი“ დრონები გადასცა, ახლა კი რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებასაც გეგმავს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ომი ირანის წინააღმდეგ საჰაერო თავდაცვის სისტემების გლობალურ დეფიციტს იწვევს. 

შეძლებს თუ არა ზელენსკი ტრამპის დარწმუნებას?

გასული კვირის ბოლოს ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებით, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებმა ის დაარწმუნეს, რომ ირანს იარაღს არ მიაწვდიდნენ. „პრეზიდენტმა სი ცძინპინმა მითხრა, რომ ამაში მონაწილეობას არ მიიღებს. პრეზიდენტმა პუტინმაც იგივე თქვა. ვფიქრობ, მე მათ ვენდობი“, - განმარტა აშშ-ის პრეზიდენტმა. თუმცა დასძინა, რომ თუ მოსკოვი და პეკინი ირანის მხარდაჭერას დაიწყებენ, „ეს მათთვის ძალიან ცუდი იქნება“. ორშაბათს ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტს კვლავ ჰკითხეს თანამგზავრის ფოტოების გადაცემის შესახებ და მან პირობა დადო, რომ ამ საკითხს ვლადიმერ პუტინთან განიხილავდა. „პუტინს ვკითხავ ამის შესახებ. გავარკვევთ“, - თქვა ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე. ჯერჯერობით, აშშ-ის პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტს განსხვავებული შეხედულებები აქვთ სიტუაციაზე. ეს ყველაფერი ვაშინგტონში ორი ლიდერის შესაძლო შეხვედრის წინა დღეს ხდება, რომელიც, სავარაუდოდ, 28 ივლისს გაიმართება.

რა მოხდება?

„ირანთან დაკავშირებული კონფლიქტის გეოგრაფია ფართოვდება და როგორც კიევში აცხადებენ, სამიზნეებზე დისტანციური დარტყმების წყალობით, რომლებიც რუსული სამხედრო ტექნიკის ირანისთვის გადაცემას უკავშირდება, უკრაინა ამ კრიზისის ახალი მონაწილე გახდა“, - წერს Euronews-ი. გარდა ამისა, ევროპული საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამ მოვლენებმა ირანსა და აშშ-ს ურთიერთობებში არსებულ კრიზისს ახალი განზომილება შესძინა და „თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაპირისპირება რუსეთსა და უკრაინას შორის ომს დაუკავშირა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსკოვის ირანისადმი მხარდაჭერას“. 

უკრაინის ახლო აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, იგორ სემივოლოსმა განაცხადა, რომ ირანი კიევს არასდროს დამუქრებია. „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თეირანი პირდაპირ ადანაშაულებს უკრაინას თავდასხმაში, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა და რასაც ირანული მხარე ერთდროულად ავრცელებს როგორც დასავლეთში (ევროკავშირის დიპლომატიის მეშვეობით), ასევე - აღმოსავლეთში (რუსეთის მეშვეობით)“, - აღნიშნა მან. ექსპერტის აზრით, შესაძლოა, რამდენიმე სცენარი განვითარდეს.  


პირველი და მეტ-ნაკლებად ყველაზე მოსალოდნელი სცენარია რიტორიკის ესკალაცია პირდაპირი მოქმედების გარეშე. სემივოლოსი მიიჩნევს, რომ „ირანს არ აქვს უკრაინაზე პირდაპირი სამხედრო რეაგირების ინსტრუმენტები“, ქვეყნებს არ აქვთ საერთო საზღვარი, მისი ოპერატიული შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შემცირდა შეერთებულ შტატებთან ექვსთვიანი ომის შედეგად და თეირანის სამხედრო პოტენციალი ფოკუსირებულია სპარსეთის ყურისა და წითელი ზღვის რეგიონში არსებულ დაპირისპირებაზე. „ამ ვითარებაში, ირანის პასუხი შემოიფარგლება რბილი ძალის ინსტრუმენტებით, გაეროს უშიშროების საბჭოსადმი მიმართვით, რუსული საინფორმაციო რესურსების გამოყენებით ნარატივების კოორდინაციისთვის ან უკრაინის „არაპროგნოზირებად აგრესორად“ წარმოჩენის მცდელობებით“, - წერს სემივოლოსი Facebook-ზე.

მეორე სცენარი ითვალისწინებს ასიმეტრიულ რეაგირებას, რაც შესაძლოა კიბერრესურსებისა და სადაზვერვო სააგენტოების ჩართვას გულისხმობდეს. „ირანს აქვს „ჰაქტივისტების“ ჯგუფებისა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კიბერაქტორების განვითარებული და ფართო ქსელი (60-ზე მეტი სპეციალიზებული ჯგუფი იდენტიფიცირებულია), რაც თავდასხმების განხორციელების საშუალებას იძლევა“, - აღნიშნავს სემივოლოსი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სამრეწველო კონტროლის სისტემების საფრთხეებს. „ვინაიდან ირანული ჯგუფები სპეციალიზებული არიან ფიზიკური ინფრასტრუქტურის (ელექტროქსელები, წყლის გამწმენდი ნაგებობები და ენერგეტიკული ობიექტები) დაზიანებაზე, ეს ასიმეტრიული საფრთხის ვექტორი გაძლიერებულ მონიტორინგს მოითხოვს “, - განმარტავს ახლო აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის დირექტორი.

სხვა თემები