„ფლამინგოების რევოლუცია“: რა დგას ალბანეთში მიმდინარე პროტესტების უკან?
უკვე რამდენიმე კვირაა, მსოფლიოს მედია საშუალებები ალბანეთში მიმდინარე საპროტესტო მსვლელობების კადრებს ავრცელებენ. მომიტინგეები ამტკიცებენ, რომ დემოკრატიული პროცესების დასაცავად იბრძვიან. პრემიერ-მინისტრი რამა კი აცხადებს, რომ მოძრაობა „ჰიბრიდული ომის“ ნაწილია.
რა ხდება?
ყოველ საღამოს 19:00 საათზე, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, მთავარ მოედანზე მომიტინგეები იკრიბებიან და ეს პროცესი უკვე სამ კვირაზე მეტია, გრძელდება. ე.წ. „ფლამინგოების რევოლუცია“ კომუნიზმის დაცემის შემდეგ ქვეყნის ყველაზე მასშტაბურ საპროტესტო მოძრაობად იქცა. ყველაფერი კი ალბანეთის მთავრობის მიერ ქვეყნის სამხრეთით მდებარე დაცულ სანაპირო ზონაში, ზვერნეცის რეგიონში, ტურიზმის განვითარების ელიტური პროექტის დამტკიცებით დაიწყო. მთავრობის გადაწყვეტილებამ გამოიწვია საპროტესტო აქციები, რომლებიც მალე უფრო ფართო პოლიტიკურ მოძრაობაში გადაიზარდა. თავდაპირველად გარემოსდაცვითი შეშფოთებით გამოწვეული დემონსტრაციები მასშტაბური გახდა და მონაწილეებმა უფრო ფართო მოთხოვნები წამოაყენეს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომა. თავად მთავრობის მეთაური უარყოფს იმ მოსაზრებას, რომ არეულობა მხოლოდ შიდა პოლიტიკური საკითხებით არის გამოწვეული. რამა ამტკიცებს, რომ საპროტესტო აქციები იმ „ჰიბრიდული ომის“ ნაწილია, რომელშიც გარე ძალების ჩარევა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მანიპულირება მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ჯარედ კუშნერის ელიტური კურორტი ალბანეთში
ალბანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, სკანდალმა საერთაშორისო ყურადღება მხოლოდ მას შემდეგ მიიპყრო, რაც ის დაუკავშირდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს, რომელიც ზვერნეცში ძვირადღირებული სასტუმროებით ელიტური ტურისტული ობიექტყის აშენებას გეგმავს. „მსოფლიოს ყურადღება არა ნარტას ლაგუნის ბედმა, არამედ კუშნერის სახელმა მიიპყრო“, - განაცხადა რამამ 20 ივნისს სოციალისტური პარტიის მიერ პარლამენტის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე. მან ასევე მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ქუჩის საპროტესტო აქციების ფონზე გადადგომას არ აპირებდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, „ციფრულმა ციკლონმა“ საპროტესტო აქციები გარე აქტორების ფართო სპექტრის წყალობით გაამძაფრა, მათ შორის, დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეების, ისრაელის საწინააღმდეგო ჯგუფებისა და, მისი თქმით, სხვა ქვეყნების მიერ მხარდაჭერილი „ციფრული დაქირავებულების“ წყალობით. „გამოვლენილია მონაწილეები, რომლებიც (უცხო) სახელმწიფოების, მათ შორის, ირანის მხარდაჭერით მოქმედებენ“, - განაცხადა რამამ.
ალბანეთის კომუნისტური წარსულის გამოძახილი
ტირანას უნივერსიტეტის პოლიტიკური კომუნიკაციისა და კოლექტიური მეხსიერების სპეციალისტი, ჯონილა გოდოლე ამტკიცებს, რომ რამას ინტერპრეტაცია კარგად ცნობილ კომუნიკაციურ სტრატეგიას მიჰყვება: გადატანილ იქნეს ყურადღება მომიტინგეების მოთხოვნებიდან მათ ორგანიზებაში ბრალდებულებზე. „როდესაც სამოქალაქო პროტესტი წარმოდგენილია როგორც პროირანული, ანტი-ისრაელის ან ტრამპის ოპონენტების მიერ ორგანიზებული, ყურადღება გადადის იმისგან, თუ რას ითხოვენ მომიტინგეები. ამის ნაცვლად, დისკუსია იწყება პროტესტების სავარაუდო ინსპირატორებზე - გარე მტრებზე“, - განმარტა გოდოლემ Deutsche Welle-სთან ინტერვიუში. მან რამას რიტორიკაში ალბანეთის კომუნისტური წარსულის გამოძახილი დაინახა. ამ პერიოდში პოლიტიკური დისიდენტობა, როგორც წესი, მტრულად განწყობილი საგარეო ძალების ნამოქმედრად იყო წარმოდგენილი. მისი თქმით, გარე მტრების შესახებ დისკურსი არაერთხელ გამოიყენება, როდესაც ხელისუფლება ხანგრძლივი შიდა ზეწოლის წინაშე დგას. „შიში კომუნისტური რეჟიმის პოლიტიკური კაპიტალი იყო. ის საზოგადოებას კონტროლქვეშ ინარჩუნებდა და ძალაუფლებას ლიდერის გარშემო აკონცენტრირებდა. დღეს კომუნიკაციის ეს ენა ისე ეფექტურად აღარ მუშაობს. ახალგაზრდები აღარ იღებენ ამ პოლიტიკურ სტილს, ისინი უარყოფენ მას“, - ასკვნის გოდოლე.
ალბანურ საზოგადოებაში უკმაყოლება წლების განმავლობაში გროვდებოდა
ბევრი დამკვირვებლისთვის, გარდამტეხი მომენტი ზვერნეცის სანაპიროზე, 30 მაისს მოხდა. ინციდენტს მობილური ტელეფონებით იღებდნენ ადამიანები, რომელთა თვალწინ პოლიციის თანდასწრებით, კერძო დაცვის თანამშრომლებმა ერთ-ერთი მომიტინგე ქვიშიან სანაპიროზე გადაათრიეს. ინციდენტის ვიდეოები სწრაფად გავრცელდა სოციალურ მედიაში, რამაც გარემოსდაცვითი პროტესტი მთავრობის ქმედებების, ანგარიშვალდებულებისა და კანონის უზენაესობის შესახებ უფრო ფართო ეროვნულ დისკუსიად აქცია. აკადემიკოსი არტან ფუგა მიიჩნევს, რომ კადრებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია ხალხში, რადგან ის ასახავდა იმ წინააღმდეგობასა და დაძაბულობას, რომელიც წლების განმავლობაში ალბანურ საზოგადოებაში გროვდებოდა. „ეს საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი მომენტი იყო. ამ სცენამ გამოავლინა მოქალაქეებსა და სახელმწიფოს, ინდივიდსა და მათ უფლებებს შორის ურთიერთობის ბუნება, ასევე - კერძო ინტერესებსა და საზოგადოებრივ სიკეთეს შორის კონფლიქტი“, - მიიჩნევს აკადემიკოსი.
მეტი, ვიდრე უბრალოდ გარემოსდაცვითი პროტესტი
პოლიტოლოგ ბლენდი კაისიუს თქმით, მიმდინარე პროტესტები გაცილებით ღრმა კრიზისზე მიუთითებს, ვიდრე უბრალოდ გარემოსდაცვით საკითხებზე კონფლიქტია. მისი განმარტებით, დემონსტრანტებს აერთიანებს არა საერთო იდეოლოგია, არამედ - ალბანური პოლიტიკური მოდელისადმი უარყოფითი დამოკიდებულება. „ჩვენ ახლა ალბანეთის დემოკრატიული მოდელის ღრმა კრიზისს ვხედავთ. ამ პროტესტებში მონაწილე ადამიანებს აერთიანებთ არა იდეოლოგია, არამედ - რწმენა, რომ ქვეყნის პოლიტიკური სისტემა აღარ წარმოადგენს მათ ინტერესებს“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა DW-სთან ინტერვიუში. ის თვლის, რომ მომიტინგეები ცდილობენ დაიბრუნონ საჯარო სივრცე, რომელიც მათი აზრით, თანდათანობით ვიწრო პოლიტიკური და კერძო ინტერესების კონტროლის ქვეშ მოექცა: „ზვერნეცში აღმართული ღობე გახდა ფიზიკური განსახიერება იმისა, რაც ბევრი მოქალაქის აზრით, პრემიერ-მინისტრის ოფისს, პარლამენტსა და პოლიტიკურ პარტიებს დაემართათ: ისინი მათმა „მფლობელებმა“ შემოღობეს“.
დებატები ალბანეთის საზღვრებს გასცდა
ეს დავები უკვე ევროკავშირის დონემდეც კი მივიდა. ალბანეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პროგრესის შესახებ თავის უახლეს რეზოლუციაში, ევროპარლამენტმა გამოთქვა „სერიოზული შეშფოთება“ ვიოსა-ნარტას დაცულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაციის გამო და დაცულ ტერიტორიებზე ახალი ნებართვებისა და სამშენებლო სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოწოდებები გაავრცელა. რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს, რომ გარემოს დაცვა და კანონის უზენაესობა ალბანეთის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აღებული ვალდებულებების განუყოფელი ნაწილია. ჯონილა გოდოლეს მტკიცებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია აჩვენებს, რომ ევროპულმა ინსტიტუტებმა აღიარეს კავშირი ალბანეთში მიმდინარე კონფლიქტსა და გარემოსდაცვით საკითხებსა და კანონის უზენაესობას შორის.


