24 აგვისტო 2026 - 17:16

მეორე ტიპის დიაბეტი ქალებში სულ უფრო ახალგაზრდავდება. რატომ?

მეცნიერები 40 წლამდე ასაკის ქალებში მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ. თუმცა აღნიშნული დიაგნოზის დასმა ხშირად გვიანდება.

რა ხდება?

ბოლო დრომდე, პირველ და მეორე ტიპის დიაბეტს შორის განსხვავება მეტ-ნაკლებად მკაფიო იყო. კერძოდ, პირველი ტიპის დიაბეტი გენეტიკურ აუტოიმუნურ დაავადებად ითვლებოდა, რომელიც, როგორც წესი, ბავშვობაში ან ადრეულ ზრდასრულ ასაკში ვლინდება. მეორე ტიპის დიაბეტი კი პირიქით, ტრადიციულად ხანდაზმულ ადამიანებთან, ყველაზე ხშირად კი, 50-60 წელს გადაცილებულებსა და არაჯანსაღი ცხოვრების წესის მქონე პირებთან ასოცირდებოდა. დღეს ეს ასაკობრივი განსხვავება აქტუალური აღარ არის, რადგან მეორე ტიპის დიაბეტი სულ უფრო ხშირია ახალგაზრდებში. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა ახალგაზრდა ქალებში დაფიქსირდა. ამ დასკვნამდე მივიდა ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევართა ჯგუფი, რომელმაც ინგლისში დიაბეტის ეროვნული აუდიტის 2011-2024 წლების მონაცემები გააანალიზა. მეცნიერების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტიპის დიაბეტის გავრცელება 60-დან 79 წლამდე ასაკის ადამიანებში მცირდება, ის 40-წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში იზრდება. 

კვლევის შედეგებმა, რომელიც The Lancet Regional Health Europe-ში გამოქვეყნდა, აჩვენა შემთხვევების ყველაზე მკვეთრი ზრდა აზიური წარმოშობის ქალებში, ასევე -  ღია და მუქი კანის მქონე, 20-დან 29 წლამდე ასაკის  ქალებში. ამასთანავე, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 30-დან 39-წლამდე ასაკის ღია კანის მქონე ქალებში. „ახალგაზრდებში მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევების ზრდის შესახებ დისკუსიის დიდი ნაწილი ეთნიკურ უმცირესობებზე იყო ფოკუსირებული“, - აღნიშნა კვლევის წამყვანმა ავტორმა და ლონდონის სამეფო კოლეჯის კლინიკური დიაბეტოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა შივანი მისრამ. თუმცა, მეცნიერის განმარტებით, მსგავსი შემთხვევები ღია კანის მქონე მოსახლეობაშიც იზრდება. „ეს აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის აღნიშნული პრობლემა სულ უფრო მეტად მოქმედებს ახალგაზრდა თაობის უფრო ფართო სპექტრზე“, - ხაზგასმით აღნიშნა მისრამ. 

რატომ გახშირდა მე-2 ტიპის დიაბეტი ახალგაზრდებში?

გერმანელი ენდოკრინოლოგისა და გერმანიის დიაბეტის საზოგადოების (DDG) წარმომადგენლის, ბაპტისტ გალვიტცის თქმით, გერმანიაში არსებული სიტუაცია ბევრი რამით ჰგავს დიდ ბრიტანეთში შექმნილ ვითარებას. „მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იზრდება“, - განუცხადა გალვიცმა Deutsche Welle-ს. „ფაქტობრივად, ეს პანდემიაა. გერმანიაში ასევე ვხედავთ აღნიშნული დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მოზარდების რაოდენობის ზრდას“, - დასძენს მეცნიერი. 

DDG-ის მიერ დიაბეტის შესახებ მომზადებული 2026 წლის ანგარიშის თანახმად, 11-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევები 2014-დან 2023 წლამდე, წლის ჭრილში, საშუალოდ, 5.8%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკური წინასწარგანწყობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების განვითარებაში, ცხოვრების წესი კვლავ მთავარ ფაქტორად რჩება. „ადამიანები საკმარისად არ მოძრაობენ და ძალიან ბევრ შაქარსა და შესაბამისად, კალორიას იღებენ“, - ამბობს გალვიცი. „ეს იწვევს ახალგაზრდებში ჭარბი წონის პრობლემის გამწვავებას, სიმსუქნე კი მნიშვნელოვნად ზრდის მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს“,- დასძენს მეცნიერი.

აღნიშნული დაავადების დროს ორგანიზმი ან საკმარის ინსულინს არ გამოიმუშავებს, ან უჯრედები ცუდად რეაგირებენ მასზე, რაც სისხლში გლუკოზის დონის მატებას იწვევს. 1-ლი ტიპის დიაბეტი კი - პირიქით, ინსულინის წარმომქმნელი უჯრედების სრული განლევით ხასიათდება, რაც ინსულინის მწვავე დეფიციტს იწვევს. 

როგორ შევაჩეროთ ახალგაზრდებში დიაბეტის შემთხვევების ზრდა?

დიაბეტის შემთხვევების ზრდა განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან ახალგაზრდა პაციენტებს ხშირად დაავადების უფრო მძიმე ფორმა აღენიშნებათ, ვიდრე - ხანდაზმულ პაციენტებს. „მე-2 ტიპის დიაბეტის ნებისმიერი დიაგნოზი სერიოზულია, მაგრამ ახალგაზრდებში დაავადება შეიძლება უფრო აგრესიულად პროგრესირებდეს, რაც გართულების რისკს ზრდის და სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს“, - აღნიშნავს ჰელენ კირეინი, საქველმოქმედო ორგანიზაცია Diabetes UK-ის წარმომადგენელი. 

სწორედ ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადრეული ზომების მიღება. გალვიცის თქმით, DDG მიესალმება გერმანიაში შაქრიან გაზიან სასმელებზე გადასახადის შემოღებას, თუმცა ამ ზომას მაინც არასაკმარისად მიიჩნევს. ორგანიზაცია ემხრობა დიფერენცირებული დამატებითი ღირებულების გადასახადის სისტემას, რომლის მიხედვითაც ახალი ხილი და ბოსტნეული გათავისუფლდება დღგ-სგან და გადასახადის განაკვეთი საკვებში ნაჯერი ცხიმებისა და შაქრის შემცველობის ზრდასთან ერთად გაიზრდება. 

გარდა ამისა, DDG გვთავაზობს კვების ხარისხის გაუმჯობესებას საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, ასევე - ფიზიკური აქტივობის სავალდებულო საათის შემოღებას ყოველდღიურ რეჟიმში. თუმცა ვარჯიშის წახალისება საკმარისი არ არის. ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ალექსანდრა კაუცკი-ვილერის თქმით, აუცილებელია ქალთა ფიზიკური აქტივობისთვის უსაფრთხო პირობების შექმნა. „მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ისეთი პირობები, როდესაც ქალებს შეეძლებათ, უსაფრთხოდ ჩაერთონ ფიზიკურ აქტივობაში“, - განაცხადა კაუცკი-ვილერმა, რომელიც ასევე გენდერული მედიცინის პროფესორია. მისი თქმით, ქალი, რომელსაც ქუჩაში შევიწროების ეშინია, წონის გამო დაცინვის ან ღამით შესაძლო ძალადობის ობიექტი გახდეს, გაცილებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამსახურის შემდეგ ირბენს ან სპორტდარბაზში დარეგისტრირდება. 

ქალებში მე-2 ტიპის დიაბეტი ხშირად შეუმჩნეველი რჩება

მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებული ქალების რეალური რაოდენობა, შესაძლოა, ოფიციალურ სტატისტიკას მნიშვნელოვნად აღემატებოდეს. 2025 წელს ალექსანდრა კაუცკი-ვილერმა და მისმა კოლეგამ გერმანულ სამედიცინო ჟურნალ „Deutsches Ärzteblatt“-ში გამოაქვეყნეს მიმოხილვა, რომლის მიხედვითაც, დაავადება ხშირად შეუმჩნეველი რჩება ქალებში. „კაცებს, როგორც წესი, დიაგნოზს უფრო ახალგაზრდა ასაკში უსვამენ“, - აღნიშნავენ ავტორები. ამასთანავე, „დიაგნოზის დასმის დროისთვის ქალები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი სიმსუქნისკენ, აქვთ მაღალი არტერიული წნევა და უფრო მეტად იმატებენ წონაში, ვიდრე - კაცები“. ყველა ეს ფაქტორი ინსულტისა და გულის შეტევის რისკსაც ზრდის.  

რატომ დიაგნოსტირდება ქალებში მე-2 ტიპის დიაბეტი ხშირად მხოლოდ მაშინ, როდესაც დაავადება უკვე საკმაოდ „შორს არის წასული“? „ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ უზმოზე გლუკოზის დონე, როგორც წესი, იზომება დიაბეტის საწყისი სკრინინგისთვის“, - განმარტავს კაუცკი-ვილერი. ამ დროს იზომება სისხლში შაქრის დონე ბოლო საკვების მიღებიდან, სულ ცოტა, რვა საათის შემდეგ. თუმცა ეს მაჩვენებელი მხოლოდ ერთ მომენტს ასახავს და არ გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ სისხლში შაქრის მკვეთრი მატება ჭამის შემდეგ. „ქალებს, როგორც წესი, უფრო დაბალი აქვთ უზმოზე სისხლში შაქრის დონე, ვიდრე - კაცებს“, - ამბობს ექსპერტი. „გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი გაცილებით ინფორმაციული იქნებოდა, მაგრამ მეტ დროსა და რესურსს მოითხოვს“, - ასკვნის მეცნიერი. 

უფრო კომპლექსურ ტესტს შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა

გლუკოზის ტოლერანტობის ტესტისთვის საჭიროა ორი საათის განმავლობაში სისხლის რამდენჯერმე აღება და პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში უნდა დარჩეს. კაუცკი-ვილერის თქმით, ასევე სასარგებლო იქნებოდა HbA1c-ის დონის უფრო ხშირად გაზომვა, რაც ასახავს სისხლში შაქრის საშუალო დონეს ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში. HbA1c არის გლიკირებული ჰემოგლობინის ანუ სისხლის წითელ უჯრედებში გლუკოზის მოლეკულებთან დაკავშირებული ჰემოგლობინის საზომი. როდესაც მისი დონე მომატებულია, ორგანიზმი შაქრის გადამუშავებას ნაკლებად ახერხებს. 

HbA1c-ის მომატებული დონე მიუთითებს, რომ სისხლში გლუკოზის ჭარბი რაოდენობა დიდი ხნის განმავლობაში ინახება. თუმცა ეს ტესტი მოითხოვს სპეციალიზებულ ლაბორატორიულ აღჭურვილობას და უფრო ძვირია, ვიდრე - უზმოდ ჩატარებული გლუკოზის ტესტი. გერმანიასა და ავსტრიაში გლუკოზის ტოლერანტობის ტესტები და HbA1c ტესტები არ შედის საწყისი სკრინინგის ძირითად დაზღვევაში, ხოლო უზმოზე ჩატარებული გლუკოზის ტესტ დაფარულია ჯანმრთელობის დაზღვევა ფარავს. დიაგნოსტიკური მეთოდების არჩევანზე ამან შეიძლება გავლენა იქონიოს. 

მიუხედავად ამისა, DW-ს მიერ გამოკითხული ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ  ახალგაზრდებში მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევების შესამცირებლად უმნიშვნელოვანესია, პრედიაბეტის სტადიაში მყოფი ადამიანების იდენტიფიცირება. ამ ეტაპზე სიტუაციის შეცვლა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ბევრ შემთხვევაში, ცხოვრების წესისა და კვების რაციონის შეცვლას შეუძლია შეაჩეროს დაავადების პროგრესირება, თავიდან აიცილოს მედიკამენტების მუდმივად მიღების საჭიროება და შეამციროს სერიოზული გართულებებისა თუ ნაადრევი სიკვდილის რისკი.

სხვა თემები