09 ივნისი 2026 - 13:23

კარლ იუნგის ანალიტიკური ფსიქოლოგია: ძირითადი არქეტიპები და სახალისო ტესტი საკუთარი არქეტიპის მოსაძიებლად

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი კარლ გუსტავ იუნგი ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა მსოფლიო ფსიქიატრიაში, რადგან სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ანალიტიკურ ფსიქოლოგიას, განსაზღვრა ფუნდამენტური არქეტიპები და დაამკვიდრა ექსტრავერტისა და ინტროვერტის ცნებები. იუნგის სამეცნიერო შრომები, რომლებიც გასული საუკუნის პირველ ნახევარში შეიქმნა, დღესაც აქტიურად გამოიყენება ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში, კულტურულ და ანთროპოლოგიურ კვლევებში.

ანალიტიკური ფსიქოლოგია

ანალიტიკური ფსიქოლოგია - კარლ იუნგის მიერ დამკვიდრებული სწავლებაა, რომელიც ცნობიერსა და არაცნობიერს შორის ურთიერთქმედებით განიხილავს ფსიქიკის სტრუქტურას და პიროვნების ინდივიდუაციაზე - მთლიანობასა და თვითრეალიზაციაზეა ორიენტირებული. იუნგის მტკიცებით, ადამიანის ფსიქიკა ორი არაცნობიერის - პირადი გამოცდილების ანუ პირადი არაცნობიერის და კაცობრიობის საერთო ევოლუციური მეხსიერების ანუ კოლექტიური არაცნობიერის "თანამშრომლობით" ყალიბდება. 

პირადი არაცნობიერი - ადამიანის ფსიქიკის ის ნაწილია, რომელიც ცხოვრების მანძილზე შეძენილ, თუმცა დავიწყებულ, შეგნებულად განდევნილ ან გაუცნობიერებელ გამოცდილებას ინახავს. იუნგის თეორიის მიხედვით, პირადი არაცნობიერი მოცულობითი ინფორმაციის მატარებელია, რადგან არა მხოლოდ მოგონებებს, განცდებსა და დროთა განმავლობაში დავიწყებულ ამბებს, არამედ მტკივნეულ და არასასიამოვნო, საზოგადოებისთვის მიუღებელ და ცნობიერის მიერ დაბლოკილ ფიქრებსა და სურვილებს, ქვეცნობიერად აღქმულ, თუმცა გაუთვალისწინებელ გამოცდილებას იტევს. ამასთანავე, სწორედ პირად არაცნობიერში ყალიბდება "ფსიქოლოგიური კომპლექსები" ანუ ემოციურად დატვირთული აზრები და მოგონებები, სურვილები და ასოციაციები, რომლებიც ფსიქიკის ავტონომიურ ნაწილებს წარმოადგენენ, ადამიანის ცნობიერებას აკონტროლებენ და მის ქცევას მართავენ. 

კოლექტიური არაცნობიერი - ადამიანის ფსიქიკის ყველაზე ღრმა, თანდაყოლილი ნაწილია, რომელიც პირადი არაცნობიერისგან განსხვავებით, არა ინდივიდუალური, არამედ ზოგადი ევოლუციური გამოცდილებით ყალიბდება, ყველასთვის საერთოა და მემკვიდრეობით გადაეცემა თაობიდან თაობას. იუნგის მტკიცებით, კოლექტიური არაცნობიერი მილიონობით წლის მანძილზე კაცობრიობის მიერ დაგროვილი უნივერსალური გამოცდილების და არქეტიპების ანუ პირველსახეების ერთგვარი საცავია, რომლებიც სამყაროს აღქმისა და გარე გამაღიზიანებლებზე რეაგირების ფორმებს განსაზღვრავენ. სწორედ კოლექტიური არაცნობიერის წყალობით შეიქმნა მსოფლიოს სხვადასხვა კულტურაში მსგავსი მითები და ზღაპრები, იდენტური სიმბოლოები და რელიგიური მოტივები. ამასთანავე, იუნგის რწმენით  ნებისმიერი ადამიანი თანდაყოლილი კოლექტიური ფსიქიკური სტრუქტურით იბადება, რომელიც დროთა განმავლობაში სიმბოლოებისა და სიზმრების სახით ვლინდება.

ინტროვერტი და ექსტრავერტი

1921 წელს, იუნგის მიერ შემოღებული ინტროვერტისა და ექსტრავერტის ცნებები - ის თანდაყოლილი ფსიქოლოგიური ტიპებია, რომლებიც ინდივიდის მიერ რეალობის აღქმის და ენერგიის აღდგენის მეთოდს განსაზღვრავენ. 

ინტროვერტის ფსიქიკური ენერგია შინაგანი სამყაროსკენ - საკუთარი ფიქრების, ემოციებისა და განცდებისკენაა მიმართული. ინტროვერტი ყოველთვის მოკრძალებული, თავშეკავებულია და დიდხანს ფიქრობს, სანამ რაიმეს იტყვის, უყვარს მარტოობა, სიმშვიდე და ვიწრო წრეში შინაარსიანი, ფილოსოფიური საუბრები, რადგან სოციალური აქტივობები ენერგეტიკულად ფიტავენ. ამ ფსიქოტიპის ადამიანისთვის არა იმდენად სუბიექტური რეალობა, რამდენადაც მისი შინაგანი აღქმაა მნიშვნელოვანი.

ინტროვერტისგან განსხვავებით, ექსტრავერტი, რომლის ფსიქიკური ენერგია გარე სამყაროსკენ - ადამიანებისკენ, საგნებისა და მოვლენებისკენაა მიმართული, მეტად აქტიური, კომუნიკაბელურია და ყოველთვის ობიექტურ რეალობაზეა ფოკუსირებული, მარტივად ერგება გარე სამყაროს, მის წესებს და ძალიან უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ენერგიით ავსებენ, თუმცა ზედმეტად სულსწრაფი და მოუთმენელია, რადგან ჯერ მოქმედებს და მხოლოდ მერე ფიქრობს.

მართალია, იუნგმა მკაცრად განსაზღვრა ორი ძირითადი ფსიქოტიპი, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სრულყოფილი არც ინტროვერტია, არც ექსტრავერტი, რადგან ადამიანის ფსიქიკაში ორივე საწყისი ერთდროულად იბადება, თუმცა ერთი ცნობიერში მოიპოვებს დომინანტის პოზიციას, მეორე კი, ითრგუნება და არაცნობიერში "იპარება". მეტიც, თავისუფლად შეიძლება ცნობიერად ექსტრავერტი, არაცნობიერად ინტროვერტი - მეტად მგრძნობიარე და ემოციური ადამიანი იყოს.

კარლ იუნგის 4 ფუნდამენტური არქეტიპი

ტერმინი "არქეტიპი", რომელიც ბერძნულად პირველსახეს, მოდელს ან ნიმუშს ნიშნავს, სწორედ კარლ იუნგმა გამოიყენა პირველმა კოლექტიური არაცნობიერის უნივერსალური მოდელების ანუ ადამიანების თანდაყოლილი ქვეცნობიერი ხასიათების ჩამოყალიბებისას. იუნგის ფსიქოლოგიაში არქეტიპი ფსიქიკური ენერგიის არხს წარმოადგენს, რომელიც ინდივიდის მიერ სამყაროს აღქმას და მის რეაქციას განსაზღვრავს ტიპიურ სიტუაციებზე.

მრავალრიცხოვან არქეტიპებს შორის იუნგმა მხოლოდ ოთხი ფუნდამენტური - "პერსონა", "ჩრდილი", "ანიმა / ანიმუსი" და "დიდი პიროვნება" ("თვითობა", "სელფი") გამოყო, რომელთა ერთობლიობას ინდივიდის ფსიქიკის შინაგანი ანატომია, პიროვნების ბირთვი უწოდა და ჩონჩხს შეადარა ხერხემლით, ნეკნებითა და თავის ქალით, რომელიც ყველა ადამიანს ერთნაირი აქვს განურჩევლად ეპოქალური და კულტურული კუთვნილებისა.  

* "პერსონა" - ერთგვარი "ნიღაბი" ანუ პიროვნების ის ნაწილია, რომელსაც ინდივიდი სხვადასხვა როლის შესრულებისას იყენებს საზოგადოებრივი ნორმების, მოთხოვნებისა და მოლოდინების დასაკმაყოფილებლად. მართალია, "პერსონა" ადამიანს გარე სამყაროსთან ადაპტაციასა და ურთიერთობების მოწესრიგებაში ეხმარება, მაგრამ მასთან ზედმეტი "გაშინაურებით" და საკუთარი თავის გაიგივებით, ხშირად რეალურ "მე"-სთან კარგავს კავშირს. 

* "ჩრდილი" - ფსიქიკის ის ბნელი, უარყოფილი ნაწილია, რომელიც საზოგადოებისთვის ან თავად ადამიანისთვის მიუღებელ თვისებებს, სურვილებსა და იმპულსებს, მაგალითად, შურს, აგრესიას, სიხარბეს "აქეზებს და ახალისებს". ჩრდილოვან მხარეს ადამიანი მეტწილად სიზმრებში, იმპულსურ ქცევასა და პროექციაში ავლენს, როცა სხვაში აღიზიანებს საკუთარ თავში დამალული თვისებები. იუნგის მტკიცებით, ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი "ჩრდილის" გაცნობა და გაცნობიერებულად მიღება, რადგან სწორედ ის ინახავს სასიცოცხლო ენერგიას და უდიდეს შემოქმედებით პოტენციალს. 

* "ანიმა / ანიმუსი" - საპირისპირო სქესის შინაგანი, არაცნობიერი გამოხატულებაა ადამიანში. "ანიმა" - ქალური ენერგია - ემოციურობა, ინტუიცია, სენსიტიურობაა მამაკაცის არაცნობიერში, "ანიმუსი" კი, მამაკაცური ენერგიის - ლოგიკის, რაციონალიზმის, სიმტკიცის საწყისია ქალის ფსიქიკაში. ანიმა და ანიმუსი პირველ რიგში, პარტნიორის არჩევისას ვლინდება, რადგან ქვეცნობიერად ადამიანი ყოველთვის შინაგანი ანიმასა ან ანიმუსის ანარეკლს ეძებს მეწყვილეში.

* "დიდი პიროვნება" ("თვითობა", "სელფი") - ფსიქიკის ცენტრი და მთლიანობაა, რომელიც ცნობიერის და ქვეცნობიერის უნიფიკაციით ყალიბდება და პიროვნების მაქსიმალურ პოტენციალს წარმოადგენს, რადგან ნებისმიერი ადამიანის მთავარი მიზანი სწორედ ინდივიდუაციის ანუ თვითაქტუალიზაციის ხანგრძლივი პროცესით "პერსონის" (სოციალური ნიღბის), "ჩრდილის" (უარყოფითი მხარეების), "ანიმასა და ანიმუსის" (ქალური და მამაკაცური საწყისის) ერთ მთლიანობად ცნობიერებაში ინტეგრირება, დაბალანსება და ჰარმონიზაციაა, რაც ადამიანის მაქსიმალური პოტენციალის რეალიზებას გულისხმობს. 

კეროლ პირსონის 12 ძირითადი არქეტიპი

მართალია, იუნგის ფუნდამენტურ არქეტიპებზე დაყრდნობით მისმა მიმდევრებმა საკუთარი ინტერპრეტაციით შექმნეს არქეტიპული ჯგუფები, მაგრამ ყველაზე სარწმუნოდ, მაინც ამერიკელი ფსიქოლოგის კეროლ პირსონის სისტემა ითვლება, რომელმაც სწორედ კარლ იუნგისა და ჯოზეფ კემპბელის თეორიების პრაქტიკული განვითარებით მოიპოვა აღიარება, 1990-იან წლებში კი, მთელი სისტემა შეიმუშავა, რომელშიც პიროვნების 12 ძირითადი არქეტიპი ანუ ქცევითი მოდელი და სოციალური როლი გააერთიანა. აღსანიშნავია, რომ თუ იუნგის ფუნდამენტური არქეტიპები ინდივიდის ფსიქიკის შინაგანი ანატომია და "ჩონჩხია", მაშინ შინაგანი მოტივაციისა და მიზნების მიხედვით ოთხ ჯგუფად დაყოფილი პირსონის არქეტიპები, უფრო სამოსს ან პროფესიას ჰგავს, რომელსაც ადამიანი თვითონ ირჩევს და ირგებს. 

ჯგუფი I: სტაბილურობის არქიტექტორები - "მმართველი", "შემოქმედი" და "მზრუნველი"

პირველ ჯგუფში პირსონმა ის არქეტიპები გააერთიანა, ვინც სტაბილურობას ეძებს და ყველგან კონტროლის დამყარებას ცდილობს - ბუნებით ლიდერი და ორგანიზებული "მმართველი", რომელსაც ქაოსი და ანარქია აშინებს, მდიდარი წარმოსახვის "შემოქმედი", რომელსაც ახლის, ფასეულისა და მარადიულის შექმნის იდეა შთააგონებს და ალტრუისტი "მზრუნველი", რომლის მიზანს სხვების დაცვა და უანგარო დახმარება წარმოადგენს.  

* "მმართველი" დევიზით "თუ გინდა საქმე იდეალურად გამოვიდეს, კეთილი ინებე და ყველაფერი თვითონ გააკეთე!" -  ამ არქეტიპის წარმომადგენლები მეტწილად მსხვილი კომპანიების მენეჯმენტს ხელმძღვანელობენ ან სხვადასხვა ორგანიზაციის ადმინისტრაციულ ცენტრებში მუშაობენ, სადაც დეტალურად სწავლობენ თანამშრომლების დოსიეებს, უნებართვოთ ერევიან მათ საქმეებში და არასდროს ინტერესდებიან გარშემომყოფთა აზრით, ყოველთვის იწუნებენ სხვის გაკეთებულს, თავიდან აკეთებენ და არასდროს იღლებიან. 

მართალია, "მმართველი" ბრწყინვალე ლიდერია სტრატეგიული ხედვითა და ფენომენალური ორგანიზატორული ნიჭით, რადგან როცა სამყარო ინგრევა და ყველა პანიკაშია, მხოლოდ ის  ინარჩუნებს საღად აზროვნების უნარს, საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას და ადგენს კრიზისის დაძლევის გეგმას, მაგრამ ბუნებით ხისტის ხელმძღვანელობა ხშირად ავტორიტარიზმს ემსგავსება, მით უფრო, რომ სტრესის ფონზე ერთი ხელის მოსმით შეუძლია "დემოკრატიის" გაუქმება და სასტიკ დიქტატორს დამსგავსებული უპირობო მორჩილებას მოითხოვს ყველასგან.

"მესიის კომპლექსით" შეპყრობილ "მმართველს", რომელიც დარწმუნებულია, რომ სწორედ მასზე გადის სამყაროს ღერძი, ამიტომ ერთი წამითაც არ აქვს მოდუნების და უყურადღებობის უფლება, პანიკურად ეშინია კონტროლის და საკუთარი პოზიციის დაკარგვის, შეცდომის დაშვების და მარცხის აღიარების. 

* "შემოქმედი" დევიზით, "თუ წარმოდგენა შეგიძლია, მაშინ შექმნასაც შეძლებ!" - მდიდარი წარმოსახვის "შემოქმედები" დიზაინერულ სტუდიებში, სამხატვრო სახელოსნოებსა და რესპექტაბელური რესტორნების სამზარეულოში პოულობენ საკუთარ ადგილს, სადაც ჩვეულებრივი ომლეტისგან ქმნიან კულინარიულ შედევრებს.  

შაბლონებისა და კლიშეებისგან თავისუფალ "შემოქმედს", რომელიც ყველასგან განსხვავებულად აღიქვამს სამყაროს და პრაქტიკულად სიცარიელიდან ქმნის საოცრებას, ყველაზე მეტად შემოქმედებითი კრიზისის, იდეების ამოწურვის და უღიმღამო, ერთფეროვანი ცხოვრების  ეშინია. ყოველთვის ეჭვი ეპარება საკუთარ ნიჭიერებაში, ჰგონია, რომ ბანალური და უინტერესოა, ამიტომ როგორი აღიარებული გენიოსიც არ უნდა იყოს, ქვეცნობიერად მაინც განიცდის რომ გარშემომყოფები მხოლოდ აბუქებენ და აზვიადებენ მის წარმატებას. 

* "მზრუნველი" ("მფარველი") დევიზით, "გიყვარდეს მოყვასი შენი საკუთარ თავზე მეტად!" - მსგავსი არქეტიპის წარმომადგენლების გაცნობა მეტწილად სამკურნალო დაწესებულებებსა და საქველმოქმედო ფონდებში შეიძლება, სადაც ყველას დაპურებას, დაბინავებას, დახმარებას ცდილობენ და მტკივნეულად განიცდიან სხვების პრობლემებს.   


 
მართალია, გულწრფელ, სანდო და საიმედო "მზრუნველს" უანგაროდ შეუძლია სიყვარული და ყოველთვის მზადაა სხვის სასარგებლოდ დათმოს საკუთარი ინტერესები, მაგრამ სხვებზე ზრუნვით გართულს ხშირად ავიწყდება საკუთარი თავი, სურვილები და მოთხოვნილებები. თუმცა, "წამებულის კომპლექსით" შეპყრობილს ქვეცნობიერად ძალიან სიამოვნებს მსხვერპლის როლში ყოფნა, ამიტომ ხშირად იხსენებს სხვების ბედნიერებისთვის გაწირულ ინტერესებს, რითაც ადამიანებს უხერხულობის, დანაშაულის გრძნობის განცდას აიძულებს.  

ამ არქეტიპის მთავარი - შიში მარტოობა, უმადურობა და დაუფასებლობაა, თვლის, რომ თუ საჭირო არ იქნება, არავის ეყვარება, ამიტომ მზრუნველობით ცდილობს სხვების სიყვარულს, კეთილგანწყობის "ყიდვას", თუმცა ხშირად ამგვარი "თავგანწირვა" ე.წ. "მომვლელის სინდრომით" ანუ ემოციური გამოფიტვით სრულდება, როცა "მზრუნველს" ფარული აგრესია უჩნდება მათ მიმართ, ვისზეც ზრუნავს. 

ჯგუფი II: სამყაროს შემცვლელები - "გმირი", "მეამბოხე" და "ჯადოქარი"

მეორე ჯგუფში იმ არქეტიპებმა მოიყარეს თავი, ვისაც გარისკვა და სამყაროს შეცვლა შეუძლია, ყველგან აღიარებას და პოპულარობას ეძებს - თამამი და გამბედავი "გმირი", ბრძოლით ცდილობს საკუთარი ძალისა და უპირატესობის დამტკიცებას, რადიკალურ "მეამბოხეს" წესების დარღვევით უნდა მოძველებულის დანგრევა, იდუმალებით მოცულ "ჯადოქარს" კი, ოცნებების რეალობად ქცევა გამოსდის კარგად.

* "გმირი" ("მეომარი") დევიზით "სადაც სურვილია, იქ გზაც გამოჩნდება, დაბრკოლება კი, მხოლოდ სუსტებისთვისაა" - ამ არქეტიპის წარმომადგენლები მეტწილად სპორტულ დარბაზებს ეტანებიან, სადაც ტკივილისგან სახედამანჭული აგრძელებენ სიმძიმეების ქაჩვას, ან ღამეებს ათევენ სამსახურში საერთო პროექტის სრულ მარტოობაში დასასრულებლად. 

"გმირი" არც ჩივის, არც წუწუნებს, არც უკან იხევს არასდროს, პირიქით, ყოველთვის მოქმედებს, მაშინაც წინ მიდის, როცა ყველა ნებდება და საკუთარი თავგანწირვით, ენთუზიაზმით უბიძგებს სხვებს პროგრესისკენ. თუმცა, მამაცი და დისციპლინირებული, ნებისყოფასთან ერთად ხისტი ხასიათით და ემპათიის სერიოზული დეფიციტით ხასიათდება, რადგან თვლის, რომ გარშემომყოფების სისუსტე ან დაღლილობა მხოლოდ სიმულაცია და სიზარმაცეა. ზედმეტად ენერგიულ "გმირს", რომელიც არც დასვენების უფლებას აძლევს საკუთარ თავს, არც ემოციების გამოხატვის, პანიკურად ეშინია ვინმემ უმწეოდ ან დაუცველად არ მიიჩნიოს, ამიტომ იქაც ომს იწყებს, სადაც არავინ ემტერება, რადგან ბრძოლის გარეშე მისი ცხოვრება უბრალოდ აზრს დაკარგავს. 

* "მეამბოხე" დევიზით "კანონები უნდა გაუქმდეს, წესები კი, იმისთვისაა, რომ დაარღვიო!" - რა თქმა უნდა "მეამბოხის" ადგილი მიტინგებზე, საპროტესტო აქციების წინა ხაზზეა და მნიშვნელობა არ აქვს რას აპროტესტებს, თუმცა კორპორატიულ თათბირებსაც ხშირად სტუმრობს, სადაც თვითონ ავლებს ფრონტის ხაზს და უხერხული, არასასიამოვნო კითხვებით ცდილობს წარმოსახვითი მტრების განადგურებას.

ინდივიდუალურობისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვით გამორჩეულ "მეამბოხეს", რომელიც რევოლუციების და რადიკალური ცვლილებების მამოძრავებელი ძალაა, ყოველთვის თამამად შეუძლია დადგენილი ნორმების უგულებელყოფა და მწარე სიმართლის მოურიდებლად თქმა, თუმცა როცა მისი ენერგია "ჩრდილში" გადადის და დესტრუქცია თვითმიზანს ემსგავსება, მხოლოდ პროტესტის გრძნობის დასაკმაყოფილებლად ანგრევს ყველაფერს - მეგობრობის, ურთიერთობისა და კარიერის ჩათვლით, მით უფრო, რომ ძალიან მოსწონს თავისივე ნაშენის ნგრევა. 

ისტორიაში საკუთარი კვალის დატოვების მანიაკალური სურვილით შეპყრობილი "მეამბოხე" ნებისმიერ ფასად, თუნდაც სკანდალით და ამორალური ქცევით ცდილობს პოპულარობის მოპოვებას, რადგან ვერ წარმოუდგენია იყოს მასის ნაწილი, თუმცა, მსგავსი სურვილი ბავშვური კომპლექსების შედეგი უფროა, როცა თანატოლებისგან გარიყული, უკვე ზრდასრულ ასაკში ცდილობს საზოგადოების უარყოფას, სანამ სხვები მოიძულებენ.  

* "ჯადოქარი" დევიზით, "შეუძლებელი არაფერია, მე ვიცი, როგორ მუშაობს სამყარო!" - მსგავსი არქეტიპი მეტწილად სამეცნიერო შეხვედრებს, კვანტური ფიზიკის ლექციებს, ინოვაციური ტექნოლოგიების პრეზენტაციებს ეტანება და იმ ადამიანებთან მეგობრობს, ვინც მედიტაციით "ურთიერთობს კოსმოსთან" და ვიზუალიზაცით "მოგზაურობს სხვადასხვა განზომილებაში".  

საოცარი ინტუიციისა და ქარიზმის პატრონი "ჯადოქარი" იქ ხედავს შესაძლებლობებს, სადაც სხვები მხოლოდ ქაოსს ხედავენ, არასდროს ელის ამინდის შეცვლას, რადგან ამინდსაც თვითონ ცვლის, საკუთარ აღქმასაც და მოსაწყენ რეალობასაც. სწორედ "ჯადოქრის" არქეტიპია იმ ინოვაციების (ინტერნეტის, სმარტფონის) ავტორი, რომლებიც ჯერ მიუღებელი და წარმოუდგენელი იყო საზოგადოებისთვის, მერე კი, მისი ცხოვრების ნაწილი გახდა, მით უფრო, რომ ძალიან კარგად ფლობს ადამიანის ფსიქოლოგიას და ზუსტად შეუძლია მათი სისუსტეების  გამოყენება. 

ქედმაღალი და ამბიციური "ჯადოქრისთვის", რომელიც ღრუბლებიდან დაჰყურებს სამყაროს, ამიტომ ხშირად კარგავს რეალობის შეგრძნებას და ძალიან უჭირს მარტივი, ყოფითი პრობლემების მოგვარება, აბსოლუტურად უცხოა ადამიანური გრძნობები და ურთიერთობები. ამასთანავე, მტკიცედ სჯერა, რომ მხოლოდ მას აქვს საიდუმლო ცოდნა და მხოლოდ მას შეუძლია სამყაროს გადარჩენა, თუმცა ყოველთვის გულს უხეთქავს ნეგატიური შედეგის მოლოდინი და ფიქრი, რომ ერთ მშვენიერ დღეს მისი "ჯადოქრობა" მისსავე წინააღმდეგ ამოქმედდება. 

ჯგუფი III: სოციალური კავშირების ოსტატები - "ჩვეულებრივი ადამიანი", "მიჯნური" და "მასხარა"

მესამე ჯგუფში სოციუმთან მჭიდროდ შეკრული არქეტიპები შეგროვდნენ, ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ინტეგრირება - გულწრფელი და მეგობრული "ჩვეულებრივი ადამიანისთვის" - მთავარი გუნდის წევრობა და კუთვნილების შეგრძნებაა, მიმზიდველი და ერთგული "მიჯნური" ყველგან სილამაზეს და სიყვარულს ეძებს, სპონტანური "მასხარა" კი, მხოლოდ აწმყოთი ცხოვრობს, თვითონაც ხალისობს და სხვებსაც ამხიარულებს. 

* "ჩვეულებრივი ადამიანი" ("ობოლი") დევიზით, "ყველა თანასწორია, მეც ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც შენ!" - ამ არქეტიპის წარმომადგენლები მეტწილად უბნის "ბირჟაზე", კაფეებში, სუპერმარკეტებში იმყარებენ პოზიციებს და აუცილებლად რუტინულ სამსახურებში (9-დან 6-მდე) მუშაობენ, სადაც არასდროს არაფერი იცლება.

მართალია, "ჩვეულებრივი ადამიანი", რომელიც მასის ნაწილი და საზოგადოების ხერხემალია, უბრალო და თავმდაბალი, ილუზიებს მოკლებული რეალისტია განსაკუთრებული პათოსისა და ამბიციების გარეშე, მაგრამ სწორედ კოლექტივს "მიტმასნების" სურვილი აქცევს კონფორმისტად და აკარგვინებს ინდივიდუალურობას. "ჩვეულებრივი ადამიანი" ყოველთვის ბრმად მიჰყვება უმრავლესობას და ხშირად თვითონვე თრგუნავს საკუთარ ნიჭსა და ამბიციებს, რადგან თვლის, რომ იყო განსხვავებული ან  სხვებზე უკეთესი -  უპატიებელი დანაშაულია.

ამ ტიპის ადამიანებს პანიკურად ეშინიათ კოლექტივისგან გარიყვის და მეგობრების, კოლეგების ზურგშექცევის, საზოგადოების მხრიდან დაწუნების და მარტო დარჩენის, ამიტომ ხშირად იტანჯებიან სოციოფობიითა და იზოლოფობიით ანუ საზოგადოებაში უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენის, მარტო დარჩენისა და იზოლაციის შიშით.

* "მიჯნური" ("საყვარელი") დევიზით, "სამყაროს მხოლოდ სიყვარული გადაარჩენს!" - შინაგანი მაგნეტიზმითა და შარმით გამორჩეულ "მიჯნურს", რომელიც თავგამოდებით "პოსტავს" სოციალურ მედიაში ესთეტიკურ ფოტოებსა და სენტიმენტალურ ციტატებს, ძალიან უყვარს რომანტიკული საღამოების მოწყობა და შესაბამისი გარემოს შექმნა ვარდის ფურცლების მოფენით, არომატული სანთლების განათებით და სუნამოს ჭარბად მოპკურებით, ამიტომ სისტემატურად სტუმრობს პარფიუმერულ, ყვავილების და სუვენირების მაღაზიებს.

"მიჯნური", რომელმაც სხვებზე კარგად იცის სილამაზის, მეგობრობისა და სიყვარულის ფასი, ნებისმიერ ურთიერთობას სამოთხედ აქცევს, პარტნიორს კი, ძალით "მიათრევს" პიედესტალზე, სადაც ყოველ დილას და საღამოს ეთაყვანება, თუმცა უარს მსგავს გაფეტიშებაზე ყოველთვის დრამატულად განიცდის, მით უფრო, რომ სტრესის დროს საერთოდ კარგავს გონებას და ეჭვიან მესაკუთრედ ქცეული, ღირსებაზეც უარს ამბობს პარტნიორის შესანარჩუნებლად. მყიფე ფსიქიკის "მიჯნურს", რომლის თვითრწმენა პარტნიორის შეფასებაზეა დამოკიდებული, ქვეცნობიერად ყოველთვის ეჭვი ეპარება საკუთარ მიმზიდველობასა და მეწყვილის გულწრფელობაში, ამიტომ ხშირად იტანჯება პარანოიით, მიტოვებისა და მარტო დარჩენის შიშით.

* "მასხარა" დევიზით, "ცხოვრება ერთხელ გვეძლევა, ამიტომ არაფერზე თქვა უარი!" - მართალია, "მასხარა" ყველა "ალკოჰოლური წვეულებების" ეპიცენტრშია, სადაც სიამოვნებით უსინჯავს გემოს ეგზოტიკურ კოქტეილებს, საჭირო კონდიციამდე მისული კი, ბედნიერი ცეკვავს მაგიდებზე, მაგრამ ძალიან მოსწონს კორპორატიული თათბირებისა და მნიშვნელოვანი შეხვედრების სტუმრობა, სადაც იუმორით ცდილობს საკუთარი მოუსვენრობის შენიღბვას და ზოგჯერ ისე ხუმრობს, რომ თათბირის გაგრძელება საერთოდ აზრს კარგავს.

ბრწყინვალე იუმორის პატრონი "მასხარა" ყოველთვის აწმყოთი, "აქ და ახლა" ცხოვრობს, არასდროს ნანობს წარსულზე და არ ფიქრობს მომავალზე, პირიქით, თვლის, რომ "არ ღირს ცხოვრების ზედმეტად სერიოზულად მიღება, რადგან ბევრად სერიოზული რამეებიც არსებობს". თუმცა, სწორედ ზედაპირულობის და უპასუხისმგებლობის გამო, როცა პრობლემების გადაწყვეტის ნაცვლად, უბრალოდ "ორთქლდება", ბევრი თავს არიდებს მასთან თანამშრომლობას და ვერავინ ხვდება, რომ "მასხარა" მხოლოდ სოციალური ნიღაბია, რომელიც ტკივილს, ხშირად ქრონიკულ დეპრესიას მალავს. სინამდვილეში, "ნაღვლიან ჯამბაზს" საკუთარი ტკივილის აღიარება, სულიერი ტრავმებისთვის თვალის გასწორება აშინებს, იუმორით და მასხრობით კი, რუტინას და ერთფეროვნებას გაურბის, რომლის მიღება თავისუფლების დაკარგვასა და სიცოცხლის დასრულების ტოლფასი იქნება.

ჯგუფი IV: სულიერი მაძიებლები - "უმანკო", "ბრძენი" და "მკვლევარი"

მეოთხე ჯგუფში პირსონმა იმ არქეტიპებს მოუყარა თავი, ვინც თავისუფლებას, დამოუკიდებლობას ეძებს და სიბრძნის, ჭეშმარიტების პოვნა უნდა - მუდამ პოზიტიური "უმანკო" ყველაფერში დადებითის დანახვას ცდილობს, "ბრძენი" მთელი ცხოვრება ცოდნას, სიმართლეს და სამართალს ეძებს, თავისუფლების მოყვარე "მკვლევარის" მიზანი კი, სამყაროს შეცნობა და ახალი გამოცდილების შეძენაა, ამიტომ ძალიან აფრთხობს აკრძალვები და შეზღუდვები.  

* "უმანკო" ("უდანაშაულო") დევიზით, "ყველაფერი კარგად იქნება! ცხოვრება მშვენიერია, მთავარია, სიკეთის გვჯეროდეს!" - ამ არქეტიპის წარმომადგენლებს იოგას ვარჯიშები და მედიტაციის კურსები იზიდავთ, ნებისმიერ "ტოქსიკურ" სიტუაციაში პოულობენ პოზიტივს და გულწრფელად სჯერათ, რომ ყველა ადამიანი კარგი და კეთილია, უბრალოდ ზოგჯერ იქცევა ცუდად. 

სუფთა რწმენისა და გულის პატრონი "უმანკო" არავის არ მტრობს და არ ერჩის, პირიქით, მთელი სამყარო გონის დაკარგვამდე უყვარს, რადგან უმნიშვნელო წვრილმანებით გახარების უნიკალური ნიჭი აქვს. მართალია, "უმანკო" იმ ცხოვრებით დაღლილთა საუკეთესო მეგობარია, ვისაც შუბლზე ცივი ტილოს დადება სჭირდება, მაგრამ ამგვარი ცხოვრების წესი ინფანტილიზმს და რეალობის უარყოფას უფრო ჰგავს, როცა კრიზისულ სიტუაციაში მხოლოდ თვალებზე იფარებს ხელს და თავს იტყუებს, რომ საგანგაშო არაფერია, რადგან არც სერიოზული გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, არც საკუთარი პრობლემების მოგვარება, რასაც მის ნაცვლად სხვები აკეთებენ.  

ინფანტილური "უმანკო" - პიტერ პენის სინდრომის კლასიკური განსახიერებაა, რადგან ზოგჯერ  გაცნობიერებულად, ზოგჯერ გაუცნობიერებელად ამბობს უარი გაზრდასა და რეალობის მიღებაზე, ამიტომ იმ მყუდრო, ბავშვურ სამყაროში ურჩევნია გამოკეტვა, რომელიც სრულად ერგება მის ილუზიებს. ამასთანავე, საოცრად გულუბრყვილო "უმანკო" ხშირად ხდება თაღლითების და მანიპულატორების მსხვერპლი, თუმცა მათაც ყველაფერს პატიობს და მარტივად პოულობს მიზეზს უზნეო ქცევის გასამართლებლად. 

* "ბრძენი" დევიზით, "ცოდნა ძალაა, ჭეშმარიტება სადღაც აქაა, მთავარი ლოგიკა და ფაქტებია!" - წიგნის მაღაზიებისა და სამეცნიერო ლაბორატორიების ხშირი სტუმარი "ბრძენი" განურჩევლად ყველასთან კამათობს და ერთი შეხედვით მტკიცე არგუმენტებსაც სტატისტიკური მონაცემებით, სამეცნიერო ფაქტებით ანადგურებს.  

ამპარტავან "ბრძენს", რომელიც ყოველთვის საკუთარი სიმაღლიდან დაჰყურებს "უმეცარ სამყაროს" ფენომენალური ინტელექტი და ანალიტიკური ჭკუა აქვს, თუმცა პანიკურად ეშინია მოტყუების და გაბრიყვების, პუბლიკის წინაშე სულელად გამოჩენის და საკუთარი არაკომპეტენტურობის აღიარების, ამიტომ გაუთავებლად ეძებს და იკვლევს, ნებისმიერ თემას გულდასმით სწავლობს და ენციკლოპედიურ ტომებს აგროვებს გონებაში, რაც ხშირად ინტელექტის გადატვირთვით  და ფსიქიკური აშლილობით სრულდება.  

* "მკვლევარი" დევიზით, "ნუ შემზღუდავთ, მე ჩემი გზა მაქვს, ცხოვრება თავგადასავალია!" - "მკვლევარი", რომელიც მეტწილად სარკინიგზო სადგურებსა და აეროპორტებში, მიუვალ სოფლებსა და უკაცრიელ ქალაქებში ცხოვრობს, პრაქტიკულად ყოველ წელს ახალ სამსახურსა და პროფესიას იძენს, რადგან თვლის, რომ ძველ ამპლუაში უკვე ამოწურა საკუთარი თავი და შესაძლებლობები.

თამამ და დამოუკიდებელ "მკვლევარს" არც სიახლეები აშინებს, არც სირთულეები, სტაბილურობას კი, ყოველთვის სპონტანურობას ამჯობინებს, რადგან ნებისმიერ სიტუაციაში ახერხებს სხარტად აზროვნებას და პანიკის გარეშე მოქმედებას, თუმცა ძალიან უჭირს გრძელვადიან ვალდებულებებზე პასუხისმგებლობის აღება, ამიტომ როცა პირადი ან საქმიანი ცხოვრება რუტინას ემსგავსება, კლაუსტროფობია - ფიზიკურ და მენტალურ ჩარჩოებში გამომწყვდევის შიში იპყროს და თავქუდმოგლეჯილი გარბის გაურკვეველი მიმართულებით. 

მოუსვენარ "მკვლევარს" არც ერთ ადგილას უყვარს გაჩერება, არც ერთსა და იმავე ადამიანებთან დიდხანს მეგობრობა, ამიტომ მისი ცხოვრება ყოველთვის ფრაგმენტული და ზედაპირულია. მეტიც, რწმენა, რომ "ბედნიერება ყოველთვის სხვაგანაა, სხვა ქვეყანაში, სხვა სამსახურში ან სხვა პარტნიორთან", მთელი ცხოვრება სირბილს აიძულებს და ვერ ხვდება, რომ საკუთარ თავს ვერასდროს გაექცევა. სხვათა შორის, "მკვლევარს" ხშირად უჩნდება თვითიდენტიფიცირების პრობლემა, რადგან ზრდასრულ ასაკშიც უჭირს განსაზღვროს, ვინ არის და სინამდვილეში რა უნდა. 

ტესტი: აღმოაჩინე საკუთარი არქეტიპი

მათ, ვინც ჯერ ვერ ამოიცნო საკუთარი არქეტიპი, მოკლე ტესტის მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემით შეუძლია საკუთარი თავის მოძიება. 

თითოეულ კითხვაში აირჩიეთ მხოლოდ ერთი ვარიანტი და მონიშნეთ შესაბამისი ასო: 


1. რას გააკეთებთ მოულოდნელად რომ მოიგოთ დიდი თანხა? -
ა) წამოვიწყებ ბიზნესს ან ვიყიდი უძრავ ქონებას (სტაბილურობის არქიტექტორები). 
ბ) მთელი ცხოვრება ვიმოგზაურებ ან ავისრულებ გიჟურ სურვილებს (სამყაროს შემცვლელები).
გ) მოვაწყობ გრანდიოზულ წვეულებას მეგობრებისთვის ან დავაფინანსებ საქველმოქმედო პროექტებს (სოციალური კავშირების ოსტატები).
დ) გავხსნი წიგნების მაღაზიას ან ავაშენებ პატარა სახლს ტყეში (სულიერი მაძიებლები).

2. როგორი იქნება თქვენი პირველი რეაქცია სამსახურში ან სახლში სერიოზული კრიზისის შემთხვევაში? - 
ა) საკუთარ თავზე ავიღებ პასუხისმგებლობას და ავუხსნი დანარჩენებს როგორ მოიქცნენ (მმართველი / გმირი).
ბ) ვეცდები მოვიძიო ახალი, თუნდაც გიჟური გამოსავალი (შემოქმედი / მეამბოხე / მაგი).
გ) მორალურად დავეხმარები ყველას, დავამშვიდებ და იუმორით განვმუხტავ დაძაბულობას (მზრუნველი / მასხარა).
დ) განვმარტოვდები, ლოგიკურად გავაანალიზებ სიტუაციას და დაველოდები, როდის "ჩადგება ქარიშხალი" (ბრძენი / უდანაშაულო).

3. რომელი ფრაზა გაშინებთ ყველაზე მეტად?
ა) "შენი აზრი არაფერს ნიშნავს, შენს მაგივრად სხვები მიიღებენ გადაწყვეტილებას" (კონტროლის დაკარგვის შიში).
ბ) "ცხოვრება სულ ასეთი იქნება - ყოველდღე ერთი და იგივე რუტინა" (ჩაკეტილობის შიში)
გ) "მარტო მოგიწევს ბრძოლა, შენი დახმარება არავის უნდა" (მიტოვების შიში).
დ) "შენ არაფერი იცი, შენი იდეები უაზროა და არავის აინტერესებს (უმეცრად გამოჩენის შიში).

4. როგორია იდეალური დასვენების დღე? -
ა) როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და დღეც პროდუქტიულია.
ბ) მოულოდნელი თავგადასავალი, სპონტანური გასეირნება უცნობ ადგილას.
გ) წვეულების მოწყობა და გართობა საყვარელ ადამიანებთან ერთად. 
დ) მყუდრო ბინაში განმარტოება და წიგნის წაკითხვა.

ტესტის გასაღები -
* თუ პასუხებში ასო "ა" ჭარბობს - თქვენი მიზანი სტაბილურობა და ძალაუფლების მოპოვებაა, გიყვართ წესრიგი და გაღიზიანებთ ქაოსი, რადგან თქვენი არქეტიპი "მმართველი" ან "გმირია". 
* თუ პასუხებში ასო "ბ" ჭარბობს - თქვენი მიზანი სამყაროს გარდაქმნაა, იბრძვით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, არ სცნობთ შეზღუდვებს და სტერეოტიპებს, რადგან "მკვლევარის", "მეამბოხის" ან "შემოქმედის" არქეტიპს მიეკუთვნებით. 
* თუ პასუხებში ასო "გ" ჭარბობს - თქვენი მიზანი სოციუმში ადგილის დამკვიდრებაა, გიყვართ ადამიანები და მათთან ურთიერთობა, რადგან თქვენი არქეტიპი "მზრუნველი", "მიჯნური" ან "მასხარაა". 
* თუ პასუხებში ასო "დ" ჭარბობს - თქვენი მიზანი ცოდნის და გამოცდილების შეძენა, ჭეშმარიტების და ჰარმონიის მოძიებაა, რადგან "ბრძენის" ან "უმანკოს" არქეტიპს მიეკუთვნებით. 

სხვა თემები