12 იანვარი 2026 - 14:53

იდენტობა

ოლგა ბაბლუანი

ოლგა ბაბლუანი

ფოტო: Facebook

საქართველოს ისტორია შეიძლება წავიკითხოთ როგორც ერთი გრძელი დიალოგი ძალასა და იდენტობას შორის. ეს არის ქვეყნის გამოცდილება, მოქცეული საუკუნეების განმავლობაში  ძლიერი იმპერიების პოლიტიკურ, სამხედრო და კულტურულ ზეწოლას შორის, თუმცა მაინც ინარჩუნებდა საკუთარ თვითმყოფადობას. 

დაპყრობა საქართველოში არასოდეს ყოფილა მხოლოდ ტერიტორიის დაკარგვა (რაც  მტრის შენს მიწაზე, სამხედრო გავლენის კუთვნილებას ნიშნავს); ის ყოველთვის წარმოადგენდა ბრძოლას ენისთვის, მეხსიერებისთვის და იმისთვის, თუ ვინ ჰყვებოდა ისტორიას. სწორედ ამ უწყვეტი დაპირისპირების პირობებში ჩამოყალიბდა ქართული ეროვნული იდენტობა არა როგორც ფრაგმენტული მემკვიდრეობა, არამედ როგორც გამძლე, მუდმივად განახლებადი ცნობიერება.
დაპყრობილი ქვეყნის პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ რაც უფრო ძლიერია ზეწოლა, მით უფრო მკვეთრად ყალიბდება ეროვნული თვითშეგნება. საქართველოში ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს. არაბების ბატონობის, მონღოლების შემოსევების, ოსმალეთისა და ირანის გავლენის, მოგვიანებით რუსეთის იმპერიის და საბჭოთა რეჟიმის პირობებში, ქართული სახელმწიფოებრიობა ხშირად უფერულდებოდა პოლიტიკური რუკიდან, მაგრამ არ ქრებოდა წარმოდგენა, არც ერთ დამპყრობელ ძალაში, რომ საქართველოზე, როგორც ისტორიულ და კულტურულ მთლიანობაზე გავლენის მოპოვება იაფი საჩუქარი იყო, სახელმწიფოს დანგრევა  შეიძლება შესძლებოდა, მაგრამ ერი არსებობას განაგრძობდა ისეთი სულისკვეთებით, რაც უკვე თავისთავად წინააღმდეგობის საკმაოდ სახიფათო ფორმა იყო.

ქართული ენა ამ წინააღმდეგობის ყველაზე ღრმა და გამძლე ფორმად იქცა. მაშინ, როდესაც დამპყრობელი ცდილობდა ადმინისტრაციული და კულტურული სივრცის საკუთარი ენის მიხედვით მოწყობას, ქართული გადარჩა არა მხოლოდ ყოველდღიურ მეტყველებაში, არამედ როგორც ლიტერატურული და სულიერი ენა. შუა საუკუნეების ხელნაწერები, საეკლესიო ტექსტები, მოგვიანებით  ლიტერატურა იქცა იმ სივრცედ, სადაც ერი მტკიცედ ელაპარაკებოდა ერთმანეთს, მაშინაც კი, როცა პოლიტიკურად ხმა არ ჰქონდა. ამ მხრივ საქართველოს გამოცდილება ახლოს დგას, მაგალითად, პოლონეთის ისტორიასთან, სადაც სახელმწიფოებრიობის დაკარგვის მიუხედავად, ენა და ლიტერატურა ეროვნულ თვითშეგნებას ინარჩუნებდა, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ეს პროცესი უფრო ხანგრძლივი და ფსიქოლოგიურად თუ გეოგრაფიულად განსხვავებული იყო.
დაპყრობის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა კოლექტიურმა მეხსიერებამ. საქართველოს წარსული არასოდეს იქცა მხოლოდ ქრონოლოგიურ ფაქტებად, ის გადაიქცა მომავლის იდეის ნარატივად. დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ოქროს ხანა (მიუხედავად შორეული ფაქტობრივი წარსულისა დღემდე ) ეს ყველაფერი არ იყო მხოლოდ დიდების ისტორია, პირიქით - მუდმივი შეხსენება ქვეყნის პოტენციური გამოცდილების, იმის, რაც უკვე ჰქონდა: სუვერენიტეტის გამოცდილება და შესაბამისად, შეეძლო მისი ხელახალი აღდგენა  - თანამედროვეობაში არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. ასეთივე მეხსიერების პოლიტიკა შეინიშნება ბალტიის ქვეყნებში.

საქართველოში ისტორიული მითისა და რეალური გამოცდილების გადაკვეთა განსაკუთრებულად ძლიერი  „გადაჭარბებითი“ აღმოჩნდა. განსაკუთრებული ნიშნული, რაც ქართულ ხასიათს გამოარჩევს, ეს არის შემოქმედებითი / კრეატიული ბუნება... 

დამპყრობლობის პარადოქსიდან განათლებამ, რომელიც მიზნად ისახავდა ასიმილაციას, გააჩინა ეროვნული თვითშეგნების ახალი ფორმა. იმპერიული სკოლებისა და უნივერსიტეტების კედლებში ჩამოყალიბდა ქართველი მოაზროვნეების ხედვითი ობიექტივი, რომელმაც დაიწყო საკუთარი ენის, ისტორიისა და კულტურის გააზრება თანამედროვე კატეგორიებით. თერგდალეულები, ილია ჭავჭავაძე და მისი თაობა იმ სისტემის სოციუმში იყვნენ, რომელიც საბოლოოდ იმავე სისტემის წინააღმდეგ გადაიქცა.

საქართველოში განსაკუთრებული როლი შეასრულა ეკლესიამ, რელიგიის ინსტიტუტმა, რომელმაც სახელმწიფოებრივი ვაკუუმი ნაწილობრივ შეავსო. მაშინ, როცა პოლიტიკური დამოუკიდებლობა დაკარგული იყო, ეკლესია ინარჩუნებდა არა მხოლოდ სარწმუნოებას, არამედ ენას, წერას, ქრონიკას და ისტორიულ მეხსიერებას. ეს პროცესი გარკვეულწილად ჰგავს სომხეთის ან ებრაული დიასპორის გამოცდილებას. ქართულ რეალობაში რელიგია კიდევ უფრო მჭიდროდ იყო დაკავშირებული ეროვნულ ნარატივთან.

დაპყრობის გამოცდილებამ საქართველოში არ წარმოშვა მხოლოდ ტკივილი ან მსხვერპლის შეგრძნება; მან შექმნა განსაკუთრებული მგრძნობელობა თავისუფლების მიმართ. სწორედ ამიტომ, როდესაც ისტორიული მომენტი დგებოდა, ეროვნული იდეა უკვე ჩამოყალიბებული და მზადმყოფი ხვდებოდა რეალობას. საქართველოს მაგალითი გვაჩვენებს, რომ იდენტობა არ არის სტატიკური მოცემულობა - ის ყალიბდება ზეწოლის, წინააღმდეგობისა და მეხსიერების უწყვეტ პროცესში.
ამგვარად, საქართველო შეიძლება განვიხილოთ როგორც კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ახერხებს დაპყრობილი ქვეყანა საკუთარი თავის შენარჩუნებას მაშინაც კი, როცა სახელმწიფო არ არსებობს. ძალაუფლება შეიძლება დროებით ეკუთვნოდეს სხვას, მაგრამ იდენტობა ეკუთვნის მათ, ვინც მას ყოველდღიურად აცოცხლებს ენით, ხელოვნებით, განათლებითი ისტორიით. სწორედ ამაშია დაპყრობილი ქვეყნის მთავარი გამარჯვება - გადარჩენა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ რაციონალური აზროვნების თავისუფლებაში. 

ოლგა ბაბლუანი

სხვა თემები