საშინაო კოსმეტიკა: საკვები პროდუქტი - კანის მოვლის საუკეთესო საშუალება
მრავალფეროვანი საცხების, ლოსიონებისა და ტონიკების ფონზე, რომელთა მოქმედება ხშირად ზედმეტად გადაჭარბებულია, სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს ნატურალური კოსმეტიკა, რომელიც ჩვეულებრივი საკვები პროდუქტით მზადდება და ყველასთვის ხელმისაწვდომია, ბევრად უსაფრთხო და სასარგებლოა.
(1).jpg)
"შინაური" პროდუქტით მომზადებული კოსმეტიკური საშუალებები
ნატურალური ანუ საშინაო კოსმეტიკა უამრავ პროდუქტს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, მაგრამ ყველა ერთნაირად ეფექტურია. მაგალითად, ზეითუნის ზეთი საუკეთესოა მშრალი კანის დასატენიანებლად, ნუშის ზეთი კი, სწრაფად აქრობს მუქ წრეებს თვალების გარშემო, ანტიბაქტერიული თაფლი აკნეს მკურნალობს, მაწვნის და იოგურტის რძემჟავა კი, ასუფთავებს და ატენიანებს კანს, ლიმონი პიგმენტურ ლაქებს აუფერულებს, "მრავალფუნქციური" კვერცხი კი, ერთი მხრივ, ფორებს ავიწროებს, მეორე მხრივ კანის უჯრედებს კვებავს, კიტრი შეშუპებას ამცირებს, დარიჩინი კი, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, შვრიისგან, რომელიც გაღიზიანებულ კანს ამშვიდებს, ნაზი სკრაბი მზადდება, მწვანე ჩაი კი, ანტიოქსიდანტური ნიღბისთვის გამოდგება, რადგან საუკეთესოდ იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან.

მართალია, ყველა კოსმეტიკური საშუალება სწრაფად და მარტივად მზადდება, მაგრამ მაინც საჭიროა გარკვეული წესების დაცვა. არ ღირს კვერცხით, იოგურტით, ხილითა და ბოსტნეულით მომზადებული კოსმეტიკური მასის მთელი ღამით მაცივარში დატოვება, რადგან ისეთი ანტიოქსიდანტი, როგორიც C ვიტამინია, სწრაფად იშლება ჟანგბადის ზემოქმედებით.
გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო ცხიმიანი და ფოროვანია კანი, მით უფრო მსუბუქი ინგრედიენტები - მცენარეული ნაყენები, უცხიმო ხაჭო და კვერცხის ცილა სჭირდება, კვერცხის გულის და თაფლის გამოყენება კი, მინიმალური ოდენობითაა რეკომენდირებული. ამასთანავე, ნიღაბი აუცილებლად ზევით მიმართული მოძრაობებით უნდა დაიტანოთ სახეზე მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებლად, მერე კი, ნაზად შეიზილოთ კანში ზეწოლის გარეშე. მოერიდეთ თვალის არეს, სადაც კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ინგრედიენტების უმეტესობა კი, მისთვის ძალიან უხეშია.

გამოყენებამდე ნებისმიერი ნიღბის შემადგენლობა ჯერ ალერგიასა და გაღიზიანებაზე უნდა შეამოწმოთ - მომზადებული მასა მცირე ოდენობით წაისვათ მაჯის შიდა მხარეს და დააკვირდეთ კანის რეაქციას. ნიღაბი (მისი შემადგენლობის მიხედვით) თბილი ან ცივი წყლითა და რბილი ღრუბლით ჩამოიბანეთ, პირსახოცის ნაცვლად კი, ფრთხილად გაიმშრალეთ საზე ქაღალდის ხელსახოცით. საკვები პროდუქტით მკურნალობა და გაჯანსაღება მხოლოდ რეგულარული პროცედურების შემთხვევაშია სასარგებლო, ამიტომ მკვებავი და დამატენიანებელი ინგრედიენტები კვირაში ორჯერ ან სამჯერ გამოიყენეთ, პილინგი კი, მხოლოდ ერთხელაა რეკომენდირებული.
თაფლი - "ბუნებრივი ელექსირი"
ერთი მხრივ, ანტიბაქტერიული, მეორე მხრივ, დამატენიანებელი თვისებების წყალობით თაფლი, რომელსაც უძველესი დროიდან იყენებენ კოსმეტიკაში და ხშირად "ბუნებრივ ელექსირს" უწოდებენ, უნივერსალური ინგრედიენტი და საუკეთესო საშუალებაა სახის კანისთვის.

* თაფლის სასარგებლო თვისებები -
* ძლიერი ჰუმექტანტი (დამატენიანებელი) - თაფლი ბუნებრივი ჰუმექტანტია ანუ ჰაერიდან ტენის მიზიდვის და კანის ფენებში განაწილების უნიკალური უნარი აქვს, რისი წყალობით მის ხანგრძლივ დატენიანებას, დარბილებას და ელასტიურობას უზრუნველყოფს.
* ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი - ფერმენტების წყალობით, რომლებიც წყალბადის ზეჟანგს გამოყოფენ, თაფლი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი ანტისეპტიკია, ხშირად გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ და შეშუპების შესამცირებლად, რადგან ეფექტურად წმენდს კანს ბაქტერიებისგან და ამცირებს ანთებით პროცესს, ამშვიდებს გაღიზიანებულ უბნებს და აქრობს არასასიამოვნო სიწითლეს.
* ფრთხილი ექსფოლიაცია ანუ პილინგი - ორგანული მჟავები, მათ შორის გლუკონმჟავა, რომელსაც უხვად შეიცავს თაფლი, აგრესიული სკრაბებისგან განსხვავებით, ფრთხილად აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს და საგრძნობლად აუმჯობესებს მის ტექსტურას.
* ჭრილობების შეხორცება და რეგენერაცია - უჯრედების სწრაფად აღდგენისა და განახლების უნარის წყალობით, თაფლი სწრაფად აქრობს პოსტ-აკნესეულ ლაქებს, ნაწიბურებს და ეფექტურად აღადგენს მიკროდაზიანებებს.
* ანტიოქსიდანტური დაცვა - ფლავონოიდებით და ფენოლური მჟავებით მდიდარი თაფლი ეფექტურად იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, თავისუფალი რადიკალებისგან და საგრძნობლად ანელებს დაბერების პროცესს.

* თაფლის კოსმეტიკური ნიღბები -
* თაფლის და ზეითუნის ზეთის კლასიკური დამატენიანებელი ნიღაბი - აურიეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიღებული მასა 15-20 წუთით გაიჩერეთ სახეზე და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამგვარი ნიღაბი იდეალურია მშრალი და გაუწყლოებული კანისთვის, რადგან ზეთი კვებავს, თაფლი კი ატენიანებს მას.
* თაფლის და შვრიის დამამშვიდებელი ნიღაბი - აურიეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი დაფქული შვრია. მიღებული მასა წრიული მოძრაობებით დაიტანეთ სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შვრია დაამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, თაფლი კი, დიდი ხნით დაატენიანებს.
ავოკადო - "სუპერპროდუქტი" კანისთვის
ჯანსაღი ცხიმებით, ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი ავოკადო ნამდვილი "სუპერპროდუქტია" კანის დატენიანებისთვის, კვებისა და გაახალგაზრდავებისთვის.

* ავოკადოს სასარგებლო თვისებები -
* კვება და ღრმა დატენიანება - ოლეინის მჟავა და მონოგაჯერებული ცხიმები, რომელთაც უხვად შეიცავს ავოკადო ადვილად აღწევენ კანის ღრმა ფენებში და ინტენსიურად ატენიანებენ მას. ავოკადო განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი და აქერცლილი კანისთვის, რადგან ერთგვარ დამცავ ბარიერს ქმნის და დიდი ხნით ინარჩუნებს ტენიანობას.
* ახალგაზრდობის ეფექტი - ძლიერი ანტიოქსიდანტების - C და E ვიტამინების წყალობით ავოკადო ერთი მხრივ, კოლაგენს გამოიმუშავებს, რაც კანს ელასტიურობას და სიმკვრივეს მატებს, მეორე მხრივ, ეფექტურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და იცავს კანს ნაადრევი სიბერისგან. ამასთანავე, ავოკადოს რეგულარული გამოყენება როგორც საკვებად, ისე ნიღბის სახით, საგრძნობლად ამცირებს წვრილ ნაოჭებს.
* ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედება - ანტიმიკრობული თვისებების წყალობით ავოკადოს ზეთი და რბილობი არა მხოლოდ ამშვიდებს გაღიზიანებულ, მათ შორის მზის სხივებით დაზიანებულ კანს, აქრობს სიწითლის და ანთებით პროცესს, არამედ ამცირებს გამონაყარს და აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.
* კანის სტრუქტურის გაუმჯობესება - ავოკადოს შემადგენელი ბიოტინი (ვიტამინ B7), რომელიც აუცილებელია უჯრედების რეგენერაციისთვის, კვებას და არბილებს, სიგლუვეს და ბუნებრივ ბზინვარებას მატებს კანს.

* ავოკადოს კოსმეტიკური ნიღბები -
* ავოკადოს ანტიოქსიდანტური ბოტოქს-ნიღაბი - აურიეთ ნახევარი მწიფე, კარგად დასრესილი ავოკადო, ნახევარი მწიფე, კარგად დასრესილი ბანანი და 1 კვერცხის გული ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამგვარი ნიღაბი არა მხოლოდ სიმკვრივეს შემატებს, არამედ ოქსიდაციური სტრესისგან (ბიოლოგიური დისბალანსი ორგანიზმში არსებულ თავისუფალ რადიკალებსა და ანტიოქსიდანტებს შორის, როცა რადიკალები აჭარბებენ დამცავ ნივთიერებებს) დაიცავს კანს.
* ავოკადოს ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ - აურიეთ ნახევარი მწიფე დასრესილი ავოკადო, 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის (ან ნუშის) ზეთი. დაიტანეთ სახესა და ყელის არეში, გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ გრილი წყლით. საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ ნიღაბი კვირაში 2-3-ჯერ, ზეითუნის ზეთი და თაფლი ავოკადოსთან ერთად საიმედოდ გამოკვებავენ "ასაკოვან" კანს და სიგლუვესთან ერთად სიმკვირივესაც დაუბრუნებენ.
ბანანი - "ბუნებრივი ბოტოქსი"
ბანანი, რომელსაც ვიტამინებისა და ამინომჟავების სიუხვის წყალობით ხშირად "ბუნებრივ ბოტოქსსაც" უწოდებენ, უებარი საშუალებაა კანის გაჯანსაღებისთვის. რბილობილთან ერთად სასარგებლოა ბანანის კანიც, რომელიც თავისი ფერმენტებით მკურნალობს აკნესა და მეჭეჭებს, მისი თვალებზე დადება კი, კიტრის მსგავსად ამცირებს შეშუპებას. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მწიფეა ბანანი ანუ რაც მეტადაა დაფარული შავი წერტილებით, მით უხვად შეიცავს ანტიოქსიდანტებს და სასარგებლოა კანისთვის.

* ბანანის სასარგებლო თვისებები -
* ინტენსიური დატენიანება და ნაოჭებთან ბრძოლა - კალიუმის, A, C და B6 ვიტამინების წყალობით ბანანი - იდეალური პროდუქტია დეჰიდრატირებული კანისთვის, რადგან აქრობს სიმშრალეს და დიდი ხნით უნარჩუნებს უჯრედებს ტენიანობას, ხელს უწყობს ლაქების გაუფერულებას, წვრილი ნაოჭების გაქრობას და სიმკვრივესთან ერთად ელასტიურობას, ბუნებრივ ხავერდოვნებას უბრუნებს კანს.
* ცხიმიანობის კონტროლი - მკვებავი თვისებების მიუხედავად, ბანანი არა მხოლოდ მსუბუქი ანტიბაქტერიული თვისებებით ხასიათდება, არამედ დიდი ოდენობით შეიცავს A ვიტამინსა და თუთიას, რომლებიც ამცირებენ გამონაყარს და აბალანსებენ ცხიმიანობას.
* კანის დამშვიდება - ბანანი ეფექტურად აქრობს ანთებით პროცესს, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და ხელს უწყობს მზის დამწვრობით დაზიანებული უჯრედების რეგენერაციას.

* ბანანის კოსმეტიკური ნიღბები -
* ბანანის კლასიკური ნიღაბი - გახეხეთ 1 მწიფე ბანანი, მიღებული ფაფისებრი მასა 15-20 წუთით გაიჩერეთ სახეზე და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
* ბანანის "სუპერ-დამატენიანებელი" ნიღაბი - დასრესილ ან გახეხილ ნახევარ მწიფე ბანანს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი სქელი მაწონი ან იოგურტი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, ნახევარი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა გაიჩერეთ სახეზე 20-25 წუთი და ჯერ თბილი, მერე გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ამგვარი ნიღაბი ეფექტურია როგორც კანის ღრმა კვებასა და დატენიანებისთვის, ისე წვრილი ნაოჭების გასწორებისა და კანის სიმკვრივისთვის, რადგან კალიუმი უჯრედებს დაატენიანებს, A ვიტამინი კი, სიმშრალეს გააქრობს და კანის სტრუქტურას აღადგენს.
ვაშლი - საუკეთესო "კოსმეტიკური საკვები"
ხილის მჟავებისა და ვიტამინების სიუხვით ცნობილი ვაშლი - ერთ-ერთი საუკეთესო კოსმეტიკური საშუალებაა, რადგან არა მხოლოდ აღადგენს კანის ბუნებრივ ბალანსს და აძლიერებს მის დამცავ ბარიერს, არამედ ეფექტურად ასუფთავებს დაბინძურებულ ფორებს.

* ვაშლის სასარგებლო თვისებები -
* ბუნებრივი პილინგი - AHA-მჟავების წყალობით ვაშლი, ფრთხილად აშორებს კანის ზედაპირზე დაგროვილ მკვდარ უჯრედებს, ასუფთავებს ფორებს და ბუნებრივ სიგლუვეს უბრუნებს კანს.
* კანის ფერის და ტექსტურის გაუმჯობესება - C ვიტამინის წყალობით, რომელიც კოლაგენს გამოიმუშავებს და პიგმენტურ ლაქებს აუფერულებს, ვაშლის რეგულარული გამოყენება საგრძნობლად აუმჯობესებს კანის ფერს, ტექსტურას და დიდი ხნით უნარჩუნებს ახალგაზრდულ იერს.
* ცხიმიანობის ბალანსი და აკნეს მკურნალობა - ასტრინგენტი (კანის ქსოვილების ან ლორწოვანი გარსის შემკვრელი) ვაშლი, რომელიც ცხიმის გამოყოფას არეგულირებს და კანს pH-ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება, საუკეთესო საშუალებაა ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის, მით უფრო, რომ მსუბუქი ანტისეპტიკური თვისებების წყალობით ეფექტურად ებრძვის აკნეს, გამონაყარს და აფერხებს შავი წერტილების გაჩენას.
* "ახალგაზრდობის ელექსირი" - ანტიოქსიდანტებით მდიდარი ვაშლი საგრძნობლად ამცირებს წვრილ ნაოჭებს და საიმედოდ იცავს კანს ოქსიდაციური სტრესისა და ნაადრევი სიბერისგან.

* ვაშლის კოსმეტიკური საშუალებები -
* ვაშლის ტონიკი - გააზავეთ ახლად გამოწურული ვაშლის წვენი რამდენიმე წვეთი წყლით და ბამბის დისკით გაიწმინდეთ სახე. ეფექტურია წყალთან გაზავებული ვაშლის ძმარიც (1:3 პროპორციით), რომელიც ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის გამოდგება ძლიერ ტონიკად.
* ვაშლის პილინგი ყველა ტიპის კანისთვის - ნახევარ გახეხილ ვაშლს (უმჯობესია მწვანეს) დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი. გაიჩერეთ 10-15 წუთი, ჩამობანისას კი, გაიკეთეთ ნაზი მასაჟი. ამგვარი ნიღაბი ეფექტურია კანის ზედაპირის გასაწმენდად.
* ვაშლის პილინგი სახის ღრმა წმენდისა და "გაპრიალებისთვის" (ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის) - ნახევარ გახეხილ ვაშლს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი შვრიის ფქვილი. მიღებული პასტისებრი მასა დაიტანეთ სახეზე 10 წუთით და ჩამოიბანეთ გრილი წყლით. მართალია, ნიღაბი ინტენსიური პილინგისთვისაა განკუთვნილი და ეფექტურად ებრძვის შავ წერტილებს, მაგრამ კანის გაღიზიანების ან წვის შემთხვევაში, უმჯობესია სწრაფად ჩამოიბანოთ სახე.
* ვაშლის, თაფლის და დარიჩინის ანტიბაქტერიული ნიღაბი - ნახევარ გახეხილ ვაშლს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 მწიკვი დარიჩინი (ძლიერი ანტისეპტიკი). დაიტანეთ მიღებული მასა პრობლემურ ზონებზე და გაიჩერეთ 10-15 წუთი, მერე კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამგვარი კომბინაცია ეფექტურად გაწმენდს ფორებს და შეამცირებს გამონაყარს, თუმცა თუ დარიჩინით გამოწვეული მსუბუქი ჩხვლეტა გაძლიერდა და წვის შეგრძნება გაგიჩნდათ, უმჯობესია მაშინვე დაიბანოთ სახე.
* ვაშლის და კვერცხის ცილის ნიღაბი ცხიმიანობის ბალანსისთვის - ნახევარ გახეხილ ვაშლს დაუმატეთ 1 კვერცხის წინასწარ ათქვეფილი ცილა. გაიჩერეთ ნიღაბი15 წუთი, სანამ კანი არ დაიჭიმება და ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ვაშლისა და ცილის კომბინაცია ფორებს შეავიწროებს და ზედმეტ ცხიმს მოაშორებს კანს.
კიტრი - კანის მოვლის კლასიკა
კიტრი, რომელიც წყლის 95%-იანი შემადგენლობის წყალობით საუკეთესო ბუნებრივი დამატენიანებელია, ეფექტურად აფხიზლებს და აგრილებს კანს, დიდი ხანია საშინაო კოსმეტიკის კლასიკად ითვლება.

* კიტრის სასარგებლო თვისებები -
* დატენიანება და გაგრილება - კანის ზედაპირული ტემპერატურის დამწევი კიტრი განსაკუთრებით ზაფხულში, მზისგან დამწვრობის შემდეგაა სასარგებლო, რადგან სწრაფად ავსებს გახარჯული წყლის მარაგს, ატენიანებს კანს და უბრუნებს ელასტიურობას.
* შეშუპებისა და მუქი წრეების შემცირება თვალების გარშემო - ფლავონოიდები და ანტიოქსიდანტები, რომელთაც კიტრი შეიცავს, უპეებში სითხის დაგროვებას აფერხებენ, K ვიტამინი კი, სისხლის მიმოქცევის აუმჯობესებს, რაც თავის მხრივ, მუქ წრეებს აფერმკრთალებს თვალების გარშემო.
* ფორების შევიწროება - მსუბუქი ასტრინგენტის (შემკვრელის) უნარით გამორჩეული კიტრი ერთი მხრივ, ფორებს ავიწროებს, მეორე მხრივ, ცხიმიანობას აბალანსებს და სიმკვრივეს მატებს კანს.
* გაღიზიანების დაამება - C ვიტამინთან ერთად კიტრი კოფეინის მჟავასაც (პოლიფენოლების ჯგუფის ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, სახელის მსგავსების მიუხედავად არაფერი აქვს საერთო კოფეინთან) უხვად შეიცავს, რომელიც განსაკუთრებით სასიკეთოა მგრძნობიარე კანისთვის, რადგან სწრაფად აქრობს სიწითლეს და ქავილის შეგრძნებას.
* კანის ფერის გაუმჯობესება - ნაზი მათეთრებლის ეფექტით ცნობილი კიტრი საგრძნობლად აუფერულებს ლაქებს და თანაბარ, ჯანსაღ ფერს ანიჭებს კანს, მით უფრო, რომ რბილობილთან ერთად კიტრის წვენიც მეტად სასარგებლოა.

* კიტრის კოსმეტიკური საშუალებები -
* კიტრის წვენის კომპრესი - დაასველეთ ბამბის დისკი გახეხილი ან დააბლენდერებული კიტრის მასაში და დაიდეთ თვალებზე 10 წუთით.
* კიტრის და ალოეს ნიღაბი შეშუპებისა და თვალების გარშემო მუქი წრეების გასაქრობად - შეურიეთ 1 სუფრის კოვზი კიტრის წვენი და 1 სუფრის კოვზი ალოეს გელი. მიღებული მასა 15 წუთით დაიდეთ უპეებზე, მერე კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
* კიტრის და კვერცხის ცილის ნიღაბი ფორების შესავიწროებლად (ცხიმიანი კანისთვის) - შეურიეთ ნახევარი გახეხილი ან დაბლენდერებული კიტრი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი წინასწარ ათქვეფილ 1 კვერცხის ცილას. მიღებული მასა 15-20 წუთით (სრულ გაშრობამდე) გაიჩერეთ სახეზე, მერე კი, გრილი წყლით ჩამოიბანეთ. კვერცხის ცილა ფორებს შეკრავს, კიტრი კი, კანს დაამშვიდებს და დაატენიანებს.
* კიტრის და იოგურტის ნიღაბი სახის გაწმენდისა და დატენიანებისთვის - შეურიეთ 2 სუფრის კოვზი კიტრის პიურე და 1 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი (დანამატების გარეშე). მიღებული მასა მასაჟის მოძრაობით წაისვით სახეზე, 15-20 წუთის შემდეგ კი, ჯერ თბილი, მერე გრილი წყლით ჩამოიბანეთ. იოგურტის რძემჟავა ნაზად გაასუფთავებს ფორებს, რაც მათ შევიწროებას შეუწყობს ხელს, კიტრი კი, იოგურტს მიეხმარება და სახეს დაამშვიდებს.
* "კიტრის ყინული" სწრაფი გამოფხიზლებისთვის - გახეხილ ან დაბლენდერებულ კიტრს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონი და გაყინეთ, მერე კი, მასაჟის მოძრაობით წაისვით სახეზე. "ყინულის მასაჟი" ერთი მხრივ, გამოფხიზლებაში დაგეხმარებათ, მეორე მხრივ, ე.წ. T-ზონაში (შუბლი, ცხვირი, ლოყები) გაწმენდს და შეავიწროებს ფორებს. ეფექტურია კიტრის ტონიკიც - კიტრის წვენით სახის გაწმენდა ყოველ დილას და საღამოს.
პომიდორი - "ვიტამინების კოქტეილი"
"ვიტამინების კოქტეილად" წოდებული პომიდვრის მთავარ "ღირსებად" მჟავიანობა და ერთ-ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტი - ლიკოპინი - ბუნებრივი პიგმენტი ითვლება, რომელიც მკვეთრ წითელ ფერს ანიჭებს ხილსა და ბოსტნეულს. თუმცა, პომიდორი საკმაოდ მჟავე პროდუქტია, ამიტომ მგრძნობიარე კანზე გამოყენებამდე, უმჯობესია მისი მოქმედების ჯერ მცირე უბანზე მოსინჯვა.

* პომიდვრის სასარგებლო თვისებები -
* ფორების შევიწროება და გაწმენდა - ბუნებრივი შემკვრელის თვისებებით გამორჩეული პომიდორი - საუკეთესო საშუალებაა გაფართოებული ფორების შევიწროებისა და შავი წერტილების (კომედონების) მოსაშორებლად.
* ლიკოპინი – კანის დამცველი - ძლიერი ანტიოქსიდანტი ლიკოპინი არა მხოლოდ იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, არამედ ანელებს დაბერების პროცესს და ეხმარება უჯრედებს ჟანგბადის უკეთ ათვისებაში.
* ცხიმიანობის კონტროლი - პომიდვრის წვენი იდეალურია ცხიმოანობის დაბალანსებისთვის, მით უფრო, დიდი ხნით აშორებს კანს არასასიამოვნო ბზინვარებას.
* კანის გაღიავება და "გაბრწყინება" - C ვიტამინის მაღალი შემცველობის წყალობით, პომიდორი ერთი მხრივ, მხნეობას უბრუნებს დაღლილ და გაუფერულებულ კანს, მეორე მხრივ, ეფექტურად ებრძვის პიგმენტურ ლაქებს და თანაბარ ბრწყინვალებას ანიჭებს მას.
* აკნესთან ბრძოლა - პომიდვრის ბუნებრივი მჟავიანობა ვიტამინებთან ერთად ერთგვარ დეზინფექციას უზრუნველყოფს კანისთვის, ამშვიდებს და აცხრობს გამონაყარს.

* პომიდვრის კოსმეტიკური საშუალებები -
* პომიდვრის კლასიკური ნიღაბი სახის გასაწმენდად - გაჭერით პომიდორი შუაზე და ნაზად წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 10-15 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
* პომიდვრისა და შაქრის სკრაბი - ამოავლეთ შაქარში პომიდვრის თხელი ნაჭერი და მასაჟის მოძრაობით წაისვით სახეზე მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად.
* პომიდორი და ლიმონი ფორების ღრმა წმენდისა და შევიწროებისთვის - აურიეთ 1 სუფრის კოვზი პომიდვრის წვენი და ლიმონის 2-4 წვეთი. ნაზავში დასველებული ბამბით გაიწმინდეთ სახე და გაიჩერეთ 10-15 წუთი, მერე კი, ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ამგვარი ტონიკი ღრმად გაასუფთავებს და სწრაფად შეკრავს ფორებს.
* პომიდორი და ავოკადო კანის კვებისა და ელასტიურობისთვის - შეურიეთ 1 სუფრის კოვზი პომიდვრის რბილობი და 1 სუფრის კოვზი დაჭყლეტილი ავოკადო. მიღებული მასა 15-20 წუთით გაიჩერეთ სახეზე და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი განსაკუთრებით დაღლილ კანს უხდება, რომელსაც ავოკადოს ცხიმოვანი მჟავები და პომიდვრის ვიტამინები გამოკვებავენ და გამოაცოცხლებენ.
* პომიდვრისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი ღრმა დატენიანებისთვის - აურიეთ ნახევარი პომიდვრის რბილობი და1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიღებული მასა 20 წუთით დაიტანეთ სახესა და ყელის არეში, მერე კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. E ვიტამინით მდიდარი ზეითუნის ზეთი ახალგაზრდობის ნამდვილი ელექსირია პომიდორთან ერთად კი, მისი სასარგებლო თვისებები ერთი-ორად გაძლიერდება.
კარტოფილი - ბუნებრივი მათეთრებელი
მართალია, კარტოფილი ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი პროდუქტია საშინაო კოსმეტიკაში, რადგან ნაკლებადაა ცნობილი მისი სასარგებლო თვისებები, მაგრამ სინამდვილეში, არა მხოლოდ "მათეთრებლის" უნარით ხასიათდება, არამედ ეფექტურად ებრძვის ნაადრევი ნაოჭების გაჩენას.

* კარტოფილის სასარგებლო თვისებები -
* მუქი წრეებისა და შეშუპების მკურნალობა - კატექოლაზა (კანის ბუნებრივად გამაღიავებელი ფერმენტი), რომელსაც კარტოფილი შეიცავს, ავიწროებს სისხლძარღვებს და ამცირებს სითხეს უპეებში, აქრობს ე.წ. "ტომრებსა" და მუქ ლაქებს თვალების გარშემო.
* კანის გაღიავება და ლაქების მოცილება - C ვიტამინისა და სახამებლის მაღალი შემცველობის წყალობით, კარტოფილი სწრაფად აქრობს მზის დამწვრობით მიღებულ ლაქებს, პოსტ-აკნესეულ ნაწიბურებს და ასაკობრივ პიგმენტებს.
* ნაოჭების პრევენცია და გაახალგაზრდავება - კარტოფილის ანტიოქსიდანტები გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავენ კანს, B6 ვიტამინი კი, უჯრედების განახლებას უწყობს ხელს, სიმკვრივეს, სიგლუვეს მატებს კანს და აფერხებს ნაოჭების გაჩენას.
* აკნესა და ანთების მკურნალობა - კარტოფილის წვენი, რომელიც ანთების საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდება, საუკეთესო საშუალებაა ფორების გასაწმენდად, გამონაყარით გამოწვეული სიწითლის ჩასაქრობად და ნაწიბურების შესახორცებლად.
* ბუნებრივი აბსორბაცია - აბსორბციის (შთანთქმის) უნარის წყალობით, კარტოფილის სახამებელი ეფექტურად იწოვს ზედმეტ ცხიმს და სიგლუვეს მატებს კანს, თუმცა მისი გამოყენება ნაკლებადაა რეკომენდირებული მშრალ და მგრძნობიარე კანზე, რადგან ზედმეტი გამოშრობა ხშირად აქერცვლას იწვევს.

* კარტოფილის კოსმეტიკური საშუალებები -
* მშრალი კანის დატენიანება - მართალია, კარტოფილი სახამებელს შეიცავს, მაგრამ კალიუმითაც მდიდარია, რომელიც კანს ტენიანობის შენარჩუნებაში ეხმარება.
* უმი კარტოფილი თვალების გარშემო შეშუპების შესამცირებლად - დაიდეთ უმი კარტოფილის თხელი ნაჭრები თვალებზე და გაიჩერეთ 10-15 წუთით.
* უმი კარტოფილი პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად - გახეხეთ უმი კარტოფილი, გამოწურული წვენი კი, ბამბის დისკით დაიტანეთ სახეზე ("მათეთრებელი" ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა იოგურტი), გაიჩერეთ 20 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანოთ.
* კარტოფილი და კურკუმა ანთების წინააღმდეგ - აურიეთ 2 სუფრის კოვზი კარტოფილის წვენი და ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა. 10-15 წუთით დაიტანეთ ნაზავი პრობლემურ ზონებზე, მერე კი, გრილი წყლით ჩამოიბანეთ. კურკუმა, რომელსაც ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებები აქვს, საუკეთესო საშუალებაა ანთებისა და გამონაყარის დროს.
* კარტოფილის და თაფლის ანტიბაქტერიალური ნიღაბი - აურიეთ 1 სუფრის კოვზი კარტოფილის წვენი ან გახეხილი რბილობი და 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი. 15 წუთით გაიჩერეთ ნაზავი წინასწარ გაწმენდილ სახეზე და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თაფლი ბუნებრივი ანტისეპტიკია, რომელიც კარტოფილთან ერთად გაწმენდს ფორებს ბაქტერიებისგან და დიდი ხნით დაატენიანებს კანს.
* კარტოფილის და იოგურტის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის - აურიეთ 2 სუფრის კოვზი გახეხილი კარტოფილი და 1 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი. მიღებული მასა 15 წუთით გაიჩერეთ სახეზე და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. იოგურტის რძემჟავა ფრთხილად მოაცილებს კანს მკვდარ უჯრედებს, კარტოფილი კი, ცხიმის გამოყოფას დაარეგულირებს.
* კარტოფილის ნიღაბი აკნეს სამკურნალოდ - დაიდეთ კარტოფილის თხელი ნაჭრები პრობლემურ ზონებზე და გაიჩერეთ 10-15 წუთით. ამგვარი ნიღბის გამოყენება კვირაში 2-3-ჯერაა რეკომენდირებული, რათა საიმედოდ ჩააქროთ ანთების კერები და დაამშვიდოთ გაღიზიანებული კანი.
შვრია - "ბუნებრივი მტვერსასრუტი"-
თუ თაფლი და ავოკადო კანის კვება-დატენიანების "ჩემპიონები" არიან, მაშინ შვრია ლიდერია "დამამშვიდებლებს" შორის, მით უფრო, რომ ეფექტურად ეხმარება მგრძნობიარე და პრობლემური კანის გაჯანსაღებას, შვრიის ფქვილი კი, ერთგვარი ბუნებრივი "მტვერსასრუტია" კანისთვის, რადგან იდეალურად წმენდს ფორებს და აცილებს კანს მკვდარ უჯრედებს.

* შვრიის სასარგებლო თვისებები -
* ღრმა და ნაზი წმენდა - მცენარეული ნივთიერებები - საპონინები შვრიის შემადგენლობაში, ყოველთვის ფრთხილად, თუმცა ეფექტურად მოქმედებენ, რადგან კანის გამოშრობისა და დაზიანების გარეშე ასუფთავებენ ფორებს ზედმეტი ცხიმისგან, ჭუჭყისა და ტოქსინებისგან, დაფქული შვრია კი, საუკეთესო სკრაბი და იდეალური საშუალებაა მათთვის, ვისთვისაც ჩვეულებრივი სკრაბები უხეში და არაკომფორტულია, რადგან ზედაპირის დაზიანების გარეშე აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს.
* დაცვა მავნე ზემოქმედებისგან - არანაკლებ სასარგებლოა შვრიის შემადგენელი პოლისაქარიდები და ანტიოქსიდანტები, რომლებიც ერთი მხრივ, თხელ ფენას, ერთგვარ აპკს ქმნიან კანზე და იცავენ მას გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, მეორე მხრივ კი, ამშვიდებენ კანს, აქრობენ ქავილს, სიწითლეს და წარმატებით ებრძვიან ეგზემას, ფსორიაზსა და ალერგიულ გამონაყარს.
* ბუნებრივი დატენიანება და pH-ბალანსი - ცხიმებით და ცილებით მდიდარი შვრია არა მხოლოდ ეხმარება კანს ნორმალური pH-დონის შენარჩუნებაში, არამედ სიმკვრივეს, ელასტიურობას უნარჩუნებს და იცავს გამოშრობისგან.

* შვრიის კოსმეტიკური საშუალებები -
* შვრიის სკრაბ-ნიღაბი სახის გასაწმენდად - გახსენით შვრიის ფქვილი ცოტა წყალში ან რძეში და გააჩერეთ რამდენიმე წუთი აფუვებამდე. მიღებული მასა 10 წუთით დაიტანეთ სახეზე, მერე კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
* შვრიის და მაწვნის დეტოქს-ნიღაბი - გახსენით 2 სუფრის კოვზი დაფქული შვრია 1-2 სუფრის კოვზ მაწონში და გააჩერეთ აფუვებამდე. მიღებული მასა 15-20 წუთით დაიტანეთ სახეზე, ჩამობანვამდე კი, თითის ბალიშებით გაიკეთეთ წრიული მასაჟი. ამგვარი ნიღაბი კანს გაასუფთავებს და საგრძნობლად შეამცირებს შავ წერტილებს.
* შვრიის და სოდის ნიღაბი ფორების გასაწმენდად - გახსენით 2 სუფრის კოვზი დაფქული შვრია და 1 ჩაის კოვზი საკვები სოდა თბილ წყალში. მიღებული პასტისებრი მასა 10 წუთით დაიტანეთ პრობლემურ ზონებზე, მერე კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი მეტწილად ცხიმიანი კანის, ზედმეტად დაბინძურებული ფორების გასაწმენდად გამოდგება, მშრალი და მგრძნობიარე კანის შემთხვევაში კი, უმჯობესია სოდის გამოყენებისგან თავი შეიკავოთ.
ბრინჯი - აზიური სილამაზის საიდუმლო
ბრინჯი - აზიელი ქალბატონების მთავარი "კოსმეტიკური იარაღია", რომელიც აღიავებს და ათანაბრებს კანის ფერს, დიდი ხნით უზრუნველყოფს მის სიგლუვესა და ე.წ. "ფაიფურის ეფექტს".

* ბრინჯის სასარგებლო თვისებები -
* კანის გაღიავება და ფერის გათანაბრება - ფერულის მჟავა და ალანტოინი, რომელთაც ბრინჯი შეიცავს, მეტწილად პიგმენტური ლაქების გაღიავებისა და კანის ფერის გათანაბრებაზე მუშაობენ, რადგან სწორედ ისინი ანიჭებენ კანს ჯანსაღ ბზინვარებას.
* ცხიმიანობის კონტროლი - ფორებიდან ცხიმის შეწოვის უნარით ცნობილი სახამებლის წყალობით, ბრინჯი იდეალურად აბალანსებს ცხიმიანობას, აქრობს წვრილ გამონაყარს და არასასიამოვნო ბზინვარებას.
* ბრძოლა ნაოჭების წინააღმდეგ - B ჯგუფის ვიტამინები, რომელთაც დიდი ოდენობით შეიცავს ბრინჯი, უჯრედების რეგენერაციას და სისხლის მიმოქცევას სტიმულირებენ, რაც თავის მხრივ ელასტიურობას უნარჩუნებს კანს და იცავს მას ადრეული ნაოჭების გაჩენისგან.
* ფორების შევიწროება და კანის დამშვიდება - ნაზი, თუმცა მეტად ეფექტური ტონიკია ბრინჯის ნახარში ანუ "ბრინჯის რძე", რომელიც არა მხოლოდ ამცირებს სიწითლეს და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, არამედ ხელს უწყობს გაფართოებული ფორების შევიწროებას.
* მზისგან დაცვა - მართალია, ბრინჯის შემადგენელი პარა-ამინობენზოის მჟავა ვერასდროს ჩაანაცვლებს ე.წ. SPF (Sun Protection Factor) ჯგუფის საცხებს, რომლებიც ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან იცავენ კანს, მაგრამ ბუნებრივი ფილტრის წყალობით, საგრძნობლად აძლიერებს კანის დაცვის უნარს.

* ბრინჯის კოსმეტიკური საშუალებები -
* "ბრინჯის რძე" კანის გასაწმენდად - დაასხით წყალი გარეცხილ ბრინჯს და გააჩერეთ 30 წუთი ან გამოიყენეთ ბრინჯის ნახარში ყოველ დილას ლოსიონის ნაცვლად.
* ბრინჯის ფქვილის სკრაბი - გახსენით წვრილად დაფქული ბრინჯი ცოტა რძეში ან წყალში და მასაჟის მოძრაობით დაიტანეთ სახეზე. ამგვარი მეთოდი მკვდარ უჯრედებს მოაცილებს და საგრძნობლად დაარბილებს კანს.
* ბრინჯის კლასიკური ნიღაბი - გახსენით 2 სუფრის კოვზი ბრინჯის ფქვილი 2-3 სუფრის კოვზ თბილი წყალში ან მწვანე ჩაიში, პასტისებრი მასა 15-20 წუთით დაიტანეთ სახეზე კანის დაჭიმვამდე და გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი სწრაფად გააქრობს ცხიმოიან ბზინვარებას და დაუბრუნებს კანს ბუნებრივ სიგლუვეს.
* ბრინჯის და ლიმონის ნიღაბი ფორების შესავიწროებლად - აურიეთ 2 სუფრის კოვზი ბრინჯის ფქვილი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი თაფლი. მიღებული მასა 15 წუთით გაიჩერეთ სახეზე და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ლიმონი ფორებს გაასუფთავებს, ბრინჯი კი ცხიმის გამოყოფას დაარეგულირებს და პოსტ-აკნესეულ ლაქებს გააუფერულებს.
ყავა - ენერგეტიკული ანტიოქსიდანტი
ანტიოქსიდანტებით მდიდარი ყავა ნამდვილი "ენერგეტიკული საოცრებაა", რადგან მისი მთავარი იარაღი - კოფეინია, რომელიც ერთი მხრივ, მიკროცირკულაციას აუმჯობესებს, მეორე მხრივ, სწრაფად გამოდევნის ზედმეტ სითხეს ქსოვილებიდან, აქრობს შეშუპებას და გამოკვეთილ კონტურებს უბრუნებს სახეს.

* ყავის სასარგებლო თვისებები -
* ნაზი ექსფოლიაცია (სკრაბი) - ყავის ნალექი საუკეთესო ნატურალური აბრაზივი - ერთგვარი "ფრთხილი სახეხია", რომელიც ეფექტურად ასუფთავებს ფორებს, აცილებს მკვდარ უჯრედებს და ხავერდოვნებას უბრუნებს კანს.
* ანტიოქსიდანტური დაცვა - ფენოლები, რომელთაც ყავა შეიცავს, კანს ფოტოდაბერებისგან ანუ მზის, რადიაციის და ულტრაიისფერი სხივების განმეორებითი და ხანგრძლივი ზემოქმედებით მიყენებული ზიანით გამოწვეული ნაადრევი სიბერისგან იცავენ.

* ყავის კოსმეტიკური საშუალებები -
* ყავის და თაფლის ექსპრეს-ნიღაბი შეშუპების წინააღმდეგ - 1 სუფრის კოვზ ნალექიან ყავაში (ან ნალექში) გახსენით 1 ჩაის კოვზი თაფლი. მიღებული მასა მასაჟის მსუბუქი მოძრაობით დაიტანეთ სახეზე ლიმფური ხაზების გასწვრივ - ცენტრიდან ყურებისკენ. გაიჩერეთ ნიღაბი 10-15 წუთი და გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ამგვარი ნიღაბი სწრაფად შეავიწროებს სისხლძარღვებს და შეამცირებს შეშუპებას.
* ყავის და კიტრის "ყინულის ეფექტი" თვალის უპეებისთვის - აურიეთ 1 სუფრის კოვზი ყავის ნალექი და 1 სუფრის კოვზი გახეხილი კიტრი ან მისი წვენი. მიღებული მასა გააცივეთ მაცივარში, მერე კი, 10 წუთით გაიჩერეთ უპეებზე. ცივი კოფეინი კანსაც გამოაფხიზლებს და "ტომრებსაც" გააქრობს თვალების ქვეშ.
* ყავის და იოგურტის სკრაბ-ნიღაბი სახის გამოკვეთილი კონტურებისთვის - აურიეთ 1 სუფრის კოვზი ყავა და 1 სუფრის კოვზი ცივი იოგურტი. მიღებული მასა დაიტანეთ სახესა და ყელის არეში, მერე კი, 3-5-წუთიანი მასაჟი გაიკეთეთ ყბის ხაზსა და ლოყებზე. ამგვარი პროცედურა ლიმფის დინებას გააუმჯობესებს და სიმკვრივეს შემატებს კანს.
მწვანე ჩაი - საუკეთესო დამამშვიდებელი
გამომაფხიზლებელი ყავისგან განსხვავებით მწვანე ჩაი პირიქით, დამამშვიდებლად მოქმედებს სახის კანზე, რადგან მისი მთავარი იარაღი - უძლიერესი ანტიოქსიდანტები - პოლიფენოლები და კატექინები - საგრძნობლად ამცირებენ ანთების, გაწითლებისა და შეშუპების გამომწვევი ციტოკინებისა და ფერმენტების აქტივობას.

* მწვანე ჩაის სასიკეთო თვისებები -
* აკნესთან ბრძოლა - ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით, მწვანე ჩაი ჰორმონალური დისბალანსით გამოწვეულ ცხიმიანობას ამცირებს და აკნეს გამომწვევი ბაქტერიებისგან წმენდს ფორებს.
* ანთების საწინააღმდეგო მოქმედება - მწვანე ჩაის ექსტრაქტი იდეალურია როზაცეას ანუ "ვარდისფერი აკნეს" (კანის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც ძირითადად სახის ცენტრალურ ნაწილზე - ლოყებზე, ცხვირსა და შუბლზე ვლინდება ჯერ პერიოდული, მერე მუდმივი აწითლებით) და მზის სხივებით გამოწვეული გაღიზიანების დასამშვიდებლად.
* კანის ტენიანობის შენარჩუნება - ჰიდრატაციისთვის აუცილებელი B2 და E ვიტამინებით მდიდარი ჩაი, დიდი ხნით უნარჩუნებს კანს სირბილესა და ტენიანობას.

* მწვანე ჩაის კოსმეტიკური საშუალებები -
* მწვანე ჩაის ტონიკი - დაასხით მდუღარე წყალი მწვანე ჩაის პაკეტებს და გააცივეთ. პაკეტები შეშუპებული უპეების დასამშვიდებლად გამოგადგებათ, ნაყენი კი, სახის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
* მწვანე ჩაის და გვირილის კომპრესი მგრძნობიარე კანისთვის - დააყენეთ 1 პაკეტი ჩაი და 1 პაკეტი გვირილა მცირე ოდენობის ცხელი წყლის დასხმით ერთ ჭიქაში. დაასველეთ ბამბის დისკი გაცივებულ ნაყენში და დაიდეთ 10 წუთით პრობლემურ ზონებზე. ჩაის ტანინები ფორებს შეავიწროებენ და ცხიმის გამოყოფას შეამცირებენ, გვირილა კი, დაამშვიდებს "აგზნებულ და აფორიაქებულ" კანს.
* მწვანე ჩაის და თაფლის უნივერსალური ნიღაბი - 1 პაკეტით მომზადებულ და გაცივებულ მწვანე ჩაიში გახსენით 1 სუფრის კოვზი თაფლი. თუ მასა თხელი გამოვიდა, დაუმატეთ ბრინჯის ან შვრიის ფქვილი შესასქელებლად. მიღებული ნაზავი 15-20 წუთით დაიტანეთ სახეზე და გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ამგვარი ნიღაბი საუკეთესოა გაღიზიანებული და სიწითლისკენ მიდრეკილი კანის დასაამებლად.
* მწვანე ჩაის და ალოეს "SOS" ნიღაბი გამონაყარისთვის - აურიეთ 1 ჩაის კოვზი მწვანე ჩაი (ან წვრილად დაფქული ფოთლები) და 1 სუფრის კოვზი ალოე ვერას გელი. მიღებული მასა წაისვით პრობლემურ უბნებზე, გაიჩერეთ 15 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ალოე და ჩაი სწრაფად "ჩააქრობენ ხანძარს" თქვენს კანზე და დააჩქარებენ შეხორცების პროცესს.
შოკოლადი და კაკაოს ფხვნილი - "ანტიოქსიდანტური ბომბები"
კაკაო და შოკოლადი (განსაკუთრებით შავი, კაკაოს მაღალი შემცველობით), რომელთაც ხშირად "ანტიოქსიდანტურ ბომბებს" უწოდებენ, არა მხოლოდ სასიამოვნო სურნელს ანიჭებენ კანს, არამედ საგრძნობლად აუმჯობესებენ მის სტრუქტურას. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ნატურალური კაკაოს ფხვნილი და შოკოლადია სასარგებლო შაქრისა და არომატიზატორების გარეშე.

* კაკაოს სასარგებლო თვისებები -
* ანტიოქსიდანტური დაცვა - ფლავონოიდებით და პოლიფენოლებით მდიდარი კაკაო ეფექტურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და იცავს კანს ოქსიდაციური სტრესისგან, რომელიც ხშირად ნაადრევი სიბერისა და ნაოჭების მიზეზი ხდება.
* სისხლის მიმოქცევის სტიმულირება - ფლავონოიდების ჯგუფის ნაერთები - ეპიკატექინი და კატექინი კანის ფენებში აუმჯობესებენ მიკროცირკულაციას, რისი წყალობით უჯრედები უკეთ მარაგდებიან ჟანგბადით, საკვები ნივთიერებებით და დაღლილ კანს ჯანსაღ ფერსა და ბზინვარებას უბრუნებენ.
* "ბუნებრივი SPF" - ფლავონოლები ეფექტურად იცავენ კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, გამოშრობისგან და ამცირებენ მზის სხივებით გამოწვეულ სიწითლეს.
* ინტენსიური კვება და დატენიანება - შავი შოკოლადი და კაკაოს კარაქი უხვად შეიცავენ ჯანსაღ ცხიმებს, რომლებიც ღრმად კვებავენ კანს. ამგვარი ცხიმები განსაკუთრებით მშრალი და დაღლილი კანისთვისაა სასარგებლო, რადგან სწრაფად არბილებენ და იცავენ აქერცვლისგან.
* "ბედნიერების ეფექტი" - კაკაოს სასიამოვნო სურნელის წყალობით უხვად გამოიყოფა ენდორფინები ანუ "ბედნიერების ჰორმონები", რომლებიც საგრძნობლად ამცირებენ სტრესსა და განგაშის შეგრძნებას, მით უფრო, რომ სწორედ სტრესი აზარალებს სახის კანს ყველაზე მატად გამონაყარითა და ანთებითი პროცესებით.
.jpg)
* კაკაოს კოსმეტიკური საშუალებები -
* კაკაოს სკრაბი - გახსენით რძეში კაკაოს ფხვნილი და დაფქული შვრია, მიღებული ნაზავით ფრთხილად გაიწმინდეთ სახე.
* შოკოლადის მკვებავი ნიღაბი - გაადნეთ ნახევარი ფილა შავი შოკოლადი, რომელიც სულ მცირე 70% კაკაოს შეიცავს და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ნუშის ან ზეითუნის ზეთი. 10-15 წუთით დაიტანეთ ნიღაბი სახეზე, მერე კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
* "კაკაოს თერაპია" - მცირე ზომის ჭურჭელში აურიეთ 1 სუფრის კოვზი ნატურალური კაკაოს ფხვნილი, 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი იოგურტი ან არაჟანი. პასტისებრი მასა დაიტანეთ სუფთა სახესა და ყელზე, გაიჩერეთ 15-20 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამგვარი ნიღაბი არა მხოლოდ დაიცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, არამედ სისხლის მიმოქცევასაც გააუმჯობესებს, საგრძნობლად შეამცირებს წვრილ ნაოჭებს და სიმკვრივეს შესძენს კანს. მათ კი, ვისაც მშრალი კანი აქვს, შეუძლია E ვიტამინი ან რამდენიმე წვეთი ნუშის ზეთი დაუმატოს ნაზავს, რაც კიდევ უფრო მკვებავს გახდის ნიღაბს.
ალოე ვერა - კანის მოვლის "ოქროს სტანდარტი"
მართალია, კანის მოვლის "ოქროს სტანდარტად" მიჩნეული ალოე ვერას რბილობილი 99%-ით წყლისგან შედგება, მაგრამ დარჩენილი 1% უხვად შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს, ამინომჟავებს და ფერმენტებს (საერთო ჯამში 75-მდე აქტიურ ნივთიერებას).
თუ სახლში ცოცხალი ალოე გაქვთ, მაშინ ფოთლის რბილობილი უნდა დასრისოთ ან დააბლენდეროთ ერთგვაროვანი მასის (გელის) მიღებამდე, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ფოთლის გაჭრის შემდეგ საჭიროა ყვითელი წვენის ბოლომდე გამოშვება, რათა თავიდან აიცილოთ კანის გაღიზიანება. ამასთანავე, ყოველთვის შეგიძლიათ მზა გელის აფთიაქში შეძენა, თუმცა დააკვირდით, რომ შემადგენლობაში 99% ალოე იყოს და არ შეიცავდეს ზედმეტ სპირტსა და ბუნებრივ საღებავებს.
შესაძლებელია ცოცხალი ალოეს კანგაცლილი რბილობილის ძილის წინ გამონაყარზე დადება და მთელი ღამით დატოვება, დილით კი, თბილი წყლით ჩამობანა. ამგვარი მანიპულაცია საგრძნობლად შემცირებს ანთებას, დაარბილებს და დაასვენებს კანს.

* ალოეს სასარგებლო თვისებები -
* სწრაფი ჰიდრატაცია - ალოე ვერა, რომელიც წყალზე სწრაფად აღწევს კანის ფენებში, ცხიმოვანი კვალის გარეშე ატენიანებს მას, ამიტომ იდეალურად ერგება ნებისმიერ, განსაკუთრებით ცხიმიან კანს.
* დამამშვიდებელი ეფექტი - აქტიური ნივთიერებების (ბეტა-სიტოსტეროლის, სალიცილის მჟავის, აცემანანის, ალოინის და ემოდინის) კომპლექსის წყალობით, ალოე არა უბრალოდ ბლოკავს ანთებით პროცესს, არამედ აქრობს გაღიზიანებას და სიწითლეს, აგრილებს და აღადგენს მზით დამწვარ კანს.
* აკნესთან ბრძოლა - ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებებით ცნობილი ალოე დიდი ოდენობით შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც ასუფთავებს ფორებს, კურნავს გამონაყარს და სტიმულირებს უჯრედების ზრდას, რაც თავის მხრივ, პოსტ-აკნესეული ნაწიბურებისა და ლაქების გაქრობას უწყობს ხელს.
* ნაოჭების პრევენცია - კოლაგენის სტიმულირებისა და ელასტინის გამომუშავების წყალობით, ალოე დიდი ხნით უნარჩუნებს კანს სიმკვრივეს და აფერხებს ნაოჭების გაჩენას.
* პიგმენტური ლაქების გაუფერულება - ალოესინი, რომელსაც ჭარბად შეიცავს ალოე, მელანინის გამომუშავებას არეგულირებს, ხელს უწყობს კანის ტონის გათანაბრებასა და მზისგან გაჩენილი ლაქების გაქრობას.

* ალოეს კოსმეტიკური საშუალებები -
* ალოეს, თაფლისა და კურკუმას ნიღაბი ანთების წინააღმდეგ - აურიეთ 1 სუფრის კოვზი ალოე, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 მწიკვი კურკუმა. მიღებული მასა გაიჩერეთ სახეზე 15-20 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღბის გამოყენება განსაკუთრებით აკნეს დროსაა რეკომენდირებული, რადგან კურკუმა ბაქტერიებს კლავს, თაფლი და ალოე კი, სიწითლეს და შეშუპებას აცხრობენ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ კურკუმას კანის "შეფერადება" შეუძლია, ამიტომ მისი კარგად ჩამობანაა საჭირო.
* ალოეს და ლიმონის ნიღაბი ფორების გაწმენდისა და ლაქების მოსაშორებლად - აურიეთ 2 სუფრის კოვზი ალოე და ლიმონის რამდენიმე წვეთი. გაიჩერეთ ნიღაბი 10-15 წუთით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღბის ეფექტურობას სალიცილის მჟავა განსაზღვრავს, რომელიც საუკეთესო საშუალებაა ფორების გასაწმენდად, ლიმონი კი, მისი ერთგვარი კატალიზატორია, თუმცა თვითონაც ეფექტურად ათეთრებს ლაქებს. გაითვალისწინეთ, რომ ამგვარი ნიღბის შემდეგ რამდენიმე საათი მზეს მორიდება მოგიწევთ, რადგან ლიმონით დამუშავებული კანი მეტად მგრძნობიარეა ულტრაიისფერი სხვების მიმართ.
კვერცხი - "მრავალფუნქციური პროდუქტი"
"მრავალფუნქციური" კვერცხი კანის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა, მით უფრო, რომ სრულიად განსხვავებული დანიშნულებით გამოიყენება ცილა და გული. გაითვალისწინეთ, რომ ცხიმიან კანზე მხოლოდ ათქვეფილი ცილის (ლიმონის რამდენიმე წვეთით), მშრალ კანზე - კვერცხის გულის (თაფლით ან ზეითუნის ზეთით), ნორმალურ კანზე კი, მთელი კვერცხის გამოყენება შეგიძლიათ. ამასთანავე, ცილის ნიღაბი ყოველთვის გრილი წყლით უნდა ჩამოიბანოთ, რათა არ "მოიხარშოს" სახეზე და არ ჩაიჭედოს ფორებში.

* კვერცხის სასარგებლო თვისებები -
* კანის გადაჭიმვა და ლიფტინგ-ეფექტი - ალბუმინით მდიდარი კვერცხის ცილა, რომელიც იდეალურია ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის, ერთი მხრივ, გაფართოებულ ფორებს ავიწროებს და ზედმეტ ცხიმს შეიწოვს, აშრობს კანს და აქრობს კომედონებს (შავ წერტილებს), მეორე მხრივ, ამცირებს წვრილ ნაოჭებს, ერთგვარ დამჭიმავ ფენას ქმნის კანზე და ბუნებრივ სიმკვრივეს, ელასტიურობას უბრუნებს მას.
* ღრმა კვება და რეგენერაცია - კვერცხის გული, რომელიც ბიოტინს, A ვიტამინს და B ჯგუფის ვიტამინებს, ლეციტინს და ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, ღრმად კვებავს და ატენიანებს მშრალ კანს, ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას და აძლიერებს კანის დამცავ ფუნქციას, რისი წყალობით კანი ბევრად "ამტანი" ხდება გარემოს მავნე ზემოქმედების მიმართ.

* კვერცხის კოსმეტიკური საშუალებები -
* კვერცხის ცილის კლასიკური ნიღაბი "სწრაფი ლიფტინგის" ეფექტით - მსუბუქად ათქვეფილი 1 კვერცხის ცილა ჯერ ერთ ფენად წაისვით სახეზე კოსმეტიკური ფუნჯით, გაშრობის შემდეგ კი, მეორე ფენა გადაუსვით. გაიჩერეთ 15 წუთი (სრულ გაშრობამდე) და ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი საუკეთესოა კანის სწრაფად გამოცოცხლებისა და ტონუსის გაძლიერებისთვის.
* ცილა და ლიმონის ლიფტინგ-ნიღაბი ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის - კარგად ათქვეფილ 1 კვერცხის ცილას დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონი. მიღებული ნაზავი 15 წუთით გაიჩერეთ სახეზე და ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ამგვარი პროცედურა დაჭიმავს და ცხიმოვან ბზინვარებას მოაშორებს კანს.
* კვერცხის გულის და ზეითუნის ზეთის მკვებავი ნიღაბი - აურიეთ 1 კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიღებული ნაზავი 15-20 წუთით გაიჩერეთ სახესა და ყელის არეში, მერე კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კვერცხის და ზეთის კომბინაცია სწრაფად გააქრობს სიმშრალეს და ელასტიურობას დაუბრუნებს კანს.
* კვერცხის გულის და თაფლის "ვიტამინური კოქტეილი" - აურიეთ 1 კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი. მიღებული მასა დაიტანეთ გაწმენდილ კანზე და გაიჩერეთ 20 წუთით, მერე კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თაფლი კვერცხის გულის მოქმედებას გააძლიერებს და კანს სირბილეს, ბუნებრივ ბზინვარებას დაუბრუნებს.
* კვერცხის კლასიკური ნიღაბი - კარგად ათქვიფეთ 1 კვერცხი, სანამ ცილა და გული ერთგვაროვან მასად არ იქცევა, 15-20 წუთით გაიჩერეთ სახეზე, კანის ოდნავ დაჭიმვის შემდეგ კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამგვარი ნიღაბი ზედმეტ ცხიმს მოაშორებს და მშრალ უბნებს გამოკვებავს ე.წ. T-ზონაში (შუბლზე, ცხვირსა და ლოყებზე).
* კვერცხის, თაფლის და შვრიის "ყველა ერთში" ნიღაბი - აურიეთ 1 კვერცხი, 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 კოვზი დაფქული შვრია. მიღებული მასა მასაჟის მოძრაობით წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი, მერე კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამგვარი პროცედურა ყოველთვის ეფექტურია, რადგან შვრია ნაზად მოაცილებს მკვდარ უჯრედებს, კვერცხის ცილა ფორებს შეავიწროებს და ბაქტერიებს მოუღებს ბოლოს, გული კი, რომელიც ლეციტინს, A, B2, B3 ვიტამინებს შეიცავს დაარბილებს და დიდი ხნით შეუნარჩუნებს კანს ტენიანობას, გააუმჯობესებს მის ფერსა და სტრუქტურას.
იოგურტი - აკნესა და სოკოს მკურნალი
პრობიოტიკებით და რძემჟავით (ბუნებრივი ალფა-ჰიდროქსიმჟავით) მდიდარი იოგურტი კანის მოვლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რადგან ეფექტურად ებრძვის ბაქტერიებსა და სოკოვან ინფექციებს, აღადგენს კანის ბუნებრივ ბალანსს და ამცირებს ანთების კერებს, თუმცა პროდუქტი აუცილებლად ნატურალური, შაქრისა და სხვა დანამატების გარეშე უნდა იყოს.

* იოგურტის სასარგებლო თვისებები -
* ნაზი პილინგი სახის გასაწმენდად - რძემჟავა მკვდარ უჯრედებს შლის, გაღიზიანების გარეშე აშორებს კანს და დიდი ხნით უბრუნებს სიგლუვეს, ერთგვაროვნებასა და ბუნებრივ ბზინვარებას.
* კანის ბარიერის გაძლიერება - პრობიოტიკები (ცოცხალი ბაქტერიები), რომლებიც უხვადაა იოგურტში, ერთი მხრივ, კანის ჯანსაღ მიკროფლორას აღადგენენ, მეორე მხრივ, მის მგრძნობელობას ამცირებენ და იმუნიტეტს აძლიერებენ მავნე ბაქტერიებისგან დასაცავად.
* აკნესა და გამონაყართან ბრძოლა - ბუნებრივი ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით, იოგურტი მეტად ეფექტურია აკნესა და სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ, რადგან მისი შემადგენელი თუთია არა მხოლოდ ცხიმიანობას არეგულირებს, არამედ ამცირებს გაღიზიანებას, სიწითლესა და გამონაყარს.
* პიგმენტური ლაქების გაუფერულება - რძემჟავა თავისი მათეთრებელი თვისებებითაა ცნობილი, ამიტომ იოგურტის რეგულარული გამოყენება ეფექტურად აქრობს ულტრაიისფერი სხივებით გაჩენილ ლაქებსა და ასაკობრივ პიგმენტებს.
* კანის ღრმა დატენიანება და ელასტიურობა - B ჯგუფის ვიტამინებით (განსაკუთრებით B2 და B12-ით) მდიდარი იოგურტი ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, დიდი ხნით უნარჩუნებს კანს ტენიანობას, ხავერდოვნებას და ჯანსაღ იერს.

* იოგურტის კოსმეტიკური საშუალებები -
* იოგურტის ანტიბაქტერიული სკრაბი - აურიეთ იოგურტი, თაფლი და დაფქული შვრია. მიღებული მასა მასაჟის მოძრაობით დაიტანეთ სახეზე, მერე კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თაფლი ბაქტერიებს "გაანეიტრალებს", შვრია გაღიზიანების გარეშე გაწმენდს კანს, იოგურტი კი, სასიამოვნოდ დაარბილებს.
* იოგურტის და ჩაის ხის ზეთის ნიღაბი ბაქტერიების წინააღმდეგ - აურიეთ 2 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი და 2-3 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი. დაიტანეთ მიღებული მასა პრობლემურ ზონებზე, გაიჩერეთ 15 წუთით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ჩაის ხის ზეთი, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესი ანტისეპტიკი და ბუნებრივი საშუალებაა სოკოს სამკურნალოდ, ნამდვილ საოცრებებს ახდენს იუგურტთან "მეგობრობით".
* იოგურტის და თაფლის დამატენიანებელი და დამამშვიდებელი ნიღაბი - აურიეთ 1 სუფრის კოვზი იოგურტი და 1 ჩაის კოვზი თაფლი. მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე, გაიჩერეთ 20 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თაფლი ერთი-ორად გააძლიერებს იოგურტის ანტიბაქტერიულ მოქმედებას, რომელიც კანსაც დაატენიანებს და გამონაყარსაც გააქრობს.
* იოგურტი და დარიჩინი სოკოს წინააღმდეგ - 2 სუფრის კოვზ იოგურტს შეურიეთ 1 მწიკვი დარიჩინი. მიღებული მასა 10-12 წუთით გაიჩერეთ სახეზე და ჩამოიბანეთ. მართალია, დარიჩინი სოკოსთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად მისი გამოყენება მაინც ფრთხილადაა საჭირო, ამიტომ წვის შეგრძნების შემთხვევაში, უმჯობესია სწრაფად დაიბანოთ სახე.


