არღვევს თუ არა საერთაშორისო სამართალს აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომი?
აშშ-სა და ისრაელის დარტყმები ირანზე საერთაშორისო სამართალდარღვევაა - ასეთია Deutsche Welle-ს მიერ გამოკითხული ექსპერტების დასკვნა. თეირანისა და საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია მიუთითებს, რომ ომების შეჩერებისკენ მიმართული სამართლებრივი ნორმები ძალას კარგავს.
რა ხდება?
28 თებერვლის დილით აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმები დაგმო და აღნიშნული ქმედება საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა. თავის განცხადებაში გუტიერეშმა ხაზი გაუსვა სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ძალის გამოყენების აკრძალვას, როგორც ეს გაწერილია გაეროს წესდებაში, რომელიც საერთაშორისო სამართლის ძირითად წყაროს წარმოადგენს. გაეროს გენერალური მდივნის თქმით, აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაცია „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს“.
ამ შეფასებას ეთანხმება ადამიანის უფლებათა დამცველი და ამერიკული ანალიტიკური ცენტრის ატლანტიკური საბჭოს იურისტი, გისოუ ნია. „ვფიქრობ, საერთაშორისო სამართლის ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ (ირანის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ოპერაციას - რედ.) საჭირო სამართლებრივი დასაბუთება არ გააჩნია“, - ხაზგასმით აღნიშნა ნიამ DW-სთან ინტერვიუში. იურისტის განმარტებით, ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები აშშ-ის ომის დაწყების წესრიგსაც არღვევს. ამავდროულად, ადვოკატი აღიარებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ვერ შეძლო „სამართლიანობის უზრუნველყოფა 92 მილიონი ირანელისთვის, რომლებიც ბოლო 47 წლის განმავლობაში საერთაშორისო სამართლის დარღვევისა და რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულის სერიის პირობებში ცხოვრობდნენ“. ირანის წინააღმდეგ ომი არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის სამხედრო ოპერაციების კანონიერებას საერთაშორისო სამართალი ეჭვქვეშ აყენებს. თუმცა ამჯერად ვაშინგტონი არ ცდილობს, ვინმეს დაარწმუნოს, რომ ის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოქმედებს, როგორც ეს გააკეთა 2003 წელს, ერაყში შეჭრის დროს. „მე არ მჭირდება საერთაშორისო სამართალი“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა The New York Times-თან ინტერვიუში 2026 წლის იანვრის დასაწყისში.
შეიძლება თუ არა ირანზე აშშ-სა და ისრაელის დარტყმები თავდაცვად ჩაითვალოს?
აშშ-სა და ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თეირანის წინააღმდეგ მათი სამხედრო მოქმედებები პირდაპირი პასუხია ირანის მთავრობის მხრიდან მუქარაზე, კერძოდ, ბირთვული იარაღის შემუშავებასა და შესაძლო გამოყენებაზე. თუმცა ბევრი საერთაშორისო სამართლის ექსპერტი აღნიშნავს, რომ თავდასხმების ასეთი ბუნდოვანი გამართლება არასაკმარისია, რადგან გაეროს წესდება სახელმწიფოს მიერ თავდაცვის უფლების გამოყენებას მხოლოდ პირდაპირი და დაუყოვნებლივი მუქარის კონტექსტში განიხილავს.
გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფოს ძალის გამოყენება თავდაცვის მიზნით, მხოლოდ შეიარაღებული თავდასხმის საპასუხოდ შეუძლია. თუმცა ამ ნორმის კიდევ ერთი, უფრო საკამათო ინტერპრეტაცია ძალის წინასწარი გამოყენების საშუალებას იმ შემთხვევაში იძლევა, თუ სხვა სახელმწიფოს მხრიდან თავდასხმის „გარდაუვალ საფრთხე“ არსებობს. ირანის ხელისუფლება ისრაელს „განადგურებით“ არაერთხელ დაემუქრა. თუმცა DW-ს მიერ გამოკითხული საერთაშორისო სამართლის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ მტრული რიტორიკა არ არის საკმარისი იმიათვის, რომ პრევენციული თავდასხმა კანონიერად ჩაითვალოს.
იყო თუ არა აიათოლა ხამენეი ლეგიტიმური სამიზნე?
მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მეთაურის მკვლელობა საერთაშორისო სამართალში კიდევ ერთი საკამათო საკითხია. ჟენევის კონვენცია განასხვავებს მშვიდობიან მოსახლეობასა და კომბატანტებს (კონფლიქტში ჩაბმულ მხარეთა შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მყოფი პირი, რომელსაც საბრძოლო მოქმედებაში უშუალო მონაწილეობის უფლება აქვს). საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად, კომბატანტებად ითვლებიან რეგულარული არმიის ჯარისკაცები, პარტიზანები და სამხედრო ლიდერები. სახელმწიფოს მეთაურსაც შეუძლია გახდეს კომბატანტი, თუ მას უმაღლესი მთავარსარდლის სტატუსი აქვს. კომბატანტებიც შეიძლება იყვნენ ლეგიტიმური სამიზნეები, მაგრამ მათი მკვლელობა ყოველთვის საფრთხის პროპორციული უნდა იყოს. ამიტომაც პოლიტიკური ლიდერების განზრახ მკვლელობა, თუ ეს გარემოებებით არ არის ნაკარნახევი, შეიძლება მკვლელობის მცდელობად და გაეროს წესდების დარღვევად ჩაითვალოს.
აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად, აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვა, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე საკითხია. DW-სთან საუბარში გისოუ ნია ხამენეის მკვლელობის იურიდიულ შეფასებას ძალიან რთულს უწოდებს, რადგან ირანის უზენაესი ლიდერი „პასუხისმგებელია ათასობით ირანელის სიკვდილზე მრავალი წლის განმავლობაში“, მათ შორის, 2026 წლის იანვარში საპროტესტო აქციების სასტიკ ჩახშობაზე (როდესაც 30 000-მდე ადამიანი დაიღუპა). ნიას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ აიათოლას დაღუპვის შემდეგ ბევრმა ირანელმა შვებით ამოისუნთქა, მათ ნაწილს ნამდვილად სურდა, რომ ხამენეი დამოუკიდებელ სასამართლოში საბრალდებო სკამზე ეხილათ.
აშშ-ის კანონმდებლობა უცხოელი პოლიტიკური ლიდერების მკვლელობას კრძალავს
1970-იანი წლების ბოლოდან პრეზიდენტმა ჯერალდ ფორდმა უცხოელი პოლიტიკური ლიდერების მკვლელობაში ამერიკელების მონაწილეობა აკრძალა. აღნიშნული ბრძანება და მისი ინტერპრეტაცია არაერთხელ შეიცვალა, მაგრამ მისი ძირითადი დებულება უცვლელი დარჩა: „შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დასაქმებული ან შეერთებული შტატების მთავრობის სახელით მოქმედი არცერთი პირი არ უნდა მონაწილეობდეს ან არ უნდა აწყობდეს შეთქმულებას“ ასეთი მკვლელობის განსახორციელებლად. დიდი ბრიტანეთის სუანსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორის, ლუკა ტრენტას თქმით, ვაშინგტონმა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ამ აკრძალვის საზღვრები თანდათან წაშალა. DW-სთვის მიცემულ ინტერვიუში მეცნიერის განმარტებით, აშშ მიიჩნევს, რომ „თავდაცვის მიზნით განხორციელებული“ ქმედებები ფორდის მიერ გამოცემული ბრძანებით აკრძალული არ არის. ტრენტა იხსენებს, რომ 1986 წელს ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის მკვლელობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, აშშ-მ სამხედრო სამხედრო სამეთაურო ობიექტებსა და უცხოელი ლიდერების რეზიდენციებზე დარტყმები ლეგიტიმურ სამიზნეებად აღიქვა. „მთავარი განსხვავება (წინა მსგავსი ოპერაციებისგან - რედ.) ის არის, რომ აშშ-ის მთავრობა და დონალდ ტრამპი სოციალურ მედიაში ღიად იღებენ სრულ პასუხისმგებლობას ამ მკვლელობაზე“, - დასძინა პროფესორმა.
ირანმა თავდაცვის დასაშვები საზღვრები დაარღვია
თავის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, ირანმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით დარტყმები განახორციელა ისრაელის, ახლო აღმოსავლეთში განთავსებული ამერიკული ბაზებისა და სპარსეთის ყურის სხვა სამიზნეების მიმართულებით. თეირანი აცხადებს, რომ თავდაცვის მიზნით მოქმედებს. საერთაშორისო სამართლის თანახმად, თავდასხმის მსხვერპლ სახელმწიფოს თავდაცვის უფლება ნამდვილად აქვს. თუმცა ამ პრინციპს აქვს თავისი შეზღუდვები: ირანის დარტყმები ისრაელსა და დუბაიში სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ თავდაცვის დასაშვებ საზღვრებს აღემატება და ცალსახად აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოქმედებს. იგივე ვრცელდება იმ სახელმწიფოების ტერიტორიებზე განხორციელებულ დარტყმებზე, რომლებიც ომში უშუალოდ არ არიან ჩართულნი. DW-ს მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები სპარსეთის ყურეში, მესამე მხარის ტერიტორიებზე (სადაც ამერიკული ძალები არიან განლაგებული) განხორციელებულ დარტყმებს „შეცდომით თავდაცვად“ აფასებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ირანიდან განხორციელდა სარაკეტო და დრონებით თავდასხმები ბაჰრეინზე, ყატარზე, არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე, ისრაელზე, ქუვეითზე, იორდანიაზე, საუდის არაბეთზე, ომანსა და კვიპროსზე.
ირანთან ომი, შესაძლოა, საერთაშორისო სამართლისთვის გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდეს
DW-ს მიერ გამოკითხული ექსპერტების განცხადებით, რადგან ძლიერი სახელმწიფოები სულ უფრო ხშირად მიმართავენ თავდაცვის მიზნით პრევენციული დარტყმების დაშვების ნორმების ფართო ინტერპრეტაციას, საერთაშორისო სამართლის დებულებები, რომლებიც ომების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად, ირღვევა და არაეფექტური ხდება. პოლიტოლოგი ლუკა ტრენტა მიიჩნევს, რომ „ამჟამად ჩნდება სამხედრო ჩარევის მკაცრი ფორმა, რომელიც დიდად არ ითვალისწინებს შიდა ან საერთაშორისო სამართლებრივ შეზღუდვებს“. მისი თქმით, სამხედრო დარტყმების ან ოპერაციების განხორციელებისას, ტრამპის ადმინისტრაცია, საერთაშორისო სამართლის გამოყენებით, თავისი ქმედებების გამართლებას ნაკლებად ცდილობს. ტრენტა მიუთითებს ნიკოლას მადუროს ვენესუელაში დაკავებაზე, რომლის დროსაც თეთრი სახლი მხოლოდ აშშ-ის შიდა კანონმდებლობას ეყრდნობოდა. „მსოფლიო საერთაშორისო პოლიტიკაში პოლიტიკური მკვლელობების პრაქტიკის ესკალაციის მომსწრეა. ამდენად, პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალების პრაქტიკა, შესაძლოა, უფრო ფართოდ გავრცელდეს“, - ასკვნის ის.


