23 აგვისტო 2026 - 17:12

რა შეუძლია ახალ აბებს, რომლებიც წონის კლებისთვის გამოიყენება?

წონის კლების წამალი ახლა უკვე აბების ფორმით არის ხელმისაწვდომი. ეს შეიძლება შვება იყოს მათთვის, ვისაც ინექციების ეშინია. თუმცა, ახალი აბი ცხოვრების წესის შესაცვლელად უვნებელი გზა ნამდვილად არ არის.

ევროკომისიამ „ვეგოვი“ აბების ფორმით უკვე დაამტკიცა. ეს ევროპაში პირველი შემთხვევაა, როდესაც აქტიური ინგრედიენტის - სემაგლუტიდის შემცველი პერორალური წონის მართვის თერაპია ინექციის ნაცვლად ტაბლეტის სახით არის ხელმისაწვდომი. შესაძლოა, ეს შვება იყოს ჭარბი წონის მქონე მრავალი პაციენტისთვის, მაგრამ ისმის კითხვა: არის თუ არა ეს აბი ისეთივე ეფექტური და უსაფრთხო, როგორც ინექცია?

„ვეგოვის“ აბი და ინექცია ანალოგიურ აქტიურ ინგრედიენტებს შეიცავს 

„ეს ზუსტად იგივე აქტიური ინგრედიენტია, მიუხედავად იმისა, პერორალურად მიიღება თუ ინექციის სახით“, - ამბობს კატარინა ტიმპერი, TUM-ის უნივერსიტეტის საავადმყოფოს, Rechts der Isar-ის კლინიკური კვების მედიცინის დირექტორი Tagesschau-სთან ინტერვიუში. „ვეგოვი“ შეიცავს სემაგლუტიდს. ეს ნივთიერება იმიტირებს ნაწლავის ჰორმონს, გლუკაგონის მსგავს პეპტიდ-1-ს, რომელიც თრგუნავს შიმშილსა და მადას, ამასთანავე, დანაყრების შეგრძნებას ზრდის. „თუ აბი სწორად მიიღება, მის ეფექტურობაში არსებითად არანაირი განსხვავება არ არსებობს“, - განმარტავს ტიმპერი. 

სწორედ ამ შეფასებას ადასტურებს ჩატარებული სამეცნიერო კვლევები. მიღებული მონაცემების თანახმად, სიმსუქნის ან ჭარბი წონის პრობლემის მქონე ზრდასრულებმა შეძლეს წონის საშუალოდ 14%-ით შემცირება მას შემდეგ, რაც სემაგლუტიდის მიღებიდან 64 კვირა გავიდა. ინექციის შემდეგ კი, კლება 72 კვირის შუალედში 19%-მდე გაიზარდა. როგორც ეს მსგავსი კვლევების შემთხვევაში ხდება, ამ ყველაფრის წინაპირობა იყო კალორიების შემცირება და ფიზიკური აქტივობის გაზრდა. ტიმპერი განმარტავს, რომ გვერდითი მოვლენების პროფილიც შედარებითია, „რადგან აბი ისე შეიქმნა, რომ ორგანიზმში აქტიური ინგრედიენტის თანაბარი რაოდენობა მოხვდეს“. ამ დროს ხშირია კუჭ-ნაწლავის პრობლემები, როგორიცაა გულისრევა, დიარეა, ყაბზობა ან ღებინება. ნაკლებად ხშირად შეიძლება განვითარდეს ნაღვლის ბუშტის პრობლემები ან პანკრეატიტი. 

ვეგოვის ტაბლეტის მიღების დრო უნდა იყოს ერთი და იგივე

ინექციასა და აბს შორის მთავარი განსხვავება მათ ყოველდღიურ გამოყენებაშია. „ინექციის უპირატესობები საკმაოდ ნათელია: ამაზე კვირაში მხოლოდ ერთხელ უნდა იფიქროთ“, - ამბობს ნუტრიციოლოგი ტიმპერი. დღის მონაკვეთს ან წინა კვებას მნიშვნელობა არ აქვს. მეორე მხრივ, აბი ყოველდღიურად, მკაცრი წესების დაცვით უნდა მიიღოთ: დილით უზმოზე, ცოტა წყალთან ერთად, შემდეგ კი, სულ ცოტა,  30 წუთი არ უნდა მიიღოთ არც საკვები, არც სასმელი და არც სხვა მედიკამენტი. „თუ ამ ინსტრუქციებს არ დაიცავთ, აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და შესაბამისად, მისი ეფექტურობა სწრაფად იკლებს“, - ამბობს ტიმპერი. ეს დაკავშირებულია პრეპარატის ქიმიურ სტრუქტურასთან: თუ უბრალოდ გადაყლაპავთ სემაგლუტიდს, ის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში კუჭის მჟავისა და ფერმენტების მიერ იშლება, რაც მას არაეფექტურს ხდის. ამიტომაც, აბში შემავალი აქტიური ინგრედიენტი დაცულია სპეციალური დამხმარე ნივთიერებით, რომელიც აფერხებს მჟავას, ამცირებს ფერმენტების დაშლას და კუჭის ლორწოვანი გარსის მეშვეობით შეწოვას უწყობს ხელს. საკვებმა, სასმელმა ან სხვა მედიკამენტებმა შეიძლება ეს მგრძნობიარე სქემა დაარღვიონ ან აქტიური ინგრედიენტის შეწოვის დონე შეამცირონ. 

ვისთვის არის „ვეგოვის“ აბი?

ვეგოვის აბი, ისევე როგორც ინექცია, განკუთვნილია ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის, რომელთა სხეულის მასის ინდექსი (Body-Mass-Index (BMI) 30-ზე მეტია. მედიკამენტი ასევე შეიძლება იყოს ვარიანტი 27 ან მეტი BMI-ის მქონე პირებისთვის, თუ მათ აქვთ წონასთან დაკავშირებული თანმხლები დაავადებები, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა, მე-2 ტიპის დიაბეტი ან ძილის აპნოე. აბები დამტკიცებულია ექსკლუზიურად ზრდასრულებისთვის, ხოლო ინექციები თორმეტი წლის ასაკიდან არის ხელმისაწვდომი. მთავარი ინოვაცია ინექციებთან დაკავშირებული ბარიერის მოხსნაა. „ბევრ ადამიანს ეშინია მედიკამენტების ინექციური შეყვანის“, - ამბობს იენს აბერლე, ჰამბურგ-ეპენდორფის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგი. „თუ ვინმეს ჰკითხავთ, ურჩევნიათ ინექცია თუ აბი, 90% გიპასუხებთ, რომ ტაბლეტს ამჯობინებს“. ასევე არსებობს ფსიქოლოგიური ასპექტი: ბევრისთვის აბი ნაკლებად სერიოზულ მდგომარეობად აღიქმება. ეს შეიძლება დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვისთვისაც ინექციების შიში ადრე ნამდვილ ბარიერს წარმოადგენდა. 

ამავდროულად, აბერლი საუბრობს საშიში მცდარი წარმოდგენის შესახებ, რომლის მიხედვითაც, აბები შეიძლება „კიდევ უფრო ხელმისაწვდომი“ ჩანდეს და ადამიანებმა ეს მედიკამენტი „მიიღონ სამედიცინო ჩვენების გარეშეც კი“. თუმცა „ვეგოვი“ აბების სახითაც კი, ქრონიკული მდგომარეობის სამკურნალოდ რეცეპტით გასაცემ მედიკამენტად რჩება და არა - წონის სწრაფი დაკლების საშუალებად. პრეპარატი გავლენას ახდენს რთულ ნეიროენდოკრინულ სისტემაზე, რომელიც არეგულირებს შიმშილს, დანაყრების შეგრძნებას, მეტაბოლიზმსა და სხეულის წონას. ამიტომაც, ამბობს აბერლი, მნიშვნელოვანია „ხაზი გავუსვათ, რომ ამ ნივთიერებების გამოყენება, იქნება ეს აბები თუ ინექციები, ყოველთვის უნდა იყოს სამედიცინო თვალსაზრისით გამართლებული და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ“.

სიმსუქნის სამკურნალოდ, არაერთი ახალი პრეპარატი მუშავდება

ვეგოვის ახლად შემუშავებული აბი სიმსუქნის სამკურნალო პრეპარატების კვლევის დინამიკურ სფეროში მხოლოდ ერთი ელემენტია. აშშ-ში 2026 წლის აპრილში დამტკიცდა  „ორფორგლიპრონი“ (სავაჭრო დასახელება: Foundayo). ეს არის GLP-1 აბი, რომელიც მისი განსხვავებული ქიმიური სტრუქტურის გამო, მკაცრი დოზირების ინსტრუქციას არ საჭიროებს.  განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს „რეტატრუტიდი“: ეს ინექციური მედიკამენტი მოქმედებს არა მხოლოდ ერთ ჰორმონალურ რეცეპტორზე, როგორც „ვეგოვი“ ან ორზე, როგორც „მუნჯარო“, არამედ - სამზე. მწარმოებლის თქმით, ორწლიანი მკურნალობის შემდეგ, ყველაზე მაღალი დოზით, აღნიშნულმა პრეპარატმა, საშუალოდ, 30%-ზე მეტი მაჩვენებლით გამოიწვია წონის კლება. პრეპარატის ოფიციალური დამტკიცება 2027 წელს არის მოსალოდნელი. „ეს კვლევის უკიდურესად დინამიკური სფეროა და კლინიკური შემუშავების პროცესში მართლაც ბევრი ახალი პრეპარატია“, - ამბობს აბერლი, რომელიც „ორფორგლიპრონის“ კვლევაში მონაწილეობდა. 

კვლევაზე დაფუძნებული ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მსოფლიოში ამჟამად ასახელებს სიმსუქნის სამკურნალო 70-ზე მეტ დამატებით მედიკამენტს, რომლებიც ამჟამად შესწავლილია. „ჩვენ უნდა გავიგოთ, ვის რომელი პრეპარატი სჭირდება და ვინ რომელი მედიკამენტიდან მიიღებს ყველაზე მეტ სარგებელს“, - ხაზს უსვამს ტიმპერი. ამიტომაც საქმე ეხება არა მხოლოდ უფრო ძლიერ პრეპარატებს, არამედ - აქტიურ ინგრედიენტებსა და მათ კომბინაციებს, რომლებიც სხვადასხვა დაავადების პროფილს ეხება. „სიმსუქნის ინდივიდუალური თერაპია არის კაცობრიობის მომავალი“, - ამბობს ტიმპერი. 

სხვა თემები